ბერლინის კედლის დაცემა-შევარდნაძის გარეშე

berlinis_kedeli_

თბილისში ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმას უკმაყოფილების გარეშე არ ჩაუვლია. ედუარდ შევარდნაძის ოჯახმა გერმანიის ელჩს მიმართა და ორი გერმანიის გაერთიანების საქმეში შევარდნაძის წვლილი შეახსენა.

შევარდნაძეების გულისწყრომა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის მათი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არ გამოინახა. ეს ფაქტი ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებად აღიქვა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა, გამოფენის დაგეგმვისას დაშვებულ უხეშ, სრულიად გაუმართლებელ პროფესიონალურ შეცდომას დაუკავშირა და არა – გერმანელი ხალხის, ან გერმანული სახელმწიფოს პოზიციას.

შევარდნაძეების თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ამ მოვლენის „ანომალიური, ისტორიულად უსამართლო ხასიათის“ შესახებ თავადაც აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტი ჯერ კიდევ სექტემბერში საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადასცეს გერმანიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის დღეს აღნიშნა, „როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ყოფდა ორად, საქართველოშიც ასევე მშვიდობიანად დაინგრევა ბოროტების კედელი“.

შევარდნაძეების ოჯახის პრეტენზიას უსამართლობად მიიჩნევს ყოფილი დისიდენტი, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკაგიორგაძეFor.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, თუკი ისტორიულ სამართლიანობაზეა საუბარი, საქართველოში ნამდვილად უნდა დაიწყოს ისტორიული ჭეშმარიტების აღდგენა და ყველა მოვლენას თუ პიროვნების ნამოღვაწარს შესაბამისი შეფასება მიეცეს. მამუკა გიორგაძის თქმით, ეს რომ აქამდე არ გაკეთდა, სწორედ ამიტომაა, რომ შევარდნაძის ოჯახი ბედავს ამ თემაზე საუბარს. სინამდვილეში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა როლი მიუძღვის ედუარდ შევარდნაძეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როგორც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში დიდი ხნით საქართველოს მმართველს, რა გააკეთა მაშინდელ საქართველოში და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში.

„შეფასება რომ არ მიეცა ჩვენს წარსულს, სირცხვილის გრძნობის გარეშე საუბრობენ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ბაბუა უნდა უყვარდეთ, არავის ესიამოვნება, ვინმემ ბაბუაზე ცუდი თქვას, მაგრამ აქ არ არის საუბარი კონკრეტულად შვილიშვილის ურთიერთობაზე ბაბუასთან, იმ ბაბუასთან, რომელმაც საქართველოს დანგრევა-გაუბედურებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. უამრავი ადამიანი ჩახოცა, საქართველოში უდიდესი რეპრესიები განახორციელა, ჩაკლა სულიერება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, გამოიწვია კონფლიქტური სიტუაციები ქვეყანაში, მათ შორის, თბილისის დაპირისპირება, სამხედრო შეტაკება, აფხაზეთში მიმდინარე საომარი ვითარება და ცხინვალში განხორციელებული ქმედებები“, – აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

რაც შეეხება გერმანიის გაერთიანებას, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ, უბრალოდ, გერმანელები ამას პროპაგანდისთვის იყენებდნენ. ახლა კი აღარ არის პროპაგანდის დრო და არც გერმანიას და არც მსოფლიოს არ აინტერესებს ეს თემა. მით უფრო, რომ შევარდნაძეს არანაირი დიდი წვლილი ამ საქმეში არ მიუძღვის. უბრალოდ, ის იყო საბჭოთა სისტემის შემადგენელი ნაწილი და ასრულებდა იმ დავალებას, რაც საბჭოთა ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. თანაც, ეს ყველაფერი გადაწყდა არა კეთილი ნებით, არამედ იძულებით, რადგან საბჭოთა სისტემა დამარცხდა დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან ჭიდილში და იძულებული გახდა, აღედგინა ის სამართლიანობა, რომელიც სწორედ საბჭოთა სისტემამ დაარღვია.

„როგორ მოხდა გერმანიის გაყოფა?! ეს იყო დამარცხებულის იძულება. ამ იძულებაში ცალკეულმა ადამიანებმა კარიერა გაიკეთეს და რეიტინგი აიწიეს. როცა ვსაუბრობთ სერგო ორჯონიკიძეზე, ფილიპე მახარაძეზე და მათ მსგავს ადამიანებზე, მათ კოჰორტაში გადის ედუარდ შევარდნაძე, იმ ადამიანების სულიერი მემკვიდრე, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, ათასობით ადამიანი დახვრიტა, გაასამართლა. სწორედ შევარდნაძის დროს დაიწყო ქართულ ციხეებში გაუპატიურება, ყველა უბედურება, კორუფციის უმაღლესი დონე. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ის არის, რომ ვიღაც-ვიღაცები შევარდნაძის დროს წამოიჩიტნენ, შევარდნაძისგან არიან ხელდასმულები, ამიტომ ამა თუ იმ ადამიანის საქმიანობის შეფასებისას ისტორიული სამართლიანობის წინააღმდეგ მიდიან“.

მამუკა გიორგაძის აზრით, შევარდნაძე, როგორც „დიდი პოლიტიკოსი“, ესეც რევიზიას საჭიროებს. რომელ დიდ პოლიტიკოსზეა საუბარი, რომელსაც შემოენგრა ის სახელმწიფო, რომლის ინტერესების დაცვაც უნდა განეხორციელებინა. ელემენტარულად, საბჭოთა კავშირი მისთვის საკუთარი ქვეყანა იყო და მისი ინტერესებიც ვერ დაიცვა. სწორედ „საკუთარი ქვეყნის“ წინააღმდეგ მიდიოდა შევარდნაძე. თუ ვინმე მას ყურს უგდებდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის უკან ბირთვული ძლიერი სახელმწიფო იდგა და არა იმიტომ, რომ შევარდნაძე პიროვნულად იყო ძლიერი. ხოლო, როდესაც შევარდნაძეს ეს ბირთვული სახელმწიფო უკან არ ედგა, პატარა საქართველოს რაც დამართა და როგორც გაყიდა მისი ინტერესები, ეს საყოველთოდ ცნობილია. ამიტომ, მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბოდიშის მოხდით ასეთ თემებზე არ უნდა საუბრობდეს და, თუ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება სურს, ყველა პიროვნებას თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმისას შევარდნაძის ფოტოს დავიწყება შემთხვევითი არ არის. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება და საყოველთაო მოვლენაა, როცა ახალი თაობა მიიჩნევს, რომ სწორედ ხელისუფლებაში მათი მოსვლიდან იწყება ისტორია. ასე ხდებოდა სააკაშვილის დროს, ასე გრძელდება დღესაც და სწორედ ეს არის პროვინციალიზმი.

მისივე თქმით, ბერლინის კედლის დაცემა უფრო პოლიტიკური აქცია იყო. ჩვენს ხელისუფლებაში ბევრს წარმოდგენა არ აქვს, იდეოლოგიურად რა და როგორ მოხდა. თუმცა სამართლიანობის თვალსაზრისით, შევარდნაძესა და გორბაჩოვს ლომის წილი მიუძღვით ბერლინის კედლის დანგრევაში და ამ ფაქტის ხსენება შევარდნაძე-გორბაჩოვის გარეშე არ შეიძლება.

„გერმანიაში უფრო მეტ პატივს სცემენ შევარდნაძეს კედლის დანგრევის და სხვა მოვლენების გამო, ვიდრე საქართველოში, რადგან ჩვენთან ყველაფერი ზღვარგადასულად პოლიტიზირებულია. „ნაცმოძრაობისა“ და დღევანდელი ხელისუფლებისთვის შევარდნაძე მხოლოდ კორუფციულ რეჟიმს უკავშირდებოდა, მაგრამ, ამავე დროს, გაიხსენონ, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა, რა მემკვიდრეობა დაახვედრეს საქართველოში. ნახევარი საათით შუქი თუ მოვიდოდა, დღესასწაული იყო. გაზი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია არ არსებობდა. ყაჩაღობა, „მხედრიონი“, დღისით მანქანების ძარცვა, ყოველდღიური მკვლელობები თანმდევი მოვლენა იყო. უშიშროების სამსახური ვიღაცებს აფეთქებდა, არმიის წარმომადგენლები კიდევ – სხვა ვიღაცებს. ეს სიტუაცია დღევანდელი სომალის მსგავსი იყო. ბერლინის კედლის დანგრევა შეგნებულად მოხდა, რადგან გორბაჩოვსა და შევარდნაძეს სხვა გზა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. თვითონ საბჭოთა კავშირი რატომ დაიშალა? ეს ხომ ჩვენთან მეცნიერულად არავის შეუსწავლია? კი, შიგნიდან დალპა, მაგრამ ამას დაემატა გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრა ჟენევაში. რეიგანის სტილი იყო ასეთი, ერთ საღამოს ჟენევაში მოჰკიდა ხელი გორბაჩოვს და დიდი ეზოს ბოლოში პატარა ვილაში წაიყვანა ერთი-ერთზე სალაპარაკოდ. იქ ბუხარი ენთო, ყავა დალიეს და რეიგანმა პირდაპირ უთხრა გორბაჩოვს, თუ მართლა გინდათ, ბოლო მოუღოთ ცივი ომის შედეგებს, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ბერლინის კედელი უნდა დაანგრიოთ, რადგან აღარ შეიძლება ამის ატანა. ორი წლის შემდეგ გორბაჩოვმა მართლაც დაანგრია ეს კედელი. რასაკვირველია, ამ საქმეში შევარდნაძის აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.

ამასთან, იხსენებს, რომ იმ პერიოდში შევარდნაძე და გორბაჩოვი დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ სამხედროების, უშიშროების, ჩეკისტების მხრიდან. პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის მარშალი ახრომეევი მე-12 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე შევარდნაძეს რა არ უწოდეს. შევარდნაძეც გადადგა. იმ პერიოდში იმასაც ამბობდნენ, ფული აიღეს და კედელი იმიტომ დაშალესო, მაგრამ სოსო ცინცაძეს აინტერესებს, სად წაიღეს ის ფული ან გორბაჩოვმა, ან შევარდნაძემ? უბრალოდ, გორბაჩოვმა მიიღო ნობელის პრემიის ლაურეატობა მშვიდობის დარგში, ხოლო შევარდნაძეს ონასისის პრემია მისცეს, მისი წიგნი გამოვიდა და ჰონორარიც მიიღო. ასე რომ, ამ ადამიანებს ბერლინის კედლის დანგრევა ძუნწად დაუფასეს.

პოლიტოლოგის აზრით, პოლიტიკაში მადლიერების გრძნობა არ არსებობს. ამიტომაც შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ ვიზიტს ლონდონში საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. შევარდნაძე საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გამოვიდა, ანგარიში წარუდგინა მთელ დასავლეთს და პირდაპირ უთხრა, მე თქვენ ასი მილიარდი დოლარის ეკონომია გაგაკეთებინეთ ბერლინის კედლის დანგრევით და შეიარაღების შემცირებით, თქვენ კი საქართველოსთვის ორ კაპიკს არ იმეტებთო. უფრო მეტიც, ინგლისში „გარდიანი“ გამოვიდა დიდი სათაურით, „შევარდნაძე ანგარიშს უყენებს დასავლეთს“. ასე რომ, შეუძლებელია ბერლინის კედლის დანგრევის საქმეში მისი ღვაწლის იგნორირება, თორემ რამდენიც უნდა, იყვირონ ჩვენმა პოპულარულმა ტელეწამყვანებმა, ევროპა ვართო, სინამდვილეში, კლასიკური აღმოსავლური ქვეყანა ვართ, თავისი ნეპოტიზმითა და კორუფციის ფორმებით.

მანანა ნოზაძე  for.ge

2017-11-15

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress