ბოლოს და ბოლოს გვითხრას “ქართულმა ოცნებამ” რას უპირებს “ნაცმოძრაობას”?

  გვესაუბრება “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე

 ”საერთო გაზეთი”  ირანდა კალანდაძე  3–9.07.2013  

_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ გარემოს? _ მიმდინარეობს ერთი მონოპოლისტური სისტემის რღვევა და ახალი მონოპოლისტური სისტემის ჩამოყალიბების მცდელობა `ქართული ოცნების~ მხრიდან. თუ კვლავ გაგრძელდება ძველი მონოპოლისტური სისტემის ნანგრევებზე ახალი მონოპოლისტური გარემოს შექმნა, სადაც ერთი პირი ან პარტია იქნება ბიზნესის, სამართლის ან სხვა სტრუქტურის მფლობელი, მონოპოლიზებული ეყოლება მედია და ა.შ. სტაგნაციის პროცესი გაღრმავდება და, საბოლოო ჯამში, დაზარალდება ქვეყანა და ხალხი, რომლებიც ელოდნენ უკეთეს მომავალს. ჯერჯერობით ტენდენცია უკეთესობისკენ არ მიდის. უკვე ცხრა თვე გავიდა და უკეთესობას ვერ ვამჩნევთ. შეიძლება, ვინმე შემომედაოს ტემპებთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, თუ დღესვე მკაფიოდ არ გამოვთქვით შეხედულებები, ინიციატივები და წინადადებები, ხვალ, შეიძლება, გვიან იყოს. ჯერჯერობით ტენდენციებზე ვლაპარაკობთ და ეს ტენდენციები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. მაგალითად, პრაქტიკულად, არ ხდება მმართველი გუნდის ცალკეული ჯგუფების ერთ გუნდად ჩამოყალიბება. ჯერ ვერ გავარკვიეთ, რა ხედვებისა და ორიენტაციისაა დღევანდელი ხელისუფლება. ერთი ერთს ამბობს, მეორე _ მეორეს. არ გვინახავს არავითარი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ფაქტობრივად, გაურკვეველია, რას აპირებს და რას აკეთებს, საერთოდ, ახალი მთავრობა. _ სამწუხაროდ, კოჰაბიტაციის რეჟიმში გადაგვისროლეს, იქნებ ამის ბრალიც არის, რომ ახალი ხელისუფლება ვეღარ ახერხებს მოსახლეობას აუხსნას ამა თუ იმ რეფორმის ან ინიციატივის არსი და მნიშვნელობა. _ არავის არსად არ გადავუსროლივართ. კოჰაბიტაციის პროცესში თვითონ გადავეშვით თავფეხიანად. როდესაც უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები გვთავაზობენ რაიმე კონკრეტულ წინადადებას, იქვე გათვალისწინებულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც პარალელურად უნდა განხორციელდეს. კოჰაბიტაციაზე საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდეს, მაგალითად, სასამართლოების წმენდა. კოჰაბიტაცია არაა ის, რომ პროკურატურა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მთელ მსოფლიოს აგებინებს იმას, რომ, პოლიტიკური დევნაა დაწყებული. მერე გვწყინს, რატომ გვაკრიტიკებენო. საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ერთი მხრივ, დანაშაულებრივ რეჟიმთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ, საუბრობენ, რომ იგივე რეჟიმთან კოჰაბიტაციის პროცესში არიან… თუ დემოკრატიაზე საუბრობთ და `ნაცმოძრაობის~ `გადარჩენა~, როგორც ბრძანეთ, დემოკრატიის ამოცანაა, კეთილი ინებეთ, როლანდ ახალაია კომისიაში ჩართეთ და გვერდით მოისვით.  მას იგივე უფლებები აქვს, რაც თქვენ. ნუ ხართ არათანმიმდევრულები და ამოიგდეთ თავიდან ეს დრომოჭმული ბოლშევიკური მიდგომები. თუ დემოკრატია გნებავთ, დემოკრატიას არ სჭირდება არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გაძლიერება?   როცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები თავიდან ბოლომდე იყო ფალსიფიცირებული და გაყალბებული. `ნაცმოძრაობას~ რომ 40% არ მიუღია, ეს ყველამ ვიცით და ახლა საუბარია მათთვის დაფინანსების გაზრდაზე. თუკი ქართული დემოკრატიის გადარჩენა `ნაცმოძრაობის~ გადარჩენაა, რატომ არ არის ქართული დემოკრატიის ამოცანა არასაპარლამენტო ოპოზიციის და კერძოდ, `სახალხო პარტიის~ გადარჩენა, მაშინ რაღა საჭიროა იმ ემოციური ფონის შექმნა და `ნაცმოძრაობის~, როგორც რეჟიმის მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერების გამომზეურება. _ ფაქტობრივად, გამოდის ისე, რომ ყველა ჩვენს ინიციატივას და ნაბიჯს საზღვარგარეთიდან რეაქცია მოჰყვება, რატომ არ გვაძლევენ დამოუკიდებლობის უფლებას თუ უფრო უარესადაცაა საქმე? _ დააკვირდით, ვინ ქმნის ასეთ შთაბეჭდილებას _ ისევ ხელისუფლება. რაც სჭირდებათ და ხელს აძლევთ, იმას ახმაურებენ, რაც არა _ მალავენ. ავიღოთ ნატოს თემა. ღიად და გასაგებად თქვა რასმუსენმა _ აისაფის ოპერაციაში ქართული ჯარის მონაწილეობა არაა ნატოში ინტეგრაციის გარანტი, საჭიროა, საქართველო აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რაც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობაში _ ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, რეალური თვითმმართველობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საჯარო და ღია სივრცე, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. მე არსად მსმენია, გენერალურ პროკურორს ერთი კვირით ადრე გამოეცხადებინოს ის, რომ ერთი-ორი კვირის შემდეგ ვიღაცას დაიჭერს. შედეგი რა არის და ის, რომ, საბოლოო ჯამში, მთავარ დამნაშავეს კი არ იჭერენ, არამედ მეორეხარისხოვანს და მსხვილი დამნაშავეები თავისუფალი დადიან. მერაბიშვილი გარეთ იქნება თუ ციხეში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ სასამართლო განაჩენი ძალაში არ შევა, ის უდანაშაულოდ ითვლება. როცა ხდება ასეთი არაარგუმენტირებული და არათანმიმდევრული დაჭერები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები და ეჭვები. მე მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულად კეთდება. _ თქვენი აზრით, სინამდვილეში რა ხდება? _ რა ხდება და, ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას პირდაპირ უკავშირებენ ახალი მონოპოლისტური სისტემის გამყარებას და, შესაბამისად, ქმნიან დაძაბულ გარემოს და შემდეგ, ვინც სჭირდებათ, იმას ხელს არ ახლებენ. მაგალითად, სასამართლო, რომელმაც შეინარჩუნა პრივილეგირებული მდგომარეობა. მაგრამ რა საჭირო იყო ვენეციის კომისიაში ამდენი კამათი და დისკუსია, ან უარყოფითი დასკვნები _ ნუ შეუწყვეტთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოსო. ამათ მაინც შეუწყვიტეს, მერე შეუჩერეს უფლებამოსილება, არჩევნები დაანიშნინეს და მაინც იგივე დარჩა ყველაფერი. დასავლეთის თვალში `ქართული ოცნება~ არასწორი აღმოჩნდა. სად არის სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება?! ძველი პროკურორები ისევ პოსტებზე არიან, ყოფილი გენპროკურორის მოადგილეს ჩხატარაშვილს `ოცნებასთან~ ურთიერთობები აქვს და ა.შ. ერთი დამნაშავე კოალიციის მეგობარია, მეორე დამნაშავეზე ძებნაა გამოცხადებული. მოგვიწოდებს ცივილიზებული სამყარო _ ნუ გააკეთებთ ასეო; იმას, რაც `ნაცმოძრაობას~ ეპატიება, სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ აპატიებენ.  _ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თუ ხვდებით ერთმანეთს და მოქმედების გეგმებზე თუ გაქვთ საუბარი? _ სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური პარტიები ისევ იმ მეთოდებით მუშაობენ, რომ, როგორმე, ინდივიდუალურად გაარკვიონ პირველთან ურთიერთობა. _ კერძოდ? _ საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს, მე დაინტერესებულ პირად რომ არ მიმიჩნიონ. ხალხი მალე თვითონვე შეაფასებს, ვინ ეტმასნება მმართველ ძალას, როგორც უწინ, `ნაცმოძრაობასთან~ დაახლოებას რომ ცდილობდნენ, უცებ გაშიფრა ხალხმა ის პარტიები. ამიტომ ყველა არასაპარლამენტო პარტიას ვთავაზობ _ ეჭვი რომ არ გაჩნდეს, შევიმუშაოთ ერთიანი პარამეტრი, თუნდაც ოპოზიციის ქცევის კოდექსი, წინა პლანზე წამოვწიოთ ის იდეოლოგიური საკითხები, რომლებიც გადამწყვეტია ქვეყნისთვის, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ჯანსაღი საჯარო გარემო, ერთიანი კრიტერიუმებით საკითხისადმი მიდგომა. სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს ამ ტიპის სამუშაოები. დღეს ხელისუფლებას პრინციპული პოლიტიკური პოზიციები არ აქვს, ამიტომ ძნელია ოპოზიციური ნიშის გამაგრება. სანამ ხელისუფლება არ ჩამოყალობდება, ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ პოზიციების გამყარებას. `სახალხო პარტია~ დიდი ხნის პარტიაა, მას აქვს ჩამოყალიბებული პოზიციები და ჩვენ არ გვიჭირს ამ მხრივ. მე სხვებზე ვსაუბრობ. _ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, თქვენი აზრით, ამ კუთხით დაბნეულია? _ მათი ჩამოყალიბებული პრინციპები მე არ მინახავს. შეიძლება, აქვთ და მე არ მიმიწვდება ხელი, მაგრამ საპარლამენტო პარტიებს ისედაც აქვთ საპარლამენტო ტრიბუნა, მედიასთან ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის საშუალებები, ვიზიტების დაფინანსება და ა.შ. დღეს ჩვენ, არასაპარლამენტო პარტიებს, გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდირება. `ოცნების~ ცდუნებები და შეცდომები ჩვენი ბრალიცაა გარკვეულწილად, რადგან არა ვართ მეტად მობილიზებული და მოტივირებული მათი ოპონირებისთვის. `ნაცმოძრაობამ~ იმდენი რამ დააშავა, `ოცნება~ მას კარგა ხანს ვერ `დაეწევა~. ასე რომ, ის კიდევ დიდხანს იქნება პრივილეგირებულ მდგომარეობაში. `ოცნებას~ კიდევაც აწყობს მისი ოპონენტი `ნაცმოძრაობა~ იყოს, რადგან ამ დემორალიზებულ ძალასთან უფრო გაუადვილდება საკუთარი შეცდომები გადაფაროს. შესაძლოა, დაინტერესებულნიც კი არიან, სხვა ოპოზიციური ძალები არ გამოჩნდნენ. სამწუხაროა, თუ მათი აზროვნება მეტად სახელმწიფოებრივი არ იქნება… _ იმაზე რას იტყვით, ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა _ არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავალო. მის დასახელებულ კანდიდატურას _ გიორგი მარგველაშვილს ამომრჩეველი დაუჭერს მხარს, თუკი მის საყრდენად ივანიშვილს არ მოიაზრებს? _ ზოგჯერ ისეთი განცხადებები კეთდება, გაოცდება დაკვირვებული ადამიანი. `ნაცმოძრაობას~ რომ გავანადგურებ, მერე ოპოზიციაში გადავალო, ასეთ რამეს რომ იტყვის პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ეჭვით შეხედავს დასავლეთი ქართულ პოლიტიკას. რეალურად ეს ნიშნავს, რომ `ქართული ოცნება~ ამბობს _ ხვალ მე გავაკონტროლებ ოპოზიციასაცო. ამან განაპირობა ის, რომ მთელი დასავლეთი დღეს კბილებით იცავს `ნაცმოძრაობას~, რადგან პირდაპირ დაისვა საკითხი _ თუ არ იქნება `ნაცმოძრაობა~, ვიქნები მეო. ამიტომ არასანდო პარტნიორთა სიაშია მოხვედრილი ივანიშვილი. რას ნიშნავს ასეთი ლაპარაკი, მიიყვანე დაწყებული საქმე ბოლომდე და წადი მერე, თუ ვინმემ დაგაკავოს, მაშინ გაიქაჩე…

ირანდა კალანდაძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress