ავღანეთი – მითი და რეალობა

ავღანეთი – მითი და რეალობა
“ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის დროს ყოველი მეომრის დაღუპვა (სამწუხაროდ, 29 მამაცი მეომარი დავკარგეთ. ღმერთმა აცხონოს მათი სული!) საზოგადოებაში ხელახალ ცხარე დისკუსიას აღძრავს მავანთ ეს თემა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებისა და სპეკულაციის საგნად გაუხდიათ, მავანთათვის კი საქართველოს პოლიტიკური საგარეო ორიენტაციის ჩრდილოეთის მიმართულებით წარმართვის მთავარ “არგუმენტად” იქცა.


ასეთ მძიმე წუთებში გვმართებს ვითარების გაცნობიერება, განსაკუთრებული ერთობა და დაფიქრება საკითხზე, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო “ნატოს” ISAF-ის ოპერაციაში, ანუ, რატომ იბრძვიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მით უმეტეს რატომ არიან_ “ნატოს” არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილნი, თანაც, გამორჩეულად სახიფათო და რთულ უბანზე_ ჰელმანდის პროვინციაში…
რა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე შეიძლება ამ შემთხვევაში ლაპარაკი? ხელისუფლებას (ძველსაც და ახალსაც) ამაზე პასუხი გააჩნია. ის შედგება 2 ნაწილისგან: ლოკალური (ანუ, საქართველოს ინტერესებით დასაბუთებული), და გლობალური (ანუ, მსოფლიო ინტერესებით არგუმენტირებული).
ლოკალურია: “ქართულ ჯარს ბევრი რამის სწავლა სჭირდება და ის ავღანეთში ისეთ გამოცდილებას იღებს, რასაც ვერც ერთი წვრთნა ვერ შეცვლის… მნიშვნელოვანია პარტიზანული ბრძოლისთვის საჭირო უნარების განვითარება, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა კი ამის საშუალებას იძლევა… გარდა ამისა, “ნატოს” ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაც უმჯობესდება…”.
გლობალური: ”ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების _ “თალიბანის”, “ალ-ქაიდასა” და მსგავსი დაჯგუფებების განეიტრალება დღეს თავისუფალი სამყაროსათვის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო ბრძოლა ნაციზმთან და კომუნიზმთან… ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ესწრაფვის და, საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის პარტნიორი რეგიონში, თავის სამოკავშირეო ვალდებულებას ასრულებს… თუ ახლა ჩვენ დავუდგებით დასავლეთს გვერდით, ისიც დაგვიჭერს მხარს, მთავარია: დასავლეთი იცავს ჩვენს მიწა წყალს _ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მსოფლიო აღიარებისგან”.
“ნატოს” IშAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მოტივის კონსტატაცია ციტირებულ ტექსტებში ძირითადად სწორია, თუ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგადად ჩამოვაყალიბებთ. მაგრამ, არის თუ არა მხოლოდ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა საკმარისი და სრულდება თუ არა სხვა უმთავრესი პარამეტრები, რაც აუცილებელია ევროკავშირსა და “ნატოში” ინტეგრაციისთვის? რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია საქართველო დეკლარირებული ამოცანების რეალიზაციის პროცესში?
ერთადერთი, რაშიც მთლიანად ვეთანხმებით ხელისუფლებას, არის ის, რომ “ამგვარ გამოცდილებას ვერ ცერთი წვრთნა ვერ შეცვლის”, თუმცა, საბრძოლო მოქმედების მართვის ურთულეს ხელოვნებას სწავლობენ მხოლოდ ბატალიონის დონეზე და ისიც ქართული სახელმწიფოს საჭიროებისთვის შეზღუდულად, მაგრამ, ესეც არ არის ხელისუფლების განსაკუთრებული დამსახურება _ ჯარისკაცები იბრძვიან და თან სწავლობენ.
ცხადია, მისასალმებელია, საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის დაცვა-განვითარებისთვის საქმეში რომ მონაწილეობს, მაგრამ ქართული სამხდრო კონტიNგენტის ავღანეთში ყოფნას (მით უმეტეს _ მსხვერპლს!), პარალელურ რეჟიმში თუ არ მოჰყვა დანარჩენი აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური სტრატეგიის იმ ძირითადი მიმართულების ხორცშესხმას, რასაც ევროკავშირსა და “ნატოში” საქართველოს ინტეგრაცია, ანუ, საქართველოს ნათელი მომავლისკენ სვლა ჰქვია (ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა და გვაქვს ისტორიული გამოცდილებაც), რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან მომდინარეობს და რასაც ჩვენ ცივილიზებული სამყარო მოგვიწოდებს, მიზანი მიუღწეველი დარჩევა.
თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მივისწრაფით რა “ნატოსა” და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, გარდა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისა, სხვა პარამეტრებიც უნდა დავაკმაყოფილოთ _ ეს არის ჯანსაღი და ღია კონკურენტული საჯარო სივრცე, დემოკრატიული პოლიტიკური ინფრასტრუქტურა და დემოკრატიული გარემოს არსებობა, ადამიანის უფლებების დაცვა, რეალური თვითმმართველობა, არჩევნების სამართლიანობა, სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა და ა.შ. თუ ეს ქმედებები კომპლექსში არ იქნება განხორციელებული, დასავლურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია შეუძლებელი იქნება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობის ხარჯზე ხდება დანარჩენი სეგმენტების უგულებელყოფა და საქმეში ჩაუხედავი ხალხისთვის იქმნება ილუზია რომ, თითქოს მხოლოდ ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამო მიგვიღებენ “ნატოსა” და ევროკავშირში.
მხოლოდ ამის გამო “ნატოში” არ მიგვიღებენ და მრავალი ქვეყანა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომლებსაც ISAF-ის მისიაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ, “ნატოს” წევრები მაინც გახდნენ ან არიან. ავღანეთის მისიაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის დაწყებისა და დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებით ხელისუფლების შექმნის გარეშე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დეკლარირებული მიზნების მისაღწევად ავღანეთში დაღვრილი ქართული სისხლი შედეგს ვერ მოიტანს! “ნატოში” არ მიგვიღებენ და ეს ბლეფი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიშიფროს!
საქართველო პირველ ყოვლისა დემოკრატიით უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და დასავლეთის პარტნიორი რეგიონში; მან უნდა შეასრულოს სამოკავშირო ვალდებულება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ნორმების მდგრადი სისტემის დანერგვას, მით უმეტეს, რომ დემოკრატიის განვითარება ჩვენს ინტერესებშია _ ეს არაა დასავლეთისათვის ხათრის გაწევა და ამაში ჩვენი მოქმედების მარგი ქმედების კოეფიციენტი ასი პროცენტია.
“ნატოს” პოლიტიკური ხელმძღვანელობა (რასმუსენი) ღიად აცხადებს, რომ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა არ არის “ნატოში” შესასვლელი ბილეთი და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო”, რომ “საქართველო “ნატოს” წევრი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”. განსაკუთრებით აღნიშნავენ ფუნდამენტური რეფორმების საჭიროებას, მათ შორის _ თავდაცვის სფეროში. არმია, როგორც სახელმწიფოებრივი სეგმენტი, ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთ-ერთ გამოხატულებას უნდა წარმოადგენდეს: შეიარაღებული ძალების რეალური დეპოლიტიზაციის, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის არსებობისა და ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გარეშე “ნატოს” სტანდარტებამდე მისვლა შეუძლებელია.
შეიარაღებული ძალებში დამკვიდრებული გაუმჭვირვალობის გამო, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რამდენად “ნებაყოფლობითია” ავღანეთში წასვლა. უკმაყოფილებას ზრდის ისიც, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარება წამსვლელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივაციად არის წარმოჩინებული. არსად ჩანს ხელისუფლების მცდელობა, უზრუნველყოს ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები (სამაგიეროდ, ნათლად ჩანს, რომ “ნატოს” ხელმღძვანელობა და დასავლელი პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას აქცევენ და ზრუნავენ ქართველი ჯარისკაცების შემდგომ ბედზე, ვიდრე საქართველო).
ამასთანავე, ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა და რუსეთისთვის გაუაზრებელი დათმობები ლოგიკურად შეუთავსებადი და გაუგებარია. მსოფლიო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ვიწვევთ, თვითონ კი, პრაქტიკულად, რეაგირებას არ ვაკეთებთ რუსეთის მცოცავ ანექსიაზე. რაც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს.
ძნელად დასაჯერებელია ხელისუფლების გულწრფელობა, როცა არ არის ის თანამდევი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და “ნატოს” წევრობისთვის აუცილებელი მთელი რიგი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას.
თუ ჩვენ ამ ნაწილს არ შევასრულებთ, გამოდის, რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა გაიგივებული ხდება მსხვერპლთან, სისხლის დაღვრასთან და, ბუნებრივია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დასავლეთის მიმართ უარყოფითი განწყობა ეუფლება.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი არათანმიმდევრული ქმედებები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, საქართველოში “ნატოს” ავტორიტეტს აკნინებს და საპირისპირო პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ერთი მხრივ, ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას არ ეუბნება, რა მოთხოვნებზეა საუბარი და რამდენად მისაღებია ის საქართველოსთვის; არ ეუბნება, რომ დასავლეთი ჩვენგან ითხოვს საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო აუცილებელ რეფორმებს. თუ რამეა საკამათო, პრინციპულად და არგუმენტებით უნდა დაიცვას თავისი პოზიცია (მათთან არგუმენტები ჭრის). ამის საპირისპიროდ, წინა პლანზე გამოაქვს ისეთი თემები (თან, არასწორი ინტერპრეტაციით), რომლებიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დასავლეთისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.
მეორე მხრივ, რადგან ხელისუფლება ვერ ან არ ანხორციელებს “ნატოს” წევრობისთვისა და სახელმწიფოსთვის სასურველ რეფორმებს, მორალური და პოლიტიკური უფლება არა აქვს და, შესაბამისად, ვერც ან არც ითხოვს დასავლეთის ლიდერთაგან მკაფიოდ და კონკრეტულად დასავლეთის მხრიდან საქართველოს ინტერესებისთვის საკმარისი და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს აზიანებს.
ამიტომ, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ, რომ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხდება მოსახლეობის განწყობის დასავლეთიდან რუსეთისკენ შებრუნება, აქედან გამომდინარე _ საქართველოსთვის სავალალო შედეგებით. ამის საწინააღმდეგოდ კი შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული და მათი აღსრულება უნდა დაიწყოს. საამისოდ კი აუცილებელია, შეიქმნას ჯანსაღი, პოლიტიკურად კონკურენტუნარიანი გარემო; იდეათა ჭიდილში უნდა განხორციელდეს ქვეყნის აღმშენებლობა და არა გარკვეული პიროვნებების პოლიტიკურ კინკლაობასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დაიხარჯოს ენერგია.
მამუკა გიორგაძე
სახალხო პარტია
7.06.2013

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress