კ ლ დ ე # 1 – 1912 წინასიტყვაობის მაგიერ

ლოგო

„გააჩაღეთ ეკონომიური მუშაობა, მოაწყეთ სახალხო ეკონომიური ორგანიზაციები, ჩაუყარეთ ამ შენობას მკვიდრი საფუძველი; მასთან ერთად ეცადეთ, რომ ეს მუშაობა უსათუოდ ნაციონალურ ფარგლებში ისახებოდეს, შემდეგში თვითონ გაძლიერებული ხალხი მოიპოვებს დროს და საშუალებას, გამოიჩინოს თავი“…

აი, მოკლედ, მძლავრი შინაარსი პოლონეთის ხალხის მოძრაობისა მე-XIX საუკუნის დამლევს.

ყოველ მაშინდელ განათლებულ პოლონელის სულის კვეთება და მისწრაფება იყო: მოაწყოს ხალხის ფართო მასსაში საკუთარი ეკონომიური ორგანიზაციები (ბანკები, საკოოპერაციო დაწესებულებანი, სამეურნეო, მელიორატიული და სხვა საზოგადოებანი), გამოიყვანოს საეკონომიო ბრძოლის ველზედ საშუალო წოდება თავის ვაჭრობა-მრეწველობით, რომელიც მაშინ ებრაელების და გერმანელების ხელში იყო, და ამით მოუპოვოს სამშობლოს ის ნამდვილი ძალა, რომლითაც პოლონეთს შესძლებოდა ახლად ამოეყო თავი საკაცობრიო ცხოვრების სარბიელზედ.

მართლადაც, უნაყოფოდ არ ჩაუარა პოლონეთს ამ მუშაობამ. ქვეყანა გაივსო სიმდიდრით, ხალხი გასწორდა წელში და ეხლა დიდი იმედით შეჰყურებს მომავალს.

ამ გვარივე მოტივებით იყო გამსჭვალული მოწინავე ინტელიგენცია პატარა ფინლანდიისა თავის ნაციონალურ საქმის მოწყობაში, და შედეგათ მოჰყვა ის, რომ პაწია ქვეყანა, ცნობილი მარტო ღარიბი ბუნებით, ხალხით, ისტორიული წარსულით – ისე გამდიდრდა ქონებრივად და კულტურულ ცხოვრებით, რომ თანამედროვე განათლებული ევროპა იძულებული გახდა ჩაეწერა იგი მოწინავე ერების სიაში.

ასეთი გზა აირჩია ლატიშთა ქვეყანამ, ასეთს გზაზედ მიაქანებს ეხლანდელ თავის ცხოვრებას უკრაინის ხალხი.

მაგრამ ამ მძლავრ ეკონომიურ მოძრაობას პატარა ერებისას სუყველგან და ყოველთვის წინ უძღოდა გაშლილი დროშა ზედ წარწერილი ლოზუნგით: დაიცევით თქვენი დედა ენა, მაგრად მოჰკიდეთ ხელი  სამშობლო მიწა წყალს!

სიტყვით და დაუყოვნებლივ ზედ მიყოლილი მედგარი და თავ განწირული მუშაობით, საზოგადოთ, ხასიათდება მათი საუცხოვო მოძრაობა.

პატარა საქართველოც ამ გზას ვერ ასცდება და თუ ყურადღებით დააკვირდებით ქართულ ცხოვრებას, მან კიდეც გადადგა პირველი ნაბიჯი ამ გზაზედ… მაგრამ საუბედუროდ ეს ნაბიჯი კუს ნაბიჯს მოგვაგონებს:

„რამდენი სახალხო ორგანიზაციაა მოწყობილი თქვენში, – უკითხნია ქართველისათვის ერთს ცნობილ ფინლანდიელ მოღვაწეს, დაინტერესებულს ქართული ყოფა-ცხოვრებით – რამდენი ჟურნალ-გაზეთი გამოდის საქართველოში და რამდენი მკითხველი ჰყავს? და როცა შეიტყო სუსტი რიცხვი ყველა ამათი, მოკლედ მოუჭრია: – ძალიან ჰკოჭლობთ, ძალიან. დაეჩქარეთ ეროვნულ საქმის მოწყობას და განვითარებას… ცხოვრება არ იცდის… უმთავრესი ყურადღება მიაქციეთ სახალხო ეკონომიურ ორგანიზაციების მოწყობას, თორემ გაითქვიფებით“… სწორედ მოგახსენოდ საქართველოსთვის ამისთანა წინასწარმეტყველობა ვერაფერი სახარბიელოა.

მაგრამ სინამდვილეს ვერ გავექცევით. სინამდვილე კი კარზედ გვადგია და დაჟინებით გვეუბნება: თუ არ გინდათ უცხო კაპიტალის, ცოდნის, ინიციატივის მონები გახდეთ, ფეხზედ დადექით და ენერგიულად შეუდექით იმ საფუძვლის ჩაყრა გამაგრებას, რომელზედაც მომავალში აღორძინდება მძლავრი და ჯანმრთელი ქართველი ერი.

ეს საფუძველი კი არის: ფართო განათლება და ეკონომიური ძალა ხალხისა შედუღებული ერთად ნაციონალურ ცხოვრების პირობებით და გრძნობებით. მიტანა ერთ ქვისა და გამაგრება ამ საფუძველზედ შეადგენს უმთავრეს მიზანს ჟურნალ კლდისას და ამიტომ ჩვენი ჟურნალი ეცდება გაუზიაროს მკითხველებს ყოველნაირი მასალა ფართე ქართულ საზოგადოებრივ-ეკონომიური ცხოვრებიდან და შეაკავშიროს თანამოაზრენი და ერთგულნი მიმდინარე დიდ ეროვნულ მუშაობისათვის.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress