რატომ ებრძოდა საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ნოე ჟორდანიას მთავრობით დაწყებული

მამუკა აააა

უკვე მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ეკლესიაზე შეტევა პერმანენტული და ციკლურია. ამჯერად მორიგი ციკლია დაწყებული და მასში სასულიერო პირებიც იღებენ მონაწილეობას, ჟურნალისტებმა, ჩვეულებისამებრ, ტრადიციას არ უღალატეს და ცეცხლს, ცხადია, ნავთი დაასხეს. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებაც იმას განიხილავს, რა უთხრა არქიმანდრიტმა მომღერალს და რომელია უფრო უგვანი, რატომ ლაპარაკობს მეუფე ძველი ბიჭივით და რატომ მოითხოვენ, ძირითადად, ათეისტები პატრიარქის გადაყენებასა და სინოდის დაშლას. ერთი სიტყვით, ყველა იმ სიმძიმის ქვას ისვრის, რამდენის აწევასაც ერევა. მამუკა გიორგაძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ პროცესის მიზანსა და შედეგებზე.

– მე მგონია, რომ ჟურნალისტის საქმიანობა მიმართულია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების დაცვისკენ და იმიტომაც აკრიტიკებ და ეძებ ხარვეზებს, ამდენად, ის კიდევ სხვა თემაა, რომ მეუფე ყოფილა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ მედიასაშუალებამ რატომ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა საზოგადოებას, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პირთან, ვინც უნდა იყოს ის, შემოგვთავაზოს ინტერვიუ. პირადად მე სტუმარს არ მივიღებ ნასვამს, არათუ რესპონდენტს. რა ხდება ისეთი, რომ მორიგი ტალღა უნდა აგორებულიყო ეკლესიის წინააღმდეგ?
– წინასწარ დაგეგმილი ქმედებებია და ჩვენ, მინიმუმ, ყოველ 2 თვეში ერთხელ ახალ-ახალ ტალღას ვაკვირდებით და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ ახლა?! არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდოს შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ ამას აჰყვნენ დაინტერესებული ჯგუფები, რათა რაც შეიძლება, მეტი წესიერი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში და ეს არის ერთიანი დიდი პროცესის შემადგენელი ნაწილი, სხვადასხვა რგოლია დიდი ჯაჭვის და გეგმაზომიერად ხორციელდება. ვისთვის შეიძლება, იყოს ეს ხელსაყრელი?! პასუხი ნათელია, ვინც საუკუნეების განმავლობაში გარედან ებრძოდა საქართველოს ეკლესიას, ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურები მყავს მხედველობაში და არა მარტო ისინი, იმიტომ რომ საქართველოს სხვა მეზობლებს შორისაც ბევრია იმის მსურველი, რომ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეასრულოს თავისი სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ეს ფუნქცია ყველასთვის გასაგებია, ეს არ არის მხოლოდ რელიგიურ-აღმსარებლობითი ფუნქცია, არამედ ეკლესია არის უდიდესი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა, ეკლესია სულიერ-ზნეობრივი სტიმულატორია. მას შეუძლია სახელმწიფოებრივი ამოცანების გადაჭრა, თავისუფლების, თანადგომის, თანასწორობის, ანუ იმ ღირებულებების დამკვიდრებაში მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ირგანულად ქართულია და, მეორე მხრივ, ამას დასავლური ღირებულებებიც ჰქვია, თუმცა ქართულია, თავისი არსით.
  მეორე კატეგორია, რომელიც დაინტერესებულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, არის ხელისუფლებები და ეს არ დაწყებულა დღეს. პირველად ნოე ჟორდანიას ხელისუფლება დაუპირისპირდა ახლად ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიას, ამის შემდეგ იყვნენ ბოლშევიკები და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოსული ყველა ხელისუფლებაც კონკურენტად მიიჩნევდა ეკლესიას.
  ეკლესიის სიტყვას რომ უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ხელისუფლების სიტყვას, ეს აღიზიანებდა და აღიზიანებს ყველა ხელისუფალს. ამავე დროს ეკლესია, როგორც თავისუფალი ადამიანების სამჭედლო და ადგილი, სადაც ადამიანები ეზიარებიან თანადგომას, თავისუფლებას, თანასწორობას, საშიშია, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები საშიშები არიან.  მით უმეტეს, საშიშია ის ადგილი, სადაც ადამიანები ამ ღირებულებებს ეზიარებიან.
  მესამე კატეგორიაა, აგენტურასა და ავანტიურისტებს გამოვრიცხავ, ადამიანები, რომლებიც თავისი მოუმზადებლობითა თუ საქმეში ჩაუხედაობის გამო ერთვებიან ამ პროცესში. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატია და მეც, როგორც ძველი რაგბისტი, ამ გავლენას განვიცდი: რაგბის თამაშის ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომ, რაც შეიძლება, მეტი მოწინააღმდეგე ჩაითრიო შერკინებაში, რომ შემდგომ მოულოდნელად გაიტანო ბურთი ხაზზე, შექმნა მეტობა და დადო ლელო. აი, ასე ითრევენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შესაბამისად მომზადებულები ინტელექტით, არ არიან გამორჩეულები საქმის ცოდნით, ამ დროს სუსტდება ფლანგები და სადაც სუსტ წერტილს, ნაპრალს იპოვის, შემოვა მოწინააღმდეგე და დაგვიდებს ლელოს. აი, ეს ხდება დღეს: რაც შეიძლება, მეტი ადამიანი ჩაითრიონ ამ პროცესში, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაუჩნდეს პირადი მოტივაცია, რომ ამ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. მაგალითად, იმავე მამალაძის პიროვნული ინტერესია, შესაძლოა, არც ფიქრობს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს, დაუპირისპირდეს ეკლესიას. იგივე ითქმის რაღაცაზე გაღიზიანებული მეუფე იაკობის ქმედებებზე.
– რატომ ემსგავსებიან სასულიერო პირებიც კი საერო ხელისუფლებებს?
– სწორედ ესაა მათთვის პრობლემა, ფრონტალური შეტევა ეკლესიაზე არ გამოუვიდათ. ფრონტალური შეტევა განახორციელეს ბოლშევიკებმა, დახვრიტეს ღირსეული სასულიერო პირები და განდევნეს ეკლესიიდან, ანაფორა გახადეს, მაგრამ ჩაიშალა ეს შეტევა, არათუ მოიგერია ეკლესიამ ეს შეტევა, არამედ გაიმარჯვა და მათ, ვინც ამ მეთოდებით ებრძოდა ეკლესიას, ერცხვინება თავისი ქმედებების, ხოლო ვისაც არ ერცხვინება, აი, მას ჯერ კიდევ დიდი განსაცდელები აქვს წინ.
  ასე რომ, რაკი ფრონტალური შეტევა არ გამოუვიდათ, ტაქტიკა შეიცვალა, მოდი, შიგნიდან გავტეხოთ. ან ის ხალხი მოვძებნოთ, რომლებიც აშკარად ჩაერთვებიან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეუფე პეტრე მყავს მხედველობაში, რომლის საქციელმა, ალბათ, უფრო დიდი დარტყმა მიაყენა ეკლესიას, ვიდრე ნებისმიერი ფსევდო-ლიბერალური არასამთავრობო სექტორის ქმედებამ ან ვინმეს ნერვები უმტყუნებს, როგორც ეს მოხდა მეუფე იაკობის შემთხვევაში და ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩართული ამ პროცესში, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მეუფე იაკობმა შეინანა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, გადადგა ქორეპისკოპოსობიდან, საპატრიარქოს საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელობიდან, დარჩა მხოლოდ ეპარქიაში და მზად არის, რომ მიიღოს სხვა ნებისმიერი სასჯელი. თავადვე აღნიშნა, რომ მისმა ქმედებამ დააბრკოლა ხალხი, რომ სასულიერო პირს არ ეკადრებოდა არც ის ლექსიკა, არც მიმართვის ფორმა და შენდობა ითხოვა.
– ოღონდ, პეტრე ცაავამ რაც თქვა და ქმნა, იმას უკვე ზღვარს გადასცდენაც აღარ ჰქვია. რატომ აღმოჩნდა ის ამ აგონიისმაგვარ მდგომარეობაში?
– როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მას შესთავაზეს, სინანული გამოეხატა თავისი არასწორი აქტიურობის გამო. ფაქტობრივად, სინოდის ყველა წევრის საყვედური მიიღო და რადგანაც მასში ვერ ნახეს სინანული და თავხედურად მოიქცა, რაც არ შეეფრება სასულიერო პირის სტატუსს, გადაწყდა, რომ შეუჩერდეს მღვდელმსახურება და, როგორც იტყვიან, მარილის კურთხევის უფლებაც არ აქვს. თუმცა, შანსი დაუტოვეს, ადამიანურად და მამობრივად შეხედა უწმიდესმა ამ პრობლემას. ის გააშმაგა იმან, რომ მიხვდა თავის წარუმატებლობას. ადამიანს რომ ეშმაკი შეუჩნდება ბეჭებში, იცის, რომ გადაიჩეხება, მაგრამ თითქოს დაბრმავებულია და მაინც მიიწევს გადასაჩეხად. ეს შეეტყო იმითაც, რომ, სანამ ჟურნალისტები ეხვეოდნენ, მიკიბ-მოკიბვით ამბობდა და მანქანაში დაცულად რომ დაიგულა თავი, იქიდან წამოიძახა შეურაცხმყოფელი სიტყვები. ესეც ადამიანის ბუნებას გამოხატავს. სამწუხაროა, უყურო ადამიანის ასე დაცემას საკუთარი თვალით. მით უმეტეს, საქართველოს ეკლესიის ყოფილ მღვდელმსახურს, მაგრამ რეალობაა. და კიდევ ერთი: თავისი პირით აღიარა, ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. თუ ბოლო წლების განმავლობაში ამბობდა, რომ არ მართავს პატრიარქი ეკლესიას, რომ არ შეუძლია მას მართვა, მაგრამ სიმართლე მაინც ამოვიდა მისი პირიდან, რომ პირადად პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ანუ მანვე დაადასტურა, რომ პატრიარქია ის პიროვნება, რომელიც მართავს ეკლესიას. არადა, თუ ეს იცოდი, მაშინ ამდენი წელი რატომ თესავ ღვარძლსა და ბოღმას ქართველ საზოგადოებაში?! თორმეტ მოციქულს შორის ერთი იუდა იყო, ამდენად, არ არის მაინცდამაინც შოკისმომგვრელი, რომ საქართველოს ეკლესიაშიც იყვნენ ასეთები. ამხელა დაწესებულებაში შესაძლოა, შეგზავნილიც იყოს, აგენტიც იყოს, ავანტიურისტიც. ისევე, როგორც არ არის გამორიცხული, გულწრფელი ადამიანი, რომელსაც ჰგონია, ეკლესიის ინტერესებს იცავს, პირიქით, აღმოჩნდეს ეკლესიასთან დაპირისპირებულთა მხარეს. დღეს რა მთავარი პრობლემა დგას ჩვენი ეკლესიის წინაშე?! ეკლესია, სამწუხაროდ, იმ პროცესშია, რომ მოიგერიოს გარედან ზეწოლები, რომ გარედან ხელის ფათური როგორმე შეზღუდოს, თორემ ძალიან ბევრი ღირსეული სასულიერო პირია, რომელთაც აქვთ სურვილი, გამოასწორონ ვითარება, მაგრამ ვერ აკეთებენ ამას იმ უბრალო მიზეზით, რომ სახლს ვერ შეაკეთებ, თუ სახურავიდან წყალი ჟონავს, ანუ გარედან ხელი გეშლება. ჩვენი, ერისკაცების, ძირითადი ფუნქციაა, ის ხელები მივამსხვრიოთ, რომლებიც ამ სახურავს ხელოვნურად აზიანებენ. ჩვენი, ერისკაცების, მოვალეობაა, ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და მივცეთ საშუალება სასულიერო პირებს, თავიანთი საქმე აკეთონ, საამისო ისტორიული გამოცდილებაც არსებობს. მაგალითად, გიორგი მთაწმინდელმა, ქართული ეკლესიის უდიდესმა მამამ ვერ მოახერხა რეალური ნაბიჯების გადადგმა, რადგან ბაგრატმა ვერ უზურუნველყო საერო მხარდაჭერით, თავგასული ფეოდალები ხელს აფათურებდნენ ეკლესიის საქმეებში და ამიტომ გიორგი მთაწმინდელმა მოჰკიდა ხელი რამდენიმე ათეულ ბავშვს და წაიყვანა სასწავლებლად, მაგრამ იმავეს წარმატებით გაართვეს თავი გიორგი ჭყონდიდელმა და არსენ იყალთოელმა, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელმა უზრუნველყო, რომ ერისკაცებს მონაწილეობა არ მიეღოთ სასულიერო პირთა საქმიანობაში და იმიტომაც ავიდა მაშინ საქართველოს ეკლესია იმ სიმაღლემდე და რუის-ურბნისის კრებაც იმიტომ გაიმართა, რომ ამის ნება ჰქონდა ხელისუფლებას, რაც არ ჰქონდა ბაგრატ მეოთხეს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებები, პირიქით, ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან, რომ ეკლესიამ ეს პროცესი წარმართოს და ასეთ ვითარებაში ბრძოლის ველზე მარტო დარჩენილი ეკლესიისთვის რთულია შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ვთქვათ, დასასჯელია ესა თუ ის პირი, მაგრამ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები რომ ჩაერევიან და არევენ სიტუაციას, ამას როგორ მოერევა?! ამიტომ იძულებულია უწმიდესი, გაითვალისწინოს ეს, მიუხედავად თავისი უდიდესი სიყვარულისა ადამიანების მიმართ, უწმიდესი ძალიან მკაცრი  მმართველია და ასეთი რომ არ ყოფილიყო, იმ ეკლიან გზას ვერ გაივლიდა, რაც გაიარა.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress