‼ნაკლები ხარჯით მეტი პიარი‼

mamuka777

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე რთული საბჭოური აზროვნების შეცვლა აღმოჩნდა. ეს განსაუთრებით კრიზისულ სიტუაციებში იჩენს თავს. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ ისინი „ხალხზე ზრუნვის“ ლამაზი რიტორიკის მიღმა, ნახევარ ნაბიჯების გადადგმასა და პოპულისტურ მიდგომებს ვერ გასცდა.

ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადის დაფინანსებასთან დაკავშირებით – ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია მოსახლეობის ნებისმიერი ნაწილის მიმართ თანადგომა. მაგრამ, კორონავირუსი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვება ყველას ხომ ერთნაირად უქმნის პრობლემას, რასაც ხელისუფლება თვითონაც ყოველწუთს აცხადებს.
ფაქტობრივად, ეს შეღავათები ეხება მხოლოდ ხელმოკლე ადამიანებსა და იმ ოჯახებს ვისაც ორი და მეტი ბინა აქვთ. ნებსით თუ უნებლიეთ მოსახლეობის ყველა სხვა ჯგუფი გასულია ხელისუფლების ხედვის არეალიდან, „კულაკებად“ არის გამოცხადებული პრინციპით – მეტი ელექტროენერგია თუ გეხარჯება ე.ი. მეტი ფული გაქვს და შენ გადაიხადე. თან, ამ კრიზისულ დროს მაინც, რატომ აბამ მას წყლის და დასუფთავების გადასახადს?!
საერთოდ არ არის გათვალიწინებული სამართლიანობის განმსაზღვრელი ელემენტარული კრიტერიუმები – რამდენი ადამიანი ცხოვრობს ბინაში, მრავალშვილიანია თუ არა ოჯახი ან რამდენი აქვს ოჯახს შემოსავალი!
მთავრობა ამ უდიდესი საერთო საფრთხის დროსაც კი ყოფს მოსახლეობას და მხოლოდ მის გარკვეულ სეგმენტს უმსუბუქებს მდგომარეობას და თან, უნდა „ხალხზე მზრუნველის“ იმიჯი მოირგოს. იკვეთება მისი მთავარი ინტერესი – ნაკლები ხარჯით მეტი პიარი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ბიუჯეტის ანუ, ყველას ფულია!
გვესმის, რომ სახელმწიფოს შეიძლება არ აქვს(?) ან არ უნდა მეტად დაუდგეს მოსახლეობას გვერდით(!) ამ გაჭირვების დროს, მაგრამ სამართლიანობისა და ობიექტურობის დაცვა ყველა პირობებში აუცილებელია! ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს დაფინანსების წყარო ( მით უმეტეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს არცთუისე მცირე დახმარება გამოუყო)
გასაგები იქნებოდა გადასახადის დაფარვა მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით მომხდარიყო ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სუბსიდირების პრინციპით.
ან, ყველა აბონენტს დაუფინანსდეს თანაბრად 200 კილოვატზე გადასახადი (დაურიგდეს კომუნალური ვაუჩერი), მის ზემოთ კი თითოეულმა თავისი ხარჯის მიხედვით დაამატოს.
მთავარია, ყველა მოქალაქემ იგრძნოს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და თვითონაც აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე, რათა ერთბლივად დაიძლიოს დღევანდელი დიდი გამოწვევა
უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გონებაში უნდა დავამარცხოთ საბჭოური მიდგომები – კანონი და გადაწყვეტილებები სამართლიანობასა და ობიექტურობას უნდა ეფუძნებოდეს!
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე
01.04.2020

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress