“საქართველოში რუსული სპექტაკლები გრძელდება“

mamuka777
ხალი თაობა 2.12.2021„სააკაშვილმა დანარჩენ ოპოზიციას პირწმინდად მოუგო“
მამუკა გიორგაძე: „საქართველოში რუსული სპექტაკლები გრძელდება“
„კობახიძეს და მდინარაძეს არავინ არაფერს ეკითხება“
მარიამ მჭედლიშვილი
როგორი დღის წესრიგით მიმდინარეობს მოვლენები ქართულ პოლიტიკაში? ვინ ეხმარება სააკაშვილს? რაზეა დამოკიდებული რუსული სცენარების ფინალი? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ შესაცვლელია პოლიტიკური დღის წესრიგი. თქვენ მუდმივად ამბობთ, რომ ქართულ პოლიტიკაში იდგმება სცენარები, ყურადღება გადადის ხელოვნურ მომენტებზე და უკან გვრჩება პრობლემები. მმართველ პარტიასაც უნდა დღის წესრიგის შეცვლა?
_ მმართველი პარტია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სპექტაკლში. თუ არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით და სპორტულ ტერმინოლოგიას მივმართავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ (ხელისუფლება) ცდილობს, მეორე ნომრად ითამაშოს. ხელისუფლება ცხოვრობს ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული დღის წესრიგით. ამავე დროს თამაშდება დაპირისპირების სცენები. ამაში ახალს ვერაფერს ვხედავ. ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს. ადრეც გვინახავს, რომ ესა თუ ის მმართველი პარტია არ აგებს თავის მოქმედებებს პოზიტივზე.
_ „ქართული ოცნება“ პოზიტივზე არ აგებს თავის მოქმედებს?
_ დიახ. ისევე, როგორც წარსულში მოქალაქეთა კავშირი, ნაცმოძრაობა, ესენიც აწყობილი არიან ოპონენეტების სიცუდეზე. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ნეგატიური იყო ხან ასლან აბაშიძე, ხან-ნინო ბურჯანაძე, ხან-იგორ გიორგაძე და ხან-ძმები გაჩეჩილაძეები. ოპონენტისგან მტრის შექმნა ბოლშევიკური სტილია. საქართველოში მმართველი პარტიები, მოქკავშირით დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული ამ სტილს ერთგულობენ. ისტორიას მსგავსი მოვლენები ახსოვს-სტალინი, ბუხარინი და კამენევი მტრობდნენ ტროცკის, შემდეგ იყო სხვა კონფლიქტები, მოგვიანებით შემოვიდნენ იაგოდა, ბერია, სიმწვავე არ შენელებულა.
_ დღეს მმართველი პარტია ნაცმოძრაობის დღის წესრიგს მიჰყვება?
_ არა მარტო მიჰყვება. ხელისუფლება ყველა ინიციატივას უთმობს სააკაშვილს.
_ ამას 29 ნოემბერს გამართულ სააკაშვილის სასამართლო
პროცესის საფუძველზე ამბობთ?
_ მაგ პროცესზეც დამტკიცდა, რომ სააკაშვილს აძლევენ ბურთსა და მოედანს. 7 ნოემბრის მოვლენებზე არსებით მსჯელობას სააკაშვილი განარიდეს. გვეუბნებიან, რომ ეს ხდება ექიმების რჩევით. სამაგიეროდ, მას ჰქონდა პოლიტიკური გამოსვლა. ეს იყო ნამდვილი პოლიტიკური მოხსენება სასამართლო სხდომაზე. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ უთმობს ასპარეზს სააკაშვილს „დემოკრატიული სასამართლო“, როგორ ცდილობენ მისი პოლიტიკური საქმიანობის წახალისებას სახალხო დამცველი, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ხდება ხელისუფლების თანხმობით. ყველა გზით ხდება სააკაშვილის პოლიტიკური აქტუალიზაცია და მისი პოლიტიკაში აქტიურად შემოყვანა. ინტერვიუს დასაწყისში „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებაზე კომენტარი მთხოვეთ. ყველა შეკითხვა უნდა დაისვას, მაგრამ ვინ რას ეკითხება კობახიძესა და მდინარაძეს?! კობახიძეს და მდინარაძეს არავინ არაფერს ეკითხება იმ მოვლენებში, რომელიც ვითარდება. ისინი თავის წილ როლებს ასრულებენ პოლიტიკურ სანახაობაში, რომელიც რაც შეიძლება თვალწარმტაცი უნდა იყოს. აქ საინტერესოა იმ პიროვნების წვლილი, რომელმაც მოსამართლეებს დაავალა, ასე „დემოკრატიულად“ მოქცეულიყვნენ.
_ სააკაშვილის ერთმა ფრაზამ 7 ნოემბრის მოვლენებზე გამოიწვია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განაწყენება, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნაცმოძრაობასთან ერთად იყვნენ ოპოზიციურ ერთობაში. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 2 007 წლის ნოემბერში აქციები რუსეთიდან იყო მართული.
_ პოლიტიკოსებზე მოგვიანებით ვიტყვი. დავიწყებ იმით, რომ რუსეთის სახელის გამოყენებაც ჩვეულებრივი ამბავია. იმისთვის, რომ შექმნა მოცემულობა, სპექტაკლის მონაწილემ უნდა წარმოაჩინო, თითქოს ებრძვი რუსეთს. იმაშიც კი არწმუნებენ ხალხს, თითქოს რუსეთის ჯარი 2 008 წელს თბილისში უნდა შემოსულიყო და სააკაშვილის მკაფიო პოზიციამ ეს განზრახვა ჩაშალა. ხალხო, 21-ე საუკუნეა! ყველაფერი სხვანაირად ხდება. რისთვის სჭირდებოდა კრემლს თბილისის აღება?! ჯერ ერთი, აღებულ ქალაქს შენარჩუნება დასჭირდებოდა. მეორეც, გავლენა რუსეთმა ისედაც დაამყარა და გააძლიერა. თავისი ნების გამტარებელი ხელისუფლება ჰყავდა და დედაქალქის ჯარით აღება ზედმეტი იქნებოდა. თანამედროვე ომები სხვანაირად მიმდინარეობს. სპექტაკლის მთავარი გმირები ქმნიან არასწორ მოცემულობას და აბითურებენ საზოგადოებას. სინამდვილეში, ნაცმოძრაობისა და სააკაშვილის ქმედებები ნაკარნახევი იყო რუსეთის ინტერესებით. ის აკეთებდა და აკეთებს რუსულ საქმეს.
_ დღეს რა მიზანი აქვს რუსეთს?
_ რუსეთს საქართველოში სჭირდება მუდმივი ქაოსი, ჩამორჩენა და განუვითრებლობა. იგივე მიზნები აქვს უკრაინასა და მოლდოვაში. მოსკოვს არ სჭირდება მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ესაჭიროება თბილისზე ზეწოლისთვის. ამისთვის იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. აბა, მათ განვითარებაზე კი არ ფიქრობს! იქაც ქაოსს ქმნის. საინტერესოა, რომ ანტრუსულ გამოსვლებს აგრძელებს სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების გარდა, რუსეთს ჩააბარა ეკონომიკის დიდი ნაწილი. ენერგეტიკა ლამის მთლიანად მოაქცია რუსეთის ხელში. საქართველო იმართება რუსული სტილით. რუსულ საქმეს სააკაშვილი და ივანიშვილი ერთობლივად აკეთებენ.
_ სასამართლო რეფორმაც ვერ გატარდა?
_ პროდასავლელობა, პირველ რიგში, ინსტიტუტებია-დამოუკიდებელი სასამართლო, ნამდვილი თვითმმართველობა, კონკურენტული გარემო ყველა სფეროში, კარგი საარჩევნო კანონი, ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული პარლამენტი, სადაც ადამიანები ხვდებიან თავისი სახელისა და გვარის მიხედვით. დღევანდელ პარლამენტში (არა მარტო ამ მოწვევის პარლამენტში) უცნობი და შეუფერებელი პერსონები შეჰყავთ გოდრებით. გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას იტყვიან „ქართული ოცნების“ ლიდერები. ისინი სპექტაკლის ერთ მხარეს წარმოადგენენ. პოლიტიკური სანახაობა, ანუ რუსული სპექტაკლები, გრძელდება. უამრავ პრობლემაში ჩაძირულ ადამიანებს ხშირად უჭირთ ვითარების გაანალიზება. სააკაშვილის მოქმედებებს წინ უძღოდა 50-დღიანი შიმშილობა. შიმშილობდა თუ არა ნამდვილად, ამაზე არ ვისაუბრებ. ამან გამახსენა ოცი წლის წინანადელი ისტორია, როცა სააკაშვილი ოპოზიციონერის სახელით კენჭს იყრიდა ვაკეში. ქალაქის ხელმძღვანელობაც მისი მხარდამჭერი იყო, სხვა ბევრი აშაკარა თანამოაზრეც ჰყავდა. გამოდიოდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგი მარტო შევარდნაძე იყო. სააკაშვილმა იმ არჩევნებში გაიმარჯვა და დაიწყო მისი პოლიტიკური აღმასვლა. დღესაც ყველა ღონეს ხმარობენ მისი აქტუალიზაციისათვის. იმ დროს სააკაშვილის ოპონენტებად გამოდიოდნენ ჯაბა იოსელიანი, ირინა სარიშვილი, „ახალი მემარჯვენეები“. მაშინ სპექტაკლი შედგა. გადავალ ოპოზიციონერებზე, რომლებიც, თქვენი თქმით, მან გაანაწყენა. თავის დროზე, მან ჟვანია და ბუჯანაძეც მოიმდურა, თუმცა მათ აჯობა.
_ ახლა რა ხდება?
_ იგივე. სააკაშვილმა დანარჩენ ოპოზიციას პირწმინდად მოუგო. სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც ნაცმოძარობასთან იყვნენ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ან უნდა აეკიდონ ნაციონალურ მოძარობას, ან უნდა გაემიჯნონ. 20 წელიწადია, ერთსა და იმავე სპექტაკლებს შევყურებთ. თამაშში მთავარი გმირების გარდა არიან ეპიზოდური როლების შემსრულებლები. ზოგ მათგანს მთავრ როლზე ჰოქნდა პრეტენზია. ისინი წარმოადგენენ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს. მათ უთმობენ ეთერს. ეს ხალხი ომახიანად და ხმაურიანად ლაპარაკობს პროდასავლელობაზე იმ დროს, როცა თავის დროზე იწონებდა სააკაშვილის სისხლიან მოქმედებებს, ულოკავდა მას ფეხებს და აკეთებდა დიდ ფულს. ეს ხალხი აკეთებს კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.
_ თქვენი საუბრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სააკაშვილის კიდევ ერთ პოლიტიკურ აღმავლობას ელით? ხელის შეწყობის შემთხვევაშიც ეს არ იქნება ადვილი.
_ სააკაშვილს რუსეთი დესტრუქციისთვის იყენებს. რაც შეეხება სპექტაკლის ფინალს, ეს სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იმაზე, მოახერხებს თუ არა სააკაშვილი თავის გარშემო ადამიანების შემოკრებას; იქნება თუ არა ხელისუფლება მტკიცე; რას იზამს დასავლეთი და რაც მთავარია, როგორ პოზიციას დაიკავებს საზოგადოება. საინტერესოა, გააბითურებინებს თუ არა გარკვეულ ძალებს ხალხი თავს ისე, როგორც ეს მოხდა 2 003 წელს. თუ ხალხმა კიდევ გააბრიყვებინა ვინმეს თავი, არა მგონია, საქართველოს ვინმემ უშველოს. წესით, სააკაშვილის 29 ნოემბრის „პოლიტიკურ მოხსენებას“ ადამიანები უნდა დაეფიქრებინა.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress