მზადდება სახელმწიფო დანაშაული – საქართველოს მიწა განსაცდელშია

gerbi axali 1

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. Aამის განსჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ საქართველოს დღესდღეობით მმართველ ინსტანციებში დასაქმებულ პირთა შორის, მათ რიცხვში _ ცოლშვილიან მამაკაცთა და ქმარშვილიან ქალთა შორის _ ისეთ პირებს რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას ძალიან მცირე გამონაკლისით საქართველოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი მხოლოდ არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ.
საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის რადიკალური შეცვლა _ ქართველების გასვლა საქართველოდან და ახალი მოსახლეობის შემოსვლა _ არსებითად ერთი, მაქსიმუმ ორი თაობის განმავლობაში მოხდება. ერთი (ან ორი) ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული უკვე მომხდარია: სააკაშვილმა სრული სოციალური უჩინარობიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდგომარეობამდე მოიყვანა არავითარი ცნობილი წარმატებების არმქონე გ. პაპუაშვილი, რომელმაც გააყალბა საქართველოს კონსტიტუცია. სახელდობრ; სასამართლოს დადგენილებაში უცხოელი მოქალაქის სარჩელზე მიიღო განსაზღვრება, რომ ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელების საკუთრებაზე საქართველოს მიწის მიმართ არის უკანონო. სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება დაემყარა ორ სიყალბეს:
პირველი, რომ მიწის ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არის საკუთრების შეზღუდვა იმ შემთხვევაშიც თუ ეს შეზღუდვა ხდება სათანადო ანაზღაურებით. სინამდვილეში, თუ ანაზღაურება ხდება, მაშინ არა აქვს ადგილი საკუთრების არანაირ შელახვას.
მეორე, კონსტიტუციის ფორმულირება (მუხლი 21 პუნქტი 2) ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთვევებში დადგენილი წესით” უგულებელყო იმ საფუძველზე, რომ სასამართლო ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას იმაში, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გავიდეს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების საკუთრებიდან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში. ორივე ხსენებული პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსი იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია მასზე იდგეს შერაცხადი პიროვნება, მით უმესტეს – კვალიფიკაციით იურისტი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მოქმედება სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება თუ არა, როგორც შეგნებული დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე. მოპასუხედ ამ პროცესზე იყო საქართველოს პარლამენტი (თავმ. დ. ბაქრაძე). მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა კონსტიტუციის ყალბი ინტერპრეტაციისაგან დაცვისა და არ მოითხოვა ექსპერტიზა თემაზე – არის თუ არა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა წარმოადგენს ,,აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას” – არის თუ არა საკუთრების შეზღუდვა ,,მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით” ,,საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება”. მოპასუხე საქართველოს პარლამენტმა ეს არ მოითხოვა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო ,,სასამართლოს მეგობართა” პოზიცია, რომელშიც გაანალიზებული იყო უცხოელებზე მიწის გაყიდვის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები.
ანალოგიურად მოიქცა საქართველოს შემდეგი მოწვევის პარლამენტიც (თავმ. დ. უსუფაშვილი): მან არ მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა ამავე თემაზე, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, თავის ზემოხსენებული დადგენილებით დააკმაყოფილა უცხოელი მოქალაქის სარჩელი, რომელიც მიწის გაყიდვაზე დროებითი მორატორიუმის გაუქმებას ითხოვდა. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წევრების პოზიცია, ისევე როგორც ორივე ზემოხსენებული პარლამენტის პოზიცია სხვაგვარად ვერ გაიგება თუ არა, როგორც შეგნებული შეთქმულება საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ, მისი მოსახლეობის, როგორც ერის (Nატიონ) წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. სათანადო სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ, ჩვენი აზრით, გარდაუალია, და ჩვენი შეუვალი მიზანია, რომ ეს დევნა შედგეს.
Aასევე, დამნაშავე იქნება საქართველოს მთავრობა, რომელსაც რამდენადაც ვიცით, განზრახული აქვს კანონპროექტის შეტანა, რომელიც უშვებს არა მარტო უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუყოვნებლად მიყიდვას, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზეც, რაც ყოვლად დაუშვებელია, აგრეთვე, პარლამენტი და მისი ყველა წევრი, რომელიც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს. არცერთს არ აცდება სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ხსენებული კანონპროექტის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნება უფლების უზურპაცია: პარლამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარდასულ თაობათა წინაშე, დღეს ცოცხალი მოსახლეობის წინაშე, რომელთანაც იგი მიწის გაყიდვის პროგრამით არ წარმდგარა და მომავალ თაობათა წინაშეც, რომლებსაც იგი, დანაშაულებრივი კანონის მიღების შემთხვევაში – მეორე ხარისხოვანი ადამიანების – უმიწაწყლო ერის – ხვედრს უქადის.
ანალოგიურ სიტუაციებში – სახალხო რეფერენდუმის ჩატარება _ ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. პასუხისმგებლობა მძიმეა. იგი არავის აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება.
P.შ. დემოკრატიული მსოფლიო მიწათსარგებლობის თემას უკიდურესი სიფაქიზით ეკიდება. სხვა დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ჰორიზონტის შეზღუდულობაზე, უპასუხისმგებლობაზე და უპრესპექტივობაზე მეტყველებს.
ნოდარ ნათაძე
მამუკა გიორგაძე
პაატა კოღუაშვილი
მიხეილ ჯიბუტი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress