რატომ ამარაგებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი საწინააღმდეგო არგუმენტებით

მამუკა აააა
ადრეც მოგვწერეს ამერიკელმა კანონმდებლებმა, თუ ჭკუით არ მოიქცევით, კოვიდის მართვის დამსახურებულ ფულს არ მოგცემთო, ახლა კი, თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებთ, ეჭვქვეშ დადგება ჩვენი თქვენდამი მხარდაჭერაო. საბედნიეროდ, პროცესი მშვიდობიანად დასრულდა, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო საქართველოს პარლამენტმა და საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსი კმაყოფილია. პერიოდულად მახსენდება ხოლმე ლაზიკაში მომხდარი ამბავი, როდესაც ლაზიკის მეფე გუბაზი ბიზანტიელებმა მოაკვლევინეს, მაგრამ ჩვენმა იმჟამინდელმა, თანამედროვე ტერმინოლოგიით, კანონმდებლებმა, მაინც პრობიზანტიური კურსი აირჩიეს, რადგან სახელმწიფოსთვის ასე ჯობდა. ჩემი აზრით, დღეს არც პროდასავლური განვითარების კურსს აქვს ალტერნატივა, ხომ არ მეორდება ისტორია (მაინც დავაზუსტებ – „მკვლელობას“ არ ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით)? – ამ თემაზე თავის აზრს მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს.
– მესმის, რომ ჩვენ გვაქვს „უმცროსი ძმის“ კომპლექსი, მაგრამ რაღაც ახალი ტრენდია, იქ ფაუჩია გმირი, აქ – რურუა? ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია, ზოგადად, ამერიკული პოლიტიკისთვის, თუ პროცესები ისე არ მიდის, როგორც მათ ჰგონიათ სწორად?
– ერთ ცნობილ წმიდა მამას აქვს ასეთი ფრაზა: ყველას შეეშინდა მიწისძვრის და მე შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზების. მთავარია, რა არის ამა თუ იმ ქმედების საფუძველი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ორ მთავარ მომენტზე. პირველი – ჩვენს ადგილსა და როლზე იმ სამყაროში, რომელთან ინტეგრაციისკენ მივისწრაფვით, როგორ გვიყურებს ის სამყარო ჩვენ და, საერთოდ, როგორ ვხედავთ ჩვენს ადგილს იმ სამყაროში?! თუ ვხედავთ, როგორც ტოლფასოვან პარტნიორს, უნდა გამოვამჟღავნოთ კიდეც შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც პარტნიორობას სჭირდება, ხოლო, თუ ჩვენს თავს ვხედავთ ვიღაცის ხელის შემყურედ, ვიღაცის დამატებად, ვიღაცის სარჩენ ობიექტად, მაშინ, ბუნებრივია, შესაბამისი იქნება მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ.
– კორონაპანდემიისას მათზე არანაკლებ კარგად ვმართეთ პროცესი, თუმცა ითქვა, ეს მაინც არაფერს ნიშნავს, პანდემიის კარგად მართვაში დამსახურებულ ფულს მაინც ვერ მიიღებთ, თუ ჯეროვნად არ მოიქცევითო.
– აქ არ არის საუბარი არც პანდემიაზე და არც რამე წერტილოვან მოვლენებზე, უფრო გლობალურ პოლიტიკაზეა საუბარი და, შესაბამისად, როგორც წარმოაჩენ თავს, ისე გეპყრობიან სხვები. ასეა ქუჩაში, ასეა უბანში, ასეა პოლიტიკაში, ასეა ყველა სფეროში. მათ იციან ჩვენი საჭიროება, მათ იციან ჩვენი მნიშვნელობა და შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიმართულებით ვერ ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს და რეალურ სახეს ვერ ვაჩვენებთ. პარტნიორობის ნაცვლად გვინდა, რომ ჩვენი საქმე სხვამ გაგვიკეთოს, ჩვენ კი მშვიდად წამოვწვეთ. ეს ასე ვერ მოხდება და არც მოხდება. ილია მართალი გვეუბნება, ჩვენ გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია, თუ ჩვენ არ გავანძრევთ ხელს, შეუძლებელია, სხვამ გაგვიკეთოს საქმე. აი, ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენთან.
– მკითხველისთვის გავიხსენებ, რომ ჩვენ „ნატო“ გვინდა, რომ ის ეომოს რუსეთს, აშშ – სტრატეგიულ პარტნიორად, რომ ელაპარაკოს რუსეთს ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებზე, ევროკავშირმა მოგვცეს ფული ეკონომიკისთვის, ანუ თანახმა ვართ, გადავცეთ ჩვენი ფუქციები მათ.
– დიახ, როდესაც წმიდა ილია მართალი ბრძანებს, რასაც თავად არ ვიმოქმედებთ, სხვებისგან ნურას ველოდებით, აქ მთავარია, რომ ამ პროცესებში ჩვენ უნდა ვიყოთ სუბიექტი და ღირსეული პარტნიორობა უნდა გავწიოთ. ამ პროცესებში მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენი საქმეა. 40 წლის წინათ, როდესაც ისრაელის პრემიერი იყო მენაჰემ ბეგინი, აშშ-ის კონგრესმა საყვედური უთხრა მას, გამობრძმედილს, ნაბრძოლს, სისხლდაღვრილს ისრაელისთვის, მან კი უპასუხა, მე არ ვარ მუხლებაკანკალებული პრემიერი, მე ამაყი ქვეყნის პრემიერი ვარ, მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ქვეყანას სჭირდება, პარტნიორობისთვის მზად ვარ, მივიღო დახმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ისრაელის ინტერესები არ დავიცვა. სხვათა შორის,  მაშინ ბაიდენი ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო და ამერიკის კონგრესმენებმა ბეგინს ბოდიშიც მოუხადეს. იმიტომ რომ დაინახეს ღირსეული პარტნიორი, პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა თავისი წარმოდგენა გარკვეულ საკითხებზე და პატივი სცეს ამ წარმოდგენებს. ეს არის დასავლური ცივილიზაციის არსი, ამიტომ გვინდა ჩვენ მათთან ერთად ყოფნა, ამიტომ გვინდა „ნატოსა“ და ევროკავშირში და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გვარჩინოს. ჩვენ 200 წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ რუსეთმა უნდა გვიპატრონოს, რუსთმა უნდა დაგვიცვას, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მშვიდობა და მერე ვღიზიანდებოდით, ეს რუსული სახელმწიფო პანღურს რომ ამოგვარტყამდა. ჩვენ დასავლეთი გვთავაზობს ცივილიზებულ პარტნიორობას. ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ არა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა ეს განცხადება და არის თუ არა ეს ჩვენი შეურაცხყოფა და სუვერენიტეტის ხელყოფა, არამედ იმაზე, თუ რა მოხდა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია შეიცვალა. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად იციან რურუას პიროვნება, რადგან მისი ექსტრადირება აშშ-დან მოხდა და მასალები გადაეგზავნათ. ანუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა მოხდა ქვეყანაში ისეთი, რომ მათი ტონი შეიცვალა? რა საფრთხეები შევქმენით?! რით ვერ დავაჯერეთ ჩვენი სურვილი?!  „ნატოში“ ყოფნა იმიტომ კი არ გვინდა, რომ ეს პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ გვინდა ცხოვრების ის წესი, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, პიროვნება იყოს დაცული, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და თუ იქ აზრთა სხვადასხვაობაა ამის გამო, მე ჩემი ინტერესი უნდა დავიცვა, ამის მაგალითად მოვიტანე ბეგინის ქმედება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში, სადაც 20 წელზე მეტია, პროდასავლური დროშით მოდიან ხელისუფლებები, მაგრამ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ უნდობლობა იზრდება? რა გააკეთეს ამ ხელისუფლებებმა ისეთი, რომ შეიცვალა საზოგადოების განწყობები?!
  დასავლეთის დამოკიდებულება ყველა ხელისუფლებისადმი, გამსახურდია იყო, შევარდნაძე, სააკაშვილი თუ ივანიშვილი, თავიდან იყო ძალიან ლოიალური და თბილი. ავანსად გასცემდა აშშ ამა თუ იმ ხელისუფლებისადმი თავის ყურადღებას, მაგრამ 2-3 წელიწადში, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ თითოეული ეს ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ნორმალური განვითარებისთვის შეეწყო ხელი, ავტოკრატიული რეჟიმების დამყარებას ცდილობდა, ცვლიდა დამოკიდებულებას. 2007 წლის შემდგომ, როდესაც სააკაშვილმა 7 ნოემბერს მხუთავი გაზი გამოიყენა, შესაბამისი იყო რეაქცია და მას ეს არ აპატიეს. თქვენ ვერ მეტყვით, რომ სააკაშვილის ნაბიჯებს ასეთი მკაცრი შეფასება არ ჰქონდა. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილმა რომ თავისი რეჟიმის გახანგრძლივება ვერ მოახერხა, ამაში დასავლეთის უდიდესი წვლილი იყო.
– 2012-ში, გეთანხმებით, მაგრამ მანამდე მე არ მახსენდება კონგრესმენებისა და სენატორების ერთობლივი წერილები მუქარებით.
– 2008 წელს საარჩევნო კამპანიისას მთელი 2 თვის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსი კეთილგანწყობით გადაიხარა ოპოზიციისკენ, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ ეს ოპოზიცია უფრო არასანდოა და გაურკვეველი, ვიდრე არსებული რეჟიმი, ისევ არსებულ რეჟიმთან გააგრძელეს ურთიერთობა. აქ ხელისუფლებებია პრობლემა და არა მარტო საქართველოში, გარკვეულ პერიოდამდე ითმენს დასავლეთი. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებიც შეგვიძლია, მოვიყვანოთ, როდესაც რაღაც მომენტამდე დასავლეთი იკავებს თავს, მაგრამ, როდესაც ზღვარს გადადიან ხელისუფლებები და საფრთხეს ქმნიან არა მარტო პარტნიორობისთვის, არამედ თავიანთი ქვეყნებისთვის, მაშინ მკაფიო და მკაცრია მათი განცხადებები. როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობაშია, რომ ადამიანმა შეიძლება, არ დაგიტოვოს სხვა გზა, ასეა ქვეყნებს შორისაც. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ინიციატივა, ჩავიდნენ რამდენჯერმე და უთხრეს, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ამიტომ ცოტა ხანს თვალი დამიხუჭე რაღაცაზე, მაგრამ ერთი თვის შემდეგ „გადააგდეს“, მათი რეაქცია, ბუნებრივია, მკაფიო იქნებოდა. როდესაც ამას მეორედაც გაიმეორებ, მათი აღშფოთება უფრო ხმამაღალი იქნება. ორ პრემიერს რაღაც ვალდებულებები ააღებინე და ორ კვირაში მოხსენი ორივე. ეს არასტაბილური გარემო დასავლეთს დიდ პრობლემას უჩენს, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას გვიჩენს ჩვენ. აი, ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესების გათვალისწინება. ეს ჩვენთვისაა ოქრუაშვილი მიღებელი ფიგურა, მაგრამ ნუთუ ამ ადამიანების მიმართ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო არგუმენტები?! საეჭვო გახდა, არა, გიორგი რურუას მიერ იარაღის უკანონოდ ფლობა?! აქ ლაპარაკი არ არის გიორგი რურუაზე, უგულავასა და ოქრუაშვილზე. დადე მასალები! დადე წინა ხელისუფლების ამა თუ იმ ლიდერის სამართლებრივი შეფასება. ჩამოიყვანე საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩაატარე ღია სასამართლო პროცესი. შეგნებულად უზრუნველყოფს დღევანდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობას“ არგუმენტებით. როდესაც „ოცნებამ“ თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენააო, ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა და რადგან არ ამოვიღეთ ხმა, მივედით ამ მდგომარეობამდე და ახლა არავინ არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში განვითარდეს ავტოკრატიული სისტემა. ქართველმა ხალხმა უნდა მოვძებნოთ ძალა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ დაგვჭირდეს არავის გარედან ჩარევა, ჩვენ თვითონ არ დავსხდებით მოსალაპარაკებლად იმ ხალხთან, რომლებიც თითქოს კრიმინალად მიგვაჩნია; ჩვენ არ მოვუწერთ მათ რაღაც ხელშეკრულებებზე ხელს და არ ჩავიყრით თავს უხერხულ მდგომარეობაში უცხოელ პარტნიორებთან. ხომ ჰქონია რესურსი „ოცნებას“, რომ დამოუკიდებლად მიეღო ცვლილებები, მაშინ რატომ მოაწერა ხელი შეთანხმების, თუნდაც, მეორე პუნქტს?!
– თქვენ როგორ ხსნით, რატომ?
– იმიტომ რომ „ოცნებას“  „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად სჭირდება. სხვა ლოგიკა არაა.
 ნინო ხაჩიძე
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress