“სულ არ მაინტერესებს, ივერი მელაშვილს დაიჭერენ თუ არა. ის ერთი პაიკია მთელ ამ ამბავში. გამყიდველი არის ხელისუფლებაში მყოფი ძალა”

მამუკა აააა

“თვალსასეირო და ყბადასაღები, შინაარსით – მძიმე” – ასე აფასებს დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობას “სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძე. მისი თქმით, ასეთი პოლიტიკით ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. “ხელოვნურად ქმნიან მოცემულობას, რომ, თითქოს, ქვეყანაში ახლა მთავარი მოვლენა პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლაა”, – ამბობს მამუკა გიორგაძე და “მითებზე აგებული პოლიტიკის” შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება.
მამუკა გიორგაძე:

- დღეს მთავარი კითხვაა – უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?! პასუხი მარტივია, ან შესვლით რას გააკეთებს ან – შეუსვლელობით?! მე მაინტერესებს, ოპოზიცია რამე სასიკეთოს თუ გვთავაზობს? ნეგატივი გასაგებია – ხელისუფლება არ ვარგა, არჩევნები გაყალბდა, ცუდი საარჩევნო სისტემაა – კი, ბატონო, ამ ყველაფერში მეც ვეთანხმები, მაგრამ ახლა ისიც მაინტერესებს, ოპოზიცია რა ცვლილებას გვთავაზობს და თავად რამდენად რეალურად არის ამ ცვლილების განხორციელებაში ჩართული. 

ჩვენ ხომ იგივე სისტემა გვაქვს, რომელიც დღევანდელი მთავარი ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო?! არაფერია შეცვლილი, არც საარჩევნო კანონი, არც მართვის ფორმა… ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არჩევნებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ატარებს, ჩვენთან კი – მმართველი პარტია. კომუნისტების დროიდან მოყოლებული, დღემდე, საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია და კანონი მთლიანად მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული. ამ პრობლემის მოგვარებას არც ერთი მხარე არ გვთავაზობს. უნდა დამთავრდეს ეს მონოპოლიზებული სისტემა.

- რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?

- რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ: პირველი – ლუსტრაცია, მეორე – გასული პერიოდის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. 9 წელია, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დანაშაულებრივ ორგანიზაციას ეძახის, რატომ არ ასახავს ამას დოკუმენტში? ასევე, არ გვინახავს დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შევარდნაძის ხელისუფლება იქნებოდა შეფასებული. ჩვენ არც ის შეგვიფასებია, თუ რა მოხდა 1990-92 წლებში, 2003 წელს, 2012-ში. თუ ეს ყველაფერი არ შეფასდება და პოლიტიკური პარტიებისთვის არ დაწესდება კრიტერიუმები, თუ არ გავიზიარებთ წარსულის გამოცდილებას, ცუდი იქნება ის თუ კარგი, ისე არაფერი გვეშველება. თუ დიაგნოზი არ დავუსვით ამ ქვეყანას, ისე როგორ ვუმკურნალოთ?!

 

დღეს ხელისუფლებისთვის ძალიან კომფორტულია ისეთი ოპოზიცია, როგორიც გვყავს. ეს ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და მეუბნება, შენ ბარიერი არ გადაგილახავსო. მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბეს არჩევნები?! იქნებ “სახალხო პარტიასაც” გაუყალბეს?! ჩვენ ის ხმებიც არ ამოგვივიდა, რაც, წესით, მხოლოდ პარტაქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრებისგან უნდა მიგვეღო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევაა და სხვა – არაფერი. ხელისუფლებას ურჩევნია, მთავარი თემებიდან ოპოზიციის მუშტების უაზროდ ქნევაზე გადაიტანოს ყურადღება. მედიაც ხელს უწყობს და ყველაფერს ისე წარმოაჩენს, თითქოს, ქვეყანაში იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლა.

 

ჩვენ რეალურად პოლიტიკური პარტიები არ გვყავს, არის რიგი ჯგუფები, რომლებიც ცალკეული ინდივიდების გარშემო არიან შეკრებილები. არ შეიძლება პერსონიფიცირება. მოდი, დავაკვირდეთ, რა განასხვავებს ამ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთისგან, რა იდეოლოგიური განსხვავებებია მათ შორის?! ვერავინ იტყვის, რა იდეოლოგია აქვს, მაგალითად, “ქართულ ოცნებას”, რომ შემდეგ განვსაზღვროთ, დგამს თუ არა ეს პოლიტიკური ძალა თავისი იდეოლოგიის შესაბამის ნაბიჯებს.

- “ოცნებას” დეკლარირებული აქვს, რომ მემარცხენე-ცენტრისტული ძალაა…

- თავად პარტიის წევრებმა იციან ეს? ან ის თუ იცის ვინმემ, მათ შორის, რამდენია მემარჯვენე ხედვის? მემარცხენე პარტიაში არ შეიძლება მემარჯვენე ხედვების მქონე ადამიანი იყოს, მაგრამ ეს ზღვარი წაშლილია, მემარცხენე ხარ თუ მემარჯვენე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი დაყვანილია პერსონიფიცირებამდე. ნახეთ, დავით გარეჯთან დაკავშირებით რა ხდება? ვდავობთ, ვწივით, ვკივით, ვიღაცას მოღალატეს ვეძახით, ვიღაცას – გმირს… სინამდვილეში, საქართველოს ინტერესების დასაცავად არც სააკაშვილის ხელისუფლებას გაუტარებია მკაფიო ღონისძიება და, როგორც ვატყობ, არც “ქართული ოცნება” აპირებს რამეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, მელაშვილი მტერია თუ მოღალატე და მთავარი საკითხი გვავიწყდება.

- თქვენთვის მტერია თუ გმირი?

- მე რაც მოვისმინე, ადამიანმა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური განცხადებები გააკეთა – მოწინააღმდეგე მხარის ნებისმიერ ინტერესს ვემორჩილებითო. თუმცა მთელ ამბავში მთავარი რა არის, იცით? საქართველოს ხელისუფლებას საკითხი სწორად არ აქვს დაყენებული სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით.

- რას გულისხმობთ?
- ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ 1928, 1938 წლის რუკებზე, რატომ არაფერს ვამბობთ 1921 წლის რუკაზე? ჩვენ, ორივე ქვეყანა – საქართველოც და აზერბაიჯანიც საბჭოთა კავშირმა 1921 წელს დაგვიპყრო. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, რატომ დავუბრუნდით 1921 წლის მონაცემებს? რატომ ვარჩევთ იმას, როდის რა ჩამოგვაჭრა ან მოგვაკერა რუსეთმა თავისი სურვილით და ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ?!

 
- როგორ გგონიათ, რატომ არ ვუბრუნდებით?
- იმიტომ, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ და არიან, საერთოდ არ ანაღვლებს სახელმწიფო ინტერესები და კერძო ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. სულ არ მაინტერესებს, ივერი მელაშვილს დაიჭერენ თუ არა. ის ერთი პაიკია მთელ ამ ამბავში. გამყიდველი არის ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელიც სადავოს არ ხდის იმ ტერიტორიებს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე ჩვენ გვეკუთვნოდა. რატომ ადასტურებს ქართული მხარე საზღვარს ქედზე, მაშინ როდესაც ეს ქედი 1921 წლამდე ჩვენი იყო? სადაც დღეს ქართული მხარე საზღვარს ადასტურებს, სწორედ ეს ტერიტორია უნდა იყოს სადავო.

 

თუ იმის უნარი არ აქვთ, თავად გააკეთონ რამე, ისეთ რამეს მაინც ნუ მოაწერენ ხელს, რომ ჩვენს შვილებსაც დაუკარგონ ბრძოლის შესაძლებლობა. თუ მე ბინიდან ძალით გამომაგდებენ, შეიძლება წინააღმდეგობა ვერ გავუწიო, ჩემი უუნარობის გამო, მაგრამ არ გადავუფორმებ მაინც, რომ მერე ჩემმა შვილმა მაინც შეძლოს საკუთრების დაბრუნება.

 

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად https://www.kvirispalitra.ge/politic/73799-qsul-ar-mainteresebs-iveri-melashvils-daitceren-thu-ara-is-erthi-paikia-mthel-am-ambavshi-gamyidveli-aris-khelisuflebashi-myofi-dzalaq.html?fbclid=IwAR0t_vpy16JOOXIOA_mQ4bBzXNqqNWA4L0Yq2_sunKPxh4E5lViop3IOyjI  საიტისთვის) 2021, 02 თებერვალი
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress