„ვისაც ერთი გოჯი მიწა აქვს გასხვისებული, უნდა დაისაჯოს“

mamuka 123
ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებული პროცესი საარჩევნო პიარი არ არის“
   მარიამ მჭედლიშვილი- დავითგარეჯის მტკივნეული თემის კიდევ უფრო მეტი აქტუალიზაცია და კარტოგრაფების დაკავება 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მოახლოებას დაემთხვა. იქნება თუ არა გამოსავალი ახალი მოწვევის პარლამენტში დავითგარეჯის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა? რა უნდა მოიქმოქმედოს ხელისუფლებამ უახლოეს ხანში? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
    გამოითქვა ინიციატივა ახალი მოწვევის პარლამენტში დავითგარეჯის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?
    უპირველეს ყოვლისა, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეს, დავითგარეჯთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს არა ზეპირი განცხადება, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის უნდა ეყრდნობოდეს მრავალ ასპექტს -ისტორიას, კარტოგრაფიულ რუკებს და სხვა. დღეს დავა მიდის იმაზე, რომელი წლების რუკებით უნდა ვიხეოლმძღვანელოთ.
    ესე იგი, პრობლემას უფრო საფუძლიანი მიდგომა სჭირდება?
    სარაკვირველია. მარტო რუკებზე საუბარი წვრილმანებამდე დადის. 30 წელიწადია, ვერ განვსაზღვრეთ მთავარი, ვერ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ამოსავალი წერტილი. ეროვნული მოძრაობის დროს ბევრი თვლიდა, რომ საქართველო უნდა განვითარდეს 1921 წლის კონსტუტუციის შესაბამისად. შემდეგ მოხდა ისე, რომ დამოუკიდებლობა დაეფუძნა 1978 წლის კონსტუტუციას. ბუნებრივია, ეს კონსტუტუცია გადაკეთდა. დამოუკიდებელ საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ ჩამოუყალიბებია პოზიცია იმაზე, საით მიდის და როგორ ვითარდება ქვეყანა.
    ამ მხრივ რომ ყველაფერი მოგვარებული იყოს, დავითგარეჯის პრობლემა გადაწყვეტილი იქნებოდა?
    ცხადია, მაშინ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები-ნოღაიდელი, რურუა, კალანდაძე, დავითგარეჯს არ დაარქმევდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიას. მათი ადრინდელი გამონათქვამები მრავლად ვრცელდება. საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს ამ თემაზე განცხადებას. კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ, რას ეყრდნობა ეს განცხადება, რისთვის არის მზად ქართული სახელმწიფო, შევძლებთ თუ არა ჩვენი ინტერესების დაცვას. ისიც გაგვაგებინონ, გადაცემულია თუ არა მიწები. უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორია ამ პროცესში პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სამღვდელოების ფუნქცია.
    საქმეზე დაკავებულია ორი კარტოგრაფი. საზოგადოების დიდი ნაწილი მათ სოლიდარობას უცხადებს და თვლის, რომ ისინი მიწებს ვერ გაასხვისებდნენ.
    სოლიდარობას იწვევს თითქმის ყველა დაკავებული. ჩემი აზრით, თუ ქვეყნის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულია ჩადენილი, უნდა დაისაჯოს ყველა და დანაშაულებრივ რეჟიმს თავისი მიეგოს. ვისაც ერთი გოჯი მიწა აქვს გასხვისებული, უნდა დაისაჯოს. მეც რომ ვიყო ამაში გარეული, მეც უნდა ვაგო პასუხი. საქართველოზე ვინც აწევს ხელს, ნიკიფორე იქნება, ელპიტე, სილიბისტრო თუ იაკინთე, ყველას კბილები უნდა მოსტეხონ. ბუნებრივია, კანონის შესაბამისად. დაემთხვევა ეს არჩევნებს თუ არ დაემთხვევა, ეწყინება ვინმეს თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, პროცესი წინ წავიდეს. ერთი იმათ თავში ჩამახედა, თავის თავს რომ პოლიტიკოსებს ეძახიან და ქართული მიწის პრობლემას გაზს აბამენ.
   გაზს უკავშირებენ დავითგარეჯის საკითხს?
   დიახ. ნაცმოძრაობისა და მისი ნატეხების წარმომადგენლები გამოდიან და ამბობენ, ზამთარი კარს მოგვადგა, გაზი გვჭირდება და რა დროს გაზის მომწოდებელ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გარკვევააო! წარმოგიდგებიათ? აქაოდა, არ შემცივდესო, ყველაფერზე მზად არიან.
     უფრო ხშირად ცხადდება, რომ აზერბაიჯან-სომხეთის ომი მიდის და არ არის დროული ამაზე საუბარი.
   ეს ვითომ არგუმენტიც სახელდება და გაზის საკითხიც. ორივე აბსურდია. ჩვენ სახელმწიფო ვართ და გვაქვს ჩვენი ინტერესები.
    ითვლება, რომ ამ პრობლემის დღეს გააქტუალურება რუსეთს აწყობს.
    რუსეთი რომ ერევა სამხრეთ კავკასიის საქმეებში, ცნობილია. მან გააღვივა მიმდინარე ომი. ამასთან, ის მუშაობს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ორივე მათგანი კი-რუსეთის მიმხრობაზე. ჩახედულმა ხალხმა ეს ვიცით. ამის გამო ჩვენ ჩვენი აღარ უნდა ვთქვათ და ჩვენი ინტერესები არ უნდა დავიცვათ?! პირიქით, უნდა დავიცვათ, თანაც, უფრო მკაფიოდ.
    ხელისუფლების მკაფიო პოზიცია არ ჩანს?
    ჯერჯერობით, არა. აქამდე რაც მოხდა, დამაჯერებელი არ არის. ხელისუფლება უნდა იყოს უფრო დამაჯერებელი და საქმის ბოლომდე მიმყვანი. ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს, რომ დავითგარეჯთან დაკავშირებული პროცესი საარჩევნო პიარი არ არის. ქვეყნის ბედი არ შეიძლება იყოს მანიპულაციის საგანი. ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რა იქნება დათმობის მინიმუმი. დავითგარეჯის პრობლემა არ არის აზერბაიჯანის ბრალი. რაღაცას თმობდა შევარდნაძეც, ძალიან საეჭვოა ამ ყველაფერში წინა ხელისუფლების როლი. ჩვენ აღვუძარით მეზობელ სახელმწიფოს სურვილი, ჰქონდეს პრეტენზია ამ მიწაზე. ეროვნული მოძრაობის დროსაც ვიბრძოდით დავითგარეჯისათვის.
   მაშინ სხვა პრობლემა იდგა-საბჭოთა პოლიტონი ანადგურებდა ძეგლს.
   ცხადია. იმ დროს იმ ტერიტორიაზე არც მეცნიერები მინახავს და არც აზერბაიჯანელები. პოლიგონის ნაწილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იყო განლაგებული და იქაურები იმასაც არ ეკარებოდნენ. არ მესმის იმ პოლიტიკოსებისაც, რომლებსაც ამ საკითხში დღეს არასახელმწიფოებრივი პოზიცია უკავიათ. ეს ის პირები არიან, რომლებიც აცხადებენ მეომარ სახელმწიფოს რატომ უხსნი მეორე ფრონტსო და საპატრიარქოს მეორე ფრონტს უხსნიან ხოლმე. მაგალითად, ასე მოხდა ალბანელების (უდინების) ინტეგრაციის მცდელობისას ან როცა ეკლესია მკაფიოდ ითხოვდა გარეჯის თემის გადაჭრას მაშინ რაღაც წვრილმანი პრობლემების საბაბით იერიში მიჰქონდათ ეკლესიაზე. დიდი მადლობა ეკუთვნით ბერებს, ასევე საპატრიარქოს. ბერები ათწლეულებია დგანან დავითგარეჯის სადარაჯოზე. ასეთები არიან მამა ილარიონი და მამა კირიონი. მათი გულწრფელი მისწრაფებები თავისთვის არავინ უნდა გამოიყენოს. ეს ბერები დავითგარეჯით სულდგმულობენ. მათ საზოგადოების თანადგომა სჭირდებათ. ტელევიზიები იღებენ და აჩვენებენ ზოგიერთი სასულიერო პირის მდიდრულ სახლს და მანქანას. კარგი იქნებოდა, მათ ასეთი თავგანწირული ბერების კლდეში განთავსებული ასკეტური საცხოვრებელიც ეჩვენებინათ.
    თუ დავითგარეჯის პრობლემა არჩევნების შემდეგ გადაიწევს, მაშინ რა მოხდება?
   იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავის ნაბიჯებში დაგვაჯეროს, საკმარისია ერთი საათი. იმისათვის, რომ ვირწმუნოთ, ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი, დიდი დრო არ არის საჭირო. გამოვიდნენ და ჩამოაყალიბონ მკაფიო პოზიცია. დღესვე მიიღონ გადაწყვეტილება (წესით 8 წლის გამავლობაში შემუშავებული უნდა ჰქონოდათ). სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება ამას მიესალმება. ხელისუფლების დაპირებების არშესრულების მწარე გამოცდილება გვაქვს და თუ მომავლისთვის რამეს დაგვპირდებიან, არ დავიჯერებთ. აგვირჩიეთ ისინი, ვისაც ასეთი პრობლემების გადაწყვეტა შეგვიძლია, გამოცდილები ვართ და ქვეყნის წინააღდეგ არ წავალთ.
მარიამ მჭედლიშვილი  „ახალი თაობა“
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress