“სახალხო პარტიის” განცხადება

gerbi

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩამოსაყალიბებელი და შესათანხმებელი გვაქვს სახელმწიფოებრივი   მდგრადობის  ძირითადი  პარამეტრები  და  ორიენტირები, რას უნდა  ეფუძნებოდეს ის და რა ღირებულებები უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი ცხოვრების წესს: გვინდა თუ არა შევქმნათ სახელმწიფო, როგორ საზოგადოებად  ვხედავთ საკუთარ თავს, ან როგორი გვინდა, რომ ვიყოთ? ვიქნებით კაცობრიობის  პარტნიორი ერი, თუ საბოლოოდ  დავკარგავთ  ჩვენს თვითმყოფადობას? გავხდებით  მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტი, თუ კვლავ  დავრჩებით სხვისი ზრუნვის და, შესაბამისად, მის ინტერესების გამტარებლის როლში?

იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციები არ მუშაობს და მეტიც,  თითქმის არ არსებობს, სამწუხაროდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. საკამრისია მეტ-ნაკლებად დაიძაბოს სიტუაცია საზოგადოებაში,  რომელიღაცა რიგითი პოლიტიკური, კრიმინალური, საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის პრობლემის გამო, რომ მაშინვე ისმის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული  მოწოდებები მიტინგების, მარშების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით და სანამ დუღილის წერტილი მაქსიმუმს არ მიაღწევს, მანამდე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ყველა შემთხვევაში ნულის ტოლია.

თითქოსდა ჩვენი მხრიდან მიტინგების და მსვლელობების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაოცებას უნდა იწვევდეს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენ, ის ადამიანები ვისი ორგანიზებითაც მოეწყო საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავალი  ქუჩის აქცია, მათ შორის, გარდამტეხი 1988 წლის  ნოემბრის აქცია და ვისაც ჩვენი შეგნებული პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში (საპროტესტო აქციებში),  უკომპრომისო დაპირისპირებებში (არც ციხე დაგვკლებია და არც თანამებრძოლთა მკვლელობები)  გვაქვს გატარებული და არასდროს უკან არ დაგვიხევია, ვთვლით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირება მუდმივი დაძაბულობის ფონზე დაუშვებელია და ინსტიტუციები უნდა მართავდეს ქვეყანას, მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ქვეყნის სათავეში.

კანონი უნდა კანონებდეს ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის კანონი უნდა არსებობდეს და ისეთი კანონი რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება შემუშავებული და დანერგილი.

ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ აუცილებელია განუკითხავი იმიგრაციის აღკვეთა და გაჭირვებისაგან გამოწვეული მასობრივი ემიგრაციის შეჩერება. ამ პრობლემის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე დიდ ხანია ითხოვს სახალხო პარტია და ქართული საზოგადოება, თუმცა ხელისუფლება ამას ყურად არ იღებს.

დაუშვებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო ყოველგვარი კვოტების დაწესების და გათვალისწინების გარეშე  პასიურად უშვებდეს, ასტიმულირებდეს ან სხვა რაიმე მოტივით ურიგდებოდეს საქართველოში უცხოეთიდან იმიგრაციას.  კანონით დადგენილი ქვოტები უნდა ემყარებოდეს მეცნიერულ  გათვლას და ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს, ხოლო  მისი დამტკიცება უნდა ხდებოდეს მაღალი ქვორუმით პარლამენტის მიერ.

ამავე წესით აუცილებელია იზღუდებოდეს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ქვოტა და პროცედურა; (ორმაგი მოქალაქის არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის უფლებამოსილი პირი მოვალეობებით დატვირთულია სხვა, უფრო ძლიერი სახელმწიფოს წინაშე).

სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების და ნორმალური კანონმდებლობის არ არსებობის გამოა, რომ  ბოლშევიკური ფსიქოლოგია ისევ დღევანდელობის შემადგენელი ნაწილია და თუ მაშინ “ინტერნაციონალური სოლიდარობის” სახელით ხდებოდა ქართველების დამცირება, დღეს – “ტოლერანტობის” კომპლექსით შეპყრობილი ხელისუფლება უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას. კანონის დაცვაზე არც მაშინ ფიქრობდნენ არც დღეს!

დრო ჯერ კიდევ არის და მივმართავთ ხელისუფლებას დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ბოლო 30 წელი გვიჩვენებს, დღევანდელი ხელისუფალიც თავისი წინამორბედების არასახარბიელო ბედს გაიზიარებს. პოლიტიკას და ისტორიას თავისი კანონები აქვს, ის არავის ინდობს და შეცდომებს არ პატიობს.

დასაჯეთ დამნაშავე და დაიცავით კანონი!

ფეხბურთს რაც შეეხება, ვისაც გინდათ და როდესაც გინდათ თქვენი და არა სახელმწიფოს სახელით იმას ეთამაშეთ.

ამ ქვეყანაში უცხოელთა უფლებები მხოლოდ მაშინ იქნება დაცული, როცა სახელმწიფოს მოქალაქეების უფლება იქნება გარანტირებული ყველაფერში.

სახალხო პარტია

11.04.2018

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress