ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში

ზაზა

⭕ახალი ვირუსის გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა რეალობა მსოფლიოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს მხოლოდ მისი “დამსახურებით” მოხდა, თუ იმ ხალხის “მუხლჩაუხრელი მოღვაწეობით”, ვინც ამ ვირუსით მანიპულირებს.

ფაქტი უდავოა – ახალი რეალობაა!

⭕ეს ვითარება, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე თითოეული ადამიანისგან, მოითხოვს ყველაფრის ახლებურად გააზრებას, ახალი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. მიუხედავად დიდი ნეგატივისა, პროცესს გააჩნია დადებითი მხარეც – დაგვანახოს სისუსტეები, დაშვებული შეცდომები და მათი აღმოფხვრა-გამოსწორების გზები.

⭕ყველა ეროვნული, პასუხისმგელობის მაღალი ხარისხის მქონე მთავრობა ცდილობს გაკვეთილი მიიღოს მსგავსი გამომწვევებისგან და ფიქრობს არა მხოლოდ კრიზისის დაძლევასა და პოსტკრიზისული პერიოდის ნაკლებად მტკივნეულად გავლაზე, არამედ კრიზისამდე არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. განვითარებული, მძლავრი ეკონომიკების ქვეყნებისთვისაც არ არის იოლი ამის მიღწევა, საქართველოს ხომ ძალზედ, ძალზედ გაუჭირდება…

⭕ მაგრამ ეს შესაძლებელია – ქვეყანაზე მოფიქრალი, მზრუნველი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ამას შეძლებს საზოგადოებასთან გულწრფელი და უშუალო თანამშრომლობის შედეგად, მაგრამ აქ ერთი დათქმაა:

საზოგადოება უნდა ენდობოდეს მთავრობას!

და როგორ უნდა ენდოს საზოგადოება მთავრობას, რომლსაც არ გააჩნია საზოგადოებასთან კომუნიკაციის სურვილი, რომლის “ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა” არც კი განიხილავს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის რამენაირ დახმარებას, ანუ არ თვლის სიცოცხლის ღირსად?!
⭕რომელიც არა მცირე მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობას, არამედ კვლავ ტურიზმს (უდავოდ მნიშვნელოვანს, მაგრამ ამ დროისთვის უადგილოს) სახავს პრიორიტეტად, ხოლო ყველაფერი სხვა რჩება იმპორტზე დამოკიდებული?!
⭕რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს არა პირდაპირ, არამედ კომერციული ბანკების შუამავლობით “ეხმარება”?! და არც ფიქრობს საკანონმდებლო დონეზე განიხილიოს შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ადგილების ძირითადი შემქმნელი და მშპ-ს 60-70%-ს მწარმოებელია, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ქვეყანაში მოქალაქეთა საშუალო ფენის ფორმირების საფუძველს. სწორედ საშუალო ფენა გამოირჩევა მაღალი სოციალური სიმყარით, რაც სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია, რადგან ეს არის სახელმწიფოსგან ფინანსურად დამოუკიდებელი, პროფესიონალი და მოაზროვნე მოსახლეობის ფენა, რომელიც დაინტერესებულია მშვიდ, სტაბილურ გარემოში საქმიანობაზე და რომელიც მყისიერ რეაქციას აძლევს ხელისუფლების არასახელმწიფოებრივ ქმედებებს.

⭕ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან მსგავსი მიმართებით, ყველა, ყოფილი და დღევანდელი მთავრობა ღიად, ბოლშევიკური სითავხედით გვიცხადებს უარს სახელმწიფოს მშენებლობაზე…
მხოლოდ ნეობოლშევიკი ოლიგარქების ნება-სურვილი და არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების საჭიროება!
️აქ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოებაზე საუბარიც კი ზედმეტია…

✅გამოსავალი რა თქმა უნდა არის. მოსახლობამ, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობისა, თავად უნდა მოინდომოს, გაიაზროს მისი პირადი პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე, იქცეს საზოგადოებად, შესაბამის დროს თქვას საკუთარი სიტყვა და აირჩიოს თავისი ღირსი ხელისუფლება.
წმ ილიას ნაბრძანებისა არ იყოს – „ … საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია” და რა თქმა უნდა, არც ცალკეულ ადამიანებზე მზრუნველი სახელმწიფო გვექნება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress