„შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია“

mamuka 16

19 დეკემბერს კოლხურ კოშკთან, გალის ქუჩაზე დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დამნაშავე ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ გამოძიება სისხლის სამართლის 19-108 მუხლით მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიციელები, სავარაუდოდ, ეძებენ ყავარჯნიან მამაკაცს, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებდა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ცოტნეს სიბნელეში დაესხნენ თავს. სავარაუდოდ, რამდენიმე მამაკაცი ჩასაფრებული ელოდა მსხვერპლის გამოჩენას. ეს იყო კარგად ორგანიზებული თავდასხმა. საქმეში დანის გარდა სხვა საგანებიც ფიგურირებს, რაც ადასტურებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ირკვევა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ორთბრძოლა, რა დროსაც პირველი პრეზიდენტის ვაჟი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ცოტნეს 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, აღენიშნებოდა ჭრილობა გულმკერდის არეში, ფილტვის დაზიანება, ბევრი ჰემატომა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ქალა, ტვინის ძვლები შუბლის წილში და თხემის წილში.

ცოტნე გამსახურდიას პირველი ოპერაცია გულმკერდის არეში ჩაუტარდა, 7-საათიანი მეორე ოპერაციისას კი ამოუღეს ჰემატომები, რის შემდეგაც თავის ტვინის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ არის გამორიცხული, მას კიდევ დასჭირდეს ოპერაციები თავსა და გულმკერდზე და შეიძლება სამკურნალოდ უცხოეთშიც გადაიყვანონ.

„ილოცეთ ჩვენთვის“ – ამ სიტყვებით მიმართავს ცოტნეს ძმა -კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოებას, ვინაიდან პროგნოზი რთულია და ცოტნეს შესახებ საბოლოო დასკვნის გამოტანა კრიტიკული დღეების ჩავლის შემდეგ შეიძლება.

პირველი პრეზიდენტის ვაჟის ირგვლივ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.

ეს იყო პოლიტიკური შურისძიება, რუსეთის სპეცსამსხურების ხელწერა, თუ ყოფითი დაპირისპირება ცოტნე გამსახურდიასთან? რატომ დევნიან დღემდე ამ ოჯახს?

- პირველ რიგში, მინდა, თანადგომა გამოვუცხადო ცოტნე გამსახურდიას ოჯახს და ვუსურვო, ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ცოტნეც გამოჯანმრთელდეს და ფეხზე დადგეს. ამას შევთხოვ უფალს. რაც შეეხება ამ თავდასხმას, ყველა ხელისუფლება შეგნებულად ღიად ტოვებს სივრცეს და გვაიძულებს, სხვადასხვანაირად შევხედოთ მოვლენებს. ყველა ხელისუფლება დიდ არეალს ტოვებს საკამათოდ, გამოძიება არასდროს არ მიდის ბოლომდე. ამის გამო ნებისმიერი ადამიანი იმისდა მიხედვით, თუ იმ მომენტში რა პოლიტიკური ხედვა გააჩნია, ინტერპრეტირებას უკეთებს მოვლენებს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ ვიცით და, ალბათ, ვერც გამოძიება დაადგენს, რა მოხდა გუშინ, გალის ქუჩაზე, ისევე, როგორც არ ვიცით ცოტნესთან დაკავშირებული წინა ფაქტი, ეს იყო მეზობლებს შორის ჩხუბი, თუ პოლიტიკური დაკვეთა. ვერც გალის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვიტყვით, ეს პოლიტიკური სარჩულით მოხდა თუ არა. ბოლოს, და ბოლოს, რა გახდა გამოძიებულ იქნას ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, ზურაბ ჟვანიას და სხვათა მკლელობის საქმეები. რატომ ტოვებენ ინტერპრეტირების საშუალებას? რატომ ტოვებენ ისეთ შესაძლებლობას, რომ ყველამ თავისი პოლიტიკური ხედვის მიხედვით განიხილოს ეს საკითხები?

ხელისუფლებები მუდმივად ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი დაპირისპირება, 30 წელიწადია გრძელდება ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში და ყოველივეს თავი არის უნდობლობა ხელისუფლებებისადმი. ჩვენ არ გვჯერა არც ერთი ხელისუფლების. როგორც წესი, თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლება აბამს იმ ინტერესს, რაც შეიძლება მეტი ქაოსი უზრუნველყოს. თუნდაც ბოლო მაგალითი გავიხსენოთ, როგორიცაა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობა, სუიციდის მცდელობა მისივე თანაკლასელი გოგოს მხრიდან. ისე იქცევა ხელისუფლება, რომ ჩვენ, ადამიანებმა, მაღალი ემოციის ფონზე ერთმანეთს შუბლი გავუხეთქოთ. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ცოტნე გამსახურდიას თემაც. რა გახდა ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი გაუხსნელი საქმე?

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გამოჩნდა სანდრა რულოვსი, გამოჩნდნენ „ნაცები“… რამდენად აქვთ ამ ადამიანებს მორალური უფლება ცოტნეს გულშემატკივრებად წარმოაჩინონ თავი, როცა სწორედ სააკაშვილის დროს იყო ცოტნე გამსახურდია ციხეში ურთულეს პირობებში დაჭერილი და 2013 წელს მადლიერებით წერდა კიდეც ბიძინა ივანიშვილს, რომ ის მას დაეხმარა, ცოცხალი გამოსულიყო იმ ჯოჯოხეთიდან. მოგვიანებით ცოტნე უკვე ამბობდა, რომ „ქოცებთან“ შედარებით მიშა ფრთოსანი ანგელოზი ყოფილა, რადგან „ოცნების“ ვირთხებმა უფსკრულში გადაჩეხეს ქვეყანა“.

- უბედურება ის არის, რომ ჩვენთან ღირებულებებია აღრეული, მაღალ ემოციურ ფონზე არ ხდება ცალკეული ადამიანის ქმედების ერთიანი კრიტერიუმებით განსაზღვრა. გუშინ ებრძოდი ერთ ხელისუფლებას, დღეს, სამწუხაროდ, მეორე ხელისუფლებამ არანაკლები პრობლემა შექმნა და უკვე გავიწყდება გუშინდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი პრობლემა. პოლიტიკოსები, როგორც სვავები, უმეტეს შემთხვევაში, არაფრად დაგიდევენ, აქვთ თუ არა მორალური უფლება, რაიმე განცხადება გააკეთონ, ისინი მაქსიმალურად იყენებენ შექმნილ ვითარებას საკუთარი თავის წარმოსაჩენად. იგივე სანდრა იქნება, თუ სხვები, მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ფრქვევა საკუთარი გავლენის, პოლიტიკური ცხოვრების რეაბილიტაციას ემსახურება.

სააკაშვილმა თქვა, ცოტნე ღირსეული ადამიანია, მან ბევრი ქარტეხილი გამოიარა ცხოვრებაში, რაზეც პასუხად მიიღო, ეს ის ცოტნეა, ციხეში რომ ჩაალპე, ხერხემალში გადატეხე და დიდხანს სკამზეც ვერ ჯდებოდა ციხის ტრავმების გამო. სააკაშვილმაც გადააფასა ცოტნეს როლი?

- დიახ, სააკაშვილისთვის დღეს ასეთი იქნება ცოტნე გამსახურდია, ათი წლის წინ კი სხვანაირი იყო. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, ვერ შევქმენით შეფასებათა ერთიანი შკალა. დღეს პროპორციულ არჩევნებს ითხოვს ის ხალხი, რომელიც გუშინ „სახალხო პარტიის“ მიერ დაყენებულ ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა. დღეს ეკლესიის დამცველად გამოჩნდა ზოგიერთი ისეთი, რომელიც გუშინ თვითონ ანგრევდა ეკლესიებს. ეს ცვალებადობა, ეს შეფასებების ფარდობითობა არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად ვერ მივდივართ წინ და მუდმივად ვიქნებით ამ ქაოსში. მიმდინარე ემოციით ვუყურებთ მოვლენებს და არა ფუნდამენტალური ღირებულებებით.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას კრიტიკულ პოსტებს, ცოტნე იბრძოდა დიდი ჰესების წინააღმდეგ, ის კრიტიკულ პოსტებს დებდა ამ ხელისუფლების მიმართ, არც ყოფილებს ინდობდა, სულ ბოლოს ნიკა გვარამიას დაუწუნა, რომ ის ფეხქვეშ გაეგო „ნაცებისდრონდელ“ გენშტაბის უფროსს, გამორჩეულ პუტჩისტს დევი ჭანკოტაძეს. ცოტნე შიმშილობდა და ითხოვდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას. მისი პოლიტიკური აქტივობა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარს?

- ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, პოლიტიკური მოტივიდან დაწყებული, ყოფით მოტივამდე. სწორედ აქ არის ხელისუფლების ბრალეულობა, რომ ასეთ ფართო დიაპაზონს ტოვებს შეფასებებისთვის. რაღაც ეტაპზე, ყველა ადამიანს საპროტესტო ქმედება აქვს ჩადენილი, ან კრიტიკული სტატუსი აქვს გამოქვეყნებული, ვიღაცას ვიღაცისთვის ნაგინები აქვს ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, თითქმის გამორიცხულია, რომ საჯარო სივრცეში მყოფი ადამიანები რაღაც საკითხზე არ იყვნენ დაპირისპირებულნი. ამიტომ ეს არის სიტუაცია, როცა შეიძლება ნებისმიერ მხარეს მოაბა ქოთანს ყური.

ზვიადის მკვლელობიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ რაც ანგარიში ბოლომდე ვერ გაუსწორეს ზვიადსა და მის იდეებს, მისი ოჯახის წევრების მიმართ დღემდე ჰქონდათ შურისძიების სურვილი? არის ეს მამის თაობიდან შვილზე გარდამავალი ტრაგედია?

- როგორ გითხრათ, შეიძლება, ძალიან დაცემული იყოს ქართველი ერი დღეს, მაგრამ ოჯახზე გადაიტანოს შურისძიების განცდა, მთლად ასე გათახსირებულიც არ მგონია. გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს. ყველაფერი იქიდან მოდის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არ შეგვისწავლია 1990-92 წლების მოვლენები, მითები, სტერეოტიპები, გაურკვეველი ვიღაცების მონათხრობები, რომელთა შორისაც ზოგი აგენტია, ზოგი სულელია, ზოგს არასწორად ახსოვს, ზოგი პატრიოტია. ეს ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში და წარმოდგენა არ გვაქვს, რა იყო თუნდაც ჩვენს ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ. მთელი ტრაგედია აქედან იწყება. მაშინდელ გარდამავალ ეტაპზე ახალი საქართველო მშენებლობის საფუძველი ჩვენ არ ვიცით. ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ და არც თუ ისე მცირე ინფორმაციის მატარებელი. არიან სხვებიც, მაგრამ არც ერთმა ხელისუფლებამ არ უზრუნველყო ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელება. შეგნებულად ხდება ამის ღია სივრცეში დატოვება და, ვისაც დასჭირდება, შეიძლება 30 წლის წინანდელი დაპირისპირება გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის.

დავით ბაჯელიძის მხრიდან შურისძიებაზეც გამოითქვა ეჭვი, რომლის დაჭრაც თავის დროზე ცოტნეს ბრალდებოდა.

- დავით ბაჯელიძის გარდა, კიდევ ერთი ბაჯელიძის სკანდალზეც გავრცელდა ინფორმაცია, არის ათასი ჭორი, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ეს ვნებები ჩააცხროს. დღეს ყველას აქვს საშუალება, მეორე ადამიანს ან ნაძირალა უწოდოს, ან გმირი. ყველა ადამიანს ფართო დიაპაზონი აქვს და ამ მითების, სტერეოტიპების, არასწორი ინფორმაციების გამო ყველას თავისი არგუმენტი აქვს.

საეჭვო დეტალებზე რას გვეტყვით? რატომ იყო ჩამქრალი შუქი ყოველთვის განათებულ გალის ქუჩაზე და რატომ შეიქმნა ჩასაფრებისთვის ხელსაყრელი პირობები?

- მრავალ ეზოშია შუქი ჩამქრალი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე სერიოზული საეჭვო მოცემულობა შეიქმნა. ჩვენ არ ვიცით, დაჭრა ყოფით ნიადაგზე მოხდა თუ არა, არ ვენდობით ხელისუფლებას. როცა ცივილიზებულ ქვეყნებში იტყვიან, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“, ხალხი ენდობა პოლიციას, საქართველოში კი როცა იტყვიან, „მიმდინარეობს გამოძიება“, არავინ ენდობა და ჩვენი საზოგადოება თვლის, რომ დროის გაწელვა მიმდინარეობს. ამიტომაც მთავარი პრობლემა ხელისუფლებაშია, რომელიც არ ცდილობს, დაადგინოს ჯანსაღი ცხოვრების პარამეტრები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ერთმანეთი მტრად არ წარმოგვედგინა და მხოლოდ კონკურენტებად აღგვექვა. ეს ყოველივე ნოყიერი ნიადაგია ავანტიურისტებისთვის, თაღლითებისთვის, აგენტებისთვის.

მანანა ნოზაძე    for.ge

21 დეკემბერი, 2019

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress