„ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ ეს კაცი. საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე.
რაც ახლა სააკაშვილის თავს ხდება, არის ის გზა, რაც დისიდენტებმა გამოიარეს? სააკაშვილმა უამრავი ადამიანი ჩართო ციხიდან თავის დასაღწევად, უამრავი გზა მოსინჯა, ლობისტებით დაწყებული, პოლიტიზირებული ექიმებით გაგრძელებული და ნაცთა იდეოლოგებით დამთავრებული, უღირთ კი ასეთი გათავისუფლება? პატიმრობიდან გამოშვება მისი, როგორც პოლიტიკოსის, კარიერის დასრულება არ იქნება?
- საბჭოთა კავშირის პერიოდში გვახსოვს ბევრი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად დისიდენტების გათავისუფლება მომხდარა, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ იყო, რომ გათავისუფლების სანაცვლოდ რაიმე მნიშვნელოვანი მოეთხოვოს დასავლეთს საბჭოთა კავშირისთვის, უბრალოდ, ეს იმდენად გათავისუფლება არ იყო, რამდენადაც იყო გაცვლა. მაგალითად, საბჭოთა ცნობილი დისიდენტი, დისიდენტების ერთ-ერთი სახე ვლადიმერ ბუკოვსკი გაცვალეს ჩილეს კომპარტიის ხელმძღვანელ ლუის კორვალანში. ეს დეტალები პირადად ვიცი ვლადიმერ ბუკოვსკისგან. გვახსოვს შემთხვევები, როდესაც მცდელობა იყო დისიდენტ ანატოლი შარანსკის გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა, რადგან მეორე მხარე არ ჩათვალა ტოლფასოვან სუბიექტად. რამდენიმე წლის შემდეგ სულ სხვა პიროვნებებზე გაიცვალა ანატოლი შარანსკი. ასევე, ხდებოდა ზეწოლის შედეგად დისიდენტების გაშვება, საბჭოთა კავშირიდან სოლჟენიცინი გაუშვეს, სხვები გაუშვეს, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის კურსს არ ცვლიდა. როდესაც ამერიკაში დააკავეს საბჭოთა დაზვერვის მნიშვნელოვანი რეზიდენტი ფიშერი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს სახელით რუდოლფ აბელი, ოთხი წლის განმავლობაში არ მოხერხდა ამერიკის ციხიდან აბელის გამოყვანა, რადგან საბჭოთა კავშირში არ იყო მისი ტოლფასი ფიგურა. შემდგომ, 1960 წელს ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდო საბჭოთა კავშირმა და მფრინავი პაუერსი გაცვალეს აბელში და ჯაშუშობაზე დაჭერილი კიდევ ოთხი ადამიანი დაამატეს. დღეს არანაირი აუცილებლობა არ არის, სააკაშვილი ვინმეში გაცვალონ, არ არის საქართველო იმ მდგომარეობაში.
მაგრამ შეიძლება გაცვალონ ევროკავშირის კეთილგანწყობის მოპოვებაში, რათა გაგვიადვილდეს კანდიდატის სტატუსის მიღება?
- ძალიან საინტერესო მომენტია, ისევე, როგორც თავის დროზე გორბაჩოვმა დისიდენტები გამოუშვა ციხიდან, მათ შორის, ქართველი დისიდენტები, ეს იმდენად გაცვლა არ იყო, რამდენადაც საბჭოთა კავშირის მხრიდან დასავლეთისთვის თავის მოწონება. რამდენიმე ხნის შემდეგ არც ერთი დისიდენტი აღარ იყო საბჭოთა ციხეში. დღეს სავაჭრო დასავლეთს ჩვენთან არაფერი აქვს. დასავლეთი თავის სასარგებლოდ არ გვევაჭრება, რეფორმების გატარება თავად საქართველოს სჭირდება. ის, რომ საქართველოში იყოს თვითმმართველობა, ადამიანის უფლებები დაცული, ბიზნესის, მედიის თავისუფლება, არ იყოს მონოპოლიები, ოლიგარქები, სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, ეს ჩვენ გვჭირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ციხიდან გაუშვებს, ამის გამო დასავლეთი საქართველოში გასატარებელ მნიშვნელოვან რეფორმებზე თვალს არ დახუჭავს. ევროკავშირში გაწევრიანება სააკაშვილზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე.
პერიოდულად ქართველი ხალხის მისამართით ისმის საყვედური, რომ ჩვენ ყველა პრეზიდენტი დავსაჯეთ - ზვიადი მოვკალით, შევარდნაძეს შინაპატიმრობა ვარგუნეთ, სააკაშვილი პატიმრად ვაქციეთ. მართლაც ასე მკაცრად ვექცევით პრეზიდენტებს, იქნებ, ბოლო ორ შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, დამსახურებისამებრ?
- სააკაშვილი პატიმრობაში ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „პასებს“ რომ არ აწვდიდეს, „ოცნება“ რომ არ ახორციელებდეს ორგვაროვან, დამაეჭვებელ ქმედებებს. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ორივე მხარეს აწყობდა, წინა პლანზე ყოფილიყო სააკაშვილის თემა წამოწეული, ქართული მედიასივრცე, პოლიტიკური ანალიზის სივრცე მთლიანად გადასულიყო სააკაშვილზე და სააკაშვილის თემით გაემართლებინათ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. ის, რომ ვერ წავიწიეთ წინ რეფორმების განხორციელების გზაზე, ამის გადასაფარად ბრწყინვალე სპექტაკლია სააკაშვილი. ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმაზე არ საუბრობს, რომ 12 პუნქტიდან ერთი პუნქტი მაინც მოაგვაროს.
როგორც ჩანს, თქვენც ფიქრობთ, მართლაც რომ წავიდეს მიშა პოლიტიკიდან, ახალი მტრის ხატის ძიებამდე თემები გამოელევათ?
- მიშა მანამდე იქნება აქტუალიზებული, სანამ ახალი თემა არ შემოვა. აბა, ომი გინდათ? გვეკითხებიან იმ დროს, როცა ამერიკა მეომარ უკრაინასაც კი არ აწვდის ისეთ იარაღს, რომ შორს არ ისროლოს უკრაინამ. ანუ ომის ესკალაცია ამერიკას არ უნდა თვით მეომარი უკრაინისთვისაც კი. ამ დროს საქართველოს ჩართვა უნდა ომში? ეს ხომ აბსურდია, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ და უკრაინელი ერთი-ორი ტვინგახურებულის განცხადებები არის საბაბი იმისთვის, რომ გვითხრან, ომი გინდათ? როცა სჭირდებათ პარლამენტში შესვლა, საბაბად სააკაშვილია, ხოლო როცა სჭირდებათ პარლამენტში არშესვლა, საბაბი ისევ სააკაშვილია. ყველაფერი ემოციის გარშემო ტრიალებს, არიქა, სააკაშვილი კვდება. ეს არის ხელოვნური პოლარიზაცია. დასავლეთი როცა ითხოვს სააკაშვილის გაშვებას, იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი მიაჩნიათ წმიდანად, არამედ იმიტომ, იქნებ, ამით პოლარიზაცია შემცირდეს. თუმცა მე ამაში არ ვეთანხმები დასავლეთს, რადგან ყოველთვის მოიძებნება ასეთი საბაბი, დასავლეთის ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია, ეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. სინამდვილეში, ხელოვნურად ქმნიან პოლარიზაციის კომპონენტებს, აანთებენ ასანთს, არიქა, ცეცხლი უნდა წავუკიდოთ ქვეყანასო და დასავლეთიც, ოღონდ ცეცხლი არ წაუკიდოთო, დეპოლარიზაციის საშუალებებს გვთავაზობს. ავიღოთ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, პირადად ჩემში, როგორც „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგის სტატუსში, ეჭვს ვერავინ ვერ შეიტანს, მაგრამ ჩემშიც კი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იწვევს ეს პროცესები, რადგან დარღვეულია პროცედურები. ვინც დასავლეთის ცხოვრების წესი იცის, ეცოდინება ისიც, რომ დარღვეულ პროცედურებზე უფრო ამახვილებს დასავლეთი ყურადღებას.
რამდენიმე წლის წინ ბოსტონში ჩატარდა მარათონი, რომლის დროსაც ორმა ძმამ ტერაქტი განახორციელა, დაიღუპა ხალხი, ერთი ძმა გაანეიტრალეს, მოკლეს, მეორე ძმა დაიჭირეს, ყველამ იცოდა, რომ ეს მეორე ძმა ტერორისტი იყო, სასამართლომ შესაბამისი სასჯელი მიუსაჯა, მაგრამ იმის გამო, რომ სასამართლო პროცედურები ბოლომდე დაცული არ იყო, ძიება ხელახლა დაბრუნდა უკან, ყველაფერი პროცედურულად თავიდან გაიარეს, რომ რაიმე ეჭვი არ დარჩენილიყო. ამ დროს არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს კაცი ტერორისტი იყო. უბრალოდ, მსაჯულები არ იყვნენ სწორად შერჩეულნიო, უფრო სწორად, მსაჯულები ემოციის ქვეშ იყვნენო, ასეთი პატარა საბაბიც საკმარისი იყო, რომ ტერორიზმში ბრალდებული ადამიანის საქმის ძიება ხელახლა დაწყებულიყო. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ დასავლეთი ჩვენ გვეუბნება, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ოღონდ პროცედურების სრული დაცვით, რომ პოლიტიკური პროცესის განცდა არ დარჩეს. როდესაც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები წინასწარ აცხადებენ სასჯელის ზომას, ეს ტოვებს განცდას, პოლიტიკურ შეკვეთასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!
საქართველოში ყველა პატიმარი თანასწორუფლებიანია. რატომ არ ცდილობს სააკაშვილი, იყოს ერთი რიგითი პატიმარი, პატიმრობაში გამორჩეულობას რატომ უნდა მიაღწიოს? თუკი საჭმლის მიღება არ შეუძლია, რატომ ამბობს უარს ნაზოგასტრალური ზონდით კვებაზე და ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია? თქვენ, დისიდენტებს, არ გამოგეპარებათ, ნამდვილად შესაცოდია ეს ადამიანი, თუ სიმულანტობს? ან ეს 3000-გვერდიანი მემუარი რას ნიშნავს „ემპათიის“ მხრიდან, ან რას ნიშნავს თავის მართლება, რომ სააკაშვილის სურვილია, მისი დიაგნოზი არ გასაჯაროვდეს? ხელოვნურად რატომ ასაიდუმლოებენ ამ საქმეს?
- ამას იმით ავხსნი, რომ ხელისუფლების მოქმედებები ტოვებს სწორედ გაურკვევლობის საფუძველს. როდესაც აჩვენებ რომელიღაც პატიმრის საკანში გადაღებულ ვიდეოს, თუ როგორ შედის სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამა თუ იმ პატიმართან და ამ ვიდეოს ავრცელებს იუსტიციის სამინისტრო, პარალელურად, იმ საბაბით, რომ მსგავსი ვიდეოების გავრცელება არ შეიძლება და არ ავრცელებს სააკაშვილის საკნის ვიდეოს, ბუნებრივია, ეს ეჭვს იწვევს. თუკი ხელისუფლებას სურვილი აქვს, სააკაშვილი სააშკარაოზე გამოიყვანოს, ამის მრავალი მექანიზმი არსებობს. მოიყვანონ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და ნეიტრალური ადამიანები და დაგვარწმუნონ ამაში. ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, ჩემი მტერიც რომ იყოს, ქართველ კაცში პატიმრის მიმართ თანადგომა საკმაოდ განვითარებულია.
მაგრამ აქ პრობლემაა, რომ სხვა პატიმრებიც ვერ ეგუებიან ციხეს და ისინიც უნდა შევიწყალოთ?
- ხელისუფლების მოქმედებები აძლევს სააკაშვილის ადვოკატებს და დამცველებს მსგავსი განცხადებების გაკეთების საშუალებას, რომ თურმე ის ციხეს ვერ ეგუება. ყველა ჩვენგანს გამოცდილი აქვს ციხე. მერაბ კოსტავა 6-თვიანი შიმშილობის შემდეგ 48 კილო იყო. ვისაც ციხესთან რაღაც შეხება გვქონია, ჩვენ ვიცით ეს ნიუანსები, რაც ხდება ციხეში. აქედან გამომდინარე, სააკაშვილთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ არა იმდენად საგანგაშო ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ სპეკულაციას ორივე მხრიდან ამ მდგომარეობით. სააკაშვილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლამის გვაიძულებენ, გამოვიდეთ და ვთქვათ, ციხეში მოვკლათ კაცი? ხოლო სააკაშვილის პოლიტიკურ მომხრეებს აიძულებენ, ანგელოზად გამოაცხადონ სააკაშვილი და დღესვე გამოუშვან ციხიდან. ეს ხელოვნური პოლარიზაციაა. ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ, ალბათ, ბევრი ადამიანი მზად არის, თქვას, გაუშვით, მოგვაცილეთ სააკაშვილი, აღარ გვინდა ამდენი უბედურების მოსმენა. ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებს ორივე მხარე. საბოლოოდ ჯამში, ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა თავად სააკაშვილი და ეს ტაქტიკა სააკაშვილის მიმართ ამოწურავს თავის თავს, სააკაშვილს გაუშვებენ. ეს არის უბედურება, მთელი ეს სპექტაკლები, ხელოვნური დაპირისპირება, ენერგია ამაში იხარჯება. სააკაშვილის მომხრეებს ეს თამაში აწყობთ და ამ პროცესს იყენებენ. მინიმუმ ათი წელიწადია, „ნაცმოძრაობა“ ცოცხლობს სააკაშვილის სახელით, მაქსიმალურად გამოწურეს მისგან რისი გამოწურვაც შეიძლებოდა. სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაშია, ოღონდ გამიშვით აქედან, არ მინდა პოლიტიკაო. მისი შინაგანი მდგომარეობა ასეთია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ, სანამ ლიმონივით არ გამოწურავენ.
რომ გაუშვან, გამოჯანმრთელებული სააკაშვილი ქართული პოლიტიკისკენ არ მოიხედავს?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება არ ყოფილა საქართველოში ჩამოსვლა. არც შემდეგ იქნება მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება პოლიტიკისკენ გახედვა ან არ გახედვა. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ერთმა კაცმა გახსნა დიდი სატვირთო ფურგონის უკანა კარები გემზე მოძრაობაში ისე, რომ ლუქი არ დაზიანდა, შევიდა, მერე გამოვიდა… ექსპერიმენტი ჩაატარონ და დარწმუნდებიან, რომ ეს ბლეფია. მიშას შემოყვანა დასავლეთს არ აწყობდა, რადგან დასავლეთი ხელოვნური პოლარიზების წინააღმდეგია, დასავლეთს სრულებით არ აწყობდა ზედმეტი დაძაბულობა ამ რეგიონში. ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს ჩვენს ქვეყანაში, არის რუსეთი. არეულობის ფონზე არიან რუსული სპეცსამსახურები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე.
ანუ რუსეთმა „გადმოსხა“ დესანტი სააკაშვილი საქართველოში და ისევ რუსეთი დაავალებს, ქართულ პოლიტიკას დაეხსნას თუ არა?
- კონკრეტული დეტალები არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაც ხდება საქართველოში, აწყობს სწორედ რუსეთს, რადგან ასეთ პირობებში საქართველო ვერ ყალიბდება ქმედითუნარიან სახელმწიფოდ და, რადგან ქმედითუნარიან სახელმწიფოდ ვერ ყალიბდება, საქართველო ვერ იქნება დასავლეთის რეალური პარტნიორი.