„ახალი თაობა“ 15.11.2022 „საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი ლოიალური განცხადებები და ქმედებები ამოგვაგდებს ცივილიზებული სამყაროდან“

mamuka-mamuka-300x157
მამუკა გიორგაძე: „საქართველოს პოლიტიკური სპექტრი სავსეა რუსეთის აგენტურით“.
„ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელახლა გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა.
„როცა არსებობს სააკაშვილის ფაქტორი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ“
„ნოდარ ნათაძისთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო ქვეყნის განვითარება“
მარიამ მჭედლიშვილი
ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, მამუკა გიორგაძეს
_ თქვენ და ახლა გარდაცვილი ნოდარ ნათაძე თანამებრძოლები იყავით. ნოდარ ნათაძე მთელი ცხოვრება იბრძოდა რუსეთის მარწუხებიდან ქვეყნის დასახსნელად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა მაინც დგება დრო, როცა ეს შეიძლება განხორციელდეს?
_ ბატონი ნოდარი იყო მაგალითი ქვეყნის უანგარო მსახურებისა. ის იყო ბედნიერი, რომ ასრულებდა რიგითი ქართველი მებრძოლის მოვალეობას. ნოდარ ნათაძე პარლამენტის თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. მან სამხედრო ფორმა ჩაიცვა და რიგით ჯარისკაცად წავიდა ფრონტზე. არადა, მაშინ 65 წლის იყო. 2 008 წლის ომშიც მოახერხა გაპარვა უკვე საკმაოდ ასაკოვანმა. ბატონმა ნოდარმა ღრმა კვალი დატოვა თავისი ინტელექტუალური ნაშრომებით, მეცნიერული კვლევებით. გულნატკენი წავიდა იმით, ის, რისთვისაც იბრძოდა, ვერ დაგვირგვინდა. როცა პრეზიდენტი იყო მარგველაშვილი, მან ბატონი ნოდარი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ნოდარ ნათაძემ ჯილდო არ მიიღო იმ მოტივით, რომ დამარცხებულ ომში ჯილდოებს არ იღებენ. ეს ნაბიჯი გამოხატავს შინაგან განწყობას, რომელიც ამ მოღვაწეს ჰქონდა. ნოდარ ნათაძე წუხდა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება იმ სტრატეგიული მიმართულებით, რომელიც შეესაბამება ერის სრულმასშტაბიანი ამოცანების შესრულებას.
_ საქართველოს მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გადავიდეთ. არანაირი დინამიზმი არ შეიმჩნევა. იმავდრიულად, პოლიტიკურ სპექტრში კრიზისული მოვლენებია?
_ შიდა პოლიტიკაში არაფერი ხდება, არანაირი ტენდენცია არ იკვეთება, არ ჩანს ჯანსაღი მოქმედებები და დუღილი. პოლიტიკური კლასი ხასიათდება დაბალი დონით. ელიტა შემგუებელია. ახლანდელი პოლიტიკური სპექტრი გამოირჩევა ნეგატიური თვისებებით. 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ საქართველოს ჰყოლოდა ასეთი მდარე, პოლიტიკისგან ძალიან შორს მდგომი, ეროვნული ამბიციებისაგან, პატრიოტიზმისაგან სრულიად დაცლილი პოლიტიკური კლასი. ახლანდელი სიტუაცია ძალიან მაგონებს საბჭოთა უძრაობას. ამჟამად ადამიანების უმრავლესობა პოლიტიკაში მოსულია ფულის საკეთებლად, საკუთარი კეთილდღეობისათვის. შე დალოცვილო, ფულის შოვნა თუ გინდა, სხვაგან იშოვე, მაინცდამაინაც პარლამენტში უნდა დაჯდე?!
_ კრიზისული პროცესები ხომ აშკარაა პარტიებში?
_ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი სავსეა რუსეთის აგენტურით. ამ მხრივ კრიზისი არ შეინიშნება. აქ გადმოტანილია რუსული ჭაობი. „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელახლა გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა.
_ ნაცმოძრაობა ძველებურ პოზიციას ინარჩუნებს?
_ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარ მოწინააღმდეგედ ჰყავდეს ნაცმო. იმისათვის, რომ თავისას მიაღწიონ, მოიგონებენ თემებს, გადაფარავენ პრობლემებს, დაატრიალებენ ჭიქაში ქარიშხალს შექმნიან ყალბ ხმაურს.
_ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ხელახლა აირჩევენ თავმჯდომარეს. ეს რისი მომასწავებელია?
_ არაფრის. როცა არსებობს სააკაშვილის ფაქტორი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვის აირჩევენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ. ელექტორატი სააკაშვილისაა. ნაცმო არაფერი იქნება სააკაშვილის გარეშე, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ აღარავის გაახსენდება ივანიშვილის გარეშე.
_ არსებობს ასეთი პოზიცია-ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა მედასავლეთე ამომრჩევლის უმრავლესობა, სააკაშვილის ფანები კი შემორჩნენ..
_ „ქართული ოცნების“ ძალისხმევაზე ამიტომაც გითხარით. ნაცმოძრაობა არანაირი პროდასავლური ძალა არ გახლავთ, მაგრამ „ოცნება“ წარმოაჩენს ასეთად. ელექტორატი რომ არ დაკარგოს ნაცმომ, ამაზე „ოცნება“ მუშაობს. ბოლო ხანს არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპის საბჭოს, ასევე ევროპალამენტის პარლამენტებში. ყველაგან ჩანს ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა და „ოცნების“ პასიურობა. ევროპის სახალხო პარტიასთან „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ საერთო ენა ვერ გამონახა. ისიც არ უცდია, რომ ვინმე სხვას ეკონტაქტა ამ ძალასთან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. ევროპელ სოციალისტებთანაც ვერ იაქტიურა. არადა, შეეძლოთ, ევლოთ ევროპაში, ყველასთვის თვითონ მიეწოდებინათ ინფორმაცია.
_ საქართველოს მომავალი მარტო ამ პარტიებზე ხომ არ არის დამოკიდებული? მსოფლიოში მიმდინარე ძვრებიც ხომ რაღაცას შეცვლის?
_ რასაკვირველია. რუსეთმა უდიდესი მარცხი განიცადა ხერსონში. ხერსონის ოლქი ლამის წმინდა მიწად ჰქონდათ რუსებს გამოცხადებული და ერთ თვეში დატოვა. რა ხდება საქართველოში? ისევ არის დიდი ლოიალობა რუსეთის მიმართ. საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი ლოიალური განცხადებები ამოგვაგდებს ცივილიზებული სამყაროდან. მსოფლიოში ხედავენ, რომ რუსეთის პერსპექტივა ნულამდე დადის. ჩვენ რუსეთის საამებელი განცხადებები კი არ უნდა ვაკეთოთ, ცივილიზებული სამყაროს ინვესტიციების მოზიდვაზე ვიზრუნოთ. მაგალითად, „ბოინგი“, „ეფლი“ და სხვა ძალიან ცნობილი კომპანიები რომ შემოსულიყვნენ, სრულად სხვა რეალობა შეიქმნებოდა. ეს ბრენდები თვითონ იზრუნებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. საქართველოს სჭირდება ინვესტიციები, ტექნოლოგიური განვითარება და იურიდიულ-სამართლებრივი კომპონენტის გაძლიერება. აშშ-მ ჩადო 50 მილიარდი სხვადასხვა ქვეყანაში მიკროსქემების განვითარებაში. ჩვენ საუკეთესო კადრები გვყავს. გვაქვს დიდი ტექნიკური პოტენციალი. ძალიან წაგვადგებოდა ეს ინვესტიცია. საუბედუროდ, არ გვაქვს ნორმალური საბაზრო პირობები. როგორც ჩანს, საქართველოს არც ენდობიან. გავიხედოთ გარშემო-რა პროცესებია აზერბაიჯანსა და სომხეთში!
_ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში გააქტიურდა ვაშინგტონი. ამაზე საუბრობთ?
_ ამაზეც. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაზე თავის განსხვავებულ სიტყვას ამბობს ირანი. ყველა აქტიურია, ყველა რაღასაც ცდილობს საქართველოს გარდა. საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტადაც აღარ განიხილავენ. ალიევი ჩამოსული იყო ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე სასაუბროდ. საქართველოს მისცემენ მცირე წვლილს დიდი პროექტებიდან და სულ ესაა.
_ ასე უიმედოც არ უნდა იყოს მდგომარეობა. პრორუსული ჯგუფები ხალხს ეუბნებიან, რომ მალე მსოფლიო ორ ბანაკად გაიყოფა, საქართველო კი რუსეთის ბანაკში უნდა იყოსო. ასეც ხომ არ არის საქმე?
_ რა თქმა უნდა, ასე არ არის საქმე. პესიმიზმში არ უნდა ჩავცვივდეთ. შემგუებლობა, რომელიც ავადმყოფობასავით შეგვეყარა, უნდა დავძლიოთ. უნდა შევუდგეთ სახელმწიფო ინსტუტების მშენებლობას და პოლიტიკური ინფრასტუქტურის განახლებას. საქართველოში არსებობენ კომპეტენტური, უანგარო ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ აქტიურ პოლიტიკაში. ისინი პარლამენტში ფულის საშოვნელად არ მივლენ. ჭირს ამ ღირსეული პიროვნებების პოლიტიკურ ჯგუფებში შეკრება, თუმცა ამასაც მოევლება. ქვეყნის განვითარება ფერხდება და ძვირად გვიჯდება, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მივაღწევთ. დასანანია, რომ გვაკლდებიან მოღვაწეები. ზოგი ქვეყნიდან მიდის, ზოგი-სიცოცხლეს ესალმება. ჯანსაღი ძალების გააქტიურების შესაძლებლობა მაინც არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელად იტყვიან „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოსო“.
აგერ, ახლოვდება მსოფლიოს 20 ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერების სამიტი. პუტინი იქ ჩასვლას ვერ ბედავს. იცის, რომ ხელს არ ჩამოართმევენ. საქართველოში პრორუსული ჯგუფები, სინამდვილეში, იდეოლოგიურად რუსეთის მომხრეები არ არიან. მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. ზოგი ფინანდება, ზოგს-რუსული ჭაობი მოსწონს, სადაც მონოპოლიური, კორუფციული სისტემაა და იქ კომფორტულად გრძნობს თავს. ალბათ, ისინიც გამოფხიზლდებიან და უაზრო პროპაგანდას შეეშვებიან.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress