სააკაშვილი და ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს არ დაუშვებენ

ახალი თაობა#195  19.08.2013

შორენა კოწოწაშვილი
რისთვის `ეშპილკავებიან~ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთმანეთს, მიიღო თუ არა ქართულმა კოაბიტაციამ დამნაშავე ხელისუფლებასთან გარიგების სახე, წავა თუ არა ივანიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და არის თუ არა იმედგაცრუება საზოგადოებაში? _ ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს `სახალხო პარტიის~ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან.


_ ბატონო მამუკა, ფაქტია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი ხელისუფლების არარადიკალური ნაბიჯებით უკმაყოფილებას აფიქსირებს და საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს უცხადებს მხარდაჭერას. რითი ახსნიდით ამ პროცესს და რა აჩვენა ივანიშვილის მმართველობის ათთვიანმა პერიოდმა?
_ პირველი: ალბათ, ძალიან გაცვდა ტერმინი `ახალი ხელისუფლება~ სხვადასხვა მიზეზის გამო. იმიტომ, რომ უკვე თითქმის ერთი წელი გადის, რაც `ქართული ოცნება~ ხელისუფლებაში მივიდა და ეს პატარა ვადა არ არის; მეორე, უკვე აღარ არის ახალი ხელისუფლება ახალი ხედვებით და ახალი მისწრაფებებით. ეს პრაქტიკულად გადაიქცა კოაბიტურ ხელისუფლებად, სადაც უკვე რთულად გასამიჯნია ძველი და ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ხედვები, მისწრაფებები და ქმედებები. სწორედ ამიტომ საზოგადოების თვალში ივანიშვილის მთავრობის რეიტინგი მკვეთრად ეცემა; გარკვეულწილად იმედების გაცრუებასთან გვაქვს საქმე. ფაქტობრივად, საზოგადოება ოცნებებში გაიბლანდა და მიხვდა, რომ ისევ მიწაზე უნდა დაეშვას და აქ უნდა მოძებნოს თავისი პრობლემების მოგვარების სათავე. ამიტომ, ბუნებრივია, ეძებს სხვადასხვა გზას. ხოლო, რაც შეეხება იმას, ვინ, სად და როგორ გადავა, ეს არის პროცესი იმიტომ, რომ უმეტესი მათგანი ამ ადამიანებისა ელოდებოდა მათი პერსონალური პრობლემების სწრაფ მოგვარებას, რაც თავისთავად შეუძლებელია თუ არ იქნება სახელმწიფო პრობლემები მოგვარებული. ამიტომ გადადინება, გადმოდინება ბუნებრივია. კონკრეტულად არ ვიცნობ ამ ადამიანებს და თითოეულ მათგანზე კონკრეტულად საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ზოგადად, ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავისი ადგილი ვერ იპოვა ამ ხელისუფლების პირობებში და ახლა სხვაგან ეძებენ.
_ ელოდით, რომ ასე მოკლე პერიოდში მსგავსი ვითარება შეიქმნებოდა? ეს ყველაფერი საპარლამენტო უმრავლესობის უუნარობის ბრალია თუ სხვა რამეში ხედავთ პრობლემას?
_ ჩვენ ამას ველოდით. კარგად გახსოვთ ჩვენს ინტერვიუებში ყოველთვის ვვარაუდობდით ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე მოვლენების ასეთ განვითარებას იმის გამო, რომ ივანიშვილმა არ შექმნა მებრძოლი გუნდი, არ შექმნა ჩამოყალიბებული ჯგუფი, პოლიტიკური ხედვის მატარებელი ადამიანებისა; პრაქტიკულად საზოგადოებას შესთავაზა მხოლოდდამხოლოდ ლოზუნგი _ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. არ შეუთავაზებია არც ერთი სახელმწიფოებრივი პრობლემის მოგვარების გზა. Mხოლოდ და მხოლოდ ოცნებები და ლოზუნგები შესთავაზა. დავუშვათ, ასეთი: შევალთ ნატოში და ვიმეგობრებთ რუსეთთან. რაც იმ დროს ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების ემოციური ნაწილისათვის შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ჩვენთვის, `სახალხო პარტიისთვის~ და ოდნავ მაინც პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ იყო. სწორედ ახლა ვიმკით ჩვენ ამ შედეგებს, რომ კიდევ ერთხელ იმედგაცრუება არის დღეს საზოგადოებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მიბმულია სახელმწიფოს მდგომარეობაზე. სახელმწიფო იქნება კარგად? ჩვენც კარგად ვიქნებით. ჩვენ სამწუხაროდ, დავკარგეთ განცდა მოქალაქეობისა. ჩვენ უფრო ინდივიდები ვართ, ვიდრე ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და მოქალაქეთა პასუხისმგებლობით აღჭურვილები. ამიტომ, როგორც ინდივიდები, ოცნებებში ხშირად ვვარდებით. მსგავსი ოცნებები მრავალი გვქონია. ამიტომ ახლა ერქვა ოცნება, თორემ სააკაშვილის შემოთავაზებული ლოზუნგები, იგივე თავის დროზე შევარდნაძის შემოთავაზებული ლოზუნგები, ესეც იგივე ოცნება გახლდათ. სანამ ჩვენ, მოკლედ რომ ვთქვათ, არ დავბრუნდებით მოქალაქეობის სტატუსს და მოქალაქის მხრიდან არ შევხედავთ თითოეული პოლიტიკურ სუბიექტის მოქმედებას, მანამდე ჩვენ ყოველთვის მოტყუებული აღმოვჩნდებით. ამიტომ საზოგადოებას ვეტყვი, რომ რაც მოხდა, ეს ძალიან ლოგიკური იყო. პრონციპში, სხვანაირად რომ ყოფილიყო, უფრო გამიკვირდებოდა. როდესაც ოცნების შემადგენლობის უმეტესობას, პრაქტიკულად არც ერთ პარტიას, საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენია რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხედვა. ხოლო ვინც წარმოადგინა, ის მაშინვე დამალეს, იმდენად მოულოდნელი და მიუღებელი იყო ქართული საზოგადოებისთვის.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თანაგუნდელები სერიოზულად დატუქსა იმ უმოქმედობისთვის, რასაც მოჰყვა კოალიციის მხარდამჭერთა ბურჯანაძის გუნდში გადაბარგება. რამდენად სერიოზულ გავლენას იქონიებს ეს პროცენტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე? თავად ბურჯანაძეს საკმაოდ დიდი იმედები აქვს…
_ რატომ უნდა დაქტუქსოს ჩემთვის გაუგებარია. ისეთი ადამიანები შეიყვანა კოალიციაში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თავისი კერძო ინტერესები ამოძრავებთ და არა სახელმწიფოებრივი ინტერესები. დღეს დატუქსვას რა აზრი აქვს, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ეს ერთი მომენტი და მეორე: პრაქტიკულად ხდება ქართული საზოგადოების და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანა. უბრალოდ, ამჟამად მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები. ვინმე ეუბნება რა ფუნქციების მატარებელია პრეზიდენტი და რა საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატები? დღევანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში შედის, დავუშვათ, გაზის ან წყლის გაყვანა? შედის გზის დაგება? ატმის მოსავლის პრობლემის თუ სხვა მსგავსი ყოფითი პრობლემების მოგვარება? არ შედის ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. რაც შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, ამაზე ჩვენ საზოგადოებას არ ვესაუბრებით. თითოეული პრეზიდენტობის კანდიდატი, რა მნიშვნელობა აქვს ბურჯანაძე იქნება, მარგველაშვილი თუ ბაქრაძე, საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ ამ დეტალებზე და არ საუბრობს იმაზე, რაც პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობაა: როგორ ხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; როგორი სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ; რა ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს ეს სახელმწიფო და როგორ უნდა გავუკეთოთ რეალიზება ამ ღირებულებებს; ფედერალიზმი გვინდა თუ არა; ორმაგი მოქალაქეობა გვინდა თუ არ გვინდა; კონფედერაცია, რომელიც არის იოლად დაშლადი სახელმწიფო, საქართველოს რეალობაში გვინდა თუ არ გვინდა; როგორ უნდა მოვუაროთ იმ პრობლემებს, რაც არის დავუშვათ, შექმნილი რელიგიურ სფეროში; როგორ ვუყურებთ ეკლესიის ფუნქციას და როლს საქართველოს დღევანდელ ცხოვრებაში; როგორ ვუყურებთ სხვა აღმსარებლობის ორგანიზაციების ფუნქციონირებას საქართველოში; რუსეთისგან დეოკუპაციის თემები, როგორ წარმოგვიდგენია; უნდა არსებობდეს თუ არა კიდევ სააკაშვილის მიერ შექმნილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და ა.შ. ეს არის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები. საგარეო კურსის განსაზღვრა შედის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებში. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ რომელიღაც სოფელში გაყვანილია თურმე მაგისტრალური გაზსადენი და პრობლემაა დაქსელვის და ოჯახებამდე მიყვანის. ეს ყველას გვაწუხებს, მაგრამ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში ხომ უნდა ვიმსჯელოთ?! კიდევ ერთხელ მოვტყუვდებით ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მცდელობა, რომ საქართელოს მოსახლეობა მოქალაქეები კი არ იყვნენ, არამედ საარჩევნო ხმის მქონე რაღაც გაურკვეველი მუტანტური არსებები. ეს არის უბედურება, რომ ქარულ საზოგადოებას ასევე ვუყურებთ. რა განსხვავებაა ბურჯანაძეს, ბაქარძესა და მარგველაშვილს შორის ვინმემ აგვიხსნას. თუნდაც მათ ლექსიკაში; თუნდაც მათ დამოკიდებულებაში ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მიმართ. მათ შორის განსხვავებაა ისაა, ვინ როდის წამოვიდა ტირანი სააკაშვილის გუნდიდან.
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობენ რიგი ოპზოიცური ძალები. ამის აუცილებლობა აშკარაა?
_ საერთოდ, რომ ავიღოთ ვადამდელი არჩევნები იქნება თუ სხვა პროცესი, ეს უნდა იყოს, რეალური ვითარებიდან გამომდინარე. დღეს არანაირი პრობლემა არ აქვს კოაბიტურ ხელისუფლებას, რომ დაშალოს ეს პარლამენტი. მართალია, დღევანდელი პარლამენტი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, მაგრამ ემსახურება კოაბიტური ხელისუფლების ინტერესებს. ეს პარლამენტი ივანიშვილ-სააკაშვილის ინტერესებში ჯდება და ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე წავლენ იმიტომ, რომ მათ ამ მხრივ დღეს ყველაზე კომფორტული გარემო აქვთ. ეს ადამიანები შეიძლება ამერიკულ გემზე ეკინკლავებიან ერთმანეთს და ამაზრზენია მათი ხილვა, როდესაც ერთმანეთს ბოდიში ჟარგონისთვის და `ეშპილკავებიან~, ვითომც მათ შორის სერიოზულ დაპირისპირებას აქვს ადგილი. რეალურად, როცა ქვეყნის გავლენის სფეროების გადანაწილებაზე ხდება საუბარი, ძალიან კარგად ინაწილებენ; კარგად ინაწილებენ საზოგადოებრივი ცხოვრების ბერკეტებს და შესაბამისად, ჯერჯერობით არ დგას აუცილებლობა რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნების ჩატარების. დღეს ქართულმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, დამოუკიდებელმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ და აიძულონ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ორივე კოაბიტური ხელისუფლება მყავს მხედველობაში, რომ ისინი წავიდნენ ახალ არჩევნებზე; არჩევნებზე, რომელიც რეალურად ასახავს საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს. თორემ, სხვა შემხვევაში ისინი ახალ არჩევნებზე არ წავლენ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress