1998 წელს ქვეყანაში უფრო მეტი თვითმმართველობა იყო, ვიდრე ახლაა

mamuka 123

ახალი თაობა 11.08.2021 მამუკა გიორგაძე: „დასავლეთი რუსეთთან აკავშირებს როგორც მმართველ პარტიას, ისე იმ ოპოზიციას, რომელიც „ოცნებასთან“ ერთად ქაოსს ქმნის“

მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს

_ წინა ინტერვიუში ივარაუდეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებდა ე. წ. მიშელის მემორანდუმში ასახულ პირობებს. იმავე დღეს, როცა გაზეთის ნომერი ამ ინტერვიუთი გამოვიდა, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ტოვებს მიშელის შეთანხმებას. მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას, ალბათ, თქვენც კი არ ელოდით?

_ იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ უარს იტყოდა აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. მე და ჩემი თანამოაზრეები ძალიან დიდი ხანია ვაკვირდებით პროცესებს, ვააანალიზებთ მოვლენებს და ვხვდებით, რა უნდა მოხდეს. რაზე მიდის მთელი ენერგია და დრო? წვრილმანებზე და არა სახელმწიფოს აღმშენებლობაზე. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია ისეთი ისტორიებით, რომლებსაც ილია ჭავჭავაძე ეძახდა ყბადასაღებ და წყალწასაღებ ამბებს. დროს ვკარგავთ მეასეხარისხოვან ამბებზე და ამ დროს გვერდზე გვრჩება ინსტიტუციების ფორმირება, ადამიანების ჯანმრთელობა, კოვიდრეგულაციები, სხვა სასიცოხლო პრობლემები. ვერ ვიგებთ, დაარღვია თუ არა პრემიერმა ეს წესები, უნდა იმართებოდეს თუ არა დიდი კონცერტები. ვერ შევთანხმებულვართ, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს. ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს თვითმმართველობა არ გვაქვს. ამ დროს თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც უნდა მიაწოდონ ადამიანებს მთავარი სერვისები, მოაგვარონ ყოფითი, სამეურნეო საკითხები.

_ ჩვენთან ამ საკითხებს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ელევა?

_ დიახ. არადა, ეს არ არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია. ადგილებზე-ჩროროწყუ იქნება, ჩოხატაური თუ ლაგოდეხი, გზის დაგება, წყლის გაყვანა, მიწის ნაკვეთების განკარგვა არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი ორგანოების ფუნქცია. ცენტრალურ ხელისუფლებას ურჩევნია, ამ ყველაფერში თვითონ ჩაერიოს, ფულიც თვითონ ჰქონდეს, რომ მერე ამაზე ქულები დაიწეროს.

_ მემორანდუმს დავუბრუნდეთ. დიკუმენტიდან გამოსვლის შემდეგ „ოცნების“ ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ უბრუნდებიან კონსიტუტუციურ წესრიგს და
კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ეს განცხადება როგორ აღიქვით?

_ ესაა აშკარად ანტიდასავლური განცხადება. ისიც უფრო გამოიკვეთა, რომ ჩვენ და დასავლეთის სამყაროს მეტყველების სხვადასახვა კულტურა გვაქვს. საქილიკოდ ვხდით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „შეშფოთება“, „გაბრაზება“. არ ვიცი, ცივილიზებულმა სამყარომ ამაზე მეტად როგორ უნდა გაგაკრიტიკოს და გისაყვედუროს იმის გამო, რომ სიტყვას არ ასრულებ და არ აკეთებ იმას, რაც საქართველოს სჭირდება!

_ მემორანდუმში ეს იყო ჩადებული?

_ რასაკვირველია. რა ეწერა იქ იმისთანა, რაც ჩვენ არ გვჭირდება! სასამართლო არ გვესაჭიროება თუ ნორმალური არჩევნები?! ამას ამდენი წელიწადია ვერ მივაღწიეთ, ისევე, როგორც თვითმმართველობას. ამის მაგივრად არის ხმაური წვრილმანებზე და ქაოსის ნიშნები. თუნდაც, ყურადღების გადატანა ლგბტ-თემატიკაზე. სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ეტყობა არც მმართველ პარტიას და რაც მასთან ვითომ მოპაექრე ოპოზიციას. საიდან უნდა ეტყობოდეთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, როცა ისინი სახელმწიფოსთვის არ იღწვიან! შედეგად ვიღებთ იმედგაცრუებულ და დაღლილ ხალხს. ადამიანს აბედნიერებს შედეგი. მაგალითად, მევენახეს, მშენებელს ახარებს თავისი ნაამაგარი. ასევეა პოლიტიკოსიც. მყავს მეგობარი ექიმები. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერები არიან ისინი, როცა ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენენ და სიკვიდზე იმარჯვებენ. ეს უდიდესი სტიმულია. მათემატიკური სკოლა მაქვს დამთავრებული და გამომოცდია, რა დიდი სიხარულია რთული ამოცანის ამოხსნა.

_ ჩვენი საზოგადოება ისეთ იმდგომარეობაშია, რომ საიმედოს ბევრს ვერაფერს ხედავს?

_ ხალხს ნიჰილიზმი უჩნდება. დავუბრუნდები თქვენს შეკითხვას კონსტიტუციურ წესრიგზე. „ოცნების“ ლიდერები გვარწმუნებენ, რომ მიშელის შეთანხმებასი ჩაწერილი რეფორმები არაკონსტუტუციური ყოფილა, მერე კი, თურმე, კონსტიტუციურ ჩარჩოებს დავუბრუნდით. ამაზე კომენტარი ზედმეტია. კონსტიტუციის შეფასებაზე თუ მიდგა საქმე, იმასაც ვიტყვი, რომ იქაც არაა ყველაფერი რიგზე. კონსტიტუცია არ ავალდებულებს სახელმწიფოს ადამიანის სრულყოფილად დაცვას.

_ შესაბამისი მუხლები ხომ არსებობს?

_ ადრე კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ დაცვას. შემდეგ ეს გადააკეთეს და ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის სიციალურ დაცვაზე. ეს სხვა რამეა. „უზრუნველყოფა“ ვალდებულებაა, „ზრუნვა“-კი შეიძლება ნიშნავდეს მზრუნველ განცხადებებს ან ერთჯერად 150-ლარიან დახმარებას პანდემიის დროს. ისევ სასამართლოს რეფორმაზე გადავალ. სამართლიანი სასამართლო არის სახელმწიფოს ფუნდამენტი. მეორე მსოფლიო იმის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა სწორედ სასამართლოს ფორმირება გაიხადა მთავარ მიზნად და ამას მიაღწია. ტრამპმა გაამწესა რამდენიმე მოსამართლე. როცა ეს მოსამართლეები პირადად ტრამპის საქმეს იხილავდნენ, ისინი მიუკერძოებელნი დარჩნენ. იმის გამო, რომ ისინი ტრამპმა დაამტკიცა, ამ მოსამართლეებს მისი მხარე არ დაუჭერიათ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძველია. გვაქვს მართვის, ძალაუფლების გადანაწილების, სამართლიანი მართლმსაჯულების მდიდარი გამოცდილება. ამიტომ, ჩვენთვის დასავლური დემოკრატიული ღირებულებები ორგანული და მშობლიურია. ამისგან გადახვევა ჩვენთვის არის გადახვევა აღმოსავლური დესპოტიისკენ.

_ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმაც გადახვევაა?

_ რასაკვირველია. ეს ზიანს აყენებს საქართველოს. დააკვირდით, რა განცხადებებს აკეთებენ საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ისინი ბევრ რამეს ღიად ამბობენ. დასავლეთი რუსეთთან აკავშირებს როგორც მმართველ პარტიას, ისე იმ ოპოზიციას, რომელიც „ოცნებასთან“ ერთად ქაოსს ქმნის.

_ ამაზე არაერთხელ გისაუბრიათ.

_ სხვაა, როცა ამაზე უკვე ღიად ლაპარაკობს დასავლეთი. დასავლელი პარტნიორები არ ერიდებიან იმის თქმას, რომ „ოცნება“, ნაცმოძრაობა და მათი სატელიტები არ ემსახურებიან საქართველოს აღმშენებლობას და აკეთებენ რუსეთის საქმეს. ამასთან, დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს და მის მოსახლეობას. ბოლო ხანს ქვეყანა გადართული იყო ლგბტ-თემატიკაზე. იყო დაპირისპირება. უნდა გაირკვეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან იყვნენ შეკრული იმ ორგანიზაციის ეწვრები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვნენ ე. წ. „ღირსების მარშის“ მოწყობას დედაქალაქის ცენტრში. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია. მგონია, რომ ეს არ არის საქართველოს უმთავრესი თემა. არც დასავლეთისთვის არის ეს უმთავრესი საკითხი. დასავლეთმა სექსუალურ უმცირესობებზე საუბარი დაიწყო მაშინ, როცა სხვა პრობლემები მოაგვარა და სხვების უფლებები გაიცვა. ლგბტ-თემა იქ არ გამხდარა პოლიტიკური. ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ შიგნით მშვიდობიანად უნდა გადავწყვიტოთ და სულ ამაზე არ ვილაპარაკოთ. ტანზანიაში მართლმადიდებლობას შეიძლება მივესალმოთ, მაგრამ, დანარჩენი ტანზანიელების გადასაწყვეტია.

_ საქართველოში ლგბტ-თემა ხელოვნურად გაამწვავეს.

_ გეთანხმებით. ვინც აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, იცის, რომ სხვა პრობლების გადასაფარად იქაც წამოწეულია ეს საკითხები. რუსეთი თავის აგენტურას იმავეს აკეთებინებს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, საქართველოში. კრემლის პროპაგანდა ჩააგონებს ხალხს, თითქოს რუსეთი არის ზნეობრიობის დამცველი მსოფლიოში. ადრე მსოფლიოს პროლეტარებს აერთიანებდნენ, ახლა-ფასეულობების დამცველებს რაზმავენ. რეალურად, რუსეთის ხელისუფლებაში მრავლად არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგნლები. აღარაფერს ვამბობ ხელოვნებისა და სხვა სფეროებზე. ეს კომუნისტების დროს მაგონებს. მაშინ კომპარტიის ელიტა თვითონ ხიზილალას და სხვა დელიკატესებს არ იკლებდა იმ დროს, როცა სხვები ნახევრად შიმშილობდნენ და პროდუქტებს ვერ შოულობდნენ. სიტყვით ის ელიტა ხალხზე ზრუნვაში ათენ-აღამებდა. რუსეთის ახლანდელი მმართველებიც ასე ზრუნავენ ტრადიციულ ღირებულებებზე და ადამიანების ზნეობაზე.

_ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები არის რაიმეთი განსხვავებული წინა მუნიციპალური არჩევნებისაგან?

_ რაც დრო გადის, თვითმმართველობის დონე უფრო იკლებს. 1 998 წელს ქვეყანაში უფრო მეტი თვითმმართველობა იყო, ვიდრე ახლაა. სხვა მხრივ დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ყველა არჩევნების წინ, ტრადიციულად, იწყება ფუსფუსი საარჩევნო ცვლილებებზე. ყოველთვის იღებენ ისეთ შესწორებებს, რომელიც იმ მომენტში მმართველ პარტიას (და მასთან გარიგებულ პარტიებს) აწყობს. საარჩევნო ბარიერი ხან 7%-ია, ხან-1%. ამჟამად საარჩევნო ბლოკები აკრძალულია. რა შედეგიც არ უნდა დადოს პარტიამ, მას არ მიეცემა დაფინანსება და საეთერო დრო. ესე იგი, როგორი შედეგიც არ უნდა მიიღოს პარტიამ, ეს არ იასახება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ, სახალხო პარტია ამ არჩევნებში ფრონტალურად და ქვეყნის მასშტაბით ვერა, მაგრამ ცალკეულ ადგილებზე ჩავერთვებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს ავუხსნათ ნამდვილი თვითმმართველობის არსი და სიკეთე. სადაც გავიმარჯვებთ, იქ კონკრეტულ საქმეებსაც გავაკეთებთ და იქიდან შევუწყობთ ხელს თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress