მსოფლიო-ბედის უკუღმა ტრიალი. პარიზი – ივერია #8 1956 ელ. პატარიძე

gerbi axali 1

       მეცხრამეტე საუკუნის მეტად შინაარსიანმა ეპოქამ, პიროვნების თავისუფლებასთან ერთად მთელი მისი სიმძიმით, მსოფლიოს წინაშე დასვა ეროვნებათა თავისუფლების საკითხი.

-„მრავალ სხვა კეთილშობილ საკაცობრიო იდეათა შორის აცოცხლდა და და ხორცი შეისხა ეროვნულმა იდეამ. რასიულად მონათესავე ტომები ეროვნულ ერთეულებში დალაგდნენ, ეროვნულს შეგნებას მიაღწიეს და მათ მიერ დასახლებულ მიწა-წყალზე ნაციონალურ სახლმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. „ძირიანად და არსებითად ნაციონალურმა ევროპამ შესცვალა მეთვრამეტე საუკუნის კოსმოპოლიტური ევროპა“ ამბობს სორელი. სახელმწიფოს ფუძედ ეროვნული ერთიგივეობა და ერთობა დაედო“. – ვსწერდით ჩვენ 1933 წ. „სამშობლო“-ს 15 ნომრის ფურცლებზედ.

თვით ამ ეროვნულ სახელმწიფოების და მათ შორის, იმ ერის მესვეურებიც, რომელთა დიდმა რევოლუციამ წარმოშვა და თეორიული საფუძვლები ჩაუყარა თავისუფლების იდეებს საერთოდ, ვერ იცავდნენ ინტეგრალურად ეროვნებათა თავისუფლების იდეებს. საკუთარი სახელმწიფოს ეგოიზმით გატაცებულნი განაგრძობდნენ ახალი მცირე ერების დაპყრობა-დამორჩილებას. ეგრედწოდებულ ევროპის კოლონიალური სახელმწიფოების გვერდით სამი დიდი იმპერია: ოსმალეთის-ოტომენთა, ავსტრო-უნგრეთისა და რუსეთის დამყარებულნი იყვნენ დაპყრობილი ერების ჩაგვრა-ბატონობაზედ. მათ მიერ დაპყრობილი ერების შეუჩერებელი ბრძოლა, მათი ეოვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლების მოპოებისათვის, ავსებდა მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას.

დიდ სახელმწიფოთა თუ იმპერიათა შორის არსებული მეტოქეობით დამძიმებული ატმოსფერის შავი ღრუბლები გაარღვია, ბალკანეთის კუნძულზედ გასროლილმა ერთმა ტყვიამ; რაც მიზეზი გახდა დიდი მსოფლიო ომისა და ოთხი წლის განმავლობაში განუწყვეტელი სისხლის წვიმებით განბანა ცოდვილი ქვეყანა. ეს მსოფლიო ომი მოკავშირეთა გამარჯვებით და იმავე დროს ორთავე მოპირდაპირე ბანაკში მონაწილე – სამი დიდი იმპერიის დაშლა-დანაწილებით დამთავრდა. დიდმა ომმა მოინელა ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის-ოტომენთა და რუსეთის იმპერიები. თავისუფლების იდეის სამშობლო საფრანგეთის გულში ვერსალში შეკრებილმა სამშვიდობო კონფერენციამ 1919 წ. ნორმალურ კალაპოტში ჩააყენა, დიდი ომით აბობოქრებული მსოფლიო და ეროვნებათა თავისუფლების იდეა ნაწილობრივად განახორციელა. დიდ იმპერიათა ნანგრევებზედ ეროვნებათა ათეულები გაანთავისუფლა, თუ განახლებული ეროვნული სახელმწიფოების არსებობას ფაქტიური და იურიდიული ცნობა მიანიჭა: ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დანაწილებისაგან წარმოიშვა ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი და იუგოსლავიის დიდი ნაწილი; სამი იმპერიის შორის განაწილებილი პოლონეთი გაერთინებულ იქმნა და ეროვნულ სახელმწიფოებრივი თავისუფლება აღიდგინა; ოტომანთა იმპერიის მონობისაგან გაანთავისუფლეს და სახელმწიფოებრივი არსებობა აღუდგინეს სირიას და მესოპოტამიას; რუსეთის იმპერიის ნანგრევებზედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება აღიდგინეს: ფინეთმა, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩრდილო კავკასიის ტომებმა, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა. ალბათ რუსეთში მომწყვდეული სხვა ერებიც მიბაძავდნენ მათ მაგალითს, რომ ბოლშევიკურ რუსეთის უხეშ ძალას არ შეეჩერებინა მათი ნებისყოფა და მიმდევარი წლების განმავლობაში, კვლავ არ დაეპყრო ახლად განთავისუფლებული ერების ნაწილიც.

უნაკლო და სრულყოფილი ამქვეყნად არაფერია და არც რაიმე კეთდება მიწიერი ადამიანის გონებითა და ხელით. არცერთი ომის შემდეგ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულობა არ ყოფილა უნაკლო. 1919 წლის ვერსალის საზაო პირობებიც არ შეიძლება უნაკლოდ მივიჩნიოთ. ამ კონფერენციის, უდიდესი ზნეობითა და მორალით, თანაც გონებითა და გამოცდილებით უხვად დაჯილდოებულმა პოლიტიკურმა მეთაურებმაც ვერ დააღწიეს თავი გამარჯვებულის ფსიქოლოგიას; ვერ ისარგებლეს ფილოსოფოს პლატონის კლასიკური სიბრძნით: „გონება განაგებდეს, გული ასრულებდეს, მადა ემორჩილებოდეს“. ამ სიბრძნისადმი უყურადღებობით მათ დაუშვეს საზაო პირობებში, ზოგი რამ ისეთი, რაც მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზთა თესლათ  შეიძლება მივიჩნიოთ. ამ უვარგისი თესლის აღმოფხვრაც შესაძლებელი იყო და ამას ემსახურებოდა მშვიდობიანობის მოციქულ არისტიდ ბრიანის თანდათანობით დათმობის პოლიტიკა დამარცხებული, მაგრამ დიდი პოტენციალური ძალის მქონე გერმანიის ერისადმი.

მიუხედავათ ამ ნაკლისა, უდაოა, რომ ვერსალის კონფერენციის დიდმა მეთაურებმა შესძლეს ყოველივეს განმანადგურებელი ოთხი წლის ომის შემდეგ, წაბარბაცებული კაცობრიობისათვის აღედგინათ მორალური და ზნეობრივი საფუძვლები, სახელმწიფოთა შორის ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინათ და ხელახლა წინსვლის და უკეთესი მომავლისაკენ მიემართათ მისი ცხოვრება.

* * *

ვერსალის საზაო პირობებით შექმნილი ცნობილი „კორიდორი“ საბაბი გახდა გერმანიისათვის, თავს დასხმოდა პოლონეთს, მთელი მისი სამხედრო სიძლიერით. დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა და შემდეგ ამერიკამაც ომი გამოუსხადა გერმანიას, პოლონეთის დასაცავად. გერმანეთის მაშინდელი მოკავშირე საბჭოთა რუსეთი  მეორე მხრიდან დაესხა თავს პოლონეთს და მისი ნახევარი ტერიტორია დაიკავა. გერმანეთ-რუსეთის კავშირი, როგორც მოსალოდნელი იყო, უდღეური აღმოჩნდა და მათ შორის ომი გაჩაღდა. ამგვარად საბჭოთა რუსეთი მოკავშირეთა ბანაკში აღმოჩნდა და მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა. თავისუფლების ქვეყნებისა და მონობის ქვეყანა – საბჭოთა რუსეთის ურთიერთ დაკავშირება, სჩანდა, კარგს არაფერს მოუტანდა მსოფლიოს. ამ მსოფლიო ომის წარმოებაში ჩადენილი არაჰუმანიური აქტებით გამოაშკარავდა მსოფლიო ცივილიზაციის მორალური და გონებრივი დეკადანსი. ამ ომის დროს ჩადენილი უზნეო და არაჰუმანიური აქტები წაუშლელ სამარცხვინო ლაქად დააჩნდა ქრისტიანულ მორალზედ აღზრდილსა და დაფუძნებულს კაცობრიობას. მათ სიმძიმეს ალბად დიდხანს ატარებს ჩვენი ცოდვილი ქვეყანაოთხი უმძიმესი წლის შემდეგ ეს გაუგონარი მეთოდებითა და საშუალებებით, ყოველივე სულიერი და მატერიალური ღირებულებისა და დოვლათის განმანადგურებელი ომი დამთავრდა, თუ შეიძლება ითქვას, მოკავშირეთა გამარჯვებით. ვამბობთ „თუ შეიძლება“, ვინაიდან გამარჯვება არ ხასიათდება და ფასდება მხოლოდ საომარ ასპარეზზედ იარაღის გამარჯვებით, არამედ მისი შედეგებითა და ნაყოფით. თითქმის გამართლდა ნათქვამი „ამ ომის შემდეგ აღარ იქნება გამარჯვებული და დამარცხებული“ო. გამარჯვებულ მოკავშირეთა ბანაკში, დემოკრატიულ და თავისუფლების ქვეყნების გვერდით, ბოლშევიკური რუსეთის თანაბარ-მონაწილეობამ, ისეთი თავისებური დაღი დაასვა ომის მიმდევარ ეპოქას, რომ დამარცხებულ, ქრისტიანული ცივილიზაციით ამაყი იტალიის „რეზისტანებმა“ უბრალო კრიმინალივით მოჰკლეს ოციოდე წლის მანძილზე მათი სახელმწიფოს დიდი მეთაური და დაკლული ღორივით ჩამოჰკიდეს საყასბოს „ვიტრინაში“ ბრბოს საჩვენებლად. გამარჯვებულებმა დამარცხებული  სახელმწიფოს მეთაურები სამოქალაქო თუ სამხედრო უწყებისა დაიჭირეს, გაასამართლეს და ბაწრებზედ ჩამოახჩვეს, როგორც რომელიმე სახელმწიფოს შიგნით კანონს გარეშე აღიარებული ბანდიტები. არა მგონია, რომ საერთაშორისო კანონთა კოდექსში უბრალო შენიშვნაც არსებობდეს ამ აქტის დამფარველი. დამარცხებული სახელმწიფოს ეროვნული მთლიანი ცოცხალი ორგანიზმი გასჭრეს და შინაურ დიქტატურისაგან განთავისუფლებული მისი ოცი მილიონი მცხოვრებით, დღემდე გაუგონარ უცხო დიქტატურას მისცეს პირში. ასევე მოექცნენ თავისუფლების მოყვარულ კორეიას და ინდო ჩინეთს. ასეთი უსამართლობისაგან დაზღვეული არ არის არცერთი ერი თუ სახელმწიფო, სადაც ბოლშევიკური რუსეთი შინაური ომის ცეცხლს დაანთებს.

გაუგონარი ამბავი: თერთმეტი წელიწადია, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და ჯერაც ვერ მოუხერხებიათ დამარცხებულ სახელმწიფოებთან საზაო პირობების დადება. ამის მიზეზი ისაა, რომ ომის დამთავრების პირველი დღეებიდანვე გამოირკვა მოკავშირეთა ბანაკში არსებული უთანხმოება,-წინააღმდეგობანი; ცხელ ომს ცივი ომი მოჰყვა, არა ომის მწარმოებელ ორ ორი ბლოკის შორის, არამედ თვით მოკავშირეთა – თავისუფლების ქვეყნებსა და დიქტატურის ქვეყნის შორის. პირველთა ბანაკში მოჰყვნენ ბუნებრივად მათ მიერ ომში დამარცხებულ ევროპისა თუ აზიის სახელმწიფოები.

კომუნისტური საბჭოთა რუსეთი თავიდანვე დასავლეთის სახელმწიფოების უხვი დახმარებით დადგა ფეხზე. მას არ დაჰკლებია ამ ქვეყნებისაგან მეცნიერულ-ტეხნიკური თუ მატერიალურ-ფინანსიური დახმარება უკანასკნელი დიდი ომის წინ, საბჭოთა რუსეთი თითქმის მთლიანად ჩადგა ძველი რუსეთის საზღვრებში. ის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა და ძველი სლავიანიზმისა და კომუნიზმის აგრესიული სახით ემუქრებოდა აზია-აფრიკის და ევროპის ქვეყნებს. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, დასავლეთ სახელმწიფოების მეთაურებმა საკმაოდ ვერ შეიგნეს კარზედ მომდგარი ეს დიდი საფრთხე. მეორე დიდ ომში მოკავშირეთ გაიხადეს და ნადავლიც მთლიანად მას მიაკუთვნეს; ძველი რუსეთის იმპერიის საზღვრები გადმოალახვიეს და შუა ევროპაში შემოიყვანეს. ამგვარად გაძლიერებული საბჭოთა რუსეთი ახდილად შეუდგა დასავლეთ ევროპის აფრიკისა და აზიის ქვეყნების შიგნით დანაღმვას. ექვსას მილიონიან ჩინეთში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, ფაქტიურად მისი გავლენის ქვეშ დააყენა და აზიისა და აფრიკის დანარჩენ ქვეყნებშიაც ფეხი შესდგა და მისი გავლენა გააძლიერა. ამგვარად დღიურ წესრიგში დადგა თავისუფლების ქვეყნებისათვის ეს უდიდესი საფრთხე. გვიან მაგრამ, მაინც გამოიღვიძა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა და დიდმა ამერიკამ. გაჩაღდა ეგრედწოდებული ცივი ომი, რომელზედაც მილიონები და მილიარდები იხარჯება ორივე მხრიდან. დიდი ომის შეჩერებიდან სრულიად არ ჩამქრალა ცხელი ომი და ევროპა-აზია აფრიკის კონტინენტებზე ადგილობეივი ხასიათის პერმანენტული ომები სწარმოებს და სისხლისღვრა არ შეწყვეტილა. „რკინის ფარდის“ ორივე მხარეზედ გაუგონარის ინტენსიობითა და სიჩქარით სწარმოებს მზადება მესამე მსოფლიო ომისათვის, რომელიც გუშინდელ მოკავშირეთა შორის უნდა გაჩაღდეს და რომლის საშიშროება თავზარსა სცემს ორთავე მოპირდაპირეს. დიდი სახელმწიფოების დიდი მეთაურები, მათი უაღრესად მძიმე პასუხისმგებლობის წინ დადგნენ პირისპირ ხალხისა და ისტორიის წინაშე. გახშირდა მშვიდობიანი სიტყვები, საზაო კონფერენციები და მოლაპარაკებები. ეგრედ წოდებული „ჟენევის ატმოსფერის“ უდღეური ხანიდან გამოვედით. ომის ატმოსფერისა და მსოფლიოზედ დაწოლილი სისხლით გაჟღენთილი საწვიმრად განმზადილი ღრუბლების გაბნევა-გაფანტვას კიდევ ცდილობენ დიპლომატები, მშვიდობიანი ფრაზეოლოგიით. იღწვიან და შრომობენ, რომ კეთილშობილი გამოსავალი მოსძებნონ. საშინელი პერსპექტივების წარმომშობი მომავალი ომი და კატასტროფა თავიდან ააცდინონ კაცობრიობას. ხალხების ყურადღება მათკენ არის მიპყრობილი.

ერთი მხრით ატლანტიკის სამხედრო პაქტი, რომელშიდაც თავს იყრიან ჩრდილოეთ-ამერიკა, ინგლისის იმპერია, მასში შემავალი ქვეყნებით და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები. მეორეს ვარშავის სამხედრო პაქტი, რომელიც თავს უყრის კომუნისტურ საბჭოთა რუსეთთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ხალხოსნურ-დემოკრატიულ – მათი გავლენის ქვეშ მყოფ, სატელიტებს იუგოსლავია-ოსმალეთ-საბერძნეთის სამხედრო პაქტი და ბაღდადის პაქტი. ორივე მხრით სამხედრო მზადება თითქოს თავდაცვისათვის, არა თავდასხმისათვის, და ერთმანეთის დასაწყნარებლად, ორივე მხრით ცდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთგვარი ნეიტრალური, ტამპონის როლის აღმასრულებელ ზონის შექმნისა, ჩრდილოეთის ოკეანედან ხმელთაშუა ზღვამდე. თანაც საზაო-სამშვიდობო კონფერენციები. ეს ხანა მეტად წააგავს 1930-1939 წლების ეპოქას, რომელსაც ახასიათებდა „დიდი ანტანტის“, აღმოსავლეთ ევროპის „მცირე ანტანტის“ და სხვა რეჟიონალური პაქტები; დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა და საბჭოთა რუსეთის შორის  დადებული პაქტები. ამავე დროს ცნობილი „ბრიან-კელოგის“ პარიზის მშვიდობიანობის და ბოლოს მიუნხენის სამშვიდობო კონფერენცია. ამ ორი ეპოქის ანალოგია მეტად თვალსაჩინოა.

ამავე საგანს ვეხებოდით ჩვენ 1935 წელს „სამშობლო“-ს მე-17-18 ნომერში (საზაო სიტყვები და საომარი საქმეები) და ვამბობდით: „ამ მოსალოდნელი ომის თავიდან აცდენას ვერავინ მოახერხებს. შეუძლებელია ცარიელი დიპლომატიური ფრაზეოლოგიით გაფანტვა და დაშლა იმ შავი ღრუბლების,, ევროპა-აზიას რომ თავს დასტრიალებენ და სისხლის წვიმებითა და ქვემეხებით ემუქრებიან“. ოთხი წლის შემდეგ მომხდარმა ომმა სამწუხაროდ სავსებით გაამართლა ჩვენი დაფასება.

გასული წლის ზაფხულში ჟენევაში „ოთხი დიდი“-ს მხიარული შეხვედრა იმით დამთავრდა რომ შეთანხმდნენ – უნდა მოვრიგდეთო და ამის განხორციელება საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრას მიანდეს. ამ კონფრენციამდე მომხდარმაპოლიტიკურმა ამბებმა და მათ შორის ადენაუერ-ბულგანინის მოსკოვში შეხვედრამ, რომლის შედეგი „მატშ ნულ“-ით დაახასიათა ამერიკის საზოგადოებრივმა აზრმა; მეორე დღესვე მოსკოვში გროტვოლის მიპატიჟებამ-თათბირმა და ამის შემდეგ მოსკოვის განცხადებამ და სხვა ნაკლები მნიშვნელობის პოლიტიკურმა ამბებმა შემოდგომის დასაწყისშივე გაჰფანტა ჟენევის თბილი პოლიტიკური ჰავა და საგარეო საქმეთა მინისტრების ოქტომბრისათვის განზრახულ კონფერენციას უიმედობის ნიადაგი მოუმზადა. ამ კონფერენციამ ისე უშედეგოთ ჩაიარა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ვერც ერთ სადაო საკითხზედ ვერ შეთანხმდნენ.

ერთხელ კიდევ ნათელი გახდა ის უდაო ჭეშმარიტება, რომ საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელთა პოლიტიკის მთავარი ხაზი არ მიიმართება მშვიდობიანობისაკენ, არამედ ომისაკენ, რომლის მიზანია თავისუფალი ქვეყნების დაპყრობა-დამორჩილება. ბულგანინ-ხრუშჩევის ინდოეთში სააგიტაციო მოგზაურობამ, ხომ სრულიად გააშიშვლა მათი პოლიტიკური მახინჯი და სისხლიანი სახე. ნუ თუ ამის შემდეგაც ვერ შეიგნებენ თავისუფალი ქვეყნების დიდი პოლიტიკური მეთაურები, რომ მოსკოვის იმპერიალიზმთან მორიგება შეუძლებელია. დროა საბოლაოდ დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა რუსეთის ორმაგი დიპლომატიის მეთაურები არ შეიძლება მიჩნეულ იქმნან სამშვიდობო საქმიანობის საიმედო პარტნიორებად, რომ მათის მონაწილეობით გამართული სამშვიდობო კონფერენციები ვერ შესძლებენ მეტად შერყეული მორალის-ზნეობისა და სამართლიანობის აღდგენას, პიროვნებისა და ეროვნებათა თავისუფლების დროშის აღმართვას მსოფლიოს მწვერვალზედ, და ქვეყანაზედ მშვიდობიანობის დამყარებას.

* * *

რა მისცა, თავისუფლების გზაზედ მეცხრამეტე საუკუნიდან შემდგარ მსოფლიოს, თავისუფლების დროშით მოკავშირეთა მიერ წარმოებულმა მეორე დიდმა ომმა? პირველი დიდი ომის და ვერსალის სამშვიდობო კონფერენციისაგან განთავისუფლებული და ნაცნობი ეროვნულ სახელმწიფოთა მთელი რიგი, რომელნიც მრავალჯერ გადაურჩნენ საბჭოთა რუსეთის კლანჭებს, მათ გაუგონარი დიქტატურის ქვეშ დააყენეს. თავისუფლება დაჰკარგეს: ბალტიის ქვეყნებმა – ლიტვამ, ესტონეთმა-ლატვიამ, ჩეხოსლოვაკიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ალბანეთმა და პოლონეთმაც, რომლის თავისუფლების დასაცავად იარაღი აიღეს დასავლეთის თავისუფლების ქვეყნებმა. მასვე დაუმორჩილეს გერმანეთის აღმოსავლეთის ნაწილიც და მის დედა ქალაქ ბერლინში აღიმართა ერთა მონობაზე დამყარებული რუსეთის იმპერიის სისხლიანი დროშა. დამარცხდა მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული შეუჩერებელი ბრძოლა ეროვნებათა თავისუფლებისათვის. შეჩერდა ისტორია ერების თავისუფლების გზით რომ წინ მიდიოდა. ქვეყანა კვლავ ერთა მონობის ხანაში ჩავარდა. სადღა არის თავისუფლების დროშა, კაცობრიობის საუკეთესო კეთილშობილ იდეალებს რომ გამოხატავდა, და რომლის ქვეშ ზღვა სისხლი დაიღვარა. ვინღა ლაპარაკობს ბოლშევიკური რუსეთის კვლავ ცეცხლით დაპყრობილ ეროვნულ სახელმწიფოებზე, ვინღა ახსენებს კავკასიის თავისუფლების მოყვარულ ერებს: ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ამაყი შამილის მთიელებს, უკრაინელებს, თურქესტანელებს, ყაზახებს და სხვათ, ოცდახუთმეტი წლის მანძილზედ რომ სისხლისაგან იცლებიან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში და დასავლეთის თავისუფლების ქვეყნებიდან შველასა და თავისუფლებას ელოდებიან.

დამყარდა ხანა ეროვნულ-პოლიტიკური ბატონ-ყმობისა და ფეოდალობის. უამრავ დიდ და პატარა ერების სახელით მსოფლიოს ბედს „ოთხი მთავარი“ სწყვეტს, და მათ შორის საპატიო ადგილზედ ზის ის წითელი ფეოდალი, რომელსაც წელზედ ჰკიდია გასაღები იმ დიდი ციხისა, რომელშიაც დამწყვდეულია ადამიანთა მილიონები და ეროვნებათა ათეულები.

ამას ჰქვიან მსოფლიო ბედის უკუღმა ტრიალი და სადამდე მიიყვანს ეს უფსკრულისაკენ თავდაღმართზე დაქანებულს კაცობრიობას.

„ოთხ დიდთა“ კონფერენციები მეტად მოგვაგონებს 1815 წლის ვენის კონგრესს, სადაც შეკრებილნი დიდი იმპერიების წარმომადგენელნი არავითარ  ანგარიშს არ უწევენ მცირე ერების უფლებებს და მათს მიწა-წყალს გაუმაძღარის იმპერიალისტური მადით ინაწილებენ: ბელგიას მისდა დაუკითხავად, ჰოლანდიას შეუერთებენ. პოლონეთს სამად ანაწილებენ – რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიას შორის, ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთს ავსტრიისავე იმპერიაში მოამწყვდევენ და იტალიასაც ტერიტორიულად შეამცირებენ. „სამშობლო“ს მე-13 ნომრის ფურცლებზე 1933 წ. („ისტორია ერთა თავისუფლების გზით“) ზემოთ მოყვანილ აზრებსა ვწერდით და დავსძენდით: „მართალია ისტორიის ამა თუ იმ ეპოქის შინაარსი ხშირად ფიზიკურ ძალას უკარნახებია, მაგრამ ისტორია არასოდეს შეჩერებულა იქ, სადაც ფიზიკურ ძალას წერტილი დაუსვამს. სამართლიანობა და მორალია ის უხილავი სულიერი ძალა, რომელიც მსოფლიოს არსებობას ქვაკუთხედათ დასდებია და რომელსაც თავისის გზით მიჰყავს ისტორია. ის ეპოქა, რომელშიაც ფიზიკური ძალის მიერ დათრგუნულია თავისუფლება, არის შეჩერებისა და უკანსვლის ხანა. თავისუფლება არის ის უხილავიმორალური ძალა, რომლის საბოლოოდ დამარცხება ფიზიკურ ძალთა შესაძლებლობას აღემატება“. თითქმის 150 წლის შემდეგ ვენის კონგრესის ხანას დავუბრუნდით. და ჩვენც 23 წლის წინ ნათქვამის განმეორება გვიხდება.

იმ მთავარ საკითხთა შორის, რომლის დადებითად გადაჭრა აუცილებელი წინასწარი პირობაა მსოფლიოს მომავალი მშვიდობიანობისა და წინსვლისათვის, ეროვნული თავისუფლების საკითხი პირველ რიგში სდგას, მთელი მისი სიმძიმით, რომლის დადებითად გადაუჭრელად ქვეყნიერებაზედ მშვიდობიანობა ვერ დამყარდება, სისხლისღვრა ვერ შეჩერდება. მსოფლიო პოლიტიკის მეთაურთა უწმიდესი მოვალეობაა, თანამედროვე მეცნიერულ-ტეხნიკურ წინსვლასთან შეგუებით მოსძებნონ ფორმა, მცირე ერების თავისუფალი არსებობისა და მათ ღირსეული ადგილი მიუჩინონ დიდ ერთა გვერდით.

ვიმეორებთ, – მეცხრამეტე საუკუნემ დააყენა ეროვნული თავისუფლების საკითხი ისტორიის არეზე, და მეოცე საუკუნეს პასუხის გასაცემათ უანდერძა. მცირე ერების თავისუფლებისათვის ბრძოლებია ამა თუ იმ სახით, მეტ-ნაკლების სიძლიერით მთელ მსოფლიოს რომ მიწისძვრად ევლინებიან. მეოცე საუკუნემ ამ საკითხს ღირსეული პასუხი უნდა გასცეს, ბოლო უნდამოუღოს ეროვნულ-პოლიტიკურ ბატონ-ყმობისა და ფეოდალიზმის ხანას.

ელ. პატარიძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress