როგორ ცდილობს მტერი საქართველოს დასაშლელად კუთხურობის გაძლიერებას და რატომ არის მიუღებელი კუთხურობაზე აქცენტი მაღალი თანამდებობის პირთა შერჩევა-დანიშვნისას

SONY DSC

თუმცა საუკუნეების განმავლობაშიც კი საქართველო არაერთხელ დაქუცმაცებულა სამეფო-სამთავროებად და ორ ურთიერთდაპირისპირებულსა და სხვა აღმსარებლობის იმპერიას შორისაც კი გახლეჩილა, ერთიანი ქართული ცნობიერება რამდენიმე ათსაწლეულს ითვლის (მიუხედავად კუთხურობისა და ქართველური ტომების მრავალგვარობისა), საქართველოს ისტორია ყველა კუთხის შვილისთვის „ქართლის ცხოვრებაა“, ისევე, როგორც ბაგრატიონები ყველა ქართველის სამეფო დინასტიაა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყველასთვის გმირია, ისევე, როგორც თამარი – ყველასთვის სათაყვანო მეფე, ძლევაი საკვირველი საერთო ძლევაა, „ვეფხისტყაოსანი“ კი – თითოეულის საგანძური და ამ ჩამონათვლის გაგრძელელება უსასრულოდაა შესაძლებელი. სულ ახლახან პრემიერ-მინისტრი გახარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილით შეიცვალა და ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ წარმოშობით მეგრელის უმაღლესი პოსტიდან წასვლა პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. პირადად მე ხელისუფლების პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ თავად მოსაზრებამ, რომ, თურმე, თანამდებობის პირის კუთხურ წარმომავლობას ჰქონია მნიშვნელობა, ცოტა თავზარი დამცა. ამ თემას „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძესთან განვიხილავთ.

– არ მეგონა, თუ საღად მოაზროვნე ადამიანებს 21-ე საუკუნეში მსგავსი აზრი მოუვიდოდათ თავში? ისევ ერთიანი ცნობიერების პრობლემა დაგვიდგა?

– კუთხურობას აქვს რამდენიმე მდგენელი: ყოფითი, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი და კუთხურობა, როგორც მოწინააღმდეგის ხელში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
როდესაც ყოფითი დონის კუთხურობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ერთსა და იმავე კუთხეშიც კი სხვადასხვა სოფლის და იმ სოფელში სხვადასხვა უბნებს შორისაც კი განსხვავებებია. ისევე, როგორც თბილისში: არსებობს თბილისის საერთო სიყვარული და, იმავდროულად, უბნის პატრიოტიზმიც, ყველას თავისი უბანი უყვარს, გარემო, სადაც გაიზარდა და ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ამით სხვას ამცირებს. ამდენად, ყოფით დონეზე კუთხურობა არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით, უფრო გვაერთიანებს, ანეკდოტებიც კი უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა და ყველა ქვეყანაშია ასეთი დამოკიდებულება. ერთ სახლშიც კი სხვადასხვა სართულზე მცხოვრები მეზობლებიც ხანდახან ერთმანეთს უძებნიან სახუმარო თემებს. და იუმორშიც კი სხვადასხვა ხარისხია, მთა ისედაც მკაცრი მხარეა და იქ ხუმრობაც ძალიან მოზომილია საჭირო, თუ კახეთსა და გურიაში შეგიძლია, ნებისმიერ რამეზე იხუმრო, მთაში უნდა გაითვალისწინო, რომ ის ხალხი უმკაცრეს პირობებში გაიზარდა. ამდენად, ბარსა და მთაში გაზრდილთა ფსიქოლოგია ცოტათი განსხვავდება ერთმანეთისგან და ამას არ აქვს კავშირი კუთხურობასთან. უბრალოდ, ამას აქვს კავშირი იმ გარემოსთან, სადაც გვიწევს ცხოვრება. ეს ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია და სწორედ, დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს იუმორით მოვიხსენიებთ. მეტიც, საქართველოში ყველა სოფელს ხაჭაპურის გამოცხობის თავისი წესი და რიგი აქვს. როდესაც ლაგოდეხში იმერლები ჩაასახლეს, დღეს აღმოსავლეთ კახეთში, მაგალითად, ხაჭაპურს თავისი შარმი აქვს, მაგრამ გურჯაანში ხაჭაპური არ არის მაინცდამაინც პოპულარული. ეს მრავალფეროვნება ძალიან გვსიამოვნებს ყველას და ეს ჩვენი სიმდიდრეა.

ამ საკითხის მეორე მხარეა სახელმწიფოებრივი დონე და ეს საქართველოში მოგვარდა ათასწლეულების წინათ ფარნავაზისა და ქუჯის მიერ. შეთანხმდა ქართველობა, რომ, თუმცა სამი სრულფასოვანი ენის პატრონები ვართ – ქართული, სვანური, მეგრული – სალიტერატურო ქართული არის სახელმწიფო ენა და ამ ენაზე გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან. მას შემდეგ არც ერთხელ არ გამხდარა ეს საკითხი სადავო და საეჭვო. ეს ჩვენი ერთიანი ქართული ცნობიერების შემადგენელი ნაწილია, რაც გვეამაყება და შემედაროს, თუნდაც, ძირძველ წალენჯიხელად რომ მიიჩნევს თავს, წალენჯიხის სიყვარულში. გარე სამყაროსთან ჩვენ ამ კუთხით წარვდგებით, მაგრამ ჩემს ოჯახში მომეცი საშუალება, რომ ჩემს მამიდაშვილს, ბიძაშვილს ცოლ-შვილს, სიძეს, რძალს, როგორც მინდა, ისე ველაპარაკო. ასე რომ, ყოფით დონეზე გვაქვს ძალიან თბილი ურთიერთობა და იუმორი და სახელმწიფო დონეზე ეს პრობლემა არ დამდგარა თვით დაქუცმაცებულ საქართველოშიც კი.

ფეოდალურ საქართველოში ლევან მეორე დადიანი, ქუთაისი რომ ააოხრა და გელათი აიღო, ოფიციალურად რუსეთის იმპერატორისთვის მიწერილ წერილში წერდა: მფლობელი სამეგრელოსი, ივერიის ქვეყნიდან. ის, რომ ბაგრატიონებზე არც ერთმა ფეოდალმა არ ასწია ხმალი, თუნდაც, იმავე ბაღვაშებმაც, ესეც ერთიანი ქართული ცნობიერების გამოვლინებაა.

მიუხედავად იმისა, იყო პერიოდები, როდესაც ბაგრატიონებზე მეტ ძალაუფლებას ფლობდა ესა თუ ის ფეოდალი, მაგრამ არც ერთ მათგანს მოუხსენიებია თავისი თავი მეფედ. როდესაც იცვლებოდა ხელისუფლებები, ბაგრატიონების გარდა, ტახტზე სხვა არ მჯდარა. აი, ეს არის ჩვენი ერთიანობის საფუძველი. მერე რა, რომ არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამთავრო და სხვა, ყველა მათგანი, იყო ქართული სახელმწიფო. ლაპარაკობდნენ ერთ სახელმწიფო ენაზე და არანაირი საფრთხე არ არსებობდა.

– მე ვახსენე უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგრამ აქვე განვმარტავ, რომ, ჩემი აზრით, გამგებელი, მერი, გუბერნატორი უნდა იყოს იმ კუთხის, იმ ქალაქის შვილი, რომელსაც განაგებს.

– ეს უკვე სხვა თემაა და თვითმმართველობას ეხება, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივ დონეზე მინისტრი არის მთელი ქვეყნის ინტერესის გამომხატველი, ხოლო სოფლის გამგებელი მხოლოდ და მხოლოდ სოფლის ინტერესებს გამოხატავს. განა იმიტომ, რომ მინისტრი უკეთესი კაცია და სოფლის გამგებელი – ცუდი?! შეიძლება, სოფლის გამგებელი ინტელექტით მინისტრს აღემატებოდეს კიდეც, მაგრამ ეს უკვე ფუნქციონალური თემაა. როგორც მინისტრმა უნდა იცოდეს მთელი საქართველო, ასევე, გამგებელმა – თავისი სოფლის ყველა ოღრო-ჩოღრო და ამიტომაა სასურველი, რომ იყოს ადგილობრივი.

მეორე მხრივ, მსგავსი გაურკვევლობა იქმნება, როდესაც ერს არ აქვს ერთიანი ამოცანა.

თავის დროზე ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ დაიძახო, ჰე, ქართველოო. შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გორის მაზრის გარდა, არავინ შემოგხედავს და შეიძლება, რომელიმე სქელკისერა კახელმა ცოტათი მოიბრუნოს თავი დამძახებლისკენო.

ამის მიზეზი იყო ის, რომ რუსეთის იმპერიის დროს მაქსიმალურად ხდებოდა გაუცხოება. განა მარტო რუსეთის იმპერიის დროს?! მანამდეც. უდიდესი პატრიოტი გივი ამილახვარი, ამბობდა, კახეთის ბაგრატიონს ხმალს არ ჩავაბარებ, მხოლოდ ქართლის ბაგრატიონსო. დღევანდელი გადასახედიდან, როგორი კომიკურია, რომ თეიმურაზ მეორემ თავისი ცოლი, ქართლის ბაგრატიონი, გაუშვა ამ საქმის მოსაგვარებლად და გივი ამილახვარმა თავისი ხმალი ჩააბარა ცოლს, რაკი ქართლის ბაგრატიონი იყო და მის ქმარს – არა. ეს უკვე ფეოდალური წყობის მიხედვითაა განსახილველი და არანაირი კავშირი არ აქვს ერთიან ქართულ ცნობიერებასთან. იმიტომ რომ გივი ამილახვარიც, თეიმურაზიც და იმ პერიოდის ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ერთიანი ქართული ცნობიერებით.

მესამე მიმართულება უკვე მოწინააღმდეგის დამოკიდებულებაა, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს, ყოფით დონეზე არსებული ამ განსხვავებულობის წარმოჩენას სახელმწიფოებრივ დონეზე. შორს რომ არ წავიდეთ და რუსეთის იმპერიის ინტერესებს ვრცელი ტირადები არ მივუძღვნათ, გავიხსენოთ ჟირინოვსკი, რომელიც აჭარას, სამეგრელოს, გურიას მოიხსენიებს, როგორც ცალკე მხარეებს, იქ მცხოვრებლებს კი – ცალკე ეთნოსებად.

– დუგინის მარჯვენა ხელმა, კოროვინმა მე მითხრა ინტერვიუში, რომ ვარ შერეული ქორწინების პირმშო, რაკი დედა მყავს გურული, მამა – ქართლელი, უფრო ზუსტად, ძირი დვალეთიდანაა, ნუ, ამდენი კოროვინმა არ იცოდა, თორემ უცხოპლანეტელად შემრაცხავდა. მათ არ ესმით, როგორ შეიძლება, იყო გურული, კახელი, იმერელი, მეგრელი, სვანი, თუში, ხევსური, აჭარელი და ასე შემდეგ და იმავდროულად, ქართველი და ეს ორი რამ განუყოფელია.

– მათ ვერ წარმოუდგენიათ და ჩვენ ხომ საერთოდაც ვერ აღვიქვამთ, თუ არის რამე განსხვავება გურულსა და ქართველს, კახელსა და ქართველს შორის, მაგრამ მოწინააღმდეგე კი ეძებს ბზარს, ეძებს განსხვავებულობას. არადა, თუნდაც, ის ფაქტი გავიხსენოთ, რომ აჭარამ ავტონომიის სტატუსი მიიღო რელიგიის გამო. ნახეთ, როგორი მტრული დამოკიდებულებაა? ათეისტური სახელმწიფო საბჭოთა კავშირი რელიგიური ნიშნით აძლევს კუთხეს ავტონომიას, იმიტომ რომ დასჭირდა. არა მარტო საქართველოში, ყველგან ასე იქცეოდნენ, ჩვენ, უბრალოდ, ძალიან ძლიერი გენეტკა გვაქვს, თორემ იმავე პერიოდში, როდესაც საქართველო დაქუცმაცებული იყო და რუსული სპეცსამსახურები აფათურებდნენ ხელს, ბალკანეთში ერთიანი, მონათესავე სლავური ერი დაიშალა 7 ერად.

ავიღოთ ბოლო მაგალითი: ჩერნოგორიელსა და სერბს შორის არანაირი განსხვავება არაა: ენაც ერთია, რელიგიაც, მაგრამ მტრის მუშაობის შედეგად, ახლა სხვადასხვა სახელმწიფოა. ავიღოთ იგივე სლოვენები, ხორვატები, რომლებიც აღმოჩნდნენ კათოლიკურ სივრცეში და ამან შეუწყო ხელი მათ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად ჩაოყალიბებას.

მაგრამ საქართველოში მცირე ბზარის გარდა, ვერაფერი გააჩინეს და ეს ბზარიც იმ ადამიანების ტვინში იხარშება, რომლებსაც ან ინტელექტი არ ჰყოფნით, ან პატრიოტიზმი, ან, უბრალოდ, აგენტურაა და ამიტომ ლაპარაკობენ ამ თემაზე.

ლევან დადიანს არ შეეძლო ბიბლიის მეგრულად თარგმნა? ან ამბროსი ხელაიას?! მაგრამ არის ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერება, ერთი სახელმწიფო ენა, ერთი საეკლესიო ენა, ეს განსასაზღვრულია სახელმწიფოს დონეზე, ხოლო დანარჩენს მაქსიმალური მხარდაჭერა და განვითარება სჭირდება. ეს მტერს უნდა, წარმოაჩინოს, რომ სვანი სხვაა, მეგრელი სხვაა, კახელი სხვაა.

იმავე თბილისის ომს, მაგალითად, არანაირი ეთნიკური შემადგენელი არ ჰქონდა. ორივე მხარეს იყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები და იმავე გამსახურდიას მომხრეებს შორის ძალიან ბევრი კახელი იყო.

მტერი ცდილობს, რომ კუთხურობა გადაიყვანოს ანტისახელმწიფოებრივ მიმართულებაზე და ვინც ამაზე იწყებს ლაპარაკს, მაშინვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ან უტვინოა და არ ესმის, რას აკეთებს, ან შეგნებული მტერია. ეს უნდა ითქვას ცალსახად.

ყველას გვყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მეგობრები და ესაა ჩვენი სიმდიდრე. აბა, პირობითად რომ ვთქვათ, ერთნაირი ხაჭაპური მტერმა ჭამა. მე, მაგალითად, ვასხვავებ წალენჯიხურსა და ზუგდიდურ მეგრულს; ასევე, გურიაში, ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ კუთხური ელემენტები ხომ არის?! ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში გურული სიტყვა აბდალა გამოითქმის სხვადასხვანაირად: აბდალი, აბდალა, აბდალაი. მთაში დამატებითი ინტონაციები ემატება და ესაა ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერე. საქმეც ისაა, რომ დაგუბებულ წყალში წარმოიქმნება ჭაობი, ანუ პრობლემა. როდესაც არ არის ბოლომდე გაცნობიერებული ერთიანი ეროვნული ამოცანა, ამით აუცილებლად ისარგებლებს მტერი.

ავტორი: ნინო ხაჩიძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress