“ქართული ოცნების” ზოგიერთი წევრი უნდა დაისაჯოს”

თამარ ნინიძე – “ახალი თაობა” 26.07.2013

ინტერვიუ სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან
_ ზუგდიდსა და ბათუმში პრაიმერის ჩატარების დროს ნაცმოძრაობას საპროტესტო აქციებით შეხვდნენ და კვერცხები ესროლეს. თქვენ როგორ შეაფასებთ ნაციონალების კომენტარებს?
_ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არსებობს არასრული სიმართლე იმიტომ, რომ არ ვართ შეთანხმებული რა არის სიმართლის კატეგორია. როდესაც არ შევთანხმდებით შეფასების კრიტერიუმებზე, ყველას ექნება საშუალება თავისი სიმართლე წარმოადგინოს, როგორც ერთადერთი და შეეცადოს ამ სიმართლის პროპაგანდირებას.

პირველი, ნაცმოძრაობა როგორც ოპოზიცია ამ შემთხვევაში თითქოს დაიჩაგრა, ის ხალხი ოცნების მომხრეები გახლავთ და ვერ დავადასტურებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს აქცია ოცნების მიერ ორგანიზებული იყო. ცალკე აღებული ნაცმოძრაობის მიმართ იმდენად დიდი ზიზღია საზოგადოებაში, რომ არანაირი გასაკვირი არ არის, რომ ნაცმოძრაობის წევრებს ხალხი ქუჩაში ქვებით დასდევდეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პრაიმერი თამაშია, იმისთვის, რომ ნაცმოძრაობამ გარეგნულად აჩვენოს თითქოს შიდაპარტიული დემოკრატიის და განვითარების გზას ადგას. საბოლოო ჯამში ვიღებთ სურათს, ეს ყოველივე ხელს უწყობს ნაცმოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას, მეორეს მხრივ, ხელისუფლება ემოციურ ფონზე მოსახლეობას ნაცმოძრაობის წინააღმდეგ განაწყობს, მესამე, არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ იდგემა რომ ნაცმოძრაობამ რეალურად აგოს პასუხი იმ დანაშაულებებზე, რაც ნაცმოძრაობას ამ წლების მანძილზე ჩაუდენია და მისთვის ერთი ქვის სროლა ბაირამობაა. ხალხი რჩება მოტყუებული. თუ ნაცმოძრაობა დამნაშავეა, მაშინ დამნაშავესთან თანამშრომლობა არის დანაშაული. მაგრამ თუ დამნაშავე არ არის, მაშინ უმკაცრესად უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ხედვების გამო ქვებს ისვრიან. ეს შეუსაბამობები და კრიტერიუმების დაუდგენლობა ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ მანიპულირება განახორციელონ ხალხზე, ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო საბოლოო ჯამში დარჩეს გაბითურებული.
_ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა. რას გულისხმობდა?
_ გულისხმობდა ერთ რამეს, რომ ახალი ეტაპი იწყება და ძველზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებასო. ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ბოდიშებს იხდიან, ეს ხდება იმისთვის, რომ შერჩეთ ის, რასაც აკეთებდნენ. როცა გამოდის ბაქრაძე და ამბობს, რომ მასაც უღებდნენ რაღაცეებს, მას პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ გააჩნია? ამ ამბების მერე რაც ხდებოდა, როგორ ბედავენ იმას, რომ ასეთი ტონით გვესაუბრებიან, ეს ქართული ოცნების დამსახურებაა, ამას რომ ბედავენ. ჩვენ ვიცით რა არის დემოკრატიული სამყაროს გამოცდილება, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, მომავალი კაცლერი გადადგა იმის გამო, რომ თურმე ოცი წლის წინ დისერტაცია რომ დაიცვა, იქ პლაგიატს ჰქონდა ადგილი, იაპონიის თავდაცვის მინისტრი ნასვამ მდგომარეობაში რომ გამოჩნდა პრესკონფერენციაზე, ამის გამო გადადგა. ის, რომ ხალხმა არჩევნებზე უნდა დაგვაკისროსო პასუხისმგებლობა, ეს ბლეფია. არც ამის საშუალებას აძლევენ ქართველ ხალხს ყოველი არჩევნები გაყალბებულია. პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს, რომ შენ მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება დაისაჯო თავი თუ მიგაჩნია, რომ რაღაცა შეცდომა დაუშვი. როგორ ბედავ იჯდე იმ პარლამენტში, რომელიც ისეთ გადაწყევტილებებს იღებდა, რაც ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა. რა გინდა იმ პარლამენტში თუ ხვდები, რომ შენმა დეპუტატობამ დააქცია ქვეყანა. როცა არ არის ეს გარემო შექმნილი, როდესაც სრული განუკითხაობაა, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, ეს აწყობს ოცნების წარმომადგენლებსაც, იმიტომ რომ სადაც ბაქრაძე აგებს პასუხს, ოცნების ბევრმა წევრმაც უნდა აგოს პასუხი. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს ხალხი მათთან ერთად იყო, ამიტომაც ოცნებასაც არ აწყობს კონკრეტული პასუხისმგებლობის დაყენება, თუ პრეცენდენტი დაიშვება, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა აგო პასუხი, მაშინ ასეთივე პასუხისმგებლობა დაეკისრება დღევანდელ ხელისუფლებასაც. თავის დროზე არ ვაგებინეთ პასუხი იმას, ვინც დამნაშავე იყო გაგრის დაკარგვაში, მერე მთელი აფხაზეთი დავკარგეთ, ჩვენ არ ვაგებინეთ პასუხი იმას, ვინც Aშექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, მერე კი მთელი ცხინვალის რეგიონი დავკარგეთ. ამ ადმინისტრაციის Aშექმნას დღევანდელი ოცნების ბევრი წევრი მხარს უჭერდა. ტაშს უკრავდა სანაკოევს, ქურთაში აკითხავდა და სააკაშვილის მიერ შექმნილი ეს უკანონო სტრუქტურა დღესაც ფუნქციონირებს და ბიუჯეტიდან გაეზარდა სახსრები. სრული უპასუხისმგებლობის ვითარებაში მიმდინარეობს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. ხშირად ვაპელირებთ სამშობლოს სიყვარულზე, მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც სამშობლო არ უუყვარდეს და კამათი ამაზე აბსურდია, მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინს _ პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე. თუ მიაჩნია ხელისუფლებას, რომ ნაცმოძრაობის რომელიმე წევრი არ არის ღირსი ატარებდეს დეპუტატის ან საპრეზიდენტო კანდიდატის სახელს, აგერ არის გამოძიება, პროკურატურა, შსს და მიიღოს ზომები და შესაბამისი ადგილი დააკავებინონ ამ ადამიანებს. გუნავა, ახალაია თუ სხვა იქნება, რაც რეალურად ჩადენილი დანაშაული აქვთ, ამ დროს უმნიშვნელო დანაშაულისთვის აკავებ, ეს იწვევს საერთაშორისო სამყაროს გაღიზიანებას. როგორ შეიძლება აღმკვეთი ღონისძიება იქნეს შეფარდებული ასეთი დანაშაულისთვის. ხელისუფლებას არ სურს მოაგვაროს ეს საკითხი, დადოს შესაბამისი მტკიცებულებები რასაც ის აფრიალებდა არჩევნების წინ.
_ ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ძალადობას ემიჯნებიან, მათ ეს საპროტესტო აქციები ჰქონდათ მხედველობაში. რას ნიშნავს რომ ძალადობას ემიჯნებიან?
_ ძალიან კარგი ტერმინი დამკვიდრდა გავემიჯნოთ ძალადობას, თეთრი ხელთათმანებით პოლიტიკის კეთება და რომ ემიჯნები ძალადობას, მოკიდე ხელი ვინც ძალადობას სჩადის და მოსთხოვე პასუხი. საქართველოში ქმედითუნარიანი პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე ლიდერების დეფიციტია. საკონსტიტუციო ცვლილელების განხილვაზე გამოდიოდნენ და ამბობდნენ ორმაგი მოქალაქეობა ცუდია, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე საჭიროაო. ივანიშვილმა ასეთი ხალხი შეიყვანა პარლამენტში და ისინი ემსახურებიან მას.
_ სკანდალების მოყვარული პრეზიდენტი გვყავს, კიდევ ერთი საშინელება განაცხადა, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჯგუფი იჯდა ნაცმოძრაობს ოფისში, პირადად თვალს ადევნებდა 26 მაისი დარბევას და მერე დაასკვნა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიდიოდა. როგორია ამის თაობაზე თქვენი კომენტარი?
_ სააკაშვილი დღეს კი არ ეწევა ანტიდასავლურ პოლიტიკას, და რუსეთის სამსახურს, რატომღაც ისეა გაგებული, რომ რუსეთს ემსახურებიან მარტო ისინი, ვინც აქებს მას, ვინც აგინებს რუსეთს, ისინიც ხშირად რუსულ საქმეს აკეთებენ სწორედ ამ გინების ფონზე ისეთი განცხადება, რაც ახლა სააკაშვილმა გააკეთა, მხოლოდ რუსული პოლიტიკის ინტერესებშია. მსგავსი განცხადებები ბევრი ადრე გაუკეთებია და მომავალშიც უნდა ველოდოთ ასეთ განცხადებებს მისგან. ეს მორიგი რუსული ინტერესების დამცველი განცხადებაა და სანამ სტატუსი გააჩნია სააკაშვილს, კიდევ ბევრ აბსურდულ განცხადებას გააკეთებს რუსეთის სასარგებლოდ.
_ ამერიკის საელჩოს მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თქვენი აზრით რატომ?
_ როგორ შეიძლება ამას რაიმე რეაგირება მოჰყვეს. გამოვიდეს და თქვას ელჩმა თქვენი პრეზიდენტი ცოტა ვერ არის თავის ჭკუაზეო, ამას არ გააკეთებს, უარყოფა რომ დაიწყოს, ესეც უხერხული იქნება. საქართველოში ამერიკელი ექსპერტები აკვირდებიან მოვლენებს და შესაძლოა ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველებიც იყვნენ, ეს რა გასაკვირია. დღეს ანტიამერიკული და ანტიდასავლური ტალღის აგორება ნამდვიალდ არ შედის საქართველოს ინტერესებში.
_ მიწევს ისევ სააკაშვილის განცხადებებზე თქვენგან კომენტარის თხოვნა, მაგრამ ეს დღის სკანდალებად ითვლება და ამიტომ საინტერესოა. ახლახანს ჟურნალისტ ჟორჟილიანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წლების მერე ამომრჩეველს ესა თუ ის პოლიტიკოსი გარეგნულად უკვე აღარ მოსწონს და მისი შეცვლის სურვილი ჩნდებაო. ფაქტობრივად გარეგნულ პრობლემას დაუკავშირა ნაცმოძრაობის მარცხი. გამოდის, რომ სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთადD ვერ აცნობიერებს რა მიზეზით Uუთხრა უარი მას ამომრჩეველმა?
_ სააკაშვილს სურს, რომ ეს ასეც წარმოაჩინოს. გარკვეულწილად სიმართლის მარცვალი ამაში არის, ყოველდღე ერთი და იგივე ადამიანის ყურება ნამდვილად იწვევს მობეზრებას, ნახევარსიმართლით ხდება უფრო დიდი ტყუილის გადაფარვა. სააკაშვილი ყელში კი არ ამოუვიდა ქართულ საზოგადოებას, არამედ მან გაამწარა ქართველები, ისინი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშის სხვა არაფერზე ფიქროდნენ გარდა იმისა, როგორ მოეშორებინათ ის თავიდან. ეს მას უნდა რომ წარმოაჩინოს როგორც რიგითი ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ დავივიწყეთ შევარდნაძის წინააღმდეგ არსებული განწყობები, ხვალ შეიძლება დავივიწყოთ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული განწყობებიც. უფლებას ვაძლევთ საააკშვილს ამ ტონალობით გველაპარაკოს. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თითქოს საქართველოს არ დაუკარგავს ტერიტორიები, თითქოს არ მომხდარიყოს ამ ტერიტორიების აღიარება. თითქოს ის ტრაგედიები არ დატრიალებულიყოს, რაც დატრიალდა.
_ დიდი ხმაურია ატეხილი ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის პროცესში იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება ნაციონალებთან კოჰაბიტაციაში, საარჩევნო კოდექსის გაკეთილშობილებას არ ცდილობს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ ქართული ოცნება როგორც მემკვიდრე ნაციონალებისა, აგრძელებს მათ კურსს ბევრი მიმართულებით. თავის დროზე ოპოზიციაში მყოფი სააკაშვილიც ითხოვდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მაგრამ გახდა თუ არა ხელისუფალი, პირიქით გააუარესა ეს გარემო. ასე არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს უმრავლესობაში გახლავთ, რვიანის ფორმატში ითხოვდნენ საარჩევნო კოდექსის შეცვლას, მაგრამ დღეს ეს დაავიწყდათ და ცდილობენ საკუთარ თავზე საარჩევნო გარემოს მორგებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული პატიოსანი და ღირსეული პოლიტიკური ჯგუფები. ეს ადამიანები მხოლოდ ძალაუფლებაზე არიან ორიენტირებული და ქართველი ხალხი დროზე უნდა გამოფიხიზლდეს. დღეს ბევრი ოპოზიციური პარტია ნაციონალების ავკაცობაზე ისე ხუჭავდა თვალს, რომ დემოკრატია სულაც არ ახსოვდა. თავადაც მშვენივრად სარგებლობდა ნაციონალების შექმნილი გარემოთი. ასეთი პოლიტიკის გაგრძელება დაღუპავს ქვეყანას, ქვეყანა ვერ განვითარდება. პრინციპებზე და ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული ქართული პოლიტიკა და არა პიროვნებების პირად ინტერესებზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress