ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე სხვებმა ადრევე შეუქმნეს

gerbebi_Page_6

 ”ახალი თაობა” 21.02.2015

საქართველოში შექმნილ რთულ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ყოფილ პოლიტპატიმარ ჯემალ გუნდიშვილს ესაუბრა

მარიკა მჭედლიშვილი

_ „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე მეორედ ტეხენ განგაშს იმაზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე შექმნა. საფუძვლიანია ეს შეშფოთება?

_ ამ განცახებას რომ აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატები“, მაშინ ისიც თქვან, როდის არ იყო ეს კურსი საფრთხეში? რა, ნაციონალების მმართველობის დროს ამ მხრივ ყველაფერი იდეალურად იყო? ნაციონალები ევროატლანტიკურ კურსს აგრესიული ტონით სთავაზობდნენ მოსახლეობას, ამასთან, თავისივე ქცევით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ხალხს ამ კურსზე გული აეცრუებინა. მაშინ არ დადგა საფრთხის ქვეშ ევროატლანტიკური კურსი, როცა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ნატოს ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჰაერო თავდაცვა უნდა შევქმნათ? ან როცა ითქვა, რომ სირიის ოპოზიციის მებრძოლები უნდა მომზადდნენ საქართველოში და ამისათვის სასწავლო ცენტრი უნდა გაკეთდეს? ეს არის გამომწვევი და პროვოკაციული განცხადებები.სიტუაცია კი ჰგავს იმას, როცა უიარაღო კაცი ჩხუბს უწყებს ავტომატებით შეიარაღებულ ბანდიტებს იმის იმედად, რომ ვიღაც მოვა და უშველის. ასეთი უიარაღო ინსპირატორი ბოლოს ხახამშრალი დარჩება.

_ ანუ, საქართველოც მარტო აღმოჩნდება ძლიერი მტრის წინაშე?

_ არავინ არ გიშველის, თუ თავს თვითონ არ მიხედე და არ დაალაგე სიტუაცია შენს ცუდ თუ კარგ მეზობელთან. ალასანიას ქცევებიდან გამომდინარე, ჩვენი სიტუაცია უფრო გართულდა. ნაციონალებმა ხომ სულ დააქციეს ქვეყანა. სწორედ მათ გაუწიეს დისკრედიტაცია დასავლურ კურსს, დასავლურ ფასეულობებს ხალხის თვალში. სხვა ყველაფერთან ერთად, ნაცმოძრაობამ ხალხი გააღატაკა. არადა, ერის სიღატაკიდან გამოყვანა და გაძლიერება მისი მოვალეობა იყო. თავისი განცხადებებით ისინი თითქოს თავს იმართლებენ იმ ხალხის წინაშე, ვისთან ერთადაც ამას გეგმავდნენ. სხვათა შორის, აშშ-ს სენატმა უკრაინას დასახმარებლად 40 მილიარდი გამოუყო. ეს დიდი ფული თავს იყრის აქედან ჩაყვანილი ვითომ პროგრესულად მოაზროვნე და ვითომ რეფორმატორი ქართველების ხელში.

_ რომლებიც ამ ფულის ნაწილს საქართველოში არეულობისათვის გამოიყენებენ?

_ დიახ. ეს ვითომ რეფორმატორები, რომლებიც სხვადასხვა პოსტებზე დაინიშნენ უკრაინაში, მათი მეთაური და რეფორმების ხელმძღვანელი კი მიშა სააკაშვილი გახდა,  ამ დახმარებიდან „ატკატების“ უზრუნველყოფას მოახერხებენ. ბუნებრივია, ეს ფული დაიხარჯება საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად. არ ვიცი, იღებენ თუ არა ამის საწინააღმდეგოდ რაიმეს აქაური სპეცსამსახურები, მაგრამ, ეს რომ ასე მოხდება, წინასწარაა ცნობილი. თვითონ უკრაინაში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია. სხვა პრობლემების პარალელურად, იქაური პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ვერ იტანენ ერთმანეთს. უკრაინაში იმდენი დამნაშავე და საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართველი ინიშნება თანამდებობებზე, რომ ცოტა ხანში, ან იაცენიუკი „გაიგუდება გაზით“, ან პოროშენკო. ამის გამოცდილება არა გვაქვს, თუ რა?

_ ბოლო დროს უფრო მწვავედ დადგა „ქართული ოცნების“ უნიათობისა და არაპროფესიონალიზმის საკითხი..

_ ხელისუფლებაში დღეს მყოფ ადამიანებს არ ჰყოფნით თავისი პოზიციის გამოხატვის ნება. მათ არ შეუძლიათ, რომ პრინციპულად დადგნენ ერთ პოზიციაზე და თქვან, მაგალითად ის, რომ პროდასავლური კურსი აქვთ არჩეული, მაგრამ, ეს კურსი ისე უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მინიმალურად დაზარალდეს. პოლუსიდან პოლუსამდე ხტუნვა ძალიან ცუდ სახეს იღებს.

_ კურსის გადახვევაში ზურაბ აბაშიძეს ადანაშაულებენ..

_ მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელშიც ის მონაწილეობს, უცნაურია თუნდაც იმიტომ, რომ ზურაბ აბაშიძე თანამდებობის პირი არ არის. კარასინი კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ამიტომ ეს შეხვედრები  სანაცნობო, სამეზობლო, ამხანაგურ-ძმაკაცურ მოლაპარაკებებში გადის. აბაშიძის მიმართ უარყოფითად არა ვარ განწყობილი. მაგრამ, ზურაბ აბაშიძე ამ მოლაპარაკებებში ფოსტალიონის როლს ასრულებს. ის არ არის ის ლეგიტიმური პირი, რომელიც ამ მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს. გახმაურდა, რომ მომავალ შეხვედრაზე აბაშიძე-კარასინმა უნდა ილაპარაკონ ტვირთების გადაზიდვაზე აფხაზეთისა და როკის გვირაბის გამშვებ პუნქტებზე, რაც შვეიცარიელებს უნდა ეკონტროლებინათ. ამაზე აბაშიძემ რა უნდა ილაპარაკოს?

_ ეს მაღალი თანამდებობის პირების განსახილველია?

_ ამაზე უნდა ილაპარაკოს მთავრობამ. ეს მისი მოვალეობაა. ამას აბაშიძეს რატომ ავალებენ? ეს არის სერიოზული პრობლება. მისი განხილვა უნდა დაწყებულიყო ადრე. ყველაზე უარეს შემთხვევაში, მაშინ მაინც უნდა მისცემოდა ძვრა ამ პრობლემას, როცა რუსებმა დაუწყეს ლაპარაკი აფხაზებსა და ოსებს ე.წ. სამოკავშირეო ხელშკრულებებზე. დალოცვილო, როცა რაღაც კარტ-ბლანში გაქვს, როცა საერთაშორისო დონეზე შეგიძლია სხვა არბიტრები დაპატიჟო, რატომ არაფერს აკეთებ? მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დააყენებინე ეს საკითხი და მოათხოვებინე პასუხი რუსეთისათვის, რომელიც არ ასრულებს პირობებს. ყველაფერში დაგვიანება შეიძლება? მატარებელი რომ წავა, მერე ყიდულობენ ბილეთს. სხვათა შორის, სახალხო პარტიამ ამ თემაზე ჯერ კიდევ დეკემბერში მისწერა წერილი ფინანსთა მინისტრ ხადურს. პასუხი არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, გუშინდლამდე არ ყოფილა.

_ ესეც არაკომპეტენტურობის ბრალია?

_ „ტიპებმა“ არ იციან, რა აკეთონ. კაცი შედის კაბინეტში და მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის გადაჭრაზე ფიქრობს, რომელზეც იმ დღეს დაურეკავენ და ეტყვიან, რომ ეს პრობლემაა. ქვეყნის ფინანსების მაკონტროლებელი სტრუქტურების მართვა რომ აბარია, ამას ის ვერ გრძნობს. ამაშია საქმე. მივდივართ იქამდე, რომ არაკომპეტენტურები არიან და სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიდგომა აკლია ყველაფერს. ეს პარლამენტშიც იგრძნობა. დარწმუნებული ვარ, დიდხანს მოუნდებიან იმის გარჩევას, დაამტკიცოს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

_ კანდიდატურის ჩაგდებაც არ არის გამორიცხული..

_ გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან? იმიტომ, რომ რედესღაც „რესპუბლიკელებში“ იყო? დალოცვილო, ნაციონალები გისხედან პარლამენტში! ზოგიერთმა ღირსების საქმედ გამოაცხადა ნაციონალების გადარჩენა და შენ არ ამტკიცებ ნინო გვენეტაძეს, რომელიც ნაციონალებს დაუპირისპირდა? შეიძლება დაამტკოცონ კიდეც. მაგრამ, დიდი თანხმობა და მხარდაჭერა რომ არ არის ამ საკითხში, ცხადია. საერთოდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოვლენები რაღაც სხვა კრიზისში გადაიზარდოს.

_ სხვა მოვლენებსაც გულისხმობთ?

_ ლარის კურსის ვარდნა, არაკომპეტენტურობა, უთანხმოება, სამეზობლოში შექმნილი დაძაბულობა, ხელს უწყობს ამას. სომხეთში ესკალაციაშია გადასული ურთიერთობები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. ცოტა ხანში შეიძლება ვიხილოთ ახალი ომი ყარაბაღის მიმართულებით. ძალიან ებმის ყველაფერი ერთმანეთს. რას აკეთებს ამ დროს პრევენციისათვის  ხელისუფლება, ეს არ ჩანს. ამ ხელისუფლებაში ბევრი შემთხვევითი პიროვნებაა. ისინი ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ თავზე. ეს ქვეყანა მაინც ინგრევა და მოდი, ჩემს ოჯახს მივხედოო-ასეთი მიდგომა აქვთ.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress