გაიყოფა თუ არა უკრაინა?!

mamuka 333

რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამის შესახებ ბევრი ადამიანი გამოთქვამს ვარაუდს. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება არასასურველი სცენარი, ხომ არ მოხდება უკრაინის გაყოფა ისე, როგორც ეს მოხდა გერმანიის შემთხვევაში?! მეუფე იაკობი სწორედ ამ საშიშროებას ხედავს და ინტერესდება, „იქნება კი უკრაინა თავისუფალი, თუ გაიყოფა, როგორც გერმანია გაყვეს თავის დროზე და, თუ ჩახვალთ ბერლინში, დასავლეთ ბერლინს რომ ნახავთ და მერე ნახავთ აღმოსავლეთ ბერლინს, ერთი დაბალ ამერიკას ჰგავდა და მეორე ან პეკინის გამზირი გეგონებოდა, ან კიევში გეგონებოდა თავი“.

მხოლოდ მეუფე იაკობი არ საუბრობს უკრაინის გაყოფის საშიშროებაზე. დასავლელი ანალიტიკოსები ომის დასრულების ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ უკრაინის გაყოფას თვლიან. ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი დომინიკ ლივენი პირდაპირ, უცერემონიოდ აცხადებს, რომ უკრაინელების ადგილზე რომ იყოს, დათმობდა ყირიმს, დონბასს, ანუ იმ ტერიტორიებს, რომელთაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

დომინიკ ლივენი ამბობს, რომ, ცხადია, ამის გაგონება უკრაინელებს არ სურთ, მაგრამ ეს დანიის 1919 წლის სცენარია – მაქსიმალურად უნდა ცდილობდე, შენს მიწაზე, შენს ქვეყანაში გყავდეს მოქალაქეები, რომლებიც რომელიმე სხვა ქვეყანას კი არ მისტირიან, არამედ შენი ქვეყნის ერთგულები არიან, რადგან გვერდით მყოფი ძლიერი მეზობელი, ადრე თუ გვიან, მოინდომებს, ამ უმცირესობას „გამოესარჩლოს“. ამიტომ დომინიკ ლივენი ასკვნის, რომ უკრაინას უფრო წაადგება, დაიბრუნოს ყველაფერი, ყირიმისა და აღმოსავლეთ დონბასის გარდა. პუტინმა კიდეც რომ დატოვოს ეს რეგიონები, მათი შენარჩუნება რთული იქნება, ეს მიწა საფრთხის და კონფლიქტის დაუშრეტელ წყაროდ იქცევა. უფრო მეტიც, ლივენის თქმით, ყირიმის დაბრუნება უკრაინის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

რატომ „შეუგდეს“ უკრაინას ტერიტორიების დათმობის სცენარი?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების ასეთი არასასურველი სცენარიც არსებობს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ სწორედ ამ თემას შეეხებოდა ჟურნალისტ გორდონის ინტერვიუ უკრაინელ ყოფილ ჩეკისტთან, რომელიც ინგლისში ცხოვრობს. ეს კაცი, კგბ-ს ყოფილი გენერალი, მზვერავი, უკრაინის პატრიოტი გორდონს პირდაპირ ეუბნება, რა ჯანდაბად გვინდა ეს ორი რეგიონი, სადაც ძირითადად რუსები ცხოვრობენო? როგორც არ უნდა შეუქმნას უკრაინის ხელისუფლებამ განსაკუთრებული პირობები, ისინი ყოველთვის კრიჭაში ჩაგიდგებიან, კანონს არ მიგაღებინებენ, ამიტომ შეეშვით ამ რეგიონებსო.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სულ სხვა არის. მართალია, ბევრი ექსპერტი ურჩევს უკრაინელებს, ამ ორ რეგიონს შეეშვან, მაგრამ ამათ გარდა არის კიდევ ხერსონი, არის ზაპოროჟიე, ევროპაში ყველაზე დიდი და ძლიერი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურით, არის მარიუპოლი, ამიტომ სათქმელად იოლია, რომ უკრაინამ უარი თქვას რუსებით დასახლებულ ტერიტორიებზე, განსახორციელებლად კი ძნელია“, – გვითხრა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში გაიყოფა უკრაინა, თუკი დასავლეთს არ ეყოფა შეიარაღება.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ყოველთვის არიან საზოგადოებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, ოღონდ მე ნუ შემიქმნით დისკომფორტს და ნახევარი ჩემი ქვეყანა ვისაც გინდათ, იმას მიეცით. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, მე არაფერი დამემართოს და, თუ გინდა, წყალმა წაიღოს მეზობლის სახლი, მაგრამ კაცობრიობის განვითარება ასეთ ხალხზე არ არის დამოკიდებული. ამ ხალხის მიხედვით რომ ყოფილიყო კაცობრიობის განვითარება, ჩვენ აქამდე ვერ მოვაღწევდით.

გარდა ამისა, მამუკა გიორგაძე თვლის, რომ ჩვენ ისტორიული გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ, თუნდაც ის, რომ ამხელა პრეტენზია არ ჰქონდა ჟორდანიას მთავრობას, ამიტომაც აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა.

პოლიტიკოსის განმარტებით, როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა მსოფლიო. როგორც ნაპოლეონის ვატერლოოს შემდეგ შეიცვალა მსოფლიო, უკრაინის ომის შემდეგაც შეიცვლება მსოფლიო. არც ერთ შემთხვევაში, დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის დაშლას.

„გერმანიის მაგალითი როცა მოაქვთ და მის დაშლაზე საუბრობენ, ნუ გვავიწყდება, რომ სულ რაღაც 40 წელიწადში გერმანია ისევ აღდგა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა უკრაინის პოლიტიკური ელიტა. თუ ეს ელიტა გადაწყვეტს, არა ბატონებო, მე არ მიღირს ჩემი კონკრეტული ტერიტორიის გამო თავის შეწუხება, მაშინ მასზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს. ამერიკელი ჯარისკაცი არ ჩავა დონბასში საბრძოლველად. ხოლო, თუ უკრაინა იბრძოლებს დონბასისთვის, ამერიკელები მას დაეხმარებიან. იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც. თუ არ იბრძოლებს საქართველო აფხაზეთისთვის, ცხინვალისთვის, ისე ვინ დაგვეხმარება?!“ – აცხადებს მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ ამ ომში რუსეთის დამარცხება გარდაუვალია. საუბარია ომის დასრულების ფორმაზე, რადგან დასავლეთისთვის დღეს რუსეთის დაშლა გეგმაში არ არის, როგორც თავის დროზე, 90 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა არ უნდოდა ამერიკას. საბჭოთა კავშირი თავისი შიდა სიდამპლის, სტრუქტურული სიდამპლის გამო ჩამოიშალა. გორბაჩოვმა ვერ გაქაჩა, თორემ ბუში მხარს უჭერდა. უხეშად რომ ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპა წაიღეს და საბჭოთა კავშირს რეფორმირების საშუალება მისცეს, მაგრამ საბჭოთა კავშირმა ვერ გაქაჩა.

„დღესაც ეს მომენტია. დასავლეთს არ უნდა რუსეთის დანგრევა, დასავლეთს უნდა, ერთი მხრივ, რუსეთმა უარი თქვას თავის ჰეგემონიაზე უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, ბალტიაში, მეორე მხრივ, რუსეთი დაექვემდებაროს ქცევის ნორმალურ სტანდარტებს. ამიტომ რაღაც შუალედურზე აუცილებლად შეთანხმდებიან, რუსეთი დამარცხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა შეეცდება, რუსეთი აღგავოს მიწისაგან პირისა. ამიტომ უკრაინაც, საქართველოც ამ მოვლენისთვის უნდა მოემზადოს. როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოემზადა სხვადასხვა ქვეყანა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა გადანაწილება მსოფლიოსი, სწორედ ახლა ხდება ხელახალი კონფიგურაციით მსოფლიოს წარმოქმნა. ამ დროს ქართველები უნდა ვეცადოთ, ჩვენი მკაფიო ადგილი დავიკავოთ. ერთია გლობალური დაპირისპირება, სადაც ყველანი ერთ ფრონტზე ვართ და მეორეა, რამდენად მზად ვიქნებით იმისთვის, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ პროცესისგან“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress