კრემლს იმედი აქვს, რომ დაახლოებით 3 000 ქართველი ჩინოსანი ჩაეფლობა კორუფციის ჭაობში და გააბრიყვებს დანარჩენ მოსახლეობას

mamuka 333
ახალი თაობა 4.04.2023
მამუკა გიორგაძე- კრემლს იმედი აქვს, რომ დაახლოებით 3 000 ქართველი ჩინოსანი ჩაეფლობა კორუფციის ჭაობში და გააბრიყვებს დანარჩენ მოსახლეობას
„საქართველოში ძალადობის გახშირებული შემთხვევები პოლიტიკური დრამატურგიის ნაწილია“
„დასუსტებული რუსეთი საქართველოში საკუთარი აგენტურისა კორუმპირებული ელიტის დამხარებით ცდილობს გავლენის შენარჩუნებას“
მარიამ მჭედლიშვილი
აქტუალურ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ექსდეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. მანამდე დანერგილ პოლარიზაციას „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის შორის დაემატა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. მათი მონაწილეები-თავდამსხმელები და მსხვერპლები უმეტეს შენთხვევებში არ წარმოადგენენ დასახელებულ პარტიებს. რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?
_ დიახ, ზოგ შემთხვევაში თავდამსხმელები და მსხვერპლები არ არიან ამ პარტიების წევრები, თუმცა ყველა მათგანი აფილირებულია ამ პარტიებთან. ეს შემთხვევები, ისევე, როგორც ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში საქართველოში ხდება, საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას ყალბი შთაბეჭდილება. უნდა შეიქმნას ილუზია, ვითომ საქართველოში მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრებაა, ვითომ პოლიტიკური სპექტრი ორ ბანაკადაა დაყოფილი.
საქართველოში ძალადობის გახშირებული შემთხვევები პოლიტიკური დრამატურგიის ნაწილია. პოლიტიკურ თეატრში ცეცხლი რომ მინელდება, ფიჩხს შეუკეთებენ ხოლმე. საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ხალხის ყურადღების დაპყრობასთან ერთად უცხოეთის ყურადღების მოქცევაც მიმდინარეობს.
_ მათი დასკვნები არასახარბიელოა?
_ იმ დროს, როცა მიმდინარეობს ევროინტერგაციის პროცესი და ასეთი რაღაც ხდება, ქვეყანაზე კარგი რა უნდა იფიქრონ?! ამ სიტუაციაში ორივე მხარე (აქ მტყუან-მართალს მნიშვნელობა არა აქვს) –„ოცნებაც“ და ნაცმოძრაობაც ცივილიზებულ სამყაროს ეუბნებიან, რომ ჩვენ ველური ქვეყანა ვართ, რომ ერთმანეთთან ურთოერთობა, ნორმალურად დალარაკება (თუნდაც, დებატები) არ შეგვიძლია, რომ საღი აზრი ჩვენთვის უცხო ხილია. ამის თქმა უნდათ ევროპისთვის. მათი გზავნილი მარტივია-თავი დაგვანებეთო.
_ ეს სიტუაცია რუსეთს აწყობს?
_ რასაკვირველია. სანამ რუსეთზე გადავალ, დავამატებ, რომ ამ პოლიტიკურ თეატრს ემატება საბჭოური პრიმიტიული აზროვნების ადამიანების ამბიციები. პრიმიტიულად პატივმოყვარე პირები იმეორებენ, რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ და სხვა ბევრი რამითაც ვამაყობთ. ეს ამბიციები, ძველი დიდების გახსენება აბსოლუტურად შეუსაბამოა იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება. ასე, ძველი ეგვიპტეც საამაყო იყო, მაგრამ იმათ, ვინც დღევანდელ ეგვიპტეში ცხოვრობს ძველ ეგვიპტელებთან არაფერი აქვთ საერთო.
რუსეთი დასუსტებულია. უკრაინაში ომს ვერ იგებს. ეგ კი არა, საქართველოში რამდენიც უომია, მიწაზე (ხმელეთზე) ვერ იმარჯვებდა. რუსეთი ეკონომიკურადაც მძიმე მდგომარეობაშია. ამ ვითარებაში საქართველოშიც და უკრაინაშიც ოკუპანტ რუსეთს რჩება ორი გზა-ქაოსის ორგანიზება და კორუმპირებული ელიტის მიტაცება.
_ რუსეთი ხელს უწყობს იმას, რომ ხსენებულმა ელიტამ ხელი მოითბოს?
_ ეს ელიტა უნდა გამდიდრდეს კორუფციის გზით. რუსეთი საქართველოს მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს. კრემლს იმედი აქვს, რომ დაახლოებით 3 000 ქართველი ჩინოსანი ჩაეფლობა კორუფციის ჭაობში და გააბრიყვებს დანარჩენ მოსახლეობას. „სტავკებიც“ იზრდება-თუ წინათ ათასობით დოლარზე იყო საუბარი, დღეს მილიონობით დოლარამდე ავიდა.
_ რას ახერხებენ ეს ჩინოსნები?
_ ისინი აბითურებენ ხალხს. აყურებინებენ საზოგადოებას სხვადასხვა სცენას, მათ შორის, ცემა-ტყეპას, ავიწყებენ რეალურ პრობლემებს. ხალხის ნაწილი ერთვება ამ პროცესებში, ნაწილმა კი ხელი ჩაიქნია და ამბობს, რომ აღარაფერი გვეშველება. ზოგიერთი კმაყოფილია იმით, რომ ტელევიზიებში პოლიტიკურ გადაცემებს აღარ უყურებს. ასეთი ხელჩაქნეულობა და ნიჰილიზმი შემაშფოთებელია. საკუთარ პრობლემებში ჩაძირული ხალხი პოლიტიკურ პროცესებში აღარ მონაწილეობს.
_ წინათ „ქართულ ოცნებას“ კონსერვატიულ იდეოლოგიასთან არც სიტყვით და არც საქმით საერთო არაფერი ჰქონდა. ახლა მმართველი პარტია კონსერვატორი გახდა. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ესეც საჭიროა გახდა დრამატურგიისათვის. უაზრო პოლიტიკურ დაპირისპირებას პოლიტიკური ფორმა ხომ უნდა მისცენ? მისცეს კიდეც ამ დაპირისპირებას კონფლიქტის ფორმა ვითომ კონსერვატორებსა და ვითომ ლიბერალებს შორის. არც ერთი მხარე დეკლარირებული ღირებულებების მიხედვით არ ცხოვრობს.
რეალურად, „ქართული ოცნება“, რასაკვირველია, არანაირი კონსერვატორი არ არის. იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც უნდა შევასრულოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად, საქართველომ სრულად შეასრულა ერთადერთი. მეტ-ნაკლებად, სამი შესრულდაო, იმასაც გვეუბნებიან, მაგრამ სრულად შესრულებულია ერთი-უზრუნველყოფილია გენდერული საკითხი.
კონსერვატორი რომ იყოს მმართველი პარტია, პირველ რიგში მაინცდამაინც ამ პუნქტს არ შეასრულებდა. გარდა ამისა, ამ ხელისუფლების დროს იქნა მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სხვა ჩანაწერები კონსტიუტუციასა და კანონებში, რომლებიც კონსერვატიულ იდეოლოგიას არ შეესაბამება.
„ქართულ ოცნებას“ და ნაცმოძრაობას თავიანთ უაზრო დრამატურგიაში ავიწყდებათ ქვეყანა, მისი მომავალი, ილიას შეგონებები.
_ „ქართული ოცნების“ ლიდერები ახსენებენ ხოლმე ილია ჭავჭავაძეს..
_მის ციტატებს ახსენებენ. ასე, ბოლშევიკებიც გაიხსენებდნენ ხოლმე ილიას, როცა დასჭირდებოდათ, ამბობდნენ, რომ მშრომელთა დამცველი იყო. საუბედუროდ, კანონებსაც ასე უდგებიან – როცა სჭირდებათ, მიიღებენ და აამუშავებენ რომელიმე კანონს. ამ კონტექსტში მიჩნდება კითხვები: რატომ ვანგრევთ საკუთარი ქვეყნის ჯარს? თუ კონსტუტუციაში ჩაიწერა, (რაც სავალდებულო არ იყო) რომ საქართველო ევროატლატკიკური კურსის მიმდევარია, რატომ აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდასავლური რიტორიკა?
გული მტკივა იმის გამო, რომ საქართველოში არც ერთი დიდი დასავლური ინვესტიცია არ ჩადებულა, საქართველოში რუსული კორუფციული სისტემა ყვავის და ამდიდრებს კორუმპირებულ ჩინოსნებს.
_ პრიგოჟინის მონაწილეობით მომხდარმა ამბებმა თუ მიაყენეს დარტყმა რუსეთს?
_ საქართველოში რუსეთი ვერაფერს იზამდა, რომ არ იყოს რუსეთის აგენტურა და კორუმპირებული ელიტა.
ის, რაც რუსეთში მოხდა, გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ იქ არ არსებობს სამართალსა და კანონზე დამყარებული სისტემა. ამის გამო მუდმივად მიმდინარეობს სივრცის გადანაწილება. პრიგოჟინის ფიგურა მეასეხარისხოვანია. „ვაგნერი“ სინამდვილეში რუსეთის სამხედრო დაზვერვამ-„გრუმ“ შექმნა. რუსეთი რომ ძლიერად არ გამოყურება, უკვე ვთქვი.
ბოლო 400 წლიან ისტორიას თუ გავიხსენებთ, საქართველოში სულ ტარდებოდა რუსეთის ინტერესები, საქართველოს ინტერესი- იგნორირებული იყო. როცა აქტიური ქართველი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, ისინი გულისხმობენ რუსეთის ინტერესების უფრო მეტად დაცვას. პრორუსები ამას ღიად ამბობენ, ვითომ პროდასავლელები – ირიბად.
ჩვენ დასაცავი გვაქვს საქართველოს ინტერესები, გასაძლიერებელი გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, თვითმმართველობა და ა. შ.
რუსეთის სათავეში მყოფი პიროვნებები არაფერს ცვლიან. საქართველოსთვის არც „დემოკრატი“ ელცინის დროს შეცვლილა რამე და არც დიქტატორი პუტინის დროს.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა
პოსტის რეკლამირება
ყველა რეაქცია:

1717 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress