წ ა რ ს უ ლ ი ს ს უ რ ა თ ე ბ ი – გივი გაბლიანი

givi gabliani

ივერია #20 11 1978 პარიზი
ამერიკელმა მოგზაურმა მაინარდ ოუენ ვილიმსმა 1918 წლის ოქტომბრის ამერიკულ გეოგრაფიულ ჟურნალში ვრცელი ნარკვევი მოათავსა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ის დასწრებია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის და კათალიკოსის კურთხევის ზეიმს მცხეთაში, 1917 წლის 12 ოქტომბერს. იგი ამ ზეიმის მომხიბლავ სურათებს აღწერს: ქალ-ვაჟთა გუნდს და ჩვენი რელიგიის ,,ჩემპიონებს” _ ჯვაროსან ხევსურებს, რომელნიც ფარ-ხმლით აღჭურვილნი და აბჯარ ასხმულნი მოჰყვებოდენო პროცესიას. ვილიამსი აგრეთვე ვრცლად ეხება საყოველთაო თავისუფალ და საიდუმლო არჩევნებს საქართველოში და შენიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ისეთივე მეთოდებით, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყნებშიო. დედაკაცები მხურვალე მონაწილეობას ღებულობდნენ საიდუმლო კენჭისყრაში და ხშირად ხმას აძლევდნენEსხვა კანდიდატს, ვიდრე მათი მეუღლეებიო. მისი თქმით, კენჭისყრის უფლება ბოლშევიკებსაც ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ თვრამეტი ათასი ხმა მიიღეს და აქედან თორმეტი ათასი ხმა დემობილიზებულმა რუსმა ჯარისკაცებმა მისცესო.
ამავე ნარკვევში ავტორი აღტაცებით წერს საქართველოს ისტორიასა და თხრობას ასე ამთავრებს: ,,ათას ცხრას თვრამეტი წლის ოცდაექვს მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არავინ იცის შეძლებს თუ არა საქართველო თავის დაცვას თურქებისა და გერმანელებისაგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო უბრძოლველად არავის დაემორჩილებაო”. (ეტყობა, ამერიკელი მოგზაური, ან არ იცნობს გერმანელების მიერ ნათამაშევ როლს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, ან ტენდენციურად სდუმს ამ საკითხზე, როგორც გერმანიის მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენელი). იგი მოწმე ყოფილა სამგლოვიარო პროცესიისა, სადაც ბრძოლაში ერთად დაცემულ ქართველ და გერმანელ ჯარისკაცებს საერთო სასაფლაოსაკენ მიასვენებდნენ. ესენი იყვნენ მსხვერპლნი საქართველოს საზღვრების დასაცავად, ქართველთა და თურქთა შორის მომხდარ ბრძოლისა.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გერმანიის რაიხსტაგის სხდომათა ანგარიშები – 1918 წლის, 24 და 25 ივნისის თარიღით. გერმანელი დეპუტატები ერთსულოვნად მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ყოველგვარ დახმარებას აღუთქვამდნენ მას. ოცდასამი წლის შემდეგაც, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ამ ისტორიულმა ფაქტმა, მრავალი ქართველის ფსიქოლოგიურ განწყობილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გარნა ის მაშინდელი გერმანია ჰიტლერისა კი არა, სხვა გერმანია იყო და მას რომ პირველი მსოფლიო ომი მოეგო, საქართველოს ისტორია სხვაგვარად დაიწერებოდა.
ბატონი ვილიამსი მოწმე გახდა, რომანოვთა იმპერიის დანგრევისა, რამაც დაპყრობილ ერებს საშუალება მისცა დამოუკიდებლობის აღდგენისა. მან არ იცოდა, რომ იგივე რუსეთი, ამ შემთხვევაში წითლად შენიღბული, კვლავ წაართმევდა მათ თავისუფლებას.
ორივე ფერის რუსეთმა, ხელშეკრულების გატეხვით, ცბიერებით და უხეში ძალის გამოყენებით, ჩაიგდო ხელში საქართველო. იმ პოლიტიკური გარემოცვის გამო, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, ერეკლე მეორე რუსეთს ტრაქტატით შეეკრა, რომლის მიხედვით ,,მთელი მსოფლიოს წინაშე” რუსეთის მეფე საქართველოს გარანტიას აძლევდა, რომ დაიცავდა მის ტერიტორიულ მთლიანობას, პირდებოდა ხელშეუხებლობას და სამეფო ტახტის არსებობას. ხოლო ქართველი მეფე მოვალე იყო, რომ რუსეთის მტერი საკუთარ მტრად მიეჩნია და საამისოდ მოქცეულიყო. გარნა, როგორც ვიცით, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა გიორგის მემკვიდრეს ტახტის დაჭერის უფლება არ მისცა და რვაას პირველი წლის თვრამეტ იანვარს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. ამ ხელშეკრულების დარღვევა იმდენად უხეში იყო, რომ პავლეს მემკვიდრე ალექსანდრე, პირველად ერთხანს ყოყმანობდა. ვიცე-კანცლერი კოჩუბეი მეფეს ურჩევდა, რათა რუსეთ-საქართველოს ურთიერთ დამოკიდებულება, არსებულ ხელშეკრულების თანახმად წარემართა. სამწუხაროდ ამ მიმართულებამ ვერ გაიმარჯვა და ალექსანდრე პირველმა რვაასპირველი წლის სექტემბერში აღმოსავლეთ საქართველო საბოლოოდ რუსეთის პროვინციად გამოაცხადა. მოგვიანებით დასავლეთ საქართველოსაც იგივე ბედი ეწვია.
1811 წელს ქართულმა ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და იგი რუსეთია სინოდს დაუმორჩილეს. მეცხრამეტე საუკურის მეორე ნახევარში, რუსეთმა მთელი კავკასია დაიპყრო. ქართული სკოლები დახურეს, ქართული უნივერსიტეტი აკრძალეს, სახელმწიფო ენად რუსული გამოაცხადეს.
ლენინის რუსეთმაც იცნო საქართველო და მასთან სათანადო ხელშეკრულება დასდვა, მაგრამ მეფის რუსეთის მსგავსად, ხელმეორედ დაიპყრო. აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ,,კაპიტალისტებს” და ,,რეაქციონერებს” კი არ წარმოადგენდა, არამედ სოციალ დემოკრატებისაგან შედგებოდა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ და მეფის რუსეთის დამხობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ. ამ გარემოებამ რუსეთის ბოლშევიკურ ,,სოციალისტურ” მთავრობას ხელი არ შეუშალა უცხო ტერიტორიების დაპყრობაში. იდეოლოგიური ნათესაობის მიუხედავად.
,,შინაარსით სოციალისტურ და ფორმით ნაციონალურ” ლენინურ სამოთხეში ამ ბოლო ხანებში, ,,მოძმე” არარუს რესპუბლიკებში მშობლიურ ენასაც შეუტიეს და მეფის რუსეთის მაგვარად სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება მოინდომეს. ეს ერის საბოლოოდ გადამგვარებელი ველიკორუსული შემოტევა, რომელიც როგორც ჩანს საქართველომ მოიგერია ჯერჯერობით მაინც. პატრიოტთა ასეთი საქციელი წინაპართა ძვლებს საფლავებში გაახარებს.
ისტორია გვასწავლის, რომ იმპერია ,,როგორც ბავშვი იბადება, იზრდება, ხუცდება და ბოლოს კვდება. ასეთ ბედს ვერც წითელი იმპერია აცდება, რომელმაც აუწერელ ტირანიით, გულაგის არხიპელაგებით და უდანაშაულო ადამიანთა მასიური ჟლეტით, ყველა აქამდე არსებულ იმპერიათა სისასტიკეს გადააჭარბა.
ამერიკული გეოგრაფიული ჟურნალი კიდევ გამოდის. ვილიამსის შემდეგ ჟურნალის ფურცლებზე მრავალი ხალხის ყოფა-ცხოვრება აიწერა. იმათში რამოდენიმე ათეულს წინედ მხოლოდ როგორც ეთნიკურ ელემენტებს მოიხსენიებდნენ. ახლა მათ პოლიტიკურ ელემენტებად აცნობენ მკითხველებს.
საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებად მოხსენიების დღეც კვლავ დადგება და მცხეთაში უფრო გრანდიოზული ზეიმი გაიმართება. იბერიელ ხევსურებს გვერდით კოლხეთის ხევსურები – სვანებიც მოუდგებიან და ვინმე ახალი ვილიამსი უფრო მეტის აღტაცებით ჩაიწერს იმ წუთებს, ოდეს
,,გაისმა უცებ ,,ლილე” ამაყი
მთების ბუნების ჰიმნი სვანური”
- გივი გაბლიანი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress