ბატონო პრემიერო, უკვე მიდიხართ?!

“საქართველო და მსოფლიო” 17 07 2013 

ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მრავალ განსახილველ საკითხთა შორის მთავარი დისკუსიის საგანი გახდა. საზოგადოების აზრი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, რამაც განსხვავებული ვარაუდები გააჩინა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ამ განცხადებაში თითქოს მწვავედ მიმდინარე მოვლენებისადმი ივანიშვილის ფარული შიში აღმოაჩინა, ზოგმა ის, უბრალოდ, «დემოკრატიის შუქურად» მონათლა, რომელიც პოლიტიკიდან არა ხალხის იძულებით, არამედ საკუთარი ნებით უნდა წავიდეს. სხვებმა კი აღნიშნული განცხადება მარტივად ქვეცნობიერში «გადაისროლეს» და სხვადასხვა არგუმენტის მოყვანით მისი ცნობიერში «გადმოტანის» სასტიკი წინააღმდეგნი არიან (საინტერესოა რატომ?!). სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» «სახალხო პარტიის» ლიდერ მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.


«ასეთი განცხადებებით ნამდვილად ვერ გაუმჯობესდება ჩვენი ცხოვრება»
მამუკა გიორგაძე:

_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა შედეგებს გამოიწვევს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, მოხდება თუ არა გუნდში არეულობა, რაც შემდეგ საზოგადოებაზეც ნეგატიურად აისახება?
_ რამდენადაც ვხედავთ, პრაქტიკულად ამის მიზეზი არ არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, მიბმულნი არიან ივანიშვილზე. შესაბამისად, ივანიშვილის პიროვნებაა სწორედ შემკვრელი ამ ადამიანების, უფრო სწორად, მაიძულებელი ფაქტორი, რომ ამ ადამიანებმა ერთმანეთს ცალყბად მაინც გაუღიმონ. ცხადია, თუ არ იქნება ივანიშვილის ფაქტორი, მაშინ ეს ხალხი ერთმანეთთან ნაძალადევი ღიმილითაც არ იქნებიან დაკავშირებულნი.
_ თქვენ როგორ გგონიათ, გაურბის თუ არა ივანიშვილი რთულ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში?
_ არასწორია, რომ ჩვენ ამ სიტყვებს ამხელა დატვირთვას ვანიჭებთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ არის დამატებები, განსაზღვრებები, მინიშნებები და ასე შემდეგ. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ვარაუდების საკეთებლადაა ნათქვამი. არ უნდა მივანიჭოთ მსგავს განცხადებებს დიდი მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ შეიცავს კონკრეტიკას და არ არის მიმართული პოლიტიკური ცხოვრების ზემოქმედებისკენ. უფრო მეტად ასეთი ტიპის განცხადებები მესიჯებია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გარშემო ან მასთან დაკავშირებულნი არიან. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტად ისეთი განცხადებები უნდა აკეთოს, რომლებიც პოლიტიკური კულტურის დონეს მაღლა აწევს საქართველოში და თავისი პრინციპებით, კონცეფციებითა და ღირებულებებით მოგვცემს მოვლენების მიმართ უფრო ღრმად ჩაფიქრების შესაძლებლობას. ასეთი განცხადებებით კი ნამდვილად ვერ გაუმჯობესდება ჩვენი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე მოიქცეს და, რაც მას გაუხარდება, ის განცხადებები აკეთოს, მაგრამ წარმატებული იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დანერგვასა და განვითარებას საქართველოში.
დღეს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების გავლენა და შესაბამისად, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ხელისუფლებაში და თუნდაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები იმდენად არიან მიბმულნი გარე ძალებზე, რომ ვერ ღებულობენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს. ასეთ რთულ სიტუაციაში გაცილებით მართებულია იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვაქციოთ ქართული პოლიტიკა შიდა დუღილის პროდუქტად, როგორ შევუწყოთ ხელი დამოუკიდებელი პოლიტიკური «სივრცის» განვითარებას, რათა საქართველოს ბედი წყდებოდეს საქართველოში და არა სხვაგან.
მოამზადა შორენა ღვაჩლიანმა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress