მოსკოვის ნაციონალური პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ივერია #22 1979 პარიზი

kalandaZe shalva

შალვა კალანდაძე ივერია #22 1979 პარიზი

საბჭოთა კავშირში ძალით შეყვანილ ერებსა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას შორის, გარდაუვალი უფსკრული დღითი-დღე იზრდება. ნაციონალური წინააღმდეგობის ზრდის, კომუნისტური ზღუდეები უკვე მოშლილია და ყველა კარგად ხედავს, რომ კომუნიზმისათვის არაა საჭირო რუსიფიკაცია და ასიმილაცია, არამედ, ის საჭიროა ახალი იმპერიის სიდიადისათვის. უკვე შექმნილია წყალგამყოფი. ნაციონალური მდინარეები მიედინებიან არა მოსკოვისაკენ, არამედ მოსკოვიდან და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ამ ბუნებრივ პროცესს. მაშინაც კი, რომ საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობა რუსულ ენაზე ალაპარაკდეს. სიმართლე ენაზე უფრო ძლიერია. ამას ადასტურებს ირლანდიელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. დამმონებლის ენაზე მათ შეძლეს თავიანთი დამოუკიდებლობის მოპოვება. ან ხორვატები, მათ სერბებთან საერთო ენა აქვთ, მაგრამ სერბების ბატონობის დროს მიყენებულმა ნაციონალურმა დამცირებამ ამ ერთი მოდგმის ხალხებს შორის მძაფრი მტრობა დათესა. ნაციონალური თანასწორობისათვის ბრძოლა, სწორედ თვისტომთა შორისაა განსაკუთრებით ძლიერი.
ამჟამად დღის წესრიგშია ვარშავის პაქტის ქვეყნების უნიფიკაცია. ეკონომიური ურთიერთდამხმარე საბჭოს მეშვეობით. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნების ასიმილაცია გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე საბჭოთა რუსეთში შემავალი ხალხების. ეს სახელმწიფონი არიან მოსკოვზე დამოკიდებული, მაგრამ ისინი რუსეთის იმპერიაში არ შედიოდნენ, გარდა პოლონეთის ნაწილისა. მათთვის რუსული ბატონობა უჩვეულოა. ამიტომ, ტრადიციულ რუსულ ნაციონალიზმს ბატონობა აქ შეუძლია მხოლოდ შიშველი ძალით. ამაზე წასვლა საკუთარი იმპერიის შიგნით მეტად მისუსტებულ მოსკოვს უბრალოდ არ შეუძლია.
მაგრამ არმოსავლეთ ევროპის კომუნისტური სახელმწიფოების ჩასაყლაპავად, უფრო მისაღები მოსკოველი თვითმპყრობელთათვის აღმოჩნდა არა ტრადიციული რუსული ნაციონალიზმი, არამედ ,,მარქსიზმ ლენინიზმი”. საბჭოთა კავშირის კომუნისტური ხელმძღვანელობა ცდილობს დაარწმუნოს თავისი აღმოსავლეთ ევროპელი ,,ძმები” არა ძველი მეფის თვითმპყტობელური, არამედ ლენინიზმის არსენალიდან ამოღებულ არგუმენტებით. ხოლო ეს არგუმენტები ასეთია: ლენინი გვასწავლის, რომ მსოფლიო სოციალიზმს მიაღწევს მხოლოდ დიდ მრავალეროვან სახელმწიფოებრივი გაერთიანებით. ლენინი გვასწავლიდა ნაციათა შერწყმა დაახლოებაზე, მათი ენათა ერთ მსოფლიო ენაში შერწყმაზე.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის უცხოა ნაციათა ,,შერწყმის” იდეა. ,,უფროსი ძმის” იდეა, დამახასიათებელია მხოლოდ რუსი კომუნისტებისათვის. აღმოსავლეთ ევროპელები რასაკვირველია, ამ იდეის წინააღმდეგ აშკარად ვერ ბედავენ რამის თქმას. თუმცა იუგოსლაველი კომუნისტები, რომელთაც ვარშავის ბლოკთან არაფერი აკავშირებთ, გაბედულად და აშკარად გამოდიან ნაციათა ,,შერწყმის” იდეის წინააღმდეგ.
ხორვატიის კომპარტიის ორგანოში ,,ვესტნიკ”ის სამოცდაჩვიდმეტი წლის თებერვლის ნომერში მოთავსებული იყო სტატია ,,კეთილშობილი ხალხი”, რომელშიც გაკრიტიკებულია, მოსკოვის მიერ საქართველოში დაყენებული ედუარდ შევარდნაძე. როგორც გაზეთი აღნიშნავს, უკანასკნელმა თავის მოხსენებაში ეპითეტებით დააჯილდოვა ,,უფროსი ძმა”- რუსი ხალხი, გაკვრითაც არ მოიხსენია რა სხვა ხალხები. ,,ვესტნიკ” წერდა: ,,ჩვენ გაგვაოცა მხოლოდ ერთი ხალხის უპრეცედენტო ქება _ დიდებამ, ხალხი, რომელიც სხვათაგან განირჩევა თავისი კეთილშობილებითა და თავდადებით, ჩვენ იუგოსლავები ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოში არ არის ისეთი ხალხი, რომელიც სხვა ხალხთა კეთილდღეობა ბედნიერებისათვის ასე გულწრფელად და უანგაროდ თავს დადებდა. ჩვენს რიგებში ასეთი განსაკუთრებული კეთილშობილი ხალხი არ გვეგულება….. არ გვეგულება არც ნაკლებად კეთილშობილი ხალხებიო.…
ცნობილია, რომ იუგოსლავიაში არსებობს სერბების ნაციონალიზმი, რომელსაც აქვს პრეტებზია სხვა ხალხებზე ბატონობისა. მაგრამ სერბების ნაციონალიზმის პრეტენზია, მხოლოდ პრეტენზიაა ეს და მას მისი მიზნების განაარსება არ უწერია. იუგოსლავიაში, ბელგრადისაკენ არ მიედინებიან ნაციონალური მდინარენი, არამედ, პირიქით ისინი მიისწრაფვიან სრული დამოუკიდებლობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ამ პროცესს თანაგეძნობას უცხადებს. რადგან იუგოსლავიაში ,,დაახლოება” და ,,შერწყმა” მოსკოვისათვის არასასურველია, პერსპექტივაში იუგოსლავიის მცირე ერების ,,საბჭოთა ხალხთან” შერწყმა ცალ-ცალკე გაცილებით ადვილია, ვიდრე იუგოსლავიის მთელი ფედერაციეს ერთად გადაყლაპვა.
საერთოდ იუგოსლავიის კონცეფცია ერთა თანაბარუფლებიანობაზე, უფრო მისაღებია ვარშავის ბლოკის ქვეყნებისათვის, ვიდრე მისკოვის ,,უფროსი ძმის” კონცეფცია მისი ,,დაახლოება-შერწყმის” გეგმებით ,,ადამიანი ახალ ისტორიულ ერთობაში _ საბჭოთა ხალხში”. მაგრამ ვარშავის ბლოკის ქვეყნების მოსკოვის ერთგული კომუნისტური რეჟიმები, ნებსით თუ უნებლიედ იძულებული არიან მიიღონ მოსკოვის კონცეფცია თავისი ხალხების ინტეგრაციაზე ხსენებულ ,,ადამიანთა ისტორიულ ახალ ერთობაში”. ამით აიხსნება ვარშავის ბლოკის ქვეყნების სახალხო სკოლებში, რუსული ენის სავალდებულო სწავლება, პირველი კლასებიდან. ამას საბჭოთა კავშირთან უნიფიკაციისათვის სხვა ღონისძიებებიც ემატება.
რასაკვირველია, ვარშავის ბლოკში ვერავინ ბედავს კრინტის დაძვრას. ამ ბლოკის სახელმწიფოთა მეთაურები იდეურად მოსკოვის არგუმენტებით განიარაღებული არიან. მაგრამ განიარაღებული არ არიან ერები.
როგორც საბჭოთა კავშირში, ისე ვარშავის პაქტის ქვეყნებში, მოსკოვის ნაციონალური ჩაგვრის პოლიტიკის წინააღმდეგ, პროტესტის აბობოქრებული სტიქიონია აგორებული. ეს სტიქიონი უფრო გაცილებით მრისხანე და შეურიგებელია ვიდრე ხალხთა ცხოვრების პოლიტიკური და ეკონომიური მხარე. ამაზე ცხადად მეტყველებს პოლონეთში უკანასკნელ წლებში მომხდარი ამბები.
ამიტომ მოსკოვის იდეოლოგიური ბაზა, ევროპის დაპყრობის მომზადებისათვის მეტად უიმედოა. ძნელად წარმოსადგენია, რომ საბჭოთა იმპერიაში ძალით შეყვანილმა ერებმა დაუშვან ამ სისხლიან ავანტიურაში მონაწილეობის მითება.
შალვა კალანდაძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress