ალ. ასათიანი – ჩემი ცხოვრება ივერია #7 07 1954

ასათიანი

,,მებრძოლ ძალთა მაქსიმალური ერთობა. ასეთია ჩვენი ერის გარდაუვალი ნებისყოფა. ასეთი წმინდა ერთობის შექმნისათვის, საჭიროა ბევრი რამ პიროვნული განცდებისა და გრძნობების დათმობა. თორემ იდეათა და მიზნების სფეროში, არავის ექნება რაიმე დასათმობი, რადგან საქართველოს ბრძოლის მიზანი საერთოა და უდავო ყველა ქართული ძალისათვის. ქართულ ასპარეზზე ეს ადვილად იქნა მიღწეული, ხოლო ეროვნულ სხეულს მოწყვეტილ ემიგრაციაში ეს გრძელდება . . . მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის რწმენა, რომ მას მივაღწიოთ, რადგან ემიგრაციაში თუ ხშირად ავადმყოფური ატმოსფერო მყარდება, ხშირად ჯანსაღი სიოც შეჭრილა მასში და იმედია კვლავაც ასე მოხდება.” … 

(,,სამშობლო” #23-24) ალ. ასათიანის წერილიდან

ალ. ასათიანი (1889-1953)
ძვირფასო მეგობრებო.
ამ მოკლე ბარათით მოგესალმებით ყველას ერთობით და გისურვებთ ყოველივე ბედნიერებას და უპირველეს ყოვლისა ჯამრთელობას, რომ გაუძლოთ ჩვენი გარდახვეწილობის მძიმე პირობებს და თქვენ მაინც მიაღწიოთ მშობლიურ კერას. ჩვენი უფროსი თაობა დადნა ჩვენს თვალწინ და ჩვენი და ჩვენი თაობიდანაც მეტად დაჩქარდა ეს პროცესი. ამიერიდან ბუნებრივი წესით თქვენს თაობას დააწვება მთელი სიმძიმე ჩვენი ეროვნული ბრძოლისა და მოქმედებების. ის ახალი და უცნობი არ არის თქვენთვის. ჭაბუკობიდან ჩამდგარი ხართ ამ დიდი ეროვნული ბრძოლის რიგებში და როგორც არ უნდა გაიზარდოს ამ ბრძოლაში თქვენი ტვირთი და პასუხისმგებლობა, თქვენ მას აზიდავთ და არ გაექცევით. როგორც თქვენ ამოგვიდექით მხარში, იმ ხანად სულ ყმაწვილები, ისე თქვენც მოგეშველებიამ და თქვენს რიგებს შეავსებენ თქვენი მომდევნო ახალგაზ*
*მისი სიცოცხლის უკანასკნელ საათში დაწყებული და დაუმთავრებელი წერილი
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ჩემი ცხოვრება
(ავტო-ბიოგრაფია, მის მიერვე დაწერილი სიკვდილის წინა დღეებში)
დაიბადა 10 აპრილს 1889 წ. სოფ. ბარდნადაში (ლეჩხუმი) მამა მისი სიმონ ასათიანი იყო სოფლის მეურნე, კერძო ვექილი და საზოგადო მოღვაწე და დედა – მარგალიტა, ოტია გარდაფხაძის ასული. ბავშვობა გაატარა თავის სოფელში და სვანეთში დედის სახლში.
საშუალო განათლება დაიწყო ქუთაისის თავად აზნაურობის პროგიმნაზიაში და დაასრულა რეალურ სასწავლებელში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უმაღლეს კომერციულ ინსტიტუტში, სადაც დაასრულა ეკონომიური განყოფილების საერთო კურსი. რის შემდეგ შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზედ. აქ მან მიიქცია ცნობილი მეცნიერის ლ. ი. პეტრაჟიცკის ყურადღება, და მუშაობდა მისი ხელმძღვანელობით. Pპროფესსორ პეტრაცკის თხოვნით, უნივერსიტეტმა გამოითხოვა სამინისტროსაგან ნებართვა, რომ ალ. ასათიანისათვის მიეცათ მეორე სტიპენტია, რაც არ იყო დაშვებული, ის სტიპენტია, რომელსაც ის ღებულობდა ქუთაისის თავად-აზნაურობის საკრებულოსაგან, ფაკულტეტს არ მიაჩნდა საკმარისად მეცნიერული მუშაობისათვის. პროფ. პეტრაჟიცკის მიერ დანიშნული იყო გერმანიაში გასაგზავნად მეცნიერული მუშაობის გასაგრძელებლად, მაგრამ ომი დაიწყო და ეს ვერ განხოეციელდა.
1914 წლის დასაწყისში დაბრუნდა სამშობლოში და დაბინავდა ქუთაისში. აქ ის ჩაეწერა ვექილთა კორპორაციაში და თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების გაზეთში (სამშობლო). ალ.Aასათიანი ხშირად იგონებდა იმ ხანად მის კიდევ ერთ ასპარეზზედ, თავად-აზნაურობის საკრებულოში მუშაობის საინტერესო ეპიზოდებს. _ პეტერბურგიდან, რომ დავბრუნდი, მამამ გამაცნო თუ რამდენად უძნელდებოდა მას თორმეტი ქალ-ვაჟის აღზრდა და განსაკუთრებით მათი სკოლაში მოთავსება შორეულ ლეჩხუმიდან. ბევრისაგან ვარ დავალებული და განსაკუთრებით, თ. აზ. საკრებულოდან, რომელიც დიდს დახმარებას მიწევდა ბავშვების სკოლებში მოთავსების საქმეში, და შენ კიდევ მან სტიპენტიაც დაგინიშნაო. ამიტომ შენ ვალდებული ხარ დაეხმარო მათს მუშაობაში, თუ ეს მათთვის საჭირო იქნებაო. მე სიამოვნებით შევასრულე მამის თხოვნა და ასეთი განცხადებით წარვუდექი გუბერნიის მარშალს, დავით ნიჟარაძეს. მე მას პირადადაც კარგად ვიცნობდი და აგრეთვე მის წინეთ მყოფ მარშლებსაც. როდესაც პეტერბურგში ჩამოდიოდნენ, ყოველთვის დამიბარებდნენ და გამომკითხავდნენ, თუ როგორ ვმუშაობთ მათი სტიპენტიანტები. ხშირად ვიზიტისასაც გადამიხდიდნენ და ამან ერთხელ დიდი მღელვარება გამოიწვია იმ ოჯახში, სადაც მე ვცხოვრობდი. სახლში, რომ დავბრუნდი, აღელვებულმა დიასახლისმა სადარბაზო ბარათი გადმომცა, რომელზედაც ეწერა: თავადი სიმონ წერეთელი, უმაღლესი სასახლის კამერგერი, ქუთაისის თავად–აზნაურობის მარშალი. როდესაც მოვახსენე: _ მეტად უხერხულად ვგრძნობ თავს, თავადო, თქვენს მიერ თავის შეწუხების გამო თქო, მიპასუხა: არ გაქვთ ამის მიზეზი, მე თუ მარშალი ვარ თქვენ პრეზიდენტი ხართო. იმ ხანად პეტერბურგის ქართულ სათვისტომოს თავმჯდომარე ვიყავი.
დავით ნიჟარაძე მეტად ნასიამოვნები დარჩა ჩემი დეკლარაციით. _ არ ვფიქრობ შვილო, რომ შენ დიდი ხნით დარჩე აქ, ჩვენთან. მოსალოდნელია, რომ მალე გაცილებით დიდი მოვლენები წამოიჭრებიან ჩვენს წინაშე, ვიდრე ეს ჩვენი საქმეა და შენისთანა ახალგაზედები იქ უფრო საჭირო იქნებიან. მაგრამ დროებით თუ ამოგვიდგები გვერდში იმ მუშაობაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, მოსანანიებლად არ გაგვიხდება. ჩვენი დაწესებულება ერთად ერთი ლეგიტიმური ქართული დაწესებულებაა, რომელსაც ზოგიერთი უფლებებიც აქვს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და ამასთან ერთად ის ჩვენი პატარა ეროვნული ხაზინაცაა. ჩვენი ბანკების მთელი მოგება საზოგადო საჭიროებებზედ იხარჯება და მნიშვნელოვან სახსარს აწვდის ქართულ სკოლას, ქართულ თეატრს, ქართულ მეცნიერებას და მრავალ სხვა ეროვნულ საქმეს. აქ შენ გაეცნობი ამ ჩვენს ეროვნულ საჭიროებებს და ეს გამოგადგება მომავალს მოღვაწეობაშიო. ალ. ასათიანი მიწვეულ იქნა საკრებულოს მეორე მდივნად და მარშლის პირად მდივნად. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, იძულებული გახდა მიეტოვებინს საქმე, როგორც მას ეს უწინასწარმეტყველა დავით ნიჟარააძემ.
იმ ხანად ქართველი ახალგაზრდობის ერთი წრე, სპ.კედიას, რ.გაბაშვილის, დ.ვაჩნაძის, შ.ამირეჯიბის და სხვა. მეთაურობით მუშაობას აწარმოებდა პოლიტიკური პარტიის დასააარსებლად ი. ჭავჭავაძის და მისი მესამოციანელთა დასის ეროვნულ იდეების საფუძვლებზედ. თვითონ ჭავჭავაძემ დაიწყო ეს საქმე და ვრცელი პროგრამაც შეადგი-ნა ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიისათვის”, 1903 წელს. მაგრამ მის მიერ აღზრდილი თაობა ჩაბმული იყო მესამოციანელთა დასის მიერ დაფუძნებულ დიდ ეროვნულ საქმეში – ცხოვრების ყველა ასპარეზზედ და ამ ახალ საქმისათვის საჭირო ძალები აღარ აღმოაჩნდათ. დიდი ილიას მოწამეობრივმა სიკვდილმა ეს ძალები რასაკვირველია დაასუსტა. ახალგაზრდათა ჯგუფის სამოქმედო ასპარეზზედ ენერგიულად გამოსვლამ ეს ძალები გამოაცოცხლა. ამ წრეს, იმ ხანად, სამი პერიოდული გამოცემა ჰქონდა – ,,საქართველო” და ,,კლდე” თბილისში და ,,სამშობლო” ქუთაისში. 1916 წ. დასაწყისში ასათიანი გაწვეული იყო ამ წრის მიერ თბილისში და მას ჩააბარეს პარტიის და-არსებისათვის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობა.
ერთი წლის შემდეგ მოწვეულ იქნა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. აქ თავი მოიყარა ოთხმა თაობამ. მესამოციანელთა თაობას ნიკო ნიკილა-ძე წარმოადგენდა და მის მომდევნო თაობას – გ. გვაზავა, ვას. წერეთელი, ვახტანგ ღამბაშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივ. ზურაბიშვილი, იოსებ ოცხელი, ს. ქვარიანი, ი. დადიანი, პ. გოთუა და მრავალი სხვა. საქმის თაოსანთა ახალგაზრდობის წრე უკვე დიდად იყო გაფართოებული და მას კიდევ მოჰყვებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის წრე. წარმოდგენილი იყვნენ ქართველი მეცნიერების და მწერლების დიდი მეთაურები, მთელი საქართველოს სივრცეზედ საუკეთესო სოფლის მეურნენი და მრეწველნი. ერ. დემ. პარტიას უკვე დარაზმული ჰყავდა თავის გარშემო ქართველი ერის შემოქმედებითი და კონსტრუქციული ძალები. ყრილობამ აირჩია პარტიის მთავარი კომიტეტი. ალ. ასათიანი პარტიის თავმჯდომარის ამხანაგად იქნა არჩეული.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაისახა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის შესაძლებლობები. ერ. დემ. პარტიამ ქართველ სამღვდელოებასთან ერთად აღადგინა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა და მისი როლი ფრიად დიდი იყო შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემზადებაშიაც. ასათიანი მუშაობდა პარტიაში. პრესაში უმთავრესად ფინანსურ და ეკონომიურ საკითხებზედ სწერდა და ცალკე წიგნად დაბეჭდა ,,მიწის საკითხი საქართველოში”. დამფუძნენელ კრებაშიც. უმთავრესად, ფინანსურ ეკონომიურ საკითხებზედ გამოდიოდა. პარტიულ ორგანიზაციების გაფართოებასთან ერთად, ერ. დემ. პარტიამ განიზრახა ქართულ კონსტრუქციული ძალების დარაზმვა. მან შექმნა სასოფლო მეურნეობის ყველა დარგებში მწარმოებელთა კავშირები, რომელნიც სასოფლო სამეურნეო პალატაში გაერთიანდნენ. ასევე ვაჭრობა – მრეწველობის ორგანიზაციები სავაჭრო – სამრეწველო პალატაში თავმოყრილნი. ალ. ასათიანის ორგანიზაციული ნიჭი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ საქმეებში. ერთ ხანად მას მოუხდა პარტიის ფინანსური საქმის ხელში აღება და მისი გაძღოლა. პარტია სრულიად დაიშრიტა საღსრისაგან. ქუთაისში გაზეთი დაიხურა. მთავარი ორგანო ,,საქართველოც” შეწყდა გაურკვეველ დრომდე, საქართველოში ქაღალდი არ იშოვნებოდა. მთელი ვალუტა და ექსპორტ-იმპორტი მთავრობის ხელში იყო. იმანაც ვერ მოახერხა ეს საქმე და მთავრობისა და მისი პარტიის გამოცემები გასახვევ ქაღალდზე იბეჭდებოდენ. წიგნების გამოცემა შეწყდა, თვით სკოლის სახელმძღვანელოებისაც. ალ. ასათიანმა მოახერხა აზერბაიჯანის მთავრობისაგან ერთი ვაგონი ქაღალდის გამოტანის ნებართვის გამოთხოვა, გ.ცხაკაიას დახმარებით, რომელიც ბაქოს ქართველების სახელით აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი იყო. როდესაც ინგლისელებმა დასტოვეს ბათუმი, იქაც აღმოაჩინა ქაღალდი და შეიძინა ის ცენტრობანკის შემწეობით, რომლის საბჭოს წევრი იყო. შემდეგ მან მოაგვარა იმ დროში უთუოდ ერთად ერთი, მეტად რთული ფინანსური ოპერაცია. არც ვალუტა ჰქონდა, არც გასაცვლელად საექსპორტო საქონელი და არც ქართული ფული და არც რაიმე ვინმეს გარანტია. ერთი უცხოელი ფირმის დირექციის მისდამი მხოლოდ ნდობს შემწეობით ფინლანდიიდან ქაღალდის დიდი პარტია ჩამოიტანა. ქართულ ბანკებს საკმაო თავისუფალი თანხები არ აღმოაჩნდათ, სომხების ბანკებიც დაიხმარეს, ქაღალდი დაიგირავეს. მიღებული ქართული ფულით ,,ჩემოს” ორი წევრის, ბაია პაპავას და პერსენაკის დახმარებით უცხო ვალუტად აქცია და ვალი გადაიხადა. ეს ქაღალდი მეტად იაფ ფასებში იყო შეძენილი, რის გამო ის მძლავრ ფინანსურ ბაზას უქმნიდა პარტიას და მის გამომცემლობას. შემწყდარნი გამომცემლობები განახლდნენ გაცილებით უკეთესი სახით, ახალი გმოცემა დაარსდა – კვირეული ,,სოფლის გაზეთი”. შეძენილ იქნა კავკასიურ პოლიტიკისათვის რუსულ ენაზედ რომ გამოდიოდა ,,ზაკავკაზსკაია რეჩი”, კოწია თუმანიშვილის, პარმენ გოთუას და გ. ამირეჯიბის მეთაურიბით, თავისი სტამბით. შეძენილ იქნა აგრეთვე დიდი სომხური გამომცემლობა. აქციონერული საზოგადოება ,,მამული”, დიდი სტამბა პოლიგლოტით 30 ენაზედ შრიფტით. წიგნების გამომცემლობაც უზრუნვებელყოფილი გახდა ქაღალდით და განახლდა ამ სახით. ქართული პოლიტიკური და აკადემიურ გამოცემათა დიდი უმრავლესობა ერ. დემ. პარტიის ხელში იყრიდა თავს. ქაღალდის ორი მესამედი ნაწილი კომუნისტებს ჩაუვარდათ ხელში, როდესაც საბჭოთა რუსეთი საქართველოს შეესია.
დამოუკიდებელი საქართველოს წაქცევამ ახალი და მეტად მძიმე ამოცანები დაუსახა ერ. დემ. პარტიას. საქართველოს განთავისუფლებისათვის ახალი ბრძოლის დაწყება იყო საჭირო და ამისათვის პარტიულ აპარატის რადიკალური რეორგანიზაცია სათავიდან სულ დაბალ ფენებამდე და ამ ახალი მძიმე ბრძოლისათვის გამოსადეგ ძალების სავსებით დაფარულ ორგჰანიზაციებში მოქცევა. ამ ორგანიზაციების სამხედრო წესზედ აგება, ქართველ მხედრებთან ერთად. კიდევ ცალკე მხოლოდ მხედრებისაგან შემდეგ სამხედრო ორგანიზაციის შექმნა, სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან შეთანხმება და საერთო პოლიტიკური ცენტრის ,,დამკომის” შექმნა. სვანეთის აჯანყება 1921 წელს, კახეთ-ხესურეთის, ქ. ჩოლოყაშვილის მეთაურობით 1922 წ. და 1924 წ. აჯანყება – ყოველივე ეს ერთად დიდი ბრძოლისა და მოქმედების ეპოპეაა და ამ ეპოპეის ისტორია დაასკვნის, რომ მისი მთავარი ღერძი ერ. დემ. პარტია იყო. ა. ასათიანი ამ დიდ ბრძო-ლათა შუაგულში იყო თავიდანვე, უცხოეთში გასვლამდე, კახეთის აჯანყების საერთო აჯანყებად გადაქცევა რომ გადაწყდა, მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და დასავლეთი საქართველოს ფარული პარტიული და სამხედრო ორგანიზაციები შემოკრიბა. ხოლო, როდესაც გადაწყდა ამ აჯანყების გადადება, პარტიის ცენტრის დავალებით უცხოეთში გაემგზავრა, რომ იქ გამოერკვია ამ ჩვენი ბრძოლისათვის დაპირებულ დახმარებათა სინამდვილე და სხვა საგარეო პოლიტიკური პირობები. Mმან მოახერხა და უცხოეთიდან შეატყობინა პარტიას, რომ საერთო აჯანყებისათვის და გადამწყვეტ ბრძოლის მიცემი-სათვის არც დახმარება არის მოსალოდნელი და არც სხვა საგარეო პირობებია ამისათვის ხელსაყრელი, რომ ფარულ მებრძოლ ძალთა თავდაცვისათვის და მათი შენარჩუნებისათვის შესაფერ დროისთვის, მცირე პარტიზანული ჯგუფების შენახვაა საჭირო და, როდესაც საჭიროება მოითხოვს, მათი მოქმედება სავსებით საკმარისი იქნება და მიზანშეწონილი.
1924 წლის აჯანყების დროს ა. ასათიანი გაემგზავრა საქართველოში შესასვლელად. სტამბოლში, რომ ჩავიდა, იქ ტელეგრამა დახვდა, რომ ჩოლოყაშვილი თავისი რაზმების ნაწილით საზღვარზეა გადმოსული და ევროპაში მოდის. ა. ასათიანმა დაინახა, თუ რამდენად საშიში იყო მარტო ქართული ძალებით გაგრძელება ამ ზომად აქტიური ბრძოლისა. დ. ვაჩნაძესთან და მ. წერეთელთან ერთად მოლაპარაკება გამართა ჩვენი მეზობლების პოლიტიკურ მოღვაწეებთან და 1924 წლის სექტემბერში ამ ძალებმა დააარსეს ,,კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი”. ორი წლის შემდეგ ამ კომიტეტში შევიდნენ ქართველი სოც-დემ. პარტიისა და მუსავატების წარმომადგენლები. კავკასიის კომიტეტი გახდა საქართველოს,Aაზერბაიჯანის და ჩრდილო კავკასიის პოლიტიკური ბრძოლის ორგანო. Aმის შემდეგ შეიქმნა კიდევ უფრო ფართო ორგანიზაცია, საბჭოთა კავშირის ყველა დაბყრობილ ერების ,,პრომეთეს” კავშირი. ალ. ასათიანი იყო ქართული ეროვნული საბჭოს, აგრეთვე კავკასიის და ,,პრომეთეს” ცენტრალური ორგანოს წევრი. ჟურნალ ,,პრომეთეს” ერთ-ერთი რედაქტორი და ,,პრომეთეს” პოლიტიკური კლუბის თავმჯდომარე პარიზში. სტამბოლში მან გამოსცა პირველი ქართული წიგნი ემიგრაციაში, რომელიც სამხედრო ორგანიზაციის მიერ ეძღვნებოდა საქართველოს ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ ხელმძღვანელობდა ჟურნალ ,,სამშობლოს” თანამშრომლობდა სპ. კედიას მიერ გამოცემულ გაზეთში ,,სამშობლოსათვის”, ,,ივერიაში” და კავკასიურ გამოცემებში. ცალკე წიგნად გამოსცა ,,ძველი და ახალი მენკვიდრეობა” და შემდეგ ,,ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები”. ა. ასათიანმა მრავალჯერ შემოიარა ევროპის ქვეყნები. სადაც კი რაიმე ინტერესი დაისახებოდა ქართული ბრძოლის საქმისათვის: ოსმალეთი, პოლონეთი, იტალია, გერმანია, რუმინეთი და სხვა. ზოგჯერ ამ ქვეყნების მმართველი წრეების მიწვევით და ზოგჯერ კიდევ თავის ინიციატივით.
უკანასკნელი ომის დროს ალ. ასათიანმა მოახერხა საქართველოს საზღვრამდე მისვლა. ამზადებდა სამშობლოში შესვლას, რომ იქ გონიერ ქართველ ძალებთან ერთად გამოენახა გზები თავიდან ასაცდენად ისეთი ამბებისა, რომელთაც ჰიტლერის ჯარების შესვლის შემდეგ, ადგილიHჰქონდა პოლონეთში, უკრაინაში და სხვაგან. სვანეთში გადასასვლელად, საჭირო იყო ორი თვის დაცდა რათა მთებზედ თოვლი გამაგრებულიყო. ამასობაში დაიწყო გერმანული ჯარების უკან დახევა და ეს ექსპედიცია აღარ გახდა საჭირო. ალ. ასათიანი ამის შემდეგ ქართველ ტყვეთაგან შემდგარ ლეგიონებში მუშაობს, ლექციებს კითხულობს საქართველოს ისტორიაზედ, ლიტერატურაზედ, მათთვის საგანგებოდ დაარსებულ კურსებსაც ხელმძღვანელობს. მისი მიზანია ამ ქართველი ახალგაზრდობის ქართული იდეისა და ქართული მორალის გავლენაში მოქცევა. 1944 წლის აგვისტოს დასაწყისში ამას სტოვებს და მიეშურება სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ისპანიის საზღვართან ხუთი ათასი ქართველი და ორი ათასი ჩრდილო კავკასიელია დაბანაკებული. სამი ქართველი ოფიცერი მიჰყავს და იმედი აქვს მათი გადაყვანის ისპანიაში და იქიდან ჩრდილო აფრიკაში. ათი საათის ნაცვლად იქ ჩასასვლელად ათი დღე დასჭირდა, რკინიგზა არ მუშაობდა, რადგან ხიდები დანგრეული იყო და მათ ვეღარ ჩაუსწრო. ეს ნაწილები გადაყვანილი იყვნენ იქიდან და როდესაც მიაკვლია, ისინი უკვე საბჭოთა ოფიცრების ხელში იყვნენ. მეგობრები ცდილობდნენ მის იქ დატოვებას და შენახვას, სანამ პარიზის ქართველობაში დაწყებული დაჭერები შენელდებოდა. წინააღმდეგ ამისა მან დააჩქარა დაბრუნება, რადგან ვისაც იჭერენ, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მე მაქვსო და მეც იქ უნდა ვიყოო. დაბრუნდა, ოთხი თვე ციხეში გაატარა, არამც თუ თავისი ,,დანაშაული”, არამედ ყველა სხვებისაც თავის თავზედ აიღო, მაგრამ დასახულ მიზანს სავსებით მიაღწია. მან დაუმტკიცა ქართველთა საქმეემის გამომძიებელს, რომ ქართველებს არ დაურღვევიათ არც კეთილი სტუმართმასპინძლობის წესები და არც ფრანგებისადმი მეგობრობის მორალი, რომ ქართველები ემსახურებოდნენ უმაღლეს პატრიოტულ მიზნებს, რაც საფრანგეთის ტრადიციული მორალით მუდამ ითვლებოდა არა დანაშაულად, არამედ სასახელო და საპატიო საქმედ. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა ფეხით გადასულიყო პირინეის მთებზე და ისპანიაში დაჰყო ოთხი წელიწადი. იმავე გზით უკან დაბრუნდა დაკვლავ ენერგიულად ჩაება ქართულ და კავკასიურ მუშაობაში.
მთელი მისი ცხოვრების მანძილზედ ალ. ასათიანი მუდამ და ყველგან აქტიური ბრძოლის სახიფათო და საშიშ პოზიციებზედ იმყოფებოდა. მრავალს და ხიფათს და განსაცდელს გადარჩა და ყველა მისი მეგობარები ფიქრობდნენ, რომ მას ბედი განსაკუთრებულად სწყალობდა. Nამდვილად კი ის მეტად ბოროტი და უმოწყალო გამოდგა. განსაკუთრებული ჯამრთელობით აღჭურვილს ისეთი სენი შეურჩია, რომელსაც ვერ უძლებს ვერავითარი ჯამრთელობა.
როდესაც ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით არის დატვირთული, ცხოვრების დასრულების ჟამს მეტად მძიმედ განიცდის ამ პასუხისმგებლობას. უთუოდ ყველანი ასე აფასებენ განვლილ ცხოვრების გზას, რომ მას გაცილებით მეტად და გაცილებით უკეთ შეეძლო ამ პასუხისმგებლობის გამართლება და განაღდება. ყველას რჩება ბევრი რამ დაუსრულებელი. მეც ასე მომივიდა. ბევრი რამ მქონდა დასაწერი ისეთი, რომელიც შეიძლება სხვას არავის შეეძლო შეესრულებინა ისე, როგორც მე ვინაიდან მეტად მრავალი დიდი საქმის მონაწილე ვიყავი, და ზოგან თაოსანი და შემსრულებელი. დამრჩა კიდევ ოცი წლის ნაფიქრი და ნამუშევარი თანამედროვე ეპოქის შესახებ, შეიძლება მეტად საყურადღებოც ყოფილიყო და არა მარტო ჩვენთვის ქართველებისათვის. მინდოდა 4-5 თვე ნორმალური ცხოვრება და ამ მოლოდინმა ეს საქმე შეუსრულებელი დამატოვებინა. თაობა თაობას მისდევს. თქვენ სიყმაწვილიდან ჩაბმული ხართ ჩვენ საერთო ბრძოლაში. გისურვებთ გამარჯვებას!
ალ. ასათიანი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress