ეთნიკური კრიზისი საბჭოთა კავშირში – შალვა კალანდაძე

kalandaZe shalva

- დღეს არავისთვის სადაო არ არის ის ამბავი, რომ ნაციონალური საკითხების მოუწესრიგებლობა ჩვენი ეპოქის ერთი დიდი სატკივარია. ამ პრობლემამ თანამედროვე ცხოვრებაში ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მით უმეტეს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ქართველებისათვის. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მრავალ საკითხთა შორის ის ყველაზე მეტად გვაინტერესებდეს, როგორც პრაქტიკულად ისე თეორიულად. მაგრამ ნაციონალური პრობლემით არა მარტო დაჩაგრულ ერთა წარმომადგენლებია დაინტერესებული, არამედ უცხოეთის ინსტიტუტები, პუბლიცისტები და ცნობილი ჟურნალისტები.
ამერიკული ჟურნალის ,,ფორჩენის” ივლისის ნომერში მოთავსებული იყო წერილი, ამ ჟურნალის რედაქტორის თანაშემწის ჰერბერტ მაიერისა _ სათაურით ,,მომავალი ეთნიკური კრიზისი საბჭოთა კავშირში”. ხსენებული წერილის იდეა ახალი არ არის. იგი თავისი შინაარსით ახლოა ბზიგნევ ბჟეჟინსკის შეხედულებასთან, რომელიც ამ უკანასკნელმა გამოთქვა 1975 წელს, წერილში ,,ნაციონალური საკითხი საბჭოთა ხელმძღვანელობის პოლიტიკისათვის საბედისწერო გახდება”.
ჰერბერტ მაიერის ღირსება იმაშია, რომ იგი ცდილობს, უკე წინედ მრავალჯერ გამონათქვამი იდეა, ახალი ფაქტებითა და უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით დაასაბუთოს. მაიერის აზრით, საბჭოთა კავშირი სრულიად არ არის ქვეყანა ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. არამედ იგია მსოფლიოში შემორჩენილი უკანასკნელი იმპერია, მეცხრამეტე საუკუნის იმპერიათა მსგავსი, რომ რევოლუციამ რუსეთში მოშალა მეფის რეჟიმი: მაგრამ მთლიანად შეინარჩუნა რუსეთის იმპერიის სტრუქტურა. მაგრამ ნაციონალურ რესპუბლიკათა მოსახლეობა არ ტოვებს თავიანთ რესპუბლიკას. ხალხები კატეგორიულ უარს ამბობენ ერთმანეთში არევაზე. Aმავე დროს არც ხალხთა თანასწორობის პრინციპი ტარდება ცხოვრებაში. ყოველ საკავშირო დაწესებულებაში დიდ უმრავლესობას რუსები შეადგენენ. პოლიტბიუროს თორმეტი წევრიდან ათი რუსია; პარტიის სამდივნოს ათი წევრიდან ცხრა რუსია. რუსები შეადგენენ აგრეთვე აბსოლიტურ უმრავლესობას მრეწველობის ჯარის და სხვა სფეროთა წარმომადგენლებს შორის. ამას ემატება ისიც, რომ საბჭოთა კავშირში ტარდება აშკარად კოლონიალური პოლიტიკა _ ნაციონალურ რესპუბლიკებში რუსების ჩასახლებით.
დღეს რუსებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არარუს რესპუბლიკებში მეორე ან მესამე ადგილი უკავიათ. რაც შეეხება ყაზახეთის რესპუბლიკას აქ რუსები გაცილებით მეტი არიან ვიდრე თვით ყაზახები. ანალოგიური მაგალითები მეიერის წერილში მრავალია. მაგრამ ჩვენ მოვიყვანთ კიდევ ერთს, რომელიც ჰერბერტ მეიერისათვის მთავარზე-მთავარია: რესპუბლიკების ეკონომიური უთანასწორობა. რუსეთის სამრეწველო პროდუქცია შეადგენს საბჭოთა კავშირში სამოცდაორ პროცენტს: უკრაინისა ოცდაორს და ბალტიის ქვეყნებისა რვა პროცენტს. ყველა დანარჩენებს რჩებათ რვა პროცენტი _ რაც ნიშნავს ეკონომიურ ურთიერთობათა ტიპიურ იმპერიალისტურ სტრუქტურას. მრეწველობა უნდა ვითარდებოდეს არა კოლონიებში, არამედ მხოლოდ მეტროპოლიაში. ჰერბერტ მეიერისათვის _ საბჭოთა კავშირის ეკონომიური სტრუქტურა შეიძლება იმ ნაღმად იქცეს, რომელიც ძირ-ფესვიანად მოთხრის საბჭოთა იმპერიას. ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მატება თანდათან ეცემა, ხოლო სხვა რესპუბლიკებში, განსაკუთრებით შუა აზიისაში საგრძნობლად იზრდება. ორიათას წლისათვის, საბჭოთა კავშირში საბჭოელ მკვლევართა გამოანგარიშებით, რუსული მოსახლეობის პროცენტი თექვსმეტზე დავა, ხოლო შუა აზიის მოსახლეობა სამჭოთა კავშირის მოსახლეობის ერთი მესამედი გახდება. გასაგებია ასეთი დემოგრაფიული გადანაწილება საამო არ არის საბჭოთა მეთაურთათვის. ამ გადამაწილების ეკონომიური შედეგები უახლოეს დროში ფატალური აღმოჩნდება საბჭოთა იმპერიისათვის. ჰერბერტ მაიერს მოჰყავს საბჭოთა მკვლევარების პროგნოზები საბჭოთა კავშირის დემოგრაფიის გადანაწილებაზე და დაასკვნის, რომ უკვე ოთხმოციანი წლების დასაწყისში მოწიფული რუსული მოსახლეობა არასაკმარისი იქნება იმისათვის, რომ მომსახურება გაუწიოს მრეწველობას რუსეთში. ხოლო მოკლე დროში რუსული მრეწველობის შუა აზიაში გადატანა, აშკარად შეუძლებელია და თვით საბჭოთა ხელმძღვანელობა, ამერიკელი პუბლიცისტის თქმით, ამ პრობლემის ამგვარად მოწესრიგებისათვის არავითარ ნაბიჯს არა დგამს. რა დარჩენია საბჭოთა ხელისუფლებას მოახლოებული ეკონომიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად? სამხედრო ხარჯების საგრძნობლად შემცირება _ ვარიანტი ფრიად საეჭვო; რჩება ერთადერთი ვარიანტი, სამუშაო საათების გადიდება და საპენსიო ასაკის გადაწევა. საეჭვოა, რომ ამგვარი ზომებით კმაყოფილი დარჩეს საბჭოთა კავშირის მოსახლეობა. ჰერბერტ მაიერმა ვერ იპოვა სხვა ზომა, რომლითაც ხელისუფლებას შეეძლებოდა მომავალი აუცილებელი კატასტროფის თავიდან აცილება. ამას ჩვენ დაუმატებთ.
ბოლშევიკები ძალიან ამაყობენ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციით. მხოლოდ უნდა ითქვას, რომ ეს ,,ინდუსტრიალიზაცია” უზომოდ ძვირად დაუჯდა საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხებს. საბჭოთა ხელისუფლების მთელი ყურადღება მძიმე ინდუსტრიისაკენ არის მიმართული, ხოლო მძიმე ინდუსტრიისათვის გაწეული ხარჯი მატერიალურად უსარგებლოა, უნაყოფო, სიმდიდრის მშთანთქმელი. იგი არაა მწარმოებელი და ქონების შემქმნელი. მძიმე მრეწველომა მაშინ არის სასარგებლო, როცა იგი მრეწველობის სხვა დარგების განვითარებას უწყობს ხელს. სახელდობრ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და საზოგადოების ყოველდღიურ მოთხოვნათა საგნების დამზადებას აადვილებს. უამისოდ იგი უზომოდ გაბერილი თავია, ჯუჯა სხეულზე გამობმული. ასეთი შეუსაბამობა აზიანებს და აავადებს მთელ სხეულს. აი, ეს ჭირი შეეყარა საბჭოთა კავშირს. არც მსუბუქი მრეწველობა, ე. ი. ფართო მოხმარების საგანთა დამზადება და არც სოფლის მეურნეობა არ უდგება მთელი სახალხო მეურნეობის არანორმალურად ,,გაბერილ თავს”. ასეთი მდგომარეობა, ცხადია, სამუდამოდ ვერ გასტანს.
შალვა კალანდაძე.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress