ქართველი ერის დიდი გამანათლებელი – ივერია #20 11 1978 პარიზი

მინდია ლაშაური

ჟურნალ ,,საბჭოთა ხელოვნების” ამა წლის მეექვსე ნომერი თითქმის მთლიანად მიძღვნილია დიდი ქართველი მამულიშვილის საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის მამამთავრის ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი.
ჟურნალი იხსნება ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას სტატიით ,,ილია ჭავჭავაძე და სალიტერატურო ქართული ენის ერთიანობის საკითხი.”
აკადემიკოსი ა. ჩიქობავა მოგვითხრობს თუ როგორ და ვისი მეოხებით მოხდა ქართული ენის რეფორმა მეცხრამეტე საუკუნეში და ამბობს, რომ საკითხი გადაწყდა ერთი ენის სასარგებლოდ და ეს ერთი ენა უნდა ყოფილიყო ხალხის ენა; ,,ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკოსიო”. ეს იყო ილია ჭავჭავაძის დებულება და ამ დებულებამ გაიმაეჯვა. ამ ხალხური ენით დაიწერა ქართული პროზის შედევრი ,,ოთარაანთ ქვრივი”, იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენა”-ო.
შემდეგ მოდის მეცნიერ აკაკი გაწერელიას სტატია ,,დიდი მასწავლებელი”. ავტორს მოჰყავს მოხევე ლელთ ღუნიას ნათქვამი: ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” და ამ დევიზმა განმსჭვალა ქართველი ერის შეგნება. ეს დევიზი ვეება ზარივით რეკდა ჩვენი ერის სულიერ და გონებრივ სამრეკლოზე”-ო. ა. გაწერელია ამბობს: ,,ახალი სალიტერატურო ენის მშენებელი, პოეტი და ბელეტრისტი, დრამატურგი და თეატრის მოამაგე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი მთარგმნელი და ლიტერატურეს კრიტიკოსი, ღრმა პოლიტიკური მოაზროვნე, ეკონომისტი და ფინანსისტი, საზოგადოებრივ საქმეთა მოთავე, ასეთია მოკლე სია ილიას მოღვაწეობის სფეროებისაო”.
კიდევ მეტი იყო პატივცემულო მეცნიერო ილია ჭავჭავაძე _ იგი არის ჩვენთვის ღმერთის წყალობა. იგი ზეცით მოვლენილია _ მზით, რომ ათბობს ქართულ ეროვნულ სულს.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის მიწიერი ზეციერსა. . . .
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა!
აკი წარუძღვა კიდეცა! რის წამების ჯვარი გოლგოთაზე აიტანა და დაეცა ერის საკურთხეველზე.
,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებააო, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია” მაშასადამე საქართველო უწინარეს ყოვლისა! აი ილიას მრწამსი მისი დროშა, ხრმალი და ბრძოლის შეძახილი.
,,მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!”
,,ძლიერო ღმერთო! მოჰმადლე ქართველს ქართველის ნდობა და სიყვარული და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!”. . .
ყველაფერს შეეხნენ ჩვენი მეცნიერები და პუბლიცისტები, მაგრამ გვერდი აუარეს მის უკვდავ სიტყვას ,,მამული”. ეს ვიღაცის ანგარიშში არ შედის. ჰოდა ილიას იდეალია ერთიანი, განუყოფელი მამული და არა დასებად დაპირისპირებული და დაყოფილი საქართველო.
,,მოჰმადლე ქართველს ქართველის ნდობა და სიყვარული”.
ჩვენი პუბლიცისტები არც იმას შეხებიან, თუ როგორ ესმოდა ილიას შრომის სუფევა:
,,მაშინ მაშვრალო, შენც განკაცდები, წართმეულ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,
სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები, არც ვის ემონვი, არც ვის იმონვებ.
მაშასადამე, არა აღვირახსნილი დიქტატურა ეგრეთწოდებულ პროლეტარიატისა.
გაბატონებული აზრი იყო, რომ ილია უცხო იყო მდაბიო ხალხისათვის.- მიუკარებელი ვით მწვერვალი მყინვარისა. მთელი მისი მოთხრობები: კაცია ადამიანი?”, ,,გლახის ნაამბობი”, ,,ოთარაანთ ქვრივი”, პოემა ,,კაკო ყაჩაღი” და მისთანანი მშრომელი ხალხისადმი სიყვარულითაა გამთბარი. რა იყო ის უსამართლობა, რასაც ილია ებრძოდა? ეს იყო ბატონყმობა. ,,კაკო ყაჩაღი” ამხედრებაა წინააღმდეგ ამ სისტემისა. კიდევ მეტი: ასეთი სიმკაცრით ქართულ მწერლობაში, როგირც ილია ჭავჭავაძე _ ბრწყინვალე გვარიდან, არავინ გამოსულა.
ილია ყველაფერია ქართულ ცხოვრებაში. იგი როგორც მოურავი ყველაფერ ქართულს თავს დასტრიალებს: საადგილ-მამულო ბანკი, ქართული თეატრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მშობლიური ლიტერატურა, ჩვენი ისტორია და მისი დაცვა.
ვისგან იცავდა ილია საქართველოს ისტორიას, მის წარსულსა და სახელს? _ ყოველგვარ შავრაზმელებისაგან, ეროვნული ნიჰილისტებისაგან, დათვური სამსახურის გამწევთაგან. 1801 წელს წაქცეულ საქართველოს, ყველა სხეულსა გლეჯდა. ყიდდნენ მას ცალობით თუ ბითუმად, მფარველად მოწვეული თუ შემოხიზნული, პატივმოყვარე თუ მიტმასნილი, მტერი თუ უგნური მეგობარი. ამ საუკუნეში არ ჩანდა ადამიანი, რომელიც ერს დაიცავდა.
,,მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” დასჭექა ჩვენმა დიდმა მოამაგემ და ილია 1905 წელს გამოდის საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით.
ჟურნალში არაფერია თქმული სახელმწიფო საბჭოს წევრად ილიას არჩევის შესახებ. 1906 წელს მარტში ილია ჩავიდა პეტერბურგს თავად-აზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე. იმავე წელს არჩეულ იქმნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. კორესპონდენტებთან ინტერვიუში ილია პირველ რიგში, ეხება ქართველი ხალხის აწიოკების საქმეს მეფის, დამსჯელი რაზმების მიერ. ჰოდა, საბჭოს პირველივე სესიაზე, ოცდაორ აგვისტოს ილია გამოდის მეფის მთავრობისადმი კრიტიკით. მეორე სხდომაზე კი, ილია წარმოსთქვამს თავის შეუპოვარ სიტყვას სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა მას რეპლიკა ესროლა. ილია მაგრად დაუხვდა მას და განაგრძო: რაც შეეხება ჩვენი ეროვნული დროშის ასე ჩვარში გახვევას, მე მინდა მოვაგონო ბატონ გურკოს ის, რომ ქართული დროშა ორიათასი წლის მანძილზე ქართველობას სახელითა და დიდებით ხელში სჭერია, თავის სისხლში ამოუვლია… და ბოლოს, რა მთავრობაა ის მთავრობა, რომელსაც თავისი ბატონობის შენარჩუნების საშუალებად მხოლოდ მათრახი და სახრჩობელა დარჩენია”.
,,მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!” დასძახოდა მთელ ერს ჩვენი დიდი მოურავი და სკოლების გახსნას შეუდგა აჭარაში. ქვეყნის გულმკერდიდან ძალით მოგლეჯილ და შემდეგ კვლავ დაბრუნებულ მხარეში, იქ სადაც კვნესოდა ქართული სული. მომხდურნი აქ მკვიდრ ქართველებს, ვინაობასაც კი ავიწყებდნენ. გვარები ოღლებად ჰქონდათ გადაკეთებული. აჭარას ამ დროს ილია მფარველად და განმანათლებლად მოევლინა. ბათუმში მისი თაოსნობით 1881 წლის მარტში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა. ჰაიდარ აბაშიძე, რომელმაც დიდად იღვაწა ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა დაძმობილებისათვის მოგვითხრობს: ,,მეც მქონდა ბედნიერება პირველი ნათლობა ამ სკოლაში მიმეღო. 1900 წლიდან სხვა აჭარლებთან ერთად მეც ამ სკოლაში ვსწავლობდი, აქ ვეზიარე პირველად იმ შეგნებას, რომ ჩვენ აჭარლები თათრები კი არა ქართველები ვართ”-ო.
იმ დროს როცა ჩვენი მტრები, სამეგრელოს ჩამოშორებას ლამობდნენ, საქართველოსაგან, ილია ესტუმრა სამეგრელოს. სურდა მეგრელთა, ამ ძველ კოლხთა სულსა სწვდენოდა უშუალოდ. ცოტნე დადიანის სამშობლო, ქართველური გრძნობით დახვდა მას. ილიას სამეგრელოში ჩასვლა ქართული სულის ტრიუმფად იქცა. მეგრელთა ქართული სულით აღფრთოვანებულმა დიდმა ქართველმა წარმოთქვა მაშინ: სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო. მართლაც ივერიას კოლხეთით უამაყია. მეგრელი კოლხობას შინაგან ეტრფის, ხოლო ბედი ქართლისათი სუნთქავს. აქ ჯებირს ვერავინ აღმართავს ვერავინ აღმართავს. მეგრელი არაგვსა და ენგურს ერთნაირად ეტრფის.
ილიას იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალ ,,ცისკარში” მოთავსებულია ერთი უცნაური შენიშვნა: ,,სინამდვილედ იქცა რასაც ოცნებობდა ილია, დღეს მის იუბილეს აღნიშნავს თავისუფალი, ბედნიერი სოციალისტური საქართველო”. . . არ გავაგრძელებ თუ როგორ ბედნიერია დღეს საქართველო, ჩემზე არანაკლებად მოეხსენება ცისკრის თანამშრომლებს. ხოლო თითქოს ილია სოციალისტურ საქართველოზე ოცნებობდა, სომართლეს მოკლებულია, რადგან ილიას სოციალიზმისა არაფერი სწამდა. მთელი მისი მოძღვრება ქართულ ეროვნულ ნიადაგზეა აგებული. ილიას, რომ ეს გაეგონა, საფლავში გადაბრუნდებოდა.
რა გრძნობით აღსავსეა ის სიტყვა, როცა ილია მოხევეს პასუხობს: ,,მიგიხვდი, ჩემო მოხევე რა ნექტარითაც ხარ ნაჩხვლეტი. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო _ სთქვი შენ და მე გავიგონე. მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდან გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დარჩეს ეს გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის? ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი”.
ბევრი უბედურება მოსვლია საქართველოს, მაგრამ 1907 წლის აგვისტო შავ ლაქად დარჩაება ქართლის მატიანეში. ასჯერ წყეულთა ხელი შეეხო, ხელი ბინძური საქართველოს გვირგვინს ერის მამას. . . წიწამური შეიღება ილიას უმანკო სახელით.
ორმოცდაათ წელიწადს ზრდიდა და უვლიდა ქართველ ერს ილია. ამიტომ არის იგი მისი მეთაური გონება და ბელადი. ბელადობისათვის მაგარი ძირია საჭირო, ფესვები ღრმად უნდა ჰქონდეს მიწის წიაღში, რომ ვერავითარმა გრიგალმა ვერ მოგლიჯოს ვერც შეარყიოს. ასეთი იყო ილია ქართული აზროვნების გოლიათი. აი ვისი სისხლით შეიღება წიწამური . . .
,,უგნურებმა იესოც აცვეს ჯვარს, მაგრამ ჯვარცმულმა მსოფლიო დაიბყრო. ქართველმა ერმაც ილია თავის საფიცრად გაიხადა, ვით უდიდესი, ყველაზე უპირველესი შვილი ქვეყნისა. ილია ცოცხალია, განა მკვდარია! ის ქართველმა ერმა გააცოცხლა. ის მარადიულია, რადგან ილია ქართველი ერია, მისი გული, მისი უკვდავება. ილია იცოცხლებს ვიდრე საქართველო ცოცხალია. აწ ილია არ მომკვდარა, მამულისათვის რჩება ლამპრად! ”
სთქვა აკაკიმ ილიასთან გამოთხოვებისას.

მინდია ლაშაური.

(კუჭუხიძე ილია )

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress