რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა საქართველოში

SONY DSC

„საზოგადოების ეროვნულ-რელიგიურ ნაწილს ბნელების იარლიყებს აწებებენ“

მარიამ მჭედლიშვილი “ახალი თაობა” 23.03.2016

რუსეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოში ბევრმა აღიქვა რუსეთის ახალ ტონალობად, რომლითაც ის სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსეთის მოქმედებებსა და მისი წარმომადგენლების განცხადებებში ახალი არაფერია.

მამუკა გიორგაძე:

_ რუსეთის მხრიდან ახალი ნოტები ვერ დავინახე. რუსეთი ჩვენთან ურთიერთობაში ცვლის ფორმებს, თორემ შინაარსი უცვლელია. აბაშიძე-კარასინის ფორმატის თითქმის ყოველი შეხვედრის წინ საქართველოში, საოკუპაციო ხაზზე ხდება ინციდენტები. მუდმივად რუსეთის მხრიდან ხან ტკბილი შემონათვალია, ხან-მკაცრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქეცით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი ხაზგასმულად არაკორექტული იყო რუსეთის მიმართ, საქმით კი სხვა რამეს ახორციელებდა.

_ კერძოდ?

_ სააკაშვილის მთავრობის წევრი ირაკლი ოქრუაშვილი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ფეკალიებზე საუბრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე ოქრუაშვილი რუსეთიდან  აპირებდა ახალი რევოლუციის მოწყობას საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ლანძღავდა რუსეთს, მაგრამ მთავარია, რას აკეთებდა და რა შედეგი მოჰქონდა მის მოქმედებებს. სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში სადებატოდ უჯდებოდა ვლადიმერ ჟირინოვსკის. მაშინ სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას ნახევარი საქართველო ვერ იტანდა, მაგრამ ამ დებატებში მოწინააღმდეგეებიც მის მხარეს იჭერდნენ. ეს კარგად გააზრებული ტექნოლოგიაა, რომელიც რუსეთსაც აწყობს და აქაურ პოლიტიკოსებსაც. ის ახლაც გამოიყენება.

_ სააკაშვილთან მიმართებაში?

_ არა მხოლოდ სააკაშვილის მიმართ. საკმარისია სააკაშვილის რეიტინგი შეირყას, რომ მაშინვე იწყება რეაგირებები. ეს რეაქცია შეიძლება გამოიხატოს კარასინის, ან სხვისი პირით. ეს ნიუანსები მუდმივად მეორდება. მაგალითად, ბოლო დროს რუსეთის წარმომადგენლებმა, მათ შორის, კარასინმა  აუგად მოიხსენიეს პრეზიდენტი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი. ეს გათვლილი იყო  მათ რეკლამირემაზე.

_ გასაგებია, რომ რუსეთის მიერ გაკრიტიკებული პოლიტიკოსები საქართველოში პოზიტიურად აღიქმებიან, მაგრამ კრიტიკა რეიტინგს ვერ გაუზრდიდა იმავე თავდაცვის მინისტრს..

_ რასაკვირველია, რეიტინგის ზრდა ასე უცებ არ ხდება, მაგრამ რუსეთთან დაპირისპირებაში პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრის კარგად წარმოჩნდებიან, ისინი ხდებიან ფიგურები. პრეზიდენტ მარგველაშვილს ხშირად ვაკრიტიკებ. ძალიან არ მომწონს, რომ რამდენიმე დღის წინ მან უმსგავსობის პროპაგანდირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, კარასინთან დაპირისპირებაში საქართველოს პრეზიდენტს ვუჭერ მხარს. სად გვყავს კარასინის გასალანძღი პრეზიდენტი! საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბების საქმეს იძიებდა პროკურატურა. ის შეისწავლიდა ამ საქმეში თინა ხიდაშელის მონაწილეობას. კარასინის კრიტიკის შემდეგ ეს საქმე უცებ დაიხურა. თავდაცვის მინისტრის ავტორიტეტიც ამაღლდა. საერთოდ, ჩვენ ხშირად ვხდებით გარედან მოწყობილი თამაშების მონაწილეები. გვიან ვხვდებით, რომ ქაოსსა და თამაშებში ჩაგვითრიეს. საზოგადოება იმას მაინც ჩასწვდა, რომ ე. წ. პროდასავლური ძალები ანტიდასავლურად იქცევიან. მათი მოქმედებების შედეგად საქართველოში საგარეო ხედვები შეიცვალა რუსეთის სასარგებლოდ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა.

_ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომავალ პარლამენტში ღიად პრორუსული ძალები მოვიდნენ?

_ არა, იმიტომ რომ რუსეთს აშკარად პრორუსული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა არ სჭირდება. რუსეთს ხელს აძლევს მოჩვენებითად პროდასავლური ძალების მმართველობა. როცა საქართველოში შევარდნაძე და პატიაშვილი იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, რუსეთმა მხარი დაუჭირა ედუარდ შევარდნაძეს. შევარდნაძე დეკლარირებულად დასავლური კურსის მიმდევარი იყო. ასე იყო სააკაშვილიც. სამაგიეროდ, რუსეთი ყოველთვის ებრძოდა სახალხო პარტიას და სხვა ჩვენსავით მემარჯვენე პროდასავლურ და იმავდროულად ეროვნულ ძალებს. ჩვენ ბრძოლას გვიცხადებდნენ, რომ მთავარი ნიშა ნაციონალურ მოძრაობას დაეკავებინა. სხვათა შორის, ბოლო დროს საქართველოში კიდევ ერთი მართული სავალალო ტენდენცია გაჩნდა-საზოგადოების ეროვნულ-ეკლესიურ ნაწილს ბნელების იარლიყს აწებებენ. საზოგადოება ამაზეც უნდა დაფიქრდეს.

_ კონფიგურაციის შეცვლა რუსეთის ინტერესებში არ შედის?

_ ეს ასეა. რუსეთი ცდილობს, მუდმივად ქაოსში გვამყოფოს, რომ არაფრით არ მოხდეს ქართული პოლიტიკური აზრის კონსოლიდაცია. არადა, საზოგადოება იღვიძებს. მოვიდა დრო, რომ ქართული პოლიტიკა გახდეს არა გარედან მართვადი, არამედ, შიდა დუღილის პროდუქტი. მომავალ პარლამენტში აუცილებელია ეროვნული სუბიექტის გაჩენა. ამ სუბიექტის გარეშე მართვადი სახელგატეხილი ძალები ვერ მოიტანენ სტაბილურობას და გააუმჯობესებენ პოლიტიკურ ყოფას და ხალხის მდგომარეობას.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress