ეროვნულ ძალებს მაღალი მოვალეობა გვაწევს

მოსაზრება (29.07.2013) “რეზონანსი”
საქართველოს არცერთი ეკრანიდან და არც ერთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ისმის საქართველოს ისტორიულმასშტაბიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ხსენება, როგორც ყოველგვარი პოლიტიკის აბსოლუტურად სავალდებულო შეუვალი რეგულატორისა. ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დაუშვებელი ხარვეზია, რომლის გამოსწორება მოქალაქეთა მოვალეობაა. ყველაზე მეტად ეს ვალი გვაწევს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებად ნამყოფ ადამიანებს. ქვემორე ხელმომწერნი ვასრულებთ ამ წმინდა მოვალეობას იმ განზრახვით და იმ იმედით, რომ საქართველოს

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი წესად შემოიღებს თავისი კვალიფიციური აზრის პირუთვნელად გამოთქმას ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე. საქართველოს ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ მოიპოვებს საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების სრულ გარანტიას, დეპუტატთა ეს საქმიანობა ერთერთი არსებითი შემადგენელი ნაწილი იქნება.
შეგახსენებთ საქართველოს ძირითად სასიცოცხლო ინტერესებს, ძირითად საშიშროებებს, რომლებიც სახელმწიფოს ემუქრება, და მათი დაძლევის ძირითად გზებს. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატთა აქტივობას აღნიშნული მიმართულებით აჰყვება ყველა ის ყოფილი კანონმდებელი, რომელიც აღჭურვილია მოქალაქეობრივი მოვალეობისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის ჯეროვანი შეგნებით.
1. საქართველო არის უნიტარული სახელმწიფო, რომელშიც შედის ორი ავტონომიური ერთეული – აფხაზეთი და აჭარა. აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი იურისდიქციის პრაქტიკული განხორციელების უფლება უპირობოა. ეს არის საქართველოს უფლება მსოფლიოში მოქმედი ყველა ნორმის წინაშე. საქართველოს და ქართველი ერის შეუვალი ამოცანაა აფსუა (“აფხაზ”) ხალხთან ნორმალური მოყვრული ურთიერთობის აღდგენა.
ორივე ეს ამოცანა – იურისდიქციის განხორციელებაც და ურთიერთობის აღდგენაც – სასიცოცხლოა ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, მაგრამ ერთის გადაჭრა ვერ იქნება დამოკიდებული მეორის გადაჭრაზე.
საქართველოს რეალურად ერთგულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ერს, რომლის ნებასაც ეს ძალები ასახიერებენ, გვაქვს აფხაზ ხალხთან გულწრფელი მოლაპარაკების საშუალება, რადგან ამის უყალბო ნება გაგვაჩნია.
2. ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთხელ “ოსეთის” შექმნა დაუშვებელია.
აუცილებელია სახელის “სამხრეთ ოსეთი” ერთხელ და სამუდამოდ ამოღება ოფიციალური სიტყვახმარებიდან. განცხადება და მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ “სამხრეთ ოსეთი” არის რუსი დამპყრობლების მოგონილი სახელი და მათივე შექმნილი (რუსული ინსტანციების დადგენილებით ჯერ კიდევ 1920 წელს, საქართველოს დაპყრობამდე 1921 წელს) ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეული, რომლის არსებობას არანაირი არც ისტორიული, არც იურიდიული, არც ეკონომიკური, არც კულტურული, არც მორალური საფუძველი არ ჰქონდა და არა აქვს და რომელსაც არც ერთი საათი არ უარსებია იქ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების დგომის გარეშე.
ოსური მოსახლეობის საკუთრივ ეროვნული ინტერესების დაცვის ქმედითი საშუალებაა დემოკრატიულად განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობა ერთის მხრივ და ფუნქციური ავტონომია (კულტურულის ჩათვლით) მეორეს მხრივ. საქართველოს ოსი მოსახლეობის მიმართ, ისევე როგორც ყველა სხვა ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მიმართ, საქართველოს ერთადერთი სწორი პოლიტიკაა ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
ფუნქციური ავტონომია გულისხმობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სისტემას, რომლის ამოცანაა ოსების სპეციფიკურად ეროვნული (ეთნიკური) ინტერესების ლობირება.
3. დაუშვებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი დანგრევის რუსული გეგმა – “კონფედერაცია” ანუ “სახელშეკრულებო სახელმწიფო” საქართველოს, “დამოუკიდებელი” აფხაზეთის და “დამოუკიდებელი” “სამხრეთ ოსეთის” შემადგენლობით, რომელიც ავტომატურად იშლება, როგორც კი ერთერთი შემადგენელი გამოთქვამს ამ სურვილს.
4. დაუშვებელია საქართველოში “ფედერაცია” იმიტომ, რომ იგი ნიშნავს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიულ პროვინციებად დაშლას ერთი-ორი თაობის მანძილზე, არამედ თვით ქართული ეროვნული ცნობიერების დაშლასაც კუთხურ ცნობიერებებად.
5. აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებისაგან გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება; დაუშვებელია, რომ საქართველო პასიურად უშვებდეს, ასტიმულირებდეს ან რაგინდარა მოტივით ურიგდებოდეს საქართველოში უცხოეთიდან იმიგრაციას დასახლების მიზნით კანონით დადგენილი კვოტის ზემოთ, რომელიც (ეს კვოტა) უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ დემოგრაფიულ გათვლას და უნდა ხორციელდებოდეს სიობრივი დამტკიცებით პარლამენტის მიერ.
6. ორმაგი მოქალაქეობა ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა მიეცეს გამონაკლისის სახე, ვინაიდან იგი ქმნის სიტუაციას, როცა საქართველოს მოქალაქის უფლებით ისარგებლებენ სხვა, უფრო ძლიერი და მდიდარი ქვეყნის მიერ მართული პირები. შერბილებული პირობები უნდა შეიქმნას საქართველოდან გაჭირვების გამო ემიგრირებული ახალგაზრდებისათვის, რომლებიც გულწრფელად გეგმავენ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას.
7. საქართველოს ორიენტაცია დასავლეთზე – არა მარტო კულტურული, რაც ტრადიციულია, არამედ თავდაცვითიც – საქართველოსთვის აუცილებელია. ეს არის ერთადერთი რეალური დაცვა ახალი ანექსიის მცდელობისაგან და ტერიტორიების თანდათანობითი წაგლეჯის მცდელობისაგან რუსეთის მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება იურიდიულად გაფორმებული სრულყოფილი სათავდაცვო ალიანსი დასავლეთთან, მას შეუძლია არა მხოლოდ მონაწილეობა გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში, არამედ აგრეთვე სრულფასოვან რისკებზე წასვლაც დასავლეთთან საერთო სასიცოცხლო ინტერესის – აღმოსავლური პოტენციურად მზარდი ექსპანსიისაგან კავკასიისა და ევროპის სტრატეგიული დაცვის – პროცესში.
დასავლეთთან საქართველოს სათავდაცვო კავშირის დღესდღეობით ხილული შესაძლებელი ფორმა სამია: ნატოში გაწევრიანება, სათავდაცვო ხელშეკრულება ნატოსთან და ორმხრივი ხელშეკრულებები ნატოს ცალკე წევრებთან.
8. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის აგრესიულობა საქართველოს მიმართ სტაბილურია, – იგი ნაკარნახევია დასავლური დემოკრატიის ცენტრალური აზიისაკენ არგატარების მისწრაფებით და რუსეთის არაკონკურენტუნარიანობით (დასავლეთთან შედარებით) რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა საქმეში – საქართველოს არა აქვს უფლება, თავისი პოლიტიკა მინიმალურად მაინც რუსეთის ნდობაზე დაამყაროს. დღეს, ოკუპაციის პირობებში, საქართველო ვალდებულია, რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის შეუვალ პირობად ჰქონდეს რუსეთის დაუყოვნებელი გასვლა საქართველოდან და საქართველოს ნაწილთა “დამოუკიდებლობის” ცნობის უპირობო გაუქმება.
9. მიწა (აგრეთვე წიაღის სიმდიდრე) არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და “ამოწურვადი” (შეზღუდული) რესურსი. მიწის გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან და საზოგადოებრივ ინტერესთან შეუთავსებადია. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, დროებით (ანუ საქართველოს და მისი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის შექმნამდე) აღიკვეთოს უცხოელებზე საქართველოს მიწის და სხვა ეკონომიკურად და კულტურულად მნიშვნელოვანი ობიექტების, აგრეთვე წიაღის სიმდიდრეების მიყიდვა, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანისა – ამის შემდეგაც.
10. თავის საშინაო პოლიტიკაში საქართველო ორიენტირებულია სრულყოფილ სამართლებრიობაზე და დემოკრატიაზე, რადგან ეს უკანასკნელი საზოგადოების ორგანიზების ის ერთადერთი ფორმაა, რომელიც შეესაბამება ადამიანის, როგორც გონიერი და თავისუფალი არსების, ბუნებასა და ღირსებას და ამავე დროს ოპტიმალური ფორმაა ყოველმხრივი პროგრესისათვის.
საქართველოს საშინაო პოლიტიკა ზოგადად და მისი ეკონომიკური პოლიტიკა კერძოდ მიზნად ისახავს სხვა ფუნდამენტურ მიზანთა შორის, ოპტიმალური ა) ეკოლოგიური სივრცის, ბ) პედაგოგიური სივრცის, გ) ჯანსაღი სივრცის, დ) პროფესიული განვითარების სივრცის და ე) სოციალური თვითდამკვიდრების სივრცის შექმნას საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მოზარდი და ახალგაზრდა ნაწილისათვის.
11. საქართველოში რამდენიმე ათეული ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ მრავალი თაობის მანძილზე. სახელმწიფოს პოლიტიკა ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეთა მიმართ არის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე.
12. საქართველოში უნდა აღდგეს და განვითარდეს განათლების სისტემა და მეცნიერება. სახელმწიფოს მიზანია იმის მიღწევა, რომ:
- ცოდნისა და პრაქტიკის ყველა ძირითად სფეროში ჰყავდეს საკუთარი უმაღლესად კვალიფიციური ექსპერტი (ექსპერტები), რათა არ საჭიროებდეს უცხოების არც დაქირავებას, არც ნდობას;
- საკუთარი კვლევითი შრომით კურსში იყოს თანამედროვე მეცნიერების განვითარების პროცესისა;
- ყოველ მოსწავლეს, მომავალ მშრომელს, სკოლაში ყოფნის მანძილზე ეძლეოდეს საკმარისი ცოდნა ფუნდამენტური მეცნიერებების დარგში, რათა, როგორც მინიმუმი, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის ათვისება შეეძლოს უახლოესი 1-3 ათეული წლის მანძილზე და შემდგომი გადამზადების პერსპექტივა ჰქონდეს.
13. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოება, ანუ საკუთარი წარმოების სასმელ-საჭმელით მომარაგების უნარი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ძირითადად უნდა ჭამდეს საკუთარი წარმოების საკვებს და არა იმპორტირებულს.
14. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტირები უნდა იყოს:
- სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფა (და ნამატის ექსპორტი),
- მეცნიერებატევადი წარმოება;
- წარმოების ტრადიციული (1992 წლამდე არსებული) იმ დარგების (შეძლებისდაგვარად) აღდგენა, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ და ბაზარი ჰქონდათ 90-იანი წლების ჩათვლით, რისი გაგრძელებაც გათვლადია (სავაჭრო და თევზმჭერი ფლოტის აღდგენისა და განვითარების ჩათვლით);
- როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მეცნიერული პროდუქციის შექმნა და (ძირითადად მაღალი კვალიფიკაციის) სპეციალისტთა საზღვარგარეთ დასაქმება პერიოდულად.
ამ მიზანთა მიღწევაში აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა რაციონალური კანონმდებლობის, ენერგიის იაფი ბაზრისა და კრედიტის იაფი ბაზრის შექმნის სახით.
15. საქართველოს ტრადიციული მორალური და ყოფითი ღირებულებები ემთხვევა დასავლურს. პედაგოგიკა და მასობრივი პროპაგანდა მედიით ორიენტირებული უნდა იყოს ამ ფაქტის გაცნობიერებაზე ფართო საზოგადოების მიერ და სოციალური ეთიკის გაღრმავებულ სწავლებაზე. დაუშვებელია ქრისტიანული რელიგიისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლის მიჩქმალვა მოზარდი თაობებისათვის თანამედროვე ეთიკური დონის სიღრმისეულად გადაცემის პროცესში.
16. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან. მათი თანასწორობა არის:
- თანასწორობა კანონის წინაშე;
- თანასწორობა იმ უფლებაში, რომ საქართველოს მთელ სიმდიდრეს განიხილავდეს, როგორც მარადიულ საარსებო ბაზას თავისი შთამომავლობისათვის;
17. საკუთარი ეროვნების, ანუ საკუთარი ეთნიკური, ლინგვისტური, კულტურული, და ფსიქოლოგიურ-ღირებულებრივი ორიენტაციის საჯაროდ განსაზღვრა ადმიანის წმინდა უფლებაა.
18. საქართველოს სახელმწიფოს შეუვალად იმპერატიული მიზანია და, შესაბამისად, მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია საქართველოს მარადიულყოფა, როგორც:
- გაეროს მიერ ცნობილ საზღვრებში მდებარე სახელმწიფოსი;
- სახელი “საქართველო” მატარებელი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი;
- ქართული სახელმწიფოსი, ანუ ისეთის, რომელიც თავის მოქალაქეს ელაპარაკება საუკუნეების მანძილზე ხალხის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სალიტერატურო ქართული ენით.
19. სოციალური პოლიტიკის რადიკალური ორიენტირია მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდი თაობების) ჯანსაღი ეკოლოგიური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური სივრცის შექმნა მისი ცხოვრებისა და მომზადების ხარისხის ზრდის მიზნით.
საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა მოწვევათა წევრები:
თამაზ გველესიანი
მამუკა გიორგაძე
ფირუზ დიაკონიძე
თენგიზ დიხამინჯია
ავთანდილ იმნაძე
ნოდარ ნათაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress