პუტინმა ქართველთმოძულე ანდრეი სახაროვის სიტყვები აიტაცა

mamuk

For.ge 12.07.2019  მანანა ნოზაძე

ვლადიმერ პუტინმა სანქციები არ დაგვიწესა, მაგრამ ოკუპანტად გამოგვაცხადა. მცირემიწიანი საქართველო ვერასდროს იტყვის სიტყვებს „შირაკა სტრანა მაია რადნაია“, მაგრამ ამის მიუხედავადაც, რაც გვაქვს, ესეც ეზედმეტებათ რუს ოკუპანტებს საქართველოსთვის.

პუტინმა აიტაცა ქართველთმოძულე ანდრეი სახაროვის ფრაზა, რომელიც ამტკიცებდა, თითქოსდა საქართველო მცირე იმპერია იყო და ჩაგრავდა პატარა ერებს. სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახაროვი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და დისიდენტიც იყო, მაგრამ მაინც დამპყრობლურად აზროვნებდა. მოგვიანებით რუსები შეეცადნენ სახაროვის ნათქვამი შეელამაზებინათ და იმით აეხსნათ, რომ იმ დროს საქართველოში ძალზე გამწვავებული იყო ნაციონალური პრობლემები და აკადემიკოსმა სახაროვმაც ხმამაღლა განაცხადა ამის შესახებ, თუმცა სახაროვისეული შავბნელი იდეა არავის დავიწყებია – საქართველოს კონფედერაციად გარდაქმნის შესახებ, რომლის სუბიექტებიც იქნებოდნენ ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო. სახაროვის რეკომენდაციით, თურმე ასე გადაიჭრებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები…

ცხადია, გარდაცვლილ სახაროვსაც და ახლანდელ კრემლსაც ძალიან კარგად ეცოდინებოდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ რატომ სურს პუტინს თავიდან დაწეროს საქართველოს ისტორია?

——————-

სახალხო პარტიისლიდერი მამუკა გიორგაძე For.Ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინს საქართველოს ისტორიის თავიდან დაწერა სჭირდება იმისთვის, რომ თავისიანებთან მორალურად ჰქონდეს სათქმელი. მაგრამ პუტინში არ არის პრობლემა, ის მტერია და იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს მტერი. სამწუხაროა, რომ, როცა პუტინი საუბრობს ე.წ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთზე, ამ დროს საქართველოს ხელისუფლებაში, მედიაში, ოპოზიციაში, რატომღაც ყველგან მცდარად მოიხსენიება ტერმინი ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“, როგორც დე ფაქტოდ არსებული ადმინისტრაციული ერთეული.

„ამას ჩვენ თვითონვე მთელ მსოფლიოს ვუმტკიცებთ და ზუსტად ეს არის პუტინის მსახურება. როდესაც შენ ბიუჯეტით აფინანსებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტაციას, ესეც პუტინის „ისტორიული წიაღსვლების“ გამართლებაა. როდესაც 2000 წლამდე ქართველთა აქტიურობის შედეგად საერთაშორისო ორგანიზაციებში მივიწყებულ იქნა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და მას ცხინვალის რეგიონად მოიხსენიებდნენ, სააკაშვილმა კი ხელახლა აღადგინა ეს ტერმინი, ასევე, აღადგინა დროებითი ადმინისტრაციული ერთეული და დღესაც ამას არ აუქმებენ, ესეც პუტინის მსახურებაა; როდესაც დავით გარეჯში ერთი ამბავია ატეხილი და ამ დროს საქართველოში გამოიცემა ტომეულები, სადაც „ცნობილი ქართველი მეცნიერები“, თავის დროზე საბჭოთა შეკვეთებს რომ ასრულებდნენ, ხელახლა აყალბებენ ისტორიას და იმ წიგნებს ხელახლა გამოსცემენ, ესეც პუტინის მსახურებაა“,-მიაჩნია მამუკა გიორგაძეს.

მისი თქმით, ამ გაყალბებულ წიგნებში წერია, თითქოს ქალაქ რუსთავამდე ტერიტორია ეს არის კავკასიური ალბანეთი. სულ ბოლოს საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოვიდა, პროპაგანდირებული წიგნი, სადაც ნახავთ, რომ კავკასიის ალბანეთი თითქმის რუსთავამდე მოდის და თითქოს ალბანური ტერიტორიების გაქართველება შემდგომ პერიოდში მომხდარა. ზუსტად ეს არის რუსული ისტორიოგრაფიის გაგრძელება.

მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ დღეს ზუსტად ის საბჭოთა ისტორიული სკოლის მიმდევრები არიან გრანტებით დაჯილდოებულნი, რომლებიც მსგავს „ისტორიებს“ წერენ. თუნდაც იმავე ჰერეთთან დაკავშირებით, ესეც გამოაცხადეს ალბანურ ტერიტორიად, რომლის ქართიზაციაც თურმე მოგვიანებით მომხდარა.

რაც შეეხება ანდრეი სახაროვს, მამუკა გიორგაძის განმარტებით, სახაროვი საბჭოთა კავშირის სამგზის გმირი იყო, რომლმაც გამოიგონა წყალბადის ბომბი და, რომელიც, სხვათა შორის, კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად ბომბის გამოყენებას თვლიდა. სახაროვი რუსული ძლიერი იმპერიის მომხრე იყო, უბრალოდ, მას სურდა, სხვა ფორმით ეხილა რუსეთი, როგორც მაგალითად დეკაბრისტებს. დეკაბრისტებსაც სხვანაირი რუსეთი უნდოდათ, თორემ იმპერიულ რუსეთზე უარს არ ამბობდნენ, პირიქით, დეკაბრისტებიც მოითხოვდნენ კავკასიელების გასახლებას ჩვენივე ტერიტორიიდან. ამ დროს კი დეკაბრისტები ყველაზე დემოკრატულ მიმდინარეობად იყო ცნობილი რუსეთში.

„დღეს აფხაზეთზე ვსაუბრობთ და გვავიწყდება ჩვენივე მეცნიერები რას ამბობენ, როგორ იქცევიან. ამ ყველაფერს განაპირობებს ისტორიოგრაფიის საბჭოთა სკოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. დღესაც ვერ მოხერხდა საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიის დადგენა. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის 1954 წლის ცეკას დადგენილება, რომლითაც დაგმობილია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა და, რომლითაც მოითხოვენ, გადაიხედოს ქართველი ერის განსახლების არეალის შესახებ ინფორმაციები. იგივე მექანიზმი მუშაობს დღესაც. ხშირ შემთხვევაში, იგივე პიროვნებები არიან, ამიტომ სიღრმისეულად არ მიმდინარეობს საქართველოს ისტორიის საკითხების შესწავლა, ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას პოპულარული ენით არ ეუბნებიან სინამდვილეს. ცხადია, ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს რუსეთი. სინამდვილეში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შექმნა გადაწყდა კავკასიის ბოლშევიკური პარტიის ბიუროს სხდომაზე 1920 წელს. ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ შეიქმნა 1920 წელს როსტოვში კავბიუროს სხდომაზე და, როგორც კი შემოვიდნენ წითლები საქართველოში, 1921 წელს განახორციელეს კიდეც ეს ავტონომიური ერთეული.

2008 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, სააკაშვილმა აღადგინა ეს ერთეული და გაიმეორა ის, რაც 1920 წელს გააკეთა რუსეთის ბოლშევიკური პარტიის კავბიურომ. კავბიუროში ორჯონიკიძე იყო, ბუნებრივია, სტალინის ნებართვის გარეშე არაფერი გადაწყდებოდა. ყველაფერს თავი გავანებოთ, ისტორიოგრაფიაში ყველას ახსოვს ცნობილი დავა ლენინსა და სტალინს შორის, როდესაც ლენინი ითხოვდა საბჭოთა კავშირის შექმნას, ხოლო სტალინი ითხოვდა რესპუბლიკების ავტონომიური სტატუსით შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენობაში. საბოლოოდ ლენინის იდეამ გაიმარჯვა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი შეიქმნა. ასე რომ, ქართველებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, რადგანაც იმ დიდი სახელმწიფოს მეთაურად არავინ მიუშვებდა ისეთ ქართველს, რომლის ისტორიული ტერიტორიაც არ იქნებოდა დიდი საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი“.

მამუკა გიორგაძის აზრით, რუსეთთან მიმართებით არც უაზრო კივილ- წივილია საჭირო, არც ლანძღვა-გინება და არც ლოკვა რუსეთისადმი, ჩვენ გვჭირდება გაწონასწორებული, ზომიერი, ძლიერი პოლიტიკური ჯგუფის გამოსვლა სარბიელზე და სახელმწიფოს მშენებლობა ინსტიტუტების გაძლიერების გზით.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress