პუტინმა გაახმიანა საქართველოს კონფედერაციის ძველი იდეა

mamuka-giorgadze

“რუსეთს არ უნდა სამხრეთით ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს არსებობა”
მარიამ მჭედლიშვილი  ”ახალი თაობა” 19.12.2015
საქართველოში ხმაური მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მიმართ.
პუტინის თქმით, კონფლიქტები საქართველომ თვითონ უნდა მოაგვაროს თბილისსა და სოხუმს, ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების გზით. მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლადაც. სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე რუსეთის ამ გზავნილებში განსაკუთრებულს და ახალს ვერაფერს ხედავს. _ რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი დაიწყო იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქეებს კარს უხსნის ევროპა. ევროკავშირის სახელმწიფოებთან ვიზალიბერალიზაცია არათუ აზრს უკარგავს სავიზო რეჟიმის რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ, ეს საზიანო ხდება რუსეთისთვის, _ აღნიშნა ,,ახალ თაობასთან,, ინტერვიუში მამუკა გიორგაძემ. მისივე თქმით, ესაა არა რუსეთის კეთილი ნება, არამედ იძულება. _ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ხსენება და კონფლიქტებზე საუბრის დაწყებაც იძულებითი ნაბიჯია? _ აქ ჩადებულია რუსეთის მუდმივი ინტერესი. ესაა საქართველოში კონფედერაციის შექმნა. რუსეთის პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაახმიანა კონფედერაციის ძველი იდეა. რუსეთის ხელისუფლებას სურს, საქართველოს პოლიტიკური ელიტა მას ეახლოს, დაუჩოქოს და უთხრას, რომ ის მზადაა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი შეიყვანოს კონფედერაციაში რუსეთის გარანტიის ქვეშ. რუსეთის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ამ გზით მიიღებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მექანიზმს. _ ადრე კონფედერაციაში მისი ინიციატორები გულისხმობდნენ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს. გამოდის, რომ ახლა ცხინვალის რეგიონიც სუბიექტად მოიაზრება კონფედერაციაში? _ მთავარია, რომ რუსეთს საქართველოში სჭირდება სამართლებრივად იოლად დაშლადი სახელმწიფო რუსეთის გარანტიის ქვეშ. თუ ასეთი ფორმირების სუბიექტი ხდება აფხაზეთი, დგება ცხინვალის რეგიონის საკითხიც. _ რუსეთის ამ გზავნილების წინ უძღოდა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის უცნაური განცხადებები იმაზე, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში. _ მართლაც, ეს განცხადებები შესაბამისობაშია ერთმანეთთან. ეს აძლიერებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ პაატა ზაქარეიშვილი ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ზაქარეიშვილმა კონფედერაციისთვის მოგვამზადა. _ არა მგონია, საქართველოს საზოგადოება ამისთვის მზად იყოს. _ საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება ეწინააღმდეგება ასეთ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ აქტს. Aასე რომ არ იყოს, აქამდე რუსეთი თავის აქაურ აგენტურასთან ერთად თავისას გაიტანდა. M მამუკა გიორგაძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობები შევარდნაძესაც ჰქონდა და სააკაშვილსაც. Aამ ხელისუფლებაშიც არიან ისეთი პირები, რომლებიც ეთანხმებიან საქართველოს დაშლას. ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გამოა ატეხილი ის ამბები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდება. უკრაინაშიც იგივე მოვლენებია. _ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ქაოსი, არეულობა იყოს და ვერაფრით მოხერხდეს გაერთიანება, პოლიტიკური აზრის კონსოლიდირება. რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს. რუსეთის აგენტურა მზადაა, პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ გაწიროს საქართველოს ინტერესები,_ამბობს პოლიტიკოსი. _ ამ თემების განხილვა არ ხდება. _ წინა ხელისუფლებების საქმიანობის ანალიზი აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მაშინ უფრო ნათელი გახდებოდა, რომ რუსეთს არ აძლევს ხელს საქართველოში ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საქართველო რომ ასეთი გახდეს, ის იქნება უპირობო ლიდერი კავკასიაში, რუსეთს კი მოუწევს რეგიონის დატოვება. ეს განპირობებულია წარსულით, გეოსტრატეგიული ფაქტორებით. საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა აქვს. _ რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან? _ რუსეთი გააგრძელებს თავისი ძველი ინტერესების გატარებას და საქართველოს დასუსტებას. მას უნდა, დამკვიდრდეს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოდ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ოღონდ, ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ არა ტანკებით, არამედ, სახელმწიფოებრივი მიდგომებით, კონსოლიდაციით, ეროვნული ხელისუფლების მოყვანით, დემოკრატიის განვითარებით, დასავლეთთან დაახლოებით, ბოლშევიკური სტილის მმართველობაზე უარის თქმით. საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოში და მის გარშემო ქაოსს რუსეთი ქმნის. გასააზრებელია ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ჩინოსნის განცხადებებიც.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress