მამუკა გიორგაძე – „ღარიბაშვილი შეასრულებს იმ როლს, რომელსაც გამოუყოფენ“

მამუკა121

„ახალი თაობა“ 22.02.2021

„რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია, მაგრამ არსებული ცესკოთი და საარჩევნო კოდექსით მას აზრი არა აქვს“

„თუ გახარიას პოლარიზაცია არ უნდოდა, რატომ იყო აყოლილი ამ პრინციპს?“

მარიამ მჭედლიშვილი

პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. ამას პრემიერ გახარიას წასვლა და სამთავრობო გადახალისება მოჰყვა. პრემიერ-მინიტრ ღარიბაშვილის კაბინეტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძისათვის ნიკა მელიასთან ბრძოლის ასეთი მეთოდები მიუღებელია. „ახალი თაობა“ მამუკა გიორგაძეს შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა

_ ყველა დასავლელი პარტნიორი (ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლიეტუვიდან) საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისა და შეთანხმებისაკენ მოუწოდებს. ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოსალოდნელია მეტი დაპირისპირება. რას იტყვით?

_ როდესაც რაიმეს მოგვიწოდებენ, ჩვენს თავს გარედან უნდა შევხედოთ. ცივილიზებულ სამყაროში არ უკვირთ არც ადამიანის დაკავება, არც დებატები პოლიტიკოსებში და ხალხის დარბევა. იქაც ხდება ამგვარი რამე. განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ისაა, რომ აქ ყველაფერი დადის პიროვნულ და არა იდეოლოგიურ დონეზე, ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები არ არ არსებობს, ან სუსტია, ან სხვა მიზნებს ემსახურება. დასავლეთში სპეცსამსახურების პოლიტიკაში ჩარევა იშვითი მოვლენაა. საქართველოში სპეცსამსახურებს მიჰყავთ პოლიტიკური პროცესები. აშშ-ში ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა იდეოლოგიურად მხარი დაუჭირეს მემარჯვენე რესპუბლიკელების პოზიციას, ხოლო ტრამპი არ გაამართლეს.

_ დასავლეთს აშფოთებს ის, რომ საქართველოში არ არის დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც პრობლემებს აგვარებს?

_ ცხადია. ჩვენთან არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, ხოლო პოლიტიკაში მიმდინარეობს კლანებს შორის დაპირისპირება და გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა. ნაციონალური მოძრაობის მომხრეობას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ვამბობ, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდები მიუღებელია. თუ ამ კაცს ედავებიან 2 019 წლის ივნისის დანაშაულს, მაშინ გამოეძიებინათ, დაემტკიცებინათ, რომ დამნაშავეა და ყველაფერი გასაგები იქნებოდა. ამას კი არ ედავებიან! სჯიან იმის გამო, რომ ადრე სამაჯური მოიხსნა და გირაო კიდევ ერთხელ არ გადაიხადა. ყოველთვის სააკაშვილის მოწინააღმდეგე ვიყავი. ჯერ კიდევ მოქკავშირში სააკაშვილისა და მისი ჯგუფის შესახებ საშიშროებაზე პარლამენტიდან ვაფრთხილებდი საზოგადოებას. ნიკა მელიაზე მეც ვამბობ, რომ  არასწორად მოექცნენ. დასავლელი კოლეგებიც ამას აცხადებენ. თუ ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არ არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სპექტაკლის მორიგი აქტი.

_ გადამდგარი გიორგი გახარიაც ამ პოზიციაზე იყო. მან მელიას წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია მიზანშეუწონლად მიიჩნია. სპექტაკლს კი საზოგადოების ნაწილიც არ გამორიცხავს. ხალხი ისეა მიჩვეული პოლიტიკურ დადგმებს, რომ გახარიას გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს. ბევრს ჰგონია, რომ ამ სპექტაკლში ნაციონალებსაც და გახარიასაც, ასევე სხვებსაც თავისი როლი აქვთ.

_ გახარიას გადადგომა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ის სხვა კლანებს ისედაც უნდა გაეშვათ. მან მოწინააღმდეგეებს დაასწრო და ლამაზად გამოიჯახუნა კარი. გახარია ამბობს, პოლარიზაცია არ მინდაო. თუ პოლარიაზია არ უნდოდა, რატომ იყო ამდენი ხანი აყოლილი ამ პრინციპს? ხელისუფლებას მივმართავ-თქვე კაი დედმამიშვილებო, თუ მელიას არ იჭერდით და იმას აკეთებდით, რასაც გახარია გეუნებოდათ, მაშინ რატომ გაუშვით თანამდებობიდან ეს კაცი? იქნებ, მელიას დაკავება არც იგეგმებოდა?! კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოში პოლიტიკა არ არის შიდა დუღილის, დებატების პროდუქტი. საქართველოში პოლიტიკა კლანების ბრძოლაა. ფაქტობრივად, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი ნორმალურად არ ფუნქციონირებს. არ გვაქვს დამოუკიდებელი პარლამენტი, თავისუფალი სასამართლო და ა. შ. ვინ არის ხელისუფალი, გაუგებარია.

_ ოპოზიცია საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის სიხისტეზე, სიმკაცრესა და კონფლიქტურობაზე. ოპოზიცია მისგან დიალოგს და თანხმობას არ ელის.

_ პიროვნულად ამ კაცს არაფერს ვერჩი. გადავხედოთ მის განვლილ გზას. მას არ გაუვლია პოლიტიკოსის ცხოვრება. ღარიბაშვილი არ ჩამოყალიბებულა დამოუკიდებელ პოლიტიკოსად. ის მუშაობდა ერთი კაცის ფრთებქვეშ. მათ შორის, მაღალ თანამდებობაზე. ამიტომ, ღარიბაშვილი შეასრულებს იმ როლს, რომელსაც გამოუყოფენ და ამის მიხედვით იქნება ხისტი თუ მკაცრი. უბედურება ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკან გვრჩება სამშობლო, ქვეყანა ვერ ვითარდება,  ადამიანის ყველა უფლება ილახება. ყველაფერს უცხოელები არ გვეტყვიან. ისინი დიპლომატიურად გვესაუბრებიან. ჩვენ, ვისაც გული შეგვტკივა სამშობლოზე, გვაქვს ფუფუნება, ერთმანეთს დიპლომატიის გარეშე ველაპარაკოთ. პოლიტიკაში დღეს ბევრი ხელის ბიჭია. მათ შორის არიან ისინი, რომლებსაც კარგად ვიცნობ, რომლებთან ერთადაც მიბრძოლია. ამ პოლიტიკოსებმა დაკარგეს თავისი სახე. დასახელებისაგნ თავს შევიკავებ.

_ სხვებიც ხომ არიან?

_ არიან სხვები, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას შეეგუენ.

_ თქვენ ხომ არ ეგუებით სიტუაციას?

_ სახელმწიფოს განვითარების სწორ გზაზე ვინც ვსაუბრობთ და სხვებს ვაკრიტიკებთ, ასეთებიც ვართ. ჩვენ არსად გვიშვებენ. ყველამ უნდა გაიგოს, რომ განვითარებული სამართლიანი სახელმწიფო ყველასთვის კარგია. ასეთი სახელმწიფოდან ხალხი მასობრივად არ გაიქცევა. დღეს საქართველოში ადამიანს უპერსპექტივობის განცდა აქვს და ყველა ასაკის ხალხს ერთი სული აქვს, გაასწროს აქედან.

_ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ ძალას შექმნის. მას შესაძლო მესამე ცენტრსაც უწოდებენ. პოლიტიკური გამოცდილების აუცილებლობაზე ისაუბრეთ. ალბათ, ამას სკეპტიკურად უყურებთ?

_ რა თქმა უნდა, სკეპტიკურად ვუყურებ. პიროვნულად შეიძლება ღარიბაშვილიც და გახარიაც არ არიან ცუდი ადამიანები. პოლიტიკოსი არც ერთი არ არის. არც ერთი არ არის დამოუკიდებელი. ასეთი პიროვნება თვითონ პოლიტიკურ ცენტრს ვერ შექმნის.ეს ყველაფერი მაგონებს გლადიატორების ბრძოლას. ამ შოუს პატრონები ამით ფულს შოულობდნენ. თვითონ გლადიატორები რისკზე მიდიოდნენ, სამაგიეროდ, უზრუნველყოფილი იყვნენ. თუ გახარია იკისრებს ასეთ როლს, ეს მისი გადასაწყვეტია.

_ პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა?

_ პოლიტიკურ კრიზისს ამწვავებენ აქტორები. არც ერთი აქტორისგან-არც ნაცმოძრაობისაგან და არც „ქართული ოცნებისაგან“ არ მოგვისმენია მკაფიო ხედვები მთავარ თემებზე-დავითგაჯერზე, აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე, დეოკუპაციაზე, ლუსტრაციის კანონზე.  დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისათავია, ასევე ხდება ოკუპაციის 100 წლისთავი. გვითხრან, ვართ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის მემკვიდრეები, ვმუშაობთ თუ არა დეოკუპაციაზე!

_ პოლონური მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის ინიციატივით უკრაინა საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად ქმნის სამხედრო ალიანსს. ეს დეოკუპაციის საშუალება იქნება?

_ დასავლელი პარტნიორები რომ ფიქრობენ დეოკუპაციაზე,  ეჭვი არ მეპარება. იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს და უკრაინას  შეუძლია დასავლეთის პარტნიორობა.  საქართველოში კლანების დაპირისპირებაა, უკრანაში-ოლიგარქების. დასავლეთი დაგვეხმარება პოლიტიკურად, სამხედრო კუთხით და ფინანსურად. ჩვენი მხრივ, საჭიროა სახელმწიფოს მშენებლობა, რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიზაცია. ეს  ჩვენთვისაა სასიცოცხლო. თორემ, დასავლეთი ემსგავსება გამოცდილ კვალიფიციურ ექიმს, რომელსაც პაციენტი არ უჯერებს. დღეს ჩხუხია იმაზე, რომ სადღაც აქტივისტებს კარავი არ გააშლევინეს. ამ დროს მთავარი გვედრზე რჩება.

_ ტერიტორიული მთლიანობაც?

_ რაც სახალხო პარტია არ ვართ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საფუძვლიანად აფხაზეთზე არ უმსჯელიათ. დავითგარეჯზე ის კი არაა მთავარი, დაიჭერენ თუ არა მელაშვილს და ილიჩოვას. საკითხი უნდა მოგვარდეს. რატომღაც აფრიალებენ მარტო 1938 წლის რუკას. არადა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დადგენილია 1920 წელს. გამოიყენეთ აღსტაფის ხელხელშეკრულება! რატომ ანიავებთ იმ ადამიანების შრომას და სისხლს, რომლებიც ამისათვის თავს სწირავდნენ!

_ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე უკვე უცხოელებიც ალაპარაკდნენ. მათ შორის ევროპის სახალხო პარტია.

_ ევროპის სახალხო პარტიასთან ჩვენ ადრე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. რიგგარეშე არჩევნები გამოსავალია, მაგრამ არსებული ცესკოთი და საარჩევნო კოდექსით მას აზრი არა აქვს. არჩევნებში მთავარი პრობლემა  პროპორციული ან მაჟორიტარული სისტემა არ არის. გასასწორებელია მთელი რიგი მუხლები.    საქმე ისაა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მთავარ ოპოზიციად ითვლება, ნამდვილი საარჩევნო რეფორმა არ აინტერესებს. თორემ, საარჩევნო საკითხებზე ბევრ პარტიას დაელაპარაკებოდა. თუ საარჩევნო გარემო შეიცვლებოდა, ამას ჩვენც მხარს დავუჭერდით. ნაციონალურ მოძრაობას ურჩევნია, დარჩეს ეს სიტუაცია და იყოს ორპარტიულობა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress