რატომ არის საქართველოს საზღვრის მიმდებარე მიწები გაყიდული კერძო პირებზე და რატომ შემცირდა 25 კილომეტრიდან 500 მეტრამდე საზღვრის პერიმეტრზე მიწაზე არსებული საგანგებო რეჟიმი

SONY DSC

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შესაბამის კანონში შედის ცვლილება, რის თანახმადაც ეკლესია-მონასტრებს ზოგ ადგილას გადაეცემა მიმდებარე ტყის მასივები, არასამთავრობო სექტორიც ამოძრავდა და საქართველოში არსებულმა ზოგიერთმა კონფესიამაც გამოთქვა პროტესტი – არათანაბარ პირობებში ვართო. უნდა შევნიშნოთ ერთი უცნაური ტენდენცია – პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოელთა ნაწილი, რომლებიც კონკორდატს აპროტესტებენ, მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესია ასრულებს რუსეთის ნება-სურვილს, თუმცა იოტისოდენადაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მაგალითად, საქართველოში სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლობა სომხეთის ინტერესს არ ატარებს, აზერბაიჯანელ მუსლიმანთა გაერთიანება  – აზერბაიჯანის და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში უკვე აღარც მოქმედებს საზღვრისპირა რეგიონებში არსებული წესი, რომ 500-მეტრიანი ზონის გასხვისება საზღვრის მიმდებარედ აკრძალულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთ ჩვენს კავკასიელ მეზობელთან საზღვარი დადგენილი არ გვაქვს, ადვილი  წარმოსადგენია, რა სავალალო შედეგი შეიძლება, მოჰყვეს სასაზღვრო ზონაში მიწის გაყიდვას (ნაწილი ისედაც გაყიდულია უკვე). აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, არა მხოლოდ ტყის ნაწილის, არამედ საზღვრისპირა მიწების ეკლესიისთვის გადაცემამაც შესაძლოა, შეასრულოს პრევენციის როლი (აქვე დავაზუსტებ, რომ იმ ტყის მასივებზეა საუბარი, რომლის გარშემოც მოსახლეობა არ ცხოვრობს). მამუკა გიორგაძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ საკმაოდ პრობლემატურსა და მგრძნობიარე საკითხზე.

  მამუკა გიორგაძე: ამ დღეებში შესრულდა 99 წელი საქართველოს ოკუპაციიდან და დღეს ჩვენ შეგვიძლია, გადავავლოთ თვალი, რა აბსურდი ხდებოდა: საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ქვეშ ებრძოდა სახელმწიფოს და ებრძოდა ეკლესიას. დღეს გვიკვირს კიდეც, როგორ აიტაცა ქართველი ხალხის ნაწილმა დამღუპველი იდეოლოგია, რომელიც, საბოლოოდ, ამტაცებლების თავზე დამოკლეს მახვილივით დაეკიდა და შეიწირა ყველა. დღეს, 100 წლის შემდგომ, იმავე მოვლენების თვითმხილველები ვართ: საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ჯგუფი, აბსურდული თეორიით აღჭურვილი, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოს და მის უმთავრეს ბალავარს, საქართველოს ეკლესიას. ნებისმიერი საბაბი გამოიყენება იმისთვის, რომ, სულ მცირე, ტალახი ესროლონ საქართველოს ეკლესიას და, მაქსიმუმ, ერთი აგური მაინც გამოაცალონ იმ გოდოლს, რომელზეც დგას ქართული სახელმწიფო. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ტყის კოდექსში ცვლილებების გაპროტესტება. თავისი არსით, ხომ აბსურდულია პრეტენზიები?! ქართულ სახელმწიფოს საქართველოს ეკლესიასთან გაფორმებული აქვს კონკორდატი, რაც თავისთავად, კონსტიტუციურად, უპირატესობას ანიჭებს დაწესებულებას და არა აღმსარებლობას, ანუ არავის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული და სწორედ ესაა დემაგოგია. უპირატესობას ანიჭებს ინსტიტუტს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და დღესაც მომავლისკენ მიმართული მზერით უზრუნველყოფს ქართული ღირებულებების დაცვას. კონსტიტუციაში წერია ეს და, ამდენად, ბუნებრივია, ეს თემა საკამათო არ უნდა იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია, სხვათა შორის, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, დაუსახლებელ ადგილებში განთავსებული მონასტრების გარშემო არსებულ ტყის მასივზე.
– ჩვენ ვიცით, რომ, განსაკუთრებით, მთაში და კავკასიონის გასწვრივ ბევრი დაუსახლებელი ადგილია, რომლებსაც ვერ ვიცავთ და იქ შეიძლება, ჩასახლდნენ ჩვენი მეზობლები და როგორი უპასუხისმგებლობაა ოპონენტი პოლიტიკოსების მხრიდან პროტესტი. ვერ ხვდებიან, რომ ეს არის საზღვრების, ტერიტორიის დაცვის საშუალება?
– ის პოლიტიკოსები, არასამთავრობოები თუ კერძო პირები ან ვერ აზროვნებენ სახელმწიფოებრივად ან იმდენად არიან დაბრმავებულები ანტიეკლესიური სულისკვეთებით (დაფინანსებაც ასრულებს, ალბათ, დიდ როლს), რომ ყველაფერში ეწინააღმდეგებიან ეკლესიას და ეძებენ საბაბს ტალახის სასროლად. აქ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ხალხის უმეტესობა თავის თავს აღიარებს პროდასავლური ხედვის ადამიანად და ვერც კი აცნობიერებს იმ ფაქტორს, რომ სწორედ ეკლესია იყო საქართველოში ამ ღირებულებების გამტარებელი. ვახტანგ გორგასლის დროს ორიენტაციის განსაზღვრის შემდეგ საქართველო გახდა ამ ღირებულებების მატარებელი, როდესაც ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, ჩვენ უარი ვთქვით აღმოსავლურ ტირანიებთან თანაცხოვრებაზე და დასავლური დემოკრატიები ავირჩიეთ. საქართველოში 3 000 სასულიერო პირია და ალბათობით, 50 ან 100 კაცი შეიძლება, იყოს ისეთი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს.
– 10 პროცენტი ავიღოთ, 300.
– კი ბატონო, მაგრამ დანარჩენი სად ცხოვრობს?! ის ადამიანები, რომლებიც თრუსოს ხეობასა თუ სხვა მთიანსა და მივარდნილ ადგილებში იცავენ ქართულ სულს, ქართულ სახელმწიფოებრიობას, როგორ ცხოვრობენ?! ან საქართველოს გარეთ რომ ეკლესია-მონასტრები შენდებოდა, ეს მხოლოდ რელიგიური ცენტრები იყო?! თუნდაც, რასაც უწმიდესი აკეთებს – აღორძინებს საზღვრისპირა რეგიონებში სამონასტრო ცხოვრებას, ეს მხოლოდ რელიგიური ცენტრების მშენებლობაა?! ძალიან კარგად გვახსოვს დარიალის ინციდენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დათმო ლარსის გამშვები პუნქტი და საზღვარმა რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ ჩამოიწია, მისმა უწმიდესობამ დარიალში მონასტრის აგება დაიწყო, ანუ მონიშნა ტერიტორია, რომ ამის იქით აღარ გადმოსულიყვნენ.
– ისევე, როგორც სარფთან, თურქეთის საზღვართან.
– დიახ, ისევე, როგორც ყველგან, საქართველოს ეკლესია ცდილობს, რომ საზღვარი დაიცვას მაქსიმალურად და ნიშანი დადოს. დარიალის ხეობაში ეკლესიის მშენებლობა საზღვრის გადმოწევამ გამოიწვია. იგივე ხდება სვანეთში, სხვაგან – ეს ხომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებითაა განპირობებული?! იმიტომაც სჭირდება ამ ტყეებს დაცვა, რომ მისი ექსპანსია არ მოხდეს. ეს ტყეები, სხვათა შორის, ძირითადად, საზღვრისპირასაა განლაგებული. აბა, შუა თბილისში ტყე არ არის, არც სხვა ქალაქში და, ბუნებრივია, ეს კანონი ვერ იმუშავებს თბილისში, ოზურგეთსა თუ ქუთაისში. ეს ეკლესია-მონასტრები მივარდნილ, ტყიან ადგილებშია, სადაც არ არის მოსახლეობა და საჭიროა ტყის მოვლა-პატრონობა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა პრობლემებია ჩვენს ტყეებში, იმის გამო, რომ ის იყო და არის მოუვლელი.
– ბაკურიანიდან ბორჯომისკენ ხეობა საოცრად მოუვლელია, ფოტოებიც გადავიღე ზაფხულში, უამრავ ადგილასაა გამხმარი ნაძვები, მთელი კერებია. სხვას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ნადგურდება ტყის მასივები და კლიმატიც ხომ იცვლება?
– რა თქმა უნდა. და პირიქით, ახლა სჭირდება საქართველოს ეკლესიას ხელშეწყობა, არა მხოლოდ იმით, რომ გაუფორმო ტყის ეს მასივები, არამედ იმით, რომ სახელმწიფომ ჩართოს სპეციალისტები და ისეთი გარემო შეიქმნას, რომ ხალხმაც ისარგებლოს, ეკლესია დადგეს ფეხზე, მას ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი შემოსავალი. შევხედოთ, რა პირობებში ცხოვრობს ბერებისა და მონაზვნების უმეტესობა?! ავიდეთ დავით-გარეჯის კომპლექსში და მხოლოდ დავითის ლავრას კი ნუ მივაქცევთ ყურადღებას, არამედ სხვა მონასტრებიც დავათვალიეროთ, როგორ ასუფთავებენ სასულიერო პირები კლდის მასივებს ჩამონაყარი ქვებისგან და როგორ ცხოვრობენ კლდეში გამოჭრილ კელიებში. უმეტესი მათგანი თავისი შრომით ირჩენს თავს და არის სხვების დამხმარეც.
– დავით-გარეჯის ამბავიც ხომ მოწმობს, რაოდენ მნიშვნელოვანია მთის, ტყის, საზღვრის დაცვა, ქართული ძეგლია და მაინც ალბანურიაო, ამტკიცებენ, რაკი საზღვარზეა. არის ცოცხალი მაგალითი და მაინც ებრძვი ტყის კოდექსის ცვლილებებს. ვერ ვხსნი ამ ლოგიკას.
– დავით-გარეჯის ლავრის ბერები იცავენ საქართველოს საზღვარს და ეს ყოველთვის ასე იყო. შესაბამისად, ამ ხალხს მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდება. დღესაც ბევრ შემთხვევაში, გარეჯსა თუ სხვა მსგავს ადგილებს, ქართული ეკლესია და მისი უწმიდესობის ავტორიტეტი იცავს. ეკლესიას იმიტომ კი არ ებრძვიან, რომ ის რელიგიური დაწესებულებაა, არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ ის სახელმწიფო-საზოგადოებრივი ინსტიტუტია, რომელზეც დამყარებულია სახელმწიფოებრივი შენობა. მეორე მომენტია, რომ თვით ეკლესიის შიგნითაც საჭიროა აქტიურობა, რომ კონკრეტული მაგალითებით ვაჩვენოთ საზოგადოებას, რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ ბერები, თუ როგორ განავითარეს მეღვინეობა, მეფუტკრეობა თუ სხვა მიმართულება, როგორ უვლიან და ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს.
– დადგენილია 500-მეტრიანი ზონა საზღვრის მიმდებარედ, რომლის გაყიდვა არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთ ადგილას მიწა გაყიდულია უშუალოდ საზღვრის ზოლთან, ანუ საზღვარია კერძო საკუთრება, თან, მაშინ, როდესაც ჩვენ მიწას გვედავება ყველა მეზობელი, თურქეთის გარდა. გამსახურდიას დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვრისპირა მიწები გადასცემოდა ეკლესიას, გასაგებია, საზღვრის დაცვის მოტივით. არ შეიძლება, ის გადაწყვეტილება გაცოცხლდეს?
– თავიდან საუბარი იყო, რომ მიწათსარგებლობის განსაკუთრებული რეჟიმი დაწესებულიყო სასაზღვრო 25-კილომეტრიან ზოლზე. შემდეგ შემცირდა 5 კილომეტრამდე და ნელ-ნელა მივედით 500 მეტრამდე. ძალიან საინტერესოა, თუნდაც, აშშ-ის გამოცდილება. 25 კილომეტრი შემთხვევითი არ ყოფილა, აშშ-ის კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ 25-კილომეტრიან ზოლში არ შეიძლება, მიწა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და ამაში იგულისხმება შტატებს შორის საზღვარიც. არადა იქ ექსპანსიის საფრთხე არ არის, მით უფრო, შტატებს შორის, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის ერთ პროცენტამდეც კი არ ფლობენ. ჩვენი, ეგრეთ წოდებული, პროდასავლელები კი რომის პაპზე მეტი კათოლიკენი არიან, რომ თითქოს დასავლეთი გვაიძულებს ჩვენ, გავყიდოთ მიწა. სინამდვილეში ეს არის ბლეფი და ამიტომაც ეჭვს ბადებს არა მხოლოდ მათი ანტისახელმწიფოებრივი ცნობიერება, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესებსაც იცავდნენ გარკვეული ფინანსური ანაზღაურების გამო, თორემ შეუძლებელია, საკუთარი ქვეყნის მტრად გამოხვიდე.
  ნინო ხაჩიძე
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress