„რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულება გააფორმა“

giorgadze-1

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ხშირად სპეკულაციისთვის იყენებენ და მცირე რაოდენობით დარჩენილი ვეტერანების ალალ გრძნობებზე თამაშობენ. როგორც წესი, სწორედ 9 მაისისთვის იწყება რუსეთიდან გააქტიურება – რუსი ბაიკერების „ღამის მგლების“ მიერ სხვადასხვა ქვეყნის დალაშქვრა და პრორუსულ განწყობებზე ნადირობა, გეორგიევსკის ლენტების ბუმი, რომლის მიბმასაც 9 მაისთან ცდილობენ… როგორც გეორგიევსკის ლენტების გამოყენების მოსურნეები გვარწმუნებენ, „ზა პაბედუ“-სწორედ ასეთი მედალი გამოუშვა სტალინმა და მას გეორგიევსკის ლენტი მიაბნია. თურმე ასეთივე ლენტი ჰქონდა ბოროდინოს ბრძოლის გმირს პეტრე ბაგრატიონს.

შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც თბილისში, ბათუმსა და გორში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ აქცია რუსეთის პარალელურად ჩატარდება. პრორუსული ორგანიზაციები სწორედ ამ სამ ქალაქში აპირებენ აქცია-მსვლელობის გამართვას და ირწმუნებიან, რომ „უკვდავი პოლკი“ იმ სურვილის დემონსტრირების საუკეთესო საშუალებაა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს მათი წინაპრების გმირობას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მნიშვნელობას. სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოვა ქალაქების ქუჩებში, გაივლის მარშით თავიანთი ნათესავების პორტრეტებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, ან ზურგში მუშაობდნენ.

„უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი ანჟელიკაზახაროვა, „უკვდავი პოლკის“ ხელმძღვანელი საქართველოში რევაზ გოგიძე (ანჟელიკა ზახაროვას მეუღლე), საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირ „სამშობლოს“ პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი, „საქართველოს კაზაკთა მრავალნაციონალური კავშირის“ ატამანი მიხეილ ტელესნიკი. ანალოგიური მსვლელობები მოეწყობა რუსეთში, ესტონეთში, ბელორუსში, მოლდოვაში. აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად 2011 წელს ტომსკში იყო ორგანიზებული. თუმცა კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი 2015 წლიდან მიიღო. რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შარშან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც მოეწყო.

ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკი“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგებას ისახავს მიზნად, რეალურად კი ეს მოსკოვიდან დაფინანსებული მასშტაბური საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც, პუტინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება, რამაც საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს.

რევაზ გოგიძის მტკიცებით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა შარშან მოსკოვოდან დაფინანსებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, რევაზ გოგიძე ირწმუნება, რომ არავითარი პრორუსულობა მათ მოძრაობაში არ არის, ისინი მხოლოდ დაღუპულ გმირებს იხსენებენ.

როგორ უნდა ვიზეიმოთ 9 მაისი ისე, რომ გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე რუსოფილობა არ დაგვწამონ?!

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთები ცდილობენ, ხელოვნურად დაუპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. როდესაც ვსაუბრობთ ე.წ. უკვდავი პოლკის რუსულ ნარატივზე, ესეც რუსული პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილია. დღევანდელ რუსეთს და, საერთოდ, საბჭოთა რუსეთს კაცობრიობის წინაშე რაიმე დამსახურება არ მიუძღვის, გარდა იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე ისინი ფაშისტურ გერმანიას დაუპირისპირდნენ. პირველ ეტაპზე კი რუსეთი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რუსები და გერმანელები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ფაშისტური გერმანიის პარტნიორად ითვლებოდა. სწორედ ამის მიჩქმალვა სურთ რუსებს და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტს იშველიებენ.

„ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა რომ დადებითი მოვლენაა, ეს ძალიან კარგად იცის თითოეულმა ჩვენგანმა. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უნდა აღვნიშნოთ კიდეც ფაშიზმზე გამარჯვება, მაგრამ რუსულ ნარატივში, რუსულ პროექტში არ უნდა ჩავსხდეთ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას აღნიშნავენ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები – გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ამერიკა. ისინი აღნიშნავენ არა იმას, რომ ვიღაცამ ვიღაცას ომი მოუგო, არამედ იმას, რომ ფაშიზმი განადგურდა. ჩვენც სწორედ ამ კუთხით უნდა აღვნიშნოთ 9 მაისი და არა ისე, რომ თურმე საბჭოთა კავშირმა მოუგო ფაშისტურ გერმანიას. აქ სიტყვების თამაშია და შესაძლოა, პოლიტიკაში ჩაუხედავმა ადამიანებმა ვერც გაარკვიონ განსხვავება, მაგრამ იმან, ვინც ამაზე საუბრობს, ნამდვილად იცის ეს განსხვავება. ამიტომ როდესაც ცალკეული პირები 9 მაისის აღნიშვნას მოითხოვენ, საუბრობენ არა იმასთან დაკავშირებით, რომ ფაშიზმს ვებრძოლოთ ან ცივილიზებულ სამყაროს შევუერთოთ ხმა, არც იმაზე საუბრობენ, რომ ქართველებმა დიდი როლი შეიტანეს ამ საქმეში და ბევრი მათგანი შეეწირა ამ ყველაფერს, არამედ საუბრობენ სწორედ იმისთვის, რომ რუსეთს მოუგონ გული, რუსეთთან მოძებნონ შესაძრომი, რადგან ღიად ვერ ამბობენ თავიანთ რუსულ მიმართულებას. ღიად ვერ ამბობენ, რომ ან აგენტები არიან, ან ფულს იღებენ რუსეთისგან, ან შემცდარნი არიან და ამ ფორმით, ამ კეთილშობილური იდეის ქვეშ სურთ რუსული პროპაგანდის გავრცელება“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

მისივე თქმით, იგივე ითქმის ე.წ. გეორგიევსკის ლენტის შესახებაც. არანაირი შეხება ამ ლენტებს მეორე მსოფლიო ომთან არ აქვს, გეორგიევსკის ლენტების მფლობელი, ასევე, გეორგიევსკის ორდენისა და მედლების ყველა კავალერი საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომამდე დახვრიტა. არც ერთ კავალერს არ უომია მეორე მსოფლიო ომში და, საერთოდ, გეორგიევსკის ლენტა ეს იყო რუსეთის იმპერიის სიმბოლო და არა მეორე მსოფლიო ომის რაიმე ატრიბუტი. გეორგიევსკის ლენტა ეკატერინე მეორეს დროიდან, ყირიმის აღებიდან, რუსეთ-თურქეთის ომიდან მოდის. რატომღაც ახლა ამ ყველაფრის ერთმანეთში აღრევა ხდება, ხოლო რუსეთს, რომელსაც მეტი საამაყო არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ ბოლო ეტაპზე მიიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა, ამით სურს ჩაითრიოს დანარჩენი სამყარო და ცდილობს, იმოქმედოს სუბიექტურ განწყობაზე, ვეტერანებზე, დაღუპულთა ოჯახებზე.

„ხელისუფლების ჩუმი თანხმობით და ფარული პროპაგანდით საქართველოდანაც ჩადიან ხოლმე 9 მაისის აღსანიშნად რუსეთში. ამით უდასტურებენ თავიანთ მორჩილებას რუსეთს ისევე, როგორც ერთ რამედ ღირდა ბატონი ლუკაშენკოს გამოსვლა, როცა მან აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი მას თურმე მთელი სუფრის მსვლელობისას თვალცრემლიანი უმტკიცებდა, როგორ უყვარდა რუსეთი. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი ღია დიალოგი ემოციების გარეშე და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რას ნიშნავს რუსეთის დღევანდელი მოქმედებები. ამით მარტივად გაირკვევა ყველაფერი. ვინც ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთს უცხადებს მორჩილებას და იმის იმედი აქვს, რომ გარკვეულ პრივილეგიას მიიღებს, ყოველ შემთხვევაში, რუსეთიდან ბანდეროლით საჩუქარს მაინც გამოუგზავნიან. თუმცა გულწრფელი ადამიანებიც არიან, ვეტერანებს არაფერს ვერჩით, რომლებმაც მამაცურად იბრძოლეს. ჩემს გარშემო ბევრი ბაბუა ჯერ კიდევ ცოცხალია და ღმერთმა აცოცხლოს. ცხადია, ეს იმათ არ ეხებათ, ვინც კახეთიდან ბერლინამდე ჩავიდა, რადგან ეს მათი ცხოვრებაა“.

მკვლევარი მუხრან გულიაშვილი  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 9 მაისის აღნიშვნას საგანმანათლებლო ხასიათიც უნდა ჰქონდეს, რადგან ახალგაზრდებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებიან, არაფერი იციან საბჭოთა კავშირის ან ფაშიზმის შესახებ. ამდენად, თუკი 9 მაისი აღინიშნება და საგანმანათლებლო ხასიათი მიეცემა, ცუდი არ იქნება.

„დღევანდელმა მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რა იყო საბჭოთა კავშირი, საკუთარი დასკვნა გამოიტანონ და ისტორიას ანალიტიკურად მიუდგნენ. ასევე, მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რა იყო ფაშიზმი, როგორ დავამარცხეთ იგი. სამწუხაროდ, ალბათ, ეს ისევ ჩვენი განათლების სისტემის ბრალია, რადგან მე-8-9 კლასელების უმეტესობამ არაფერი იცის სტალინზე, ჰიტლერზე. წესით, უნდა იცოდნენ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ძალიან ბუნდოვნად გიპასუხებენ. წლევანდელ წელსაც კონკრეტულად რა მიზანი აქვს 9 მაისის აღნიშვნას, არ ვიცი, მაგრამ საგანმანათლებლო ხასიათი თუ ექნება და ვეტერანებსაც მივაგებთ პატივს, კარგი იქნება. ხოლო, თუ „უკვდავ პოლკს“ სხვა ზრახვები აქვს, შესაბამისმა უწყებებმა, ალბათ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress