შ. კალანდაძე ბოლშევიზმის ფსიქოანალიზი – ივერია #8 1956 პარიზი

ლოგო

თანამედროვე ფსიქოლოგიურ აღმოჩენებს, ქვე-ცნობიერებასთან დაკავშირებით, აუწონავი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეთიკისათვის, ესთეტიკისათვის, რელიგიის ფილოსოფიისათვის და საზოგადოთ კულტურის ფილოსოფიისათვის. კაცობრიობის სულიერ სალარომ ერთხელ კიდევ შეიძინა ახალი მეთოდოლოგიური ხერხი ვებერთელა მნიშვნელობის. ხერხი მეტად მჭრელი და დიდი ეფექტური ღირებულების. მეტად სამწუხაროა, რომ ის არ იქმნა გამოყენებული იმ ბრძოლისათვის, რომელსაც თავისუფალი მსოფლიო აწარმოებს კომუნისტურ მონობის წინააღმდეგ.

კომუნისტებს სძაგთ ფსიქოანალიზი, გრძნობენ მასში მათთვის სასიკვდილო იდეოლოგიურს საშიშროებას და მიდიან მეტად კომიკურ და მეტად არასერიოზულ სიყალბემდე – უარყოფა საზოგადოთ ქვეცნობიერების არსებობისა. საბჭოთა ენციკლოპედიაში, საბრალო ზიგმუნდ ფრეიდი ფსიქოანალიზის ფაქტიური ფუძემდებელი, ისე უნამუსოდ შეურაცყოფილია და შეგინებული, რომ შეურაცმყოფელიც გრძნობს ალბად რომ სტყუის და აშკარადაც სტყუის ისე სამარცხვინოთ, როგორც ქვეყანაზე არავის არ უმტყუვნია, არ უცრუვნია, ასეთი ფსიქოლოგია ღირსია ფსიქოანალიზის, არა ვინმეს დასაცავად, არამედ ბოლშევიზმის მორალური სიფათის დასახატავად.

ქვეცნობიერი ჩვენი დროის ცნებაა. „ძველებური“ გაგება ადამიანის სულიერი ცხოვრების განისაზღვრებოდა ცნობიერებით, რაც დევს ასე ვსთქვათ, განცდის ნათელ არეზე. მაგრამ გარდა ცნობიერებისა, ადამიანის ფსიქიკაში სცოცხლობს და მოქმედებს შეუცნობელი ანუ როგორც ზევით ვახსენეთ ქვეცნობიერი. საკმარისია დაკვირვება და ანალიზი ისეთი ფსიქოლოგიური აქტებისა, როგორც ყურადღების და ასოციაციის შემთხვევებისა, რომლებზედაც აშენებულია მთელი რიგი სხვა რთულ ფსიქიურ პროცესებისა, როგორც მაგალითად, განსახეობის, დამახსოვრების, ათვისების ფენომენები, რომელიც არასოდეს არ უდრის აღქმათა ჯამს, მაგრამ მიწყივ თანაარსებობას მათთან, უწინ დაგროვილ აღქმათა მეტ თუ ნაკლებ ინტენსიურს სრულიად შეუცნობელი მონაწილეობით, რომ დავრწმუნდეთ ქვეცნობიერების არსებობაში.

ის არ იმყოფება ცნობიერების ნათელ მოედანზე, ის თითქოს ჩაძირულია სადღაც სიღრმეში და დროგამოშვებით გვამცნობს თავის თავს. ეს არის ძველის-ძველი ქაოსი, რომელიც ბობოქრობს და ყალყზე დგება მარად ჟამს ცნობიერების წინ-კართან, მაგრამ თავის საშოში ატარებს და იტევს შესაძლებლობათა და მისწრაფებათა დაუსრულებელ სფეროს, მდიდარს და მრავალსახიანს თავისი შინაარსით. ასეთ ქაოსთან მისვლა, მასში შეჭრა, მისი დაუფლება ძალიან ძნელია. ქვეცნობიერი არ ემორჩილება ბრძანების იმპერატიულ ნორმებს, ამ უკანასკნელისათვის ის დაკეტილია. მთავარია იმის გაგება, თუ რა სწარმოებს მასში და ამისდამიხედვით ვიმოქმედოთ მასზე. პირდაპირი გზა დახშულია შესაძლებელია მხოლოდ შემორებით, ფსიქოანალიზით. აქ არის სწორედ ფრეიდის დამსახურება და მის მიერ, ქვეცნობიერის ეროტიული ბუნების აღმოჩენა ე.წ. libido-ს ცნება, რომლის გაფართოების საჭიროება დაინახეს მისმა მოწაფეებმა (ადლერი, იუნგი და სხვა). ჩვენი საკითხის გარკვევისათვის ჩვენ უფრო გვაინტერესებს ადლერი, რომლის გაგებით: ადამიანის სულიერ ცხოვრების მოძრავი ხრახნილი ძალაუფლების და ბატონობის წყურვილია. ეს არის ეგრე წოდებული არაპირობადადებული (უპირობო) რეფლექსი, ფუნდამენტალური ყველა ცოცხალ არსებისათვის. რეფლექსი ანუ ინსტიქტი ძალაუფლების, მისაკუთრების და დამორჩილება-მფლობელობის. ბავშვი ყოველ საგანს ეპოტინება და პირისაკენ იტაცებს. ცხოველი ცდილობს გაქცეულ თავის მსხვერპლს დაეწიოს და დაგლიჯოს. ადამიანიც მიილტვის დაეუფლოს, დაიმკვიდროს, დაიმონაოს ყველაფერი რაც შეუძლია და განსაკუთრებით კი მოყვასი მისი. ეს ინსტიქტი ელემენტარული და სტიქიურია, როგორც თვით ცხოვრება. მაგრამ კულტურას შეუძლია მისი აღზრდა, გაკეთილშობილება, სტიქიურ ძალთა კულტურულ ღირებულებებათ გარდაქმნა, მისი „ამაღლება“ ე.წ.  სუბლიმაცია. ადამიანის მისწრაფებანი და ვნებანი თავის თავად ცუდნი არასოდეს არ არიან. სიავე და სიცუდე არა საგნებშია არამედ საგანთა მრუდ და მახინჯათ გამოყენებაში. ჭამა როდია ცუდი – არამედ სიძუნწე, არა სახელი – არამედ პატივმოყვარეობა.

ადამიანის სულიერი ცხოვრება ექვემდებარება ერთს ძირითადს კანონს, რომლის წყალობით არც ერთი სულიერი ღირებულება არ იკარგება ისე თუ ის არ იქმნა ასე თუ ისე შეცვლილი, მაგრამ რადგანაც ეს არსებითად შეუძლებელია, ადამიანის სულში სცოცხლობს უშრეტი მისწრაფება კომპენსაციისადმი. ეს კომპენსაცია მეტად თუ ნაკლებად ილუზიურია რადგან ის იკვებება „ერზაცებით“ და ამდენადვე ნეგატიური ღირებულებისაა. განსაკუთრებით სპეციფიური უარყოფითი ღირებულებისაა ის სულიერი ტკივილები (ტრავმები), რომლებიც მომდინარეობენ არა ობიექტურ, ჭეშმარიტ ღირებულებათა სამყაროდან, არამედ იმ „ნაკიანობის“ შეგრძნება აღქმიდან, რომელსაც ცნობილმა ადლერმა „დაბალღირსების“ ანუ „არარაობის“ კომპლექსი უწოდა. შეურაცყოფილი თავმოყვარეობა, დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა, შებღალული სიამაყე და სხვა მეტად მძაფრად განიცდება და ამდენადვე ძნელად განიკურნება. იქმნება ნოყიერი ნიადაგი ილუზიური კომპენსაციებისათვის. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ილუზიურობა კომპენსაციებისა სრულიად არ ნიშნავს სიგიჟეს კლინიკური გაგებით. მაგალითად, გამდიდრების სურვილი თუ სიმდიდრე თავისთავად, როგორც თვით მიზანი ერთ-ერთი ფორმაა საკუთარი „მე“-ს ილუზიური დადგენილებისა. ამ შემთხვევაში ადამიანი აერთიანებს მისი პიროვნების მნიშვნელობას მის შეძენილ ქონებასთან. აქ როგორც ვხედავთ ადგილი აქვს „ღირსებათა“ აღრევას. ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო ძალაუფლებისადმი მისწრაფებაში, როდესაც ის მკვიდრდება, როგორც თვით-მიზანი და არა საშუალება. აქაც აღრევა და დაბნევა. აქაც ძალაუფლების ილუზიასთან და მოჩვენებასთან გვაქვს საქმე. გაურკვეველი, შეუცნობელი შეგნება ამ ილუზიურობისა მოითხოვს ახალ-ახალ „სანახაობებს“ ძალაუფლების რეალიზმის განმტკიცებისათვის. ამიტომ არის ასე გაუმაძღარი და აღუვსებელი ძალაუფლების მოყვარული დემონი, საწყისი და სათავანი ყოველგვარი სიავისა და ბოროტებისა, რომელიც მუდამ ძალაუფლების სამოსელში ეხვევა, მაშინ, როდესაც სიკეთე მის საჭიროებას სრულიად მოკლებულია. ყოველი აბსოლიუტიზაცია რელატიური (შედარებით) ღირებულებისა (ძალაუფლება) შურს იძიებს თავისი შინაგანი დაუკმაყოფილებლობისა გამო – ეს კი ბადებს ბოროტ საშუალებათა განუწყვეტელ ზრდას. ამას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც პოზიტიურ, მაგრამ მაინც შედარებითს ღირებულებას აბსოლუტურ სახეულობას ვანიჭებთ, რადგანაც პრაქტიკულად ის უარყოფითს ღირებულებაში გადადის.

ასეთია დაახლოებით ბოლშევიკური რევოლიუციის დიალექტიკა, რომელიც კეთილ-სინდისიერი ცდომილებით დაიწყო და შემდეგ ბოროტ ნებაში გადაეშვა, რომლის სოციალური განაარსება თანამედროვე საბჭოთა კომუნიზმია. რომ ყოველ რევოლიუციაში შურისძიება სიძულვილი დიდ როლს თამაშობენ, ეს ძველთა-ძველი ამბავია, მაგრამ ბოლშევიკურ რევოლიუციაში ეს ელემენტები მეტად დემონიაკალური ხასიათისაა. აქ სიძულვილის მიზანია მოპირდაპირის მოსპობა-განადგურება, მაგრამ რაც მთავარია მისი წვალება და წვალება ხანგრძლივათ, რათა გული მოიჯეროს და დასტკბეს თავის ობიექტის წვალებით. ეს კი პირწავარდნილი სადიზმია, ერთ-ერთი სპეციფიური, ნიშნობლივი თვისება ბოლშევიზმისა.

ბოლშევიკი სრულიად არ არის ის ადამიანი, რომელსაც თავისი თავი უყვარს, მისი ქვეცნობიერება იმდენად დატვირთულია და დაყურსული ზიზღითა და შურით, თითქოს ეს გრძნობა ამოვარდნილი იყოს მისი არსებიდან, და სწორედ ეს (თავისი თავის არა სიყვარული) არ უპატიებია სხვებისათვის, ეს მისი ნაკლი ასე რომ არ მოსწონს თავის ვინაობა, ეს არის ის გრძნობა, რომელსაც უწოდებენ „არარაობის კომპლექსს“ – დაკავშირებულს მკაცრ და სასტიკ კომპენსაციებთან. ასეთი სულიერი სტრუქტურის მქონე ადამიანი კომფლიქტშია არა მარტო სხვასთან, არამედ თავის თავთანაც. ის ყველას უნდობლობის თვალით უყურებს, ყველგან მტრები ელანდება რეალური თუ მოჩვენებითი – ის ამით საზრდოობს და ამით იკვებება. ერთი მეტად საკვირველი მხარე ბოლშევიკური რევოლიუციის მის უმადურობაშია. მან მოსპო და საბოლოოდ მოსთხარა ამ ქვეყნიდან მისი სულის ჩამდგმელნი, მისი შემქმნელნი – ეს კი არის ყველაზე საზიზღარი, სულმდაბალი და ჩირქიანი ნიშანი ამ რევოლიუციის. ეს არის ამ რევოლიუციის პარადოქსი და თუ გნებავთ დიალექტიკაც. რევოლიუციის საბოლაოდ გამარჯვება მსხვერპლს მოითხოვს, ამისათვის ყოველი საშუალება მისაღებია. იდეა, „მიზანი ამართლებს საშუალებას“, დისკალიფიკაციაა თვით მიზნის. უდიდესი საიდუმლოება სწორედ იმაში მარხია, რომ საშუალება მთავარია, ვიდრე მიზანი. საშუალებათა და გზათა ბუნება გვამცნობს, თუ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ძალმომრეობა არასოდეს გადადის თავისუფლებაში, სიძულვილი – ძმობაში, ბოროტება – სიკეთეში. ადამიანი, რომლის სახელმძღვანელო პრინციპია „მიზანი ამართლებს საშუალებას“, მონაა მის მიერ არჩეულ დაბალ, არაზნეობრივ საშუალების. აქ ბოროტება პრაქტიკულად გადადის თვით-მიზანში. ეს პროცესი მიმდინარეობს შეუცნობლად, რადგან ადამიანი „უკანასკნელ წუთამდე“ დარწმუნებულია, რომ ემსახურება სიკეთეს, მაშინ როდესაც სინამდვილეში ბოროტი სული დაეპატრონა მთელს მის არსებას – და ჯოჯოხეთური შეუბრალებლობით და გაიძვერობით აშენებს ბაბილონის იმ გოდოლს, რომელსაც კომუნისტური სამოთხე ეწოდება. გაიძვერობით ვამბობთ, იმიტომ, რომ ის არასოდეს არ აჩენს თავის ნამდვილ სახეს. ბოროტი სულისათვისხელსაყრელია დააჯეროს კაცობრიობა, რომ ის არ არსებობს, რადგან, მაშინ მას თავისუფალი გასაქანი ეძლევა უფრო ადვილათ აკეთოს თავისი ბნელი საქმეები. ის სიკეთის წვენით საზრდოობს რადგან არ გააჩნია საკუთარი არსობრივობა.

დემოკრატია თავისი ჰუმანიური პრინციპებით თვითგამორკვევისა და თვითმართველობისა მეტად ახლოა ადამიანის სულთან და გულთან და ამდენადვე ის პოპულიარულია და „ყველასათვის“ მისაღები. აი ამიტომაა, დღეს ტოტალიტარული დიქტატურა სახალხო დემოკრატიის ფსევდონიმს ატარებს. „ფარისევლობა ხარკია, რომელსაც ბოროტება აძლევს სიკეთეს“-ო ამბობს შექსპირი. აქ დემოკრატიისადმი პატივისცემის ხარკი ნათლად მეტყველებს. მხოლოდ ჩვენ ერთი ვერ გაგვიგია, რატომ დასავლეთის დემოკრატიამ ასე ადვილათ შეითვისა ეს უაზრო და ძალზე უნიჭო ტერმინი, როგორიცაა „სახალხო დემოკრატია“.

დაბოლოს ერთათ ერთ საინტერესო ფენომენს უნდა უყოთ ანალიზი. კომუნისტებმა პირველად ისტორიაში (მსოფლიო მაშტაბით) სცადეს კომუნისტური იდეის განხორციელება. მაგრამ საკითხავია, როგორი სულიერი და მორალური საგზალით მოვიდენ ამ ქვეყნად და როგორი სახის გამომეტყველებით? სულიერი და მორალური სიმახინჯით, სილამაზის მადლს მოკლებული. ამიტომ აქვთ კომუნისტებს, როგორც ზევით აღინიშნა ressentiment. მათ აღელვებს, რომ ცუდ შთაბეჭდილებას სტოვებენ, სახის უხეში გამომეტყვებით, მახინჯი ჟესტებით, პროვინციალობით“ და მახინჯი არაკეთილშობილ სულიერ წყობით. ეს უბრალო ამბავი როდია. სიმახინჯე არის ყოველთვის ნიშანი ყოფის ონტოლოგიური დაზიანების, მაშინ როდესაც ნათელფენილი და მადლმოსილი ყოფა სილამაზეა. ამიტომ ამბობს პლატონი ეროსი „სილამაზეში დაბადება“-ო. ეროსი ლტოლვაა „ამაღლებული“ სრულქმნილობის სუბლიმაციის. ბოლშევიზმი კი .გამრუდებული ეროსია, ეროსი სიძულვილის, შურის, გაუტანლობის, ღვარძლის და თავაშვებული ბოროტების – ეროსი დეგრადაციის და ნგრევის, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს საკაცობრიო იდეალის ღირსებასთან.

ასეთია ბოლშევიზმის სულიერი და მორალური პორტრეტი; ეს თანამედროვე მრავლის განამრავლი ბოროტება.

შ. კალანდაძე

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress