რუსული პოლიტიკის გასაგებად – ივერია #8 1956 პარიზი

ლოგო

რა ჟამს სახლმწიფო კაცის დიდს ღირსებებს: ჭკუას, ნიჭსა და გამოცდილებას ისტორიის ცოდნა და მეხსიერება არ სჭარბობს, ეს ღირსებები მყისვე ნაყოფ გამოუღებლად რჩებიან და ზედმოყოლილი სახელმწიფო კრიზისის საშიშ ფორმებში ისახება.

ასე იყო წინამორბედი (1914-1918) ომის დროს. ასევე განმეორდა უკანასკნელი მსოფლიო (1939-1945) ომის დროს და ამავე სახით ვითარდება მოვლენები კარზე მომდგარ მესამე მსოფლიოომის წინა პერიოდში.

ეროვნული ინტერესების ნაცვლად თავში ასულმა ეროვნულმა ეგოიზმმა განზე მიაგდო მეხსიერებაც და ისტორიის გაკვეთილებიც.

ყველგან და ყოველთვის, იყო ეს მიზეზი თუ საბაბი, რუსეთის პოლიტიკური ამოცანების გაუგებლობა სარჩულად ედებოდა მსოფლიო და ლოკალურ კონფლიქტებს.

ისე იქნა შეწურული რუსულ ორგანიზმში მთელი ციმბირი, კავკასია, ყირიმი, შორეული და ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთის მოსაზღვრე ტერიტორიები, რომ განათლებულმა და იმ დროით ხელმძღვანელმა ერებმა და სახელმწიფოებმა არც პირი გახსნეს დაპყრობილთა სასარგებლოდ და არც ხელი გაანძრიეს, რომ უსამართლობის და უწესოების პრეცენდენტები კვლავ არ წარმოშობილიყო. ნაყოფი თვალწინა გვაქვს: რუსეთი ანგარიშს აღარ უწევს არც რამეს და არც ვინმეს. ორგანიულად გერმანული აღმოსავლეთი რუსულის ანექსიით დაგვირგვინდა და სახელითაც და სახრავითაც რუსიფიკაციის მსხვერპლი ხდება.

ასეთ საერთაშორისო აქტს საერთაშორისო დასტურიც დასჭირდა და ამ მიზნით, რუსეთის საბჭოთა მთავრობა ჟენევაში ჩავიდა, ჩვეული გინებისა და მუქარის ნაცვლად ღიმილი დაიწყო და საჭირო დიპლომატიური წარჩინებაც აქტივში ჩაიწერა.

რკინის ფარდის ერთი კალთა წამოსწია, შიგნით გულუბრყვილო ევროპელებს ცალის თვალით შეახედა, ორიოდე ტურისტიც გააძვრინა ამ კალთის ქვეშ, დაანახა მათ ჯერ არაფრის მნახველი და თვალაცრემლიანებული საბჭოთა მოქალაქენი, რომელთაც დასავლეთის ნაციონალური ჰიმნებიც კი ამღერა და ტანში ჟრუანტელით მოცული ტურისტები საუკეთესო პროპაგანდისტებათ აქცია რუსული საქმისთვის.

რუსული ბალეტის ევროპაში წარმოგზავნამ ხომ სულ მთლად თავბრუ დაასხა ევროპიულ პრესას და საზოგადოებრივ აზრს და სრულებით დაავიწყა მათ ის ცეცხლის ბუდეები და სისხლის ჩანჩქერები, რომლის ირგვლივ ამ ბალეტის მსახიობნი ცეკვავდნენ.

ჩრდილის ფენებში მოექცა აფრიკის დრამატიული სცენებიც, გერმანიის, ჩინეთის, ინდო-ჩინეთის, კორეისა და სხვათა წელში ორად გადახერხვაც, ტიბეტის ანექსიით ინდოეთთან გეოგრაფიულ-სტრატეგიული მეზობლობის შესაძლებლობაც, ინდონეზიის კუნძულების ნაწილობრივ გაკომუნისტებაც.

კომუნისტური ჩინეთის მუქარებიც რომ ანგარიშში არ  მივიღოთ, ევროპიულ საზოგადოებრივ აზრს ისიც კი მიავიწყდა, რომ იტალიისა და საფრანგეთის მოქალაქეთა ერთი მეოთხედი ნაწილი რუსული ჯარების საავანგარდო სექტორს უფრო წააგავს, შესაძლოა საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც, ვიდრე მშობელი ქვეყნის მოქალაქეთა კოლექტივს.

სამწუხაროდ, ამას ის ამბავიც უნდა დაურთოთ, რომ ნელის ტემპით, მაგრამ მაინც საფუძვლიანად განიცდიან რუსული პოლიტიკის ორბიტაში მოქცევის პროცესს ინდოეთი, ბირმანია, ავღანისტანი და არაბთა ტომებით დასახლებული აზია-აფრიკის ტერიტორიები. სურათი დასრულებულად ჩაითვლება, თუ დავინახავთ, რომ ფრანგი ფრანგს, იტალიელი იტალიელს, გერმანელი გერმანელს და ყველა ესენი ერთი მეორეს უნდა შეასკდეს რუსული საქმის გასაკეთებლად.

ამის შემდეგ ძნელი აღარ იქნება რუსობისთვის დაუმტკიცოს მსოფლიო დემოკრატიას და მარტოოდენ ფიზიოლოგიურის სიცოცხლით დაინტერესებულ ერებს, რომ კატასტროფიდან თავის დასაღწევად ერთიღა გამოსავალია დარჩენილი: მორიგეობით, ჯერ პატარა და შემდეგ დიდმა ერებმაც, ხელი აიღონ ბრწყინვალე წარსულიდან, საკუთარი ისტორია „tabula rasa“-დ აღიარონ და რუსული ინტერპრეტაციის მარქსიზმში და ლენინიზმში დაინახონ არსებობის იდეალური ელემენტები.

ასეთი რუსული არგუმენტაცია პან გერმანიზმის ფეტიშთან საბრძოლველად ეხლაც კი ჰპოულობს გამოძახილს და დახმარებას დასავლეთის პრესაში და მოკავშირეების საზოგადოებრივ (თუნდაც ანტი-კომუნისტური იყოს იგი) აზრში.

ამ პანგერმანიზმის გულშემზარავი წასულით დაშინებულმა და გაბრუებულმა, ხოლო იდილიური პანსლავიზმის უმანკოებით მოხიბლულმა მსოფლიო დემოკრატიამ სრულიად ვერ შეამჩნია საშინელი აჩრდილი პან რუსისტული მოძრაობისა, რომელიც შეუჩერებლად იზრდებოდა საუკუნოების განმავლობაში მის ცხვირის წინ: ხან მონარქისტული სკიპტრის ქვეშ თავშეფარებული, ხან პროგრესიულ-ლიბერალურის, ხან დემოკრატიულ-რევოლუციონურის, ხან სოციალისტურის. ამ ჟამად ის კომუნისტური იდეებით შეიარაღებული საქმობს და არც საზოგადოებრივი აზრი თავისუფლებაში მყოფ ხალხების და არც ამათი პრესა და პოლიტიკური ხელმძღვანელნი, ამ მოვლენას არ უწევენ ღირსეულ წინააღმდეგობას.

როგორც ვხედავთ, პან გერმანიზმი, დღეს დღეობით მაინც პან ევროპეიზმის (მშობიერების მწარე კრიზისს რომ განიცდის) კალაპოტშია მომწყვდეული, ხოლო პან რუსიზმის მახინჯი სახე შეშის ზარსა ჰგვრის ევროპის მომავალი ბედით დაჯავრიანებულსა და დაუბრმავებელ ფენებს კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრისას. რიურიკებით დაწყებული, ივანე მრისხანით, პეტრე დიდით, ორთავე ნიკოლოზით გაგრძელებულ რუსულ ძირეულ პოლიტიკას, არას დროს არ უწარმოებია ისეთი დაუფარავი, დაუღალავი, მერკანტიული და ყოველგვარ საკაცობრიო ან მეზობლურ მორალს და ელემენტებს დაშორებული ვერაგი და მსუნაგი დიპლომატია და სტრატეგია, როგორც ამას დღეს ბოლშევიკურ და კომუნისტურ ნიღაბ ქვეშ ამოფარებული საბჭოთა (რუსული) მთავრობა სჩადის. რაც სტალინმა ვერ დაამთავრა, იმას ხრუშჩევი და ბულგანინი ასრულებენ ხელში შემორჩენილი ერთად ერთი „ტუზემცი“-ს მიკოიანის დასტურით.

თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ეს ხელისუფლება დაწესდა რუსეთში და უსამართლობა იქნებოდა არ აღინიშნოს მის სასარგებლოდ ის ფაქტი, რომ მას  ე რ თ ი  და მკაფიოდ მოხაზული პოლიტიკური აქვს და მას სინამდვილეშიც ატარებს.

დასავლეთის ცივილიზაციის წარმომადგენელ ქვეყნებს კი არც  ე რ თ ი  პოლიტიკა მოეპოებათ, არც ურთიერთ შორის გაგებისა და ინტერესთა დალაგების უნარი გააჩნიათ და ამიტომ ვერც იმ ძალების გამოყენების სტიმულს ჰპოულობენ, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს რუსულ აგრესიას და იმპერიალიზმს.

ეს ძალები არსებობენ და მათი დაუშრეტელი წყარო ის უამრავი ტომები და ერებია, რომელნიც რუსულ ციხეში არიან დამწყვდეულნი ევროპიული ცივილიზაციის მესვეურთა დაუდევრობის, გაურკვევლობისა თუ ეგოიზმის წყალობით. ეს ის ძალებია, რომელთაც ვერავითარი მოვლენები ვერ გააჩუმებენ. ვერც გააქრობენ და რაგინდ დიდი პაქტი არ შეიკრას რუსეთთან, ყველგან და ყოველთვის, უჩინ-მაჩინის ქუდივით წინ გადაეღობებიან ყალბად გადაჭრილ პრობლემებს, რომ უკანასკნელ წუთამდე შეასრულონ როლი სამარადისო მოდარაჯეთა მსოფლიო სინდისის და სამართლიანობისა.

დიდთა მიერ ურთიერთშორის ხელმოწერილი პაქტები იმ დრომდე ვერ მოიტანს ზავს, სანამ ეს ხალხებიც არ იქნებიან დაკმაყოფილებულნი მის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მისწრაფებებში.

არა ვფიქრობთ, რომ აიზენჰაუერის ქოლგა ჩემბერლენის ქოლგაზე უფრო მოხერხებულად დააყუჩებს დიქტატურით შეპყრობილსა და გაცოფიანებულ ტვინებს ისეთ ეპოქაში, როდესაც მხოლოდ რეალური სამხედრო ძალები, მოკავშირეთა ერთსულოვნება და აუცილებელი სოციალური რეფორმები გადასწყვეტენ მსოფლიოს ბედს.

კომპრომისებიც მხოლოდ პირწმინდა კაპიტულაციის მომასწავებელია იმ ხალხის წინაშე, რომელმაც არსებითად თვითონაც არ იცის თუ როგორია მისი გეოგრაფიული საზღვრები, რა მიზნით მიჰყვება ის თავის მთავრობას და ბრმად იბრძვის ყველანაირი რეჟიმისა და ორიენტაციისათვის. ასეთი ფსიქოლოგია რუსული მასებისა ზედმიწევნით ესმით მოსკოვის დესპოტებს და როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობაში მხოლოდ პოზიციებს იმაგრებენ პროგრესიული ხალხების ერთსულოვნების შემრყევ ექსპერიმენტებში. კომპრომისს მაშინა აქვს ფასი, როდესაც ის ორივე მხრიდან არის გაწეული.

მოკავშირეებმა ბევრი დაუთმეს რუსეთს, მაგრამ ლოღიკურია დაიბადოს კითხვა: გაუქმდა თუ არა კომინფორმი, მოესპო თუ არა სადივერსიო რესურსები ყველა ქვეყნის კომპარტიას, თანახმანი არიან თუ არა გერმანიის, კორეის, ინდო-ჩინეთის და სხვათა გაერთიანებისა თავისუფალი და ძალდაუტანებელი რეფერენდუმის საშუალებით…?

კომპრომისი თუ იმას ეწოდება, რომ 1945 წ. გასანთავისუფლებელი სამხედრო ტყვეები მხოლოდ 1955 წ. (ისიც ნაწილობრივ) ეღირსნენ ასეთ ბედნიერებას, მაშინ რაღა იმედი უნდა იქონიონ იმ ხალხებმა, რომელნიც 1917 წლიდან მოყოლებული რიგ-რიგად იქნენ დამონებულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ?

ამგვარი უწონასწორობისა და ყოვლად უშინაარსო შიშის ფსიქოზის მეტი გაგრძელება რომ შეუძლებელია, ამის შეგნება, მძიმეთ, მაგრამ თანდათანობით, მაინც ეტყობა მსოფლიო პრესას, მხოლოდ საკითხს ეს პრესა ვერ აყენებს გაბედულად და გარკვეულად. ასეთი მერყეობა კი უფრო მეტად ამხნევებს რუსულ აგრესიას და ჭარბი სტიმულით ამოძრავებს მას.

ჟენევის სულით, დაშოშმინებით და დამშვიდებით დაიმედიანებულმა კაცობრიობამ მალე დაინახა, რომ ყველასფერი ეს სიყალბე, სიცრუე და მანევრი იყო, რომ ასეთი სულისკვეთება ოდნავადაც არ ჩასახულა რუსეთის მეთაურთა აზრებში და რომ, პირიქით, დაშლილსა და პოლიტიკური გეზის არა მქონე ხალხებს რუსეთმა დაუპირდაპირა გაკაჟებული ნებისყოფა მთლიანი, უცვლელი და მეთოდიური ერთადერთი პოლიტიკის: – მსოფლიოს დამორჩილებისა და რუსულ სისტემაზე აწყობისა -.

სამაგიეროთ, ამგვარ ურყეველს და  ე რ თ  რუსულ პოლიტიკას ისეთი ვითარება დაუპირდაპირდა, რომ, ერთხანად, ამერიკა, ლამის იყო, რუსეთთან უშუალო მოლაპარაკების გზაზე დგებოდა, რომ ატლანტიკის პაქტი დროზე არ მოშველებოდაქვეყანას.

ამერიკამ და ინგლისმა ამის შემდეგაც ვერ შეიკავეს თავი და ფარულ კონკურენციას უწევდნენ მათ მოკავშირე საფრანგეთს აზიაში და აფრიკაში, ხოლო ამერიკა და ინგლისის ხშირი მეტოქეობა მცირე აზიაში საშუალებას აძლევდა საბჭოებს, რომ დასავლეთის წყლებით საკუთარი წისქვილები დაეტრიალებინა და გასაქანი მიეცა როგორც შიშის ფსიქოზის დათესვისათვის იმ ხალხებში, სადაც მას ფეხი უნდა შეედგა, აგრეთვე ანტი-დასავლეთური პროპაგანდის მათში გაღრმავებისა და გაფართოვებისათვის.

ყველა ამ ნიუანსებმა გული აუცრუა ტიტოსაც, საბერძნეთსაც და ოსმალეთსაც ბალკანეთის იმ პაქტზე, რომელსაც ატლანტიკის კოალიციასთან ერთად უნდა ემოქმედნა პარალელურად და ნაცვლად თანამშრომლობისა და ერთსულოვნობისა ყოვლად დაუშვებელი ჟლეტა-ხოცვის აქტები იქნა ჩადენილი საბერძნეთში და ოსმალეთშიც.

ცხადია, რუსეთს ვერავინ დააჯერებს იმ სეპარატიული და მალული მოლაპარაკების ცდების გულწრფელობაში, რომელსაც დღეს ყველა სათითაოდ ეძებს, მაგრამ ნეჰრუს თუ საერთაშორისო ორომ-ტრიალში პირველ-ხარისხოვანი როლის თამაშის პერსპექტივები წამოეშალა თვალ-წინ, ნასერს დიდი იმედები მიეცა მოსკოვის საშუალებით პოზიციების გამაგრებისა ისრაელზე შურის საძიებლად და დასავლეთის პრესტიჟის საგრძნობლად შესასუსტებლად როგორც ახლო და შუა აღმოსავლეთში, აგრეთვე გაერთიანებულ ნაციათა ორგანიზაციაში.

რუსული პრობლემის გასაგებად მიუცილებელია როგორც ისტორიის შესწავლა, ისე რუსული ფსიქოლოგიის მეცნიერული ანალიზი და არა პოლიტიკური კაპრიზი და სპექტაკულარული დიპლომატიური ჟესტები.

რუსული სახელმწიფო თუ ერთის გზით მიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავე გზით უნდა წასვლა იქ მომწყვდეულ ტომებს, ხალხებს და ერებსაც.

ამის გაგება იმისათვისაც არის საჭირო, რომ დღემდე წარმოებულ, გზა-აბნეულ, უსაფუძვლო, უპერსპექტივო, და უკვე დამარცხებულ, პოლიტიკას ბოლო უნდა მოეღოს და ჰორიზონტზე ისეთი წერტილები აღმოჩნდეს, საიდანაც უნდა იქნეს შენიშნული რუსული სისუსტე: მისი ეთნოგრაფიული სიჭრელე, ნაციონალურ-ფსიხოლოგიური არევ-დარევა, ჩუმი და ფარული, მაგრამ ბევრის მომასწავებელი შინაური ბრძოლა და შინა ინტერესთა აშკარა ანტაგონიზმი. საჭიროა ღრმა შესწავლა ცალკეთ აღებულ ხალხთა სულისკვეთებისაც და თვით რუსის ხალხის ბუნებისაც.

თავის დაარსებიდან დღემდე, რუსეთი ყველას არუსებს, მაგრამ გარუსებული ჯერაც არავინ აღმოჩნდა.

ეროვნულ-კულტურული წინსვლის შეჩერება ბევრს დაეტყო, მაგრამ ყოველი ერი გააფთრებულის სიფხიზლით ინარჩუნებს თავის ორიგინალობას და თუ ხმას არ იღებს, ეს იმიტომ ხდება, რომ რუსულ ტლანქ ძალისა და მსოფლიო ხლმძღვანელთა დაუდევრობასა და გაურკვევლობის გარდა, ის ვერაფერს ვერ ჰხედავს.

სამაგიეროთ ის დასავლეთლებზე უკეთ ითვალისწინებს იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ამზადებს წერით, ქადაგით, რადიო-გადაცემით, ატომიური ყუმბარის მოპარვით და სამხედრო ძალების დაგროვებასთან ერთად ყველა ქვეყნების მშრომელი ქვეყნების დაბრმავებით, ხოლო ამათ ხელმძღვანელ წრეების ხელფეხის შებორკვით.

ბევრს სწერენ და მართალიცაა, რომ კოლონიალურ პერიოდს ბოლო მოეღო, მაგრამ ბოლო მოეღო ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის და სხვათათვის და არა რუსეთისთვის.

პირიქით ასეთი ელასტიური, მოქნილი და თითქმის ხარჯგაუღებელი კოლონიალური პოლიტიკა რუსეთს ჯერ არ გაუწევია თავის ისტორიის გასწვრივ.

იტალიასა და პოცდამში სტალინმა გაცილებით მეტი ღიმილები მიჰგვარა რუზველტს, ვიდრე ბულგანინმა და ხრუშჩევმა ჟენევაში „სამს დიდს“, მაგრამ იქ თუ რუზველტი აღმოჩნდა გაცურებული, აქ მთელი ქვეყანა ჩავარდა ასეთს მდგომარეობაში.

რუსული სადღეგრძელოების ფასი კარგად იცის ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაყი და ხიზილალაც ვერ გააკვირვებს, მაგრამ თუ ევროპიელებს შეუძლიანთ აღფრთოვენების ექსტაზში ჩავარდნენ ვოდკა ხიზილალა ტოსტებით, მათ ის მაინც უნდა ეგრძნოთ, რომ დანთებულ ვულკანის გარშემო ქაჯური ცეკვების მოწყობა (მოისეევის ბალეტი) მხოლოდ ცდა იყო რუსებისა ევროპის პულსის გასაშინჯათ.

ჩაგრულმა ერებმა კარგად იციან, რომ ასეთი ვითარება მათ თავისუფლებას არ მოუტანს, ხოლო განათლებული დასავლეთის პოლიტიკური სიბრიყვით იმედ მოწყვეტილნი, იძულებული იქნებიან თავდაცვისა და თავშემონახვის ინსტინქტი გააცხოველონ და ორგანიზაციული მომზადებით, დისციპლინით და ურთიერთ შორის მჭიდრო კავშირით გაიკაფონ განგების მიერ მათთვის მიჩენილი გზები.

კაცობრიობა კი, თავს იტყუებს თუ სხვებს ატყუებს, ასეთ ინსტიქტს საშოშივე უხრჩობს თავის საზოგადოებრივ აზრს და ისეთს პირობებს უმზადებს მას, რომ საჭირო დროს, ვაი თუ, მოუხერხებელიც კი დარჩეს მიძინებული ბრძოლის უნარის გამოღვიძება.

მშვიდობიანი თანაარსებობა იმ კათეგორიის ლოზუნგებს ეკუთვნის, რომელმაც დრო უნდა მოაგებიოს რუსეთს საომარ სამზადისის დასაგვირგვინებლად, რომ უფრო მძლავრი მუშტი დაარტყას თავისუფალ ქვეყნებს, ვიდრე ეს მან უკვე ჩაგრულ ერებს მოუვლინა.

ამასობაში ახლო და შორეული აღმოსავლეთი „O.T.A.N.“-ს სულიერად მოშორდა, რუსეთისგან იარაღს იღებს და იქამდეც კი მიდის, რომ რუსული სუსხის ჯერ არ მხილველნი, ხოლო მონობის რიგში მდგარი კანდიდატები, გაკვეთილებს აძლევენ როგორც დიდ სახელმწიფოებს, აგრეთვე ჩაგრულ ერებს, თუ როგორი პოლიტიკური ორიენტაცია და გეზი უნდა აიღონ. ეგვიპტე, სირია-ლიბანი და არაბთა წვრილ-წვრილი ტომები დღეს კავშირსაც კი ჰკრავენ, ვითომდა ისრაელის აგრესიის საწინააღმდეგოთ, მაგრამ საკითხი სულ სხვაა.

რუსეთის საუკუნოებრივი ნატვრის საგანი ყოველთვის იყო ახლო და შუა აღმოსავლეთში ფეხის შედგმა. ხოლო თუ მოკავშირეთა წინააღმდეგ დარაზმულ ანტი-ოქსიდენტალურ მთლიან ფრონტს ვერ შექმნის, სამაგიეროდ, არაბთა შეიარაღებული ბრბოების პარტიზანული გამოსვლებით ძირს გამოუთხრის ბაღდადის პაქტს და მაჰმადიანური ქვეყნების ერთი მეორეზე გადაკიდებით კომინტერნ-კომინფორმის ერთ მუხლსაც სისრულეში მოიყვანს და ბალკანეთისა და ატლანტიკის პაქტებსაც ან სრულიად წაშლის, ან საგრძნობლად დაასუსტებს.

მართალია, ინტერნაციონალურ მშრომელ კლასებს ეს მოვლენა არაფერს აძლევს (და ეს რუსებს არც კი აინტერესებს), ხოლო თვალსაჩინო განაღდებას მოუპოვებს რუსულ იმპერიალისტურ მიზნებს.

ამგვარად, რუსეთის ისტორიულ-ტრადიციული და ამავე დროს აუგიანი ექსპანსია იმავე ტაქტიკაზეა დამყარებული, რომლითაც ხელმძღვანელობდა წინა საუკუნოებშისხვა რუსული რეჟიმები.

თუ ეს ყალბი და მოჩვენებითი პაციფიზმი სტალინის მემკვიდრე კოლეგიისა (უფრო კი დუუმვირატის) დროზე არ იქნა გამომზეურებული, რუსული ბლეფი და პოლიტიკურ იდეოლოიური ჩიტირეკიობა ფონს გავა, სერიოზულ მოვლენად იქნება დასახული მოტყუებული კაცობრიობის მიერ და ის შრომა, სისხლი და მსხვერპლი, რომელიც გაიღეს განათლებულმა ერებმა და სახელმწიფოებმა დღევანდელი მდგომარეობის მისაღწევად, ჰაერში დარჩება გამოკიდებული.

თუ კომუნისტური ხელისუფლების წინამორბედი მთავრობები ადგილობრივი ინტრიგებით და დიპლომატიური ჩხირკედელაობით კმაყოფილდებოდნენ და ყველა კონფლიქტებიდან დამარცხებული გამოდიოდნენ, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ რუსებს აკლდათ ტეხნიკური და კულტურული მარქაფებიც და ნაციონალური დუღაბიც.

სამაგიეროთ, ევროპა-ამერიკის წყალობით საბჭოთა რუსულმა მთავრობამ ტეხნიკური გათანასწორების ნიადაგზე აშკარა აგრესიული ტონი და გეზი აიღო, მაგრამ კულტრულ-ეროვნული ჩამორჩენილობის ნიადაგზე ის უთუოდ ხელებს დაიწვავს და რომ ეს არ დაემართოს, პალიატიურ ზომებს (დივერსიას, ბლეფს, მუქარას, ცივ ომს) მიჰმართავს.

საილუსტრაციოდ საინტერესოა მოვიგონოთ გოგოლის „მკვდარი სულები“-ს გენიოსურად დახატული ტიპი მემამულე ნოზდრიოვისა.

ჩიჩიკოვის საინფორმაციო შეკითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის მის ღობე ყორის გარეშე მდებარე მიწები, ნოზდრიოვი გულწრფელის და განცვიფრებულის თვალებით მიჰხედავს მას და კათეგორიულად, თვითონაც რომ არ იცის, რომ სცრუის, უპასუხებს, რომ ჰორიზონტამდეც და ჰორიზონტს გაშორებითაც ყველასფერი მისი საკუთრებაა.

ასეთია სულისკვეთება ყოველივე რუსისა, ხოლო ამ სულისკვეთების აბსოლუტური განსახიერება რუსული კომუნიზმია.

შორს არ არის ის ხანა, როდესაც ამ ფაქტს მსოფლიო მშრომელი კლასიც გაიგებს, ჩინეთიც და რუსების სხვა სატელიტებიც.

გაგების პირველი რეკორდი ჯერ-ჯერობით ტიტოს იუგოსლავიას ეკუთვნის და როდესაც მოვლენათა ევოლუცია სხვა ქვეყნებსაც ამ დასკვნამდე მიიყვანს, მხოლოდ მაშინ მოხერხდება რუსული სახელმწიფოს არხიტექტორული სიმახინჯის დანახვა და რუსის ხალხური მასების რუსულ ეროვნულ ჩარჩოებში მოკალათება.

ამით თვით რუსის ხალხსაც ეშველება, მის მიერ დამონებულ ერებსაც. თავისუფალი ერებიც სულს მოითქვამენ და მშრომელი მასებიც კონსტრუქტიულ შემოქმედების გზაზე დადგებიან.

მსოფლიო პრესა და მეცნიერული წრეებიც კი, ხშირად უპატიებელის სიმსუბუქით ხსნიან რუსულ პლოიტიკას იმ რუსული მისტიციზმით, რომელშიც მეტი მოიპოება ცინიზმი, მზაკვრობა და ვირ-ეშმაკობა, ვიდრე რამენაირი მისტიციზმი.

ბოლშევიკურმა რუსეთმა ეს საკმარისის რეალიზმით გამოამჟღავნა და ამისთვის მადლობის გამოცხადებასთან ერთად, ბრძოლის გამოცხადების დროც მომწიფებულად უნდა ჩაითვალოს.

სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის.

ვინაიდან ასეთია აზრი რუსულ ციხეში ჩაცვენილ ყველა ერისა, საჭიროდ მივიჩნიოთ ისიც, რომ თუ მშვიდობიანის საშუალებებით არა, სხვა ღირსეული ზომებით მაინც მისწვდეს ეს აზრი გაერთიანებულ ნაციათა ორგანიზაციას.

X.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress