რა ვერ გაიყვეს კვიციანმა და ოქრუაშვილმა
შორენა კოწოწაშვილი 28.07.2006
კოდორის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძეც გამოეხმაურა. გიორგაძის საჯარო გამოსვლა იმ ფრაზებმა და შედარებებმა გამოიწვია, რომელიც ხელისუფლების პირველი პირებისგან გაკეთდა და რომლითაც ყოფილი დეპუტატი დღევანდელ ლიდერ ნაციონალებში მეხსიერების სიმცირეს აფიქსირებს.
_ კოდორში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა დღევანდელი ხელისუფლების რეალური სახე.
ჩვენ რეაგირებას არ ვაპირებდით, მაგრამ, როცა გუშინ ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი სხვა ხალხის მეხსიერებაზე, ბუნებრივია, ამან ჩვენი აღშფოთება გამოიწვია. მათ დაასახელეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მათი ნაწილიც, ვისი მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა. როცა საუბარია მარგიანის მაკარონზე, იქ ბურჯანაძის პური არ ახსენო, არ შეიძლება, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე და იმ არაერთ ინფორმაციას იხსენებს, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები, მაშინ შევარდნაძის გვერდში მდგომნი, აქტიურად იყვნენ რუსეთთან დაკავშირებულნი.
Pპრესკონფერენციაზე სახალხო პარტიის ლიდერმა გაიხსენა ის პერიოდი, როცა თბილისში მიმდინარე მიტინგებზე იგორ ივანოვი გამოჩნდა და რაც ფაქტობრივად იყო დასტური სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის თანხმობაზე. ყოფილი დეპუტატი დღესაც ავლებს პარალელებს და აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შორის, ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიური კავშირი დღესაც არსებობს. საუბარია ბიზნესინტერესებზე.
გიორგაძე იხსენებს პერიოდს, როცა ჟვანია _ სააკაშვილის გუნდი ამბრაზურასავით ეფარებოდა რუსეთს და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ გასულიყო დადგენილებები, რომელიც საქართველოს ინტერესებში იჯდა. სხვათა შორის, მამუკა გიორგაძე იმასაც იხსენებს, რომ ერთ_ერთი მნიშვნელოვანი დადგენილება სწორედ ჟვანია _ სააკაშვილის მიერ ფარულად იქნა შეცვლილი ანუ შეიცვალა უკვე მიღებული დადგენილების ტექსტი. როგორც გიორგაძე აცხადებს, ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ჟვანიას და სააკაშვილს რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებასთან თავი ემართლებინათ.
_ ზოგი ამბობს, რომ შეხსენებები საჭირო არ არის, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობ, ყოველდღე უნდა შევახსენოთ ქართველ კაცს, ვინ იყვნენ ესენი, რა გააკეთეს და დღეს რას აკეთებენ, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს პიროვნება არის იმ ადამიანის შვილი, რომელიც შევარდნაძის კარზეა გაზრდილი.
_ არველაძემ გააკეთა განცხადება, თქვენ თვითონ გაემიჯნეთ კრიმინალებს, თორემ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნითო. ამაში სასაცილო არაფერია, რადგან გამოჩნდა, რომ ეს რეალურად განახორციელეს. მათი ლექსიკა, ტერმინოლოგია _ “ავიღეთ საკენი”, “დავბომბეთ ჩხალთა” _ იმაზე მიანიშნებს, რომ ადგილზე ფაქტობრივად საომარი ოპერაცია ტარდება. ასეთი განცხადებები ლიბანსა და ისრაელზე საუბრისას გვესმის. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამ ტერმინოლოგიას არავინ იყენებს, _ განაცხადა მამუკა გიორგაძემ.
_ ბატონო მამუკა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ანტიკრიმინალურ ოპერაციას ატარებს და ეს არ არის ძმათა შორის ატეხილი ბრძოლა.
_ მსოფლიოში ანტიკრიმინალური ოპერაციები დაბომბვებით არ ხორციელდება. მსგავსი ოპერაციები ამ ტერმინოლოგიით არ მიმდინარეობს. მაშინ კეთილი ინებონ და შესაბამისი ტერმინოლოგია შეარჩიონ. თუ ანტიკრიმინალური ოპერაციაა, ოპერაციის დაწყების მესამე დღეს გაგახსენდა, რომ სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ კვიციანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და დაპატიმრების სანქცია გაიცეს? სამი დღის მერე გაახსენდა პროკურატურას კვიციანის ეჭვმიტანილად ცნობის საკითხი და მის დაპატიმრებაზე სანქციაც მერე გაიცა. თუ პროკურატურას, ორგანოს, რომელსაც ევალებოდა საქმის აღძვრა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანი კრიმინალია, ვინ დაადგინა, რომ ის კრიმინალია?! როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ კვიციანი კრიმინალია, თქვას, რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას. ხელისუფლებამ ამით თავისი თავი ამხილა. როცა ჯერ ოპერაციას იწყებ და მერე აღძრავ საქმეს, ეს უკვე ანტიკრიმინალური ოპერაცია აღარ არის. მე ამ დასკვნას ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით ვაკეთებ. მეორე მომენტი: ანტიკრიმინალურ ოპერაციას თან პოლიტიკური ანტურაჟი არ სდევს. ამასთან, უნდა ითქვას, რა კრიმინალი ჩაიდინა ემზარ კვიციანმა. თუ კაცი მოკლა, თქვან, ვინ მოკლა.
_ ხელისუფლების ინფორმაციით, კვიციანი ორჯერ ნასამართლევია. თქვენც ფლობთ ამ ინფორმაციას?
_ ორჯერ ნასამართლევი ხაჩიშვილი ისე დანიშნა შს მინისტრად ბატონმა ბარამიძემ თავისი აქტიური მხარდაჭერით, (სხვათა შორის, ხმები აკლდებოდა და ბოლო ხმა ბარამიძემ რუსთაველზე მისცა. სწორედ რუსთაველიდან იყვირა მან _ ხაჩიშვილს ხმას ვაძლევო!). მაშინ ორჯერ ნასამართლეობაზე ამ ხელისუფლებას პრობლემა არ ჰქონდა. თუკი შეიძლება, რომ ორჯერ ნასამართლევი კაცი, თან, თუ არ ვცდები, ერთხელ კაცის მკვლელობაზე, შს მინისტრი იყოს, რატომ არ შეიძლება, ასეთი პიროვნება პრეზიდენტის რწმუნებული იყოს?! მეორეც, კვიციანი პრეზიდენტის რწმუნებულად ამათი ხელისუფლების ყოფნის დროს არ დაინიშნა? მათი გუნდის წევრი არ იყო კვიციანი? მაშინ რატომ არ ახსოვდათ, რომ ის ორჯერ ნასამართლევი იყო?! მე ხელისუფლების მიერ გავრცელებულ არგუმენტებზე ვსაუბრობ, თუმცა ეს არგუმენტები საზოგადოებისთვის არ არის დამაჯერებელი. სამაგიეროდ, შემაშფოთებელი ნამდვილად არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელისუფლებამ შეიძლება ჩათვალოს, რომ რომელიმე პიროვნება დამნაშავეა, მის წინააღმდეგ მიიღოს ყოველგვარი ზომები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მერე იზრუნოს მის ,,გაპრავებაზე”.
_ რამდენად აშკარად იკვეთება კვიციანის განცხადებებსა და ქმედებებში რუსული ინტერესი?
_ რუსული ინტერესი თავიდან ბოლომდე იკვეთება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელისუფლება რუსეთმა მოიყვანა და დასვა. თვითონ ესენიც აღიარებენ, რომ 1999 წლის არჩევნების დროს 1 მლნ. დოლარი მიიღო რუსეთიდან მოქალაქეთა კავშირმა ჟვანია_საკაშვილის სახით. ეს კრიმინალია და, როდესაც შენ გაქვს ჩადენილი ასეთი კრიმინალი, სხვის კრიმინალობაზე საუბარი უხერხულია.
_ ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა არის კვიციანის და მისი მომხრეების ამბოხის ძირითადი მიზეზი?
_ სიმართლე რომ გითხრათ, მე ამბოხი ვერ დავინახე, იქ ომი მიმდინარეობს. ომი მიმდინარეობს ლიბანში, მაგრამ ჟურნალისტებს უშვებენ. ჩვენ კი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. რატომ არის დახურული ინფორმაცია?
_ შს სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფულად ჯილდოს მიიღებს ის, ვინც კვიციანის ადგილსამყოფელს გასცემს. .. .
_ ძალიან საინტერესო თემაა. ვის ფულს იხდიან. საინტერესოა, ეს ოპერაცია რა დაჯდა. ეს ხომ ჩემი, თქვენი, გადამხდელთა ფული დაჯდა. ე.ი. საკუთარი ფულით ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას. რაც, თავისთავად, ძალიან აღმაშფოთებელია. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ორი კვირის წინ კვიციანი მთელმა საქართველომ ნახა რუსთაველზე. ბევრმა ადამიანმა ნახა ის მიტინგზე. თუ დასაჭერი იყო, რატომ თბილისში არ დაიჭირეს? რატომ მაინცდამაინც კოდორში? ეს ერთ ფაქტს მაგონებს: თავის დროზე მკალავიშვილი ომბუდსმენის ოფისში იყო მარტო და ის ეკლესიაში აიყვანეს, იქ, სადაც ათობით ადამიანი იყო და თანაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქ კვიციანი არაფერ შუაშია, ჩვენ გვეთამაშებიან.
_ აბა შუაში რა არის?
_ ის, რომ ხელისუფლებამ განგვიცხადა: საკუთარ მოსახლეობასთან არანაირ დიალოგს, არანაირი საღი აზრის პოზიციიდან საუბარს არ აპირებს. ერთადერთი მისი იარაღი ცეცხლსასროლი იარაღი და ბომბია. ამ ხელისუფლების მოცილების ერთადერთი გზა აჯანყებაა. ე.ი. ხელისუფლება განუსაზღვრავს საზოგადოებას ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებების მიმართულებას.
_ დაბოლოს, ხელისუფლება კოდორში დიდძალი იარაღის არსებობაზე საუბრობს. მათი ნაწილი, როგორც ჩანს, ამოღებულია. თქვენი აზრით, საიდან მოხვდა ეს იარაღი კოდორში?
_ ჯერ ერთი, ამოღებული იარაღი არავის უნახავს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ, რასაც პოულობენ, მაშინვე ტელეკამერით ასახავენ, აქედან გამომდინარე, იარაღის ამოღება ეჭვქვეშ დგება. რატომ არის გამორიცხული, რომ ეს იარაღი შემდგომში არ იყოს შეტანილი? მეორეც: ეს იარაღი დაფარული არასდროს იყო. წესით, იქ იარაღი ძალიან ბევრი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ მთავრობამ, თავის დროზე ჟვანია_სააკაშვილმა, კახა თარგამაძემ და სხვებმა სერიოზული ფული შეკრიბეს იმისთვის, რომ იქ იარაღი შესულიყო. გახსოვთ, 12 მლნ-ზე იყო საუბარი. იყო კიდევ სხვა თანხები, რომელიც შემდგომ განიავებული აღმოჩვნდა. ქართველი ხალხის მიერ შეკრებილი ფული შეჭამეს და ზოგიერთმა პარტიზანმა და ხელისუფლების წარმომადგენელმა ჯიპები იყიდეს. ეს იარაღი, თუ იქ ნამდვილად აღმოაჩინეს, თავის დროზე ზარ_ზეიმით შეიტანეს. ამაზე პიარს ბარამიძე აკეთებდა.
_ ამაზე მიანიშნა ნორა კვიციანმა, ბარამიძემ იცის, ვისი შემოტანილია იარაღიო. . .
_ არ გამოვრიცხავ. გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ მაშინ ოპოზიციას. მაშინ კვიციანი და ესენი ერთად იყვნენ. თუ კვიციანმა და ოქრუაშვილმა ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ეს არის გამოყენებული ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ დათრგუნვისათვის. პრაქტიკულად ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას აშანტაჯებს და ეუბნება: გექნება ძალა, დამამხე, თუ არა, დამემორჩილეო.