“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას მიმართავს

  • 24 მარტი 17:43 NEWS.GE

“სახალხო პარტიის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე საზოგადოებას მომავალი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართავს.

“მინდა მივმართო, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებაში ავტორიტეტით და რომელთა სიტყვასაც ენდობა საზოგადოება; იმათაც, ვინც ჯერჯერობით უცნობნი არიან ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ თავის თავს სწორედ მიიჩნევენ სოციალურად აქტიურ და ჯანსაღი ამბიციით სავსე ადამიანებად.

მომავალი თვითმმართველობის არჩევნები თავისი მასშტაბით, პოლიტიკური დაძაბულობის, ინტერესთა გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავალი პოლიტიკური მდგრადობის გამო, უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენსს უახლოეს ისტორიაში.

დღეს ამ გამოწვევების წინაშე დგას ერთის მხრივ – ქართველი ამომრჩეველი და მეორეს მხრივ – მერკანტელური ინტერესებით მოტივირებული და ძველი, ნაცნობი შემადგენლობით დაკომპლექტებული ფსევდოპოლიტიკური ჯგუფები, რომელთა მოქმედებამაც ბოლო წლების განმავლობაში გამოიწვია, ზოგადად პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკოსის ცნების გამარგინალება საზოგადოებაში.

პოლიტიკური პარტია კლასიკური გაგებით, არის საერთო პოლიტიკური ხედვების და იდეოლოგიის მატარებელი მოქალაქეების მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს მოიპოვოს სახელმწიფოში პოლიტიკური ბერკეტები ამ ხედვების ცხოვრებაში რეალიზციის მიზნით. იოანე ბატონიშვილის მიხედვით – პოლიტიკა ქვეყნის ცხოვრების წესის განსაზღვრაა.

როგორც ხედავთ არაფერი საძრახისი არ ყოფილა არც პარტიის და აქედან გამომდინარე არც პოლიტიკოსის ცნებაში. პირიქით, საშური საქმეც კი არის მასში მონაწილეობა, რათა ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების წესის განსაზღვრა არ ვანდოთ საეჭვო ხალხს.

ამიტომ, თუ ადამიანს სურვილი აქვს რეალურად მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობის პროცესში და მისი პოზიცია არ არის მხოლოდ საკუთარი ვიწრო, მერკანტელური ინტერესებით ნაკარნახევი, იგი მოვალეა, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, აქტიურად ჩაერთოს პროცესებში და თავისი მონაწილეობით ხელი შეუწყოს მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.

ამ პროცესების გასააქტიურებლად სახალხო პარტიამ უკვე გააკეთა მოწოდება და ეხლა მეც პერსონალურად მივმართავ ყველა ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს, ვინც სარგებლობს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ნდობის მანდატით და მათაც ვისაც სურვილი აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესებში, დავსხდეთ და მოვითათბიროთ ვინ ვართ, რა გვინდა და რა შეგვიძლია სასარგებლო გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის”, – ნათქვამია მიმართვაში.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress