საქართველოს ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში

germanuli_modeli_

„პარლამენტში გავლენებისთვის მებრძოლები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანები უნდა იყვნენ“

მარიამ მჭედლიშვილი”ახალი თაობა” 30.07.2016

წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ სახალხო პარტიის ლიდერ მამუკა გიორგაძეს  ესაუბრა

_ ენდიაის ამერიკელი წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ამომრჩეველს არ აინტერესებს არჩევნებში მონაწილე პარტიების იდეოლოგია. ადამიანებისათვის უმთავრესია დასაქმება, ინფლაციის პრობლემა, პენსიების და სხვა. მართლა ასეთი მდგომარეობაა?

_ ეს ის შემთხვევაა, როცა ენდიაის უნდა დავეთანხმოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებასაც ეტყობა, რომ პოლიტიკური პროცესები არ მიდის, რომ არაა შექმნილი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ამაში გვულისხმობ ყველანაირად ჩამოყალიბებულ პარტიებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად, აშშ-ში აშკარად იგრძნობა, რომ პარტიები ერთმანეთისაგან იდეოლოგიურად განსხვავდებიან და იქაური ამომრჩეველიც აქცევს ყურადღებას ამა თუ იმ ღირებულებას. ბევრა ქვეყანაში მემარცხენეებს მემარჯვენეები ცვლიან, და ასე შემდეგ. არჩევანს საზოგადოება აკეთებს.

_ ჩვენში საზოგადოება არ აკეთებს არჩევანს?

_ საქართველოს ამომრჩეველი, ფაქტობრივად, არ მონაწილეობს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. ჩვენთან ძალაუფლებისათვის მებრძოლი პიროვნებები და ორგანიზაციები მოდიან სათავეში. ხალხი არჩევანს არ აკეთებს ფასეულობების საფუძველზე.  ჩვენ არაფერი ვიცით „ქართული ოცნების“ პრინციპებზე. ყურადღებას ვაქცევთ მარტო იმას, რომ რომელიმე კანდიდატი ადრე ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ახლა კი „ოცნებაშია“. ვიღაცისთვის ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ხედვები და იდეოლოგიაა, რასაც არანაირი ყურადღება არ ექცევა.

_ საქართველოს მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ისეთი პარტიებიც ხომ არიან, რომლებსაც ჩამოყალიბებული ხედვები აქვთ? ისინი ამომარჩეველს ვერაფერს სთავაზობენ?

_ ასეთი პარტიები, ბუნებრივია, არიან. ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულ პარტიებს იდეოლოგია და ხედვები თავიდანვე გვქონდა. პოლიტიკოსები ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებაში ვიყავით, მაგრამ სხვადასხვა თემაზე ერთმანეთთან ბევრჯერ გვიკამათია. ბოლო დროს, საქართველოში პოლიტიკური ბაზარი არ არის. პოლიტიკური სუბიექტები არ სთავაზობენ მოსახლეობას პრინციპებს.

_ შეიძლება პოლიტიკური ბაზარი არ იყოს იმ ქვეყანაში, სადაც უამრავი პარტიაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი პოლიტიზებულია?

_ ხალხი  ერთი შეხედვითაა პოლიტიზებული. ითვლება, რომ პოლიტიკა ბევრს აინტერესებს. სინამდვილეში, წლების განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ადამიანების დეპოლიტიზება მოეხდინათ. პოლიტიკური ცხოვრება არ ჩქეფს. ლიდერები და პარტიები თუ ბლოკები იბრძოდნენ ძალაუფლებისა და გავლენებისათვის. ნამდვილი პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობდა.

_  ადამიანები კი უფრო ღატაკდებოდნენ და ესეც აისახებოდა პროცესებზე?

_ ამომრჩევლები გეგმაზომიერად ჩამოაცილეს საქართველოს ბედის გადაწყვეტას. ისინი იძულებული გახადეს, არსებობისათვის ებრძოლათ. ასეთი ხალხის მართვა ადვილია. „ოცნება“ რომ უარს ამბობს თავისი პრინციპების დასახელებაზე, ესეც ხალხის გაბიაბურების ერთ-ერთი საშუალებაა. ამით პასუხისმგებლობასაც გაურბის. პოლიტიკაში მოდიან ძალაუფლებისთვის და საკუთარი კეთილდღეობისათვის მებრძოლები.

_ „ოცნება“ ამომრჩეველს ახალ სახეებს სთავაზობს..

_ მერედა, რომელმა მათგანმა წარმოადგინა ხედვები? რომელიმე შეეხო ტერიტორიულ მთლიანობას? არადა, უამრავი გასარკვევი და გადასაწყვეტელი პრობლემა გვაქვს. თუნდაც, ცხინვალის რეგიონის ე. წ. სამხრეთ ოსეთად დარქმევის, აფხაზეთის საკითხები.

_ ბოლო დროს რეგიონში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება..

_ დიახ. ამის გამო საქართველო შედის ახალ ფაზაში. ესაა დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება. ამიტომ, უნდა აგვიხსნან იმათ, ვინც ნატოშიც მიისწრაფვის და რუსეთთანაც უნდა ნორმალური ურთიერთობა, რანაირად უნდა შეუთავსდნენ ერთმანეთს ნატო და რუსეთი? ნატოს კრეისერები უკვე შავ ზღვაშია. დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტი ძლიერდება. საქართველო შეიძლება იქცეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების ტერიტორიად. თურქეთშიც სერიოზული მოვლენები განვითარდა. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამ ფონზე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდნენ თურქეთში მცხოვრები თანამემამულეები. კიდევ ბევრი სასიცოცხლო საკითხია გადასაწყვეტი და განსახილველი. მაგალითად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის როლი სამოქალაქო საზოგადოებაში. ასევე, საქართველოს დასახელება.

_ თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ჯორჯია და გრუზია არ უნდა უწოდონ?

_ კონსტიტუციაში გვიწერია „საქართველო“, მაგრამ ჯორჯიასაც ვუწოდებთ ჩვენს ქვეყანას, გრუზიასაც და გურჯისტანსაც. ყველგან საქართველო უნდა გვერქვას. ამ ყველაფერზე დისკუსიები უნდა ეწყობოდეს.

_ ტოკშოუებში დისკუსიები ეწყობა..

_ ესაა ერთმანეთის ლანძღვა-გინება და არა პრობლემებზე მსჯელობა. ბრიტანეთში ისე შეიცვალა პრემიერი, არავის პრობლემა არ შექმნია. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რა მოხდება, გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი პირი რომ წავიდეს? დაიწყება ქაოსი. ეს იმიტომ მოხდება, რომ ინსტიტუტები და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია. ყველაფერი ერთ კაცზე  შეიძლება იყოს მიბმული. ეს კაცი ხან სააკაშვილია, ხან-ივანიშვილი და ხან-სხვა.

_ თქვენ მონაწილეობთ არჩევნებში?

_ სახალხო პარტია თავის მწირ რესურსებს გამოიყენებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვალოს.  არჩევნებში ვმონაწილეობთ. ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მომავალ პარლამენტში ბალასტი მოვიდეს. ერთხელ, 1999 წელს სააკაშვილმა თქვა, ბალასტისაგან უნდა გავთავისუფლდეთო. ასე გრძელდება-ჯერ მოიყვანენ ახალ სახეებს, რომლებიც არაფერს გააკეთებენ, ღილაკზე თითის დაჭერის გარდა, შემდეგ ბალასტად ისინი იქცევიან. პარლამენტში გავლენებისათვის მებრძოლი და ბალასტის შექმნელი პირები კი არა, ქვეყანაზე მზრუნველი პოლიტიკოსები უნდა იქვნენ. თორემ, თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს შვილებს ქვეყანას ვერ დავუტოვებთ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress