I. ფაქტია, რომ
_ საქართველოს მოსახლეობის 15%-ზე მეტი დღეს შინაგანი ლტოლვილის მდგომარეობაშია იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის მიერ. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა ეროვნული ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება.
_ საქართველოს მოსახლეობის 60% დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ეკონომიკური და სოციალური ტრავმის მდგომარეობაში იმყოფება;
_ საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან და სხვა რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოში ვერ მუშაობს ეკოლოგიური დაცვის სისტემა (ვერც გარემოსთან მიმართებაში, ვერც საკვებთან მიმართებაში) და საქართველოს მოსახლეობამ ეს იცის. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ეკოლოგიური დაუცველობის და მისგან გამომდინარე ფსიქიკური სტრესის მდგომარეობაში იმყოფება.
_ საქართველოს მოსახლეობის კატასტროფულად დიდი პროცენტი (თვითმოქმედი (ეკონომიკურად აქტიური) მოსახლეობის მესამედზე მეტი) ემიგრირებულია და ემიგრაცია გრძელდება. არის ასევე მასობრივი იმიგრაციის რეალური საშიშროება და მოსახლეობამ ეს იცის. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად დემოგრაფიული რეალური საფრთხისა და რეალური ფსიქიკური ტრავმის მდგომარეობაში ცხოვრობს;
_ საქართველოს მოსახლეობის 80% არასრულფასოვანი კვების მდგომარეობაში იმყოფება, რაც ფიზიკური დეგრადაციის მუდმივმოქმედი წყაროა და მოსახლეობამ ეს იცის. ამიტომ მოსახლეობა მთლიანად ბიოლოგიური საფრთხისა და მისი გარდუვალობის ცნობიერებისგან მიყენებული ტრავმის პირობებში ცხოვრობს;
_ საქართველოს მოსახლეობა (მისი ძირითადი მასა) ფაქტობრივად მოკლებულია ჯანდაცვას;
_ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს მრავალსუბიექტიან საინფორმაციო სივრცეში, რომელშიც პედაგოგიკურად ადექვატური არჩევანის მოხდენა პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს. ამ კვალიფიკაციის მქონე კონსულტაციას მოსახლეობა მოკლებულია. შესაბამისად, მოსახლეობას ცხოვრება უხდება ისეთ პირობებში, როცა მშობელს არ შეუძლია შვილს მისცეს პედაგოგიურად დასაშვები განმარტება როგორც რეალური, ისე საინფორმაციო სივრცეში დანახული მოვლენების შესახებ, ხოლო შვილს, მცირეწლოვანის ჩათვლით, არა აქვს საშუალება, რომ მშობლის კომპეტენტურობის იმედი ჰქონდეს. სხვა სიტყვით, ბავშვი მისთვის პედაგოგიკურად არასანდო გარემოში იზრდება, რაც მასობრივ პედაგოგიურ კატასტროფას ნიშნავს;
_ საქართველოს მოსახლეობისათვის მთლიანად ცნობილია, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სისტემა კვეცის პროცესშია, ანუ განვითარება მიდის იქითკენ, რომ მოზარდ თაობას ეკვეცება მსოფლიოსთვის მისაწვდომი ყველაზე მაღალი ცოდნის ოდესმე დაუფლების შესაძლებლობები. ამგვარად, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად პრინციპული შემეცნებითი შეზღუდულობის და ამ უკანასკნელით გამოწვეული ფსიქიკური ტრავმის პირობებში ცხოვრობს. ამავე ფაქტორიდან გამომდინარე, მოსახლეობას მთლიანად ექმნება შთაბეჭდილება, რომ მის სახელმწიფოს არ ძალუძს კომპეტენტური აზრის შემუშავება მეცნიერებისთვის ცნობილ საკითხთა მთელ რიგზე, რაც დამატებით დარტყმას აყენებს მას;
_ საქართველოს მოზარდ თაობებს, ზემოხსენებული ინფორმაციული და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, არა აქვთ ობიექტური საფუძველი იმედისათვის, რომ მათთვის გახსნილია, პრინციპულად, თანამედროვე კაცობრიობაში არსებული ყველაზე მაღალი ფუნქციებისათვის პროფესიული მომზადების და ყველაზე მაღალ ფუნქციათა ოდესმე თავისთავზე აღების გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ცხოვრობს ბუნებრივ ამბიციათა პრინციპული შეზღუდულობისაგან გამოწვეული ფსიქიკური ტრავმის პირობებში.
_ საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ცხოვრობს აგრო-სასურსათო კატასტროფის შიშის პირობებში, რამდენადაც არა აქვს სარწმუნო ცოდნა იმისა, თუ სახელმწიფოს შიგნით საავარიოდ აუცილებელი დამოუკიდებელი სასურსათო უზრუნველყოფის რა რესურსი არსებობს (ან კიდევ უარესი, იცის, რომ ასეთი რესურსი არ არსებობს), ანუ მოსახლეობა ცხოვრობს სურსათის გარანტირებული საკმარისი ხელმისაწვდომობის არარსებობის პირობებში;
_ დასასრულს, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად ცხოვრობს მორალისადმი, როგორც ადამიანთა ცნობიერებისა და მათი ურეთიერთობის ელემენტისადმი, უნდობლობის, ანუ მუდმივი მორალური ტრავმის პირობებში, რამდენადაც თითოეული გახსნილი მძიმე, მაგრამ დაუსჯელად დატოვებული დანაშაული ასეთ ტრავმის წყაროდ კმარა.
ყველა დასახელებული დისკომფორტი საქართველოს მოსახლეობისა იმ სახისაა, რომლითაც ილახება ადამიანთა ელემენტარული და მსოფლიოს მიერ ფიქსირებული ადამიანური უფლებები, მათ შორის ბედნიერებისკენ ადამიანის სწრაფვის უფლებაც. ამგვარად, ყველა ამ დისკომფორტთაგან საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება საქართველოს სახელმწიფოს პრინციპულ მოვალეობათა ჩამონათვალში შედის.
II. პრინციპული მნიშვნელობის გარემოებაა ის, რომ კაცობრიობის უახლოესი პერსპექტივა მოიცავს არა მხოლოდ ინდივიდთა, კომპანიათა, ქვეყანათა, სახელმწიფოთა, კონტინენტთა და ცივილიზაციათა კონკურენციას, არამედ სახელმწიფოებრიობის მოდელთა კონკურენციასაც. საქართველოს სრული უფლება და ამავე დროს მისი პოლიტიკურად დასაქმებული მოსახლეობის მოვალეობაა საქართველოს სახელმწიფოს იმგვარი მოდელის შემუშავება, რომელიც
_ ყველაზე უფრო ადექვატურად უპასუხებს საქართველოს, როგორც ქვეყნის და ერის საჭიროებებს;
_ ყველაზე უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს მოსახლეობაში დღეს არსებული შესაძლებლობების შემოქმედებით გაშლას სახელმწიფო მშენებლობის საქმეში;
ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მოდელი სავსებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ ხელმოწერილ ჰუმანიტარულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და სამართლებრივი აზროვნების თანამედროვე დონეს, თავისთავად იგულისხმება.
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის, ამ შემთხვევაში მისი სოციალური პოლიტიკის პრინციპი არ შეიძლება არ იყოს ის, რომ მის გამჭოლ მიზანს შეადგენდეს არა მხოლოდ ადამიანთა არსებული სიმრავლისათვის ცხოვრების ოპტიმალური პირობების შექმნა, არამედ, პარალელურად, თვით ამ ადამიანთა სიმრავლის ფორმირება მაქსიმალურად ჯანმრთელ ქმედუნარიან, შრომისუნარიან, კვალიფიციურ და კულტურულად პერსპექტიულ საზოგადოებად, რაც მათივე პირადი მიზნების და საუკეთესო ამბიციების შესაბამისია.
ადამიანისათვის ზრუნვაში (რაც სოციალური პოლიტიკის განუყრელი მიზანია) სახელმწიფო უნდა გულისხმობდეს მათი როგორც სასიცოცხლო, ანუ ე.წ. ‘ძლიერი~ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შესაბამისი ღირებულებების განხორციელების გზით, არამედ, არანაკლებ, მათ ე.წ. ‘მაღალ~ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასაც და შესაბამისი ღირებულებების იმპლემენტაციას. ხსენებული ორი პრინციპიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი კონსტიტუცია უნდა მოიცავდეს ადამიანის სოციალური დაცვის ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს. ჩამონათვალი, იგულისხმება, არასრულია. საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვრება სახელმწიფოს მოვალეობა მოქალაქის მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია, თავისი ბუნებრივი და სხვა სახის რესურსებით:
_ უზრუნველყოს მოქალაქისთვის სრულფასოვანი ეკოლოგიური სივრცე (‘სრულფასოვანში~ აქ და ქვემოთ იგულისხმება საკმარისი როგორც სრული განვითარებისთვის, ისე თავის შესაძლებლობათა სრული რეალიზაციისთვის);
_ უზრუნველყოს მისთვის სრულფასოვანი კვება (ზრდადასრულებულისათვის _ მისი მხრიდან შრომისათვის მზადყოფნის შემთხვევაში, მოზარდისათვის _ უპირობოდ):
_ უზრუნველყოს მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის სივრცე, ანუ თანამედროვეობისათვის შესაფერისი განათლების შესაძლებლობა, აუცილებლად ფუნდამენტური მეცნიერების საფუძველთა მოცვით;
_ უზრუნველყოს მისთვის ჯანდაცვის მინიმუმი;
_ უზრუნველყოს მისთვის სრულფასოვანი მორალური სივრცე. მასში შედის:
ა) სახელმწიფოს სრულფასოვანი სამართლებრიობა (სამართლიანობა სახელმწიფოში);
ბ) დემოკრატია (მოქალაქეთა თავისუფლება მათ ძირითად ადამიანურ უფლებებში და თანასწორობა კანონის წინაშე);
გ) სახელმწიფო პოლიტიკის არსებითი შესაბამისობა ე.წ. მეტაიურიდიულ სფეროსთან, ანუ მოქალაქეებში ურყევად აღიარებულ შეხედულებებთან ოჯახის, ზნეობის, ადამიანურ ურთიერთობათა ზოგადი პრინციპების შესახებ;
_ უზრუნველყოს მის მოზარდ თაობათათვის ჯანსაღი პედაგოგიური სივრცე. მასში შედის ერთის მხრივ ის, რომ გარემო (ვთქვათ, ქუჩის პეიზაჟი) არ შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც მშობელი შვილს ვერ განუმარტავს და ვერ დაუსაბუთებს მის აღზრდაში გამოყენებულ ზოგად პრინციპთა თვალსაზრისით, მეორეს მხრივ, ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს (მით უმეტეს _ დიდი ქალაქების გარშემო) სახელმწიფო საკუთრების საკმარისად დიდი ზონების არსებობა, სადაც ბავშვი და მშობელი თავისუფლად შედის, დარბის, თხილამურობს, მარწყვს წყვეტს და ა.შ., რის გარეშეც მას ვერ ექნება იმის განცდა, რომ მისი ქვეყნის სახით მას დედამიწაზე თავისი საკუთარი ადგილი აქვს.
_ უზრუნველყოს თავის მოქალაქეთათვის ე.წ. ამბიციის სივრცე, ანუ სოციალური მობილობის სივრცე ყველაზე რთულსა და საპასუხისმგებლო ფუნქიცებთან იმ პირთა მისასვლელად, რომელნიც უკვე ჩამოყალიბებულ ელიტებს არ ეკუთვნიან და წინსვლისათვის მხოლოდ საკუთარი პოზიტიური უნარების გამოყენებაზე არიან ორიენტირებულნი;
წინამდებარე ჩამონათვალი ექვემდებარება გაფართოებას და დაზუსტებას დარგობრივი სპეციალისტების (ფსიქოლოგების, სოციოლოგების, სოციო-ფსიქოლოგების, ეკონომისტების, ფილოსოფოს-აქსიოლოგების, მედიკოსების, სამხედრო სპეციალისტების) ჩათვლით;
გასათვალისწინებელია, რომ აქ განხილული სფერო _ მოქალაქესთან სახელმწიფოს დამოკიდებულება _ ერთერთია იმ ორიდან, რომელთა დაბალანსება სახელმწიფო მართვის სიბრძნის ძირითადი პარამეტრია. მეორე გახლავთ თვით სახელმწიფოს, კონკრეტულად _ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული ერის ისტორიულმასშტაბიანი ე.წ. მარადიული ინტერესების დაცვა.
ნოდარ ნათაძე,
პაატა კოღუაშვილი