მამუკა გიორგაძე- “ოცნება“ და ნაცმოძრაობა ერთმანეთშია აღრეული

mamuka-mamuka
ახალი თაობა 3.11.2021
„საზოგადოებაში პოლიტიკურ ფსიქოზს 30 წელიწადია, აღვივებენ“
„ქართული ოცნებაც“ და ნაციონალური მოძრაობაც კმაყოფილი არიან შედეგით“
„საპროტესტო მოძრაობა საჭიროა იმისთვის, რომ კმაყოფილება დაიმალოს და ხელი შეეშალოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებს“
მარიამ მჭედლიშვილი ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, მამუკა გიორგაძეს
_ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს როგორ აფასებთ? გამოიკვეთა თუ არა 30 ოქტობერს რაიმე ახალი ტენდენცია?
_ არაფერი ახალი არ მომხდარა. გამოყენებულ იქნა გაყალბების ძველი, ნაცადი მეთოდები. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ ძლივს დადო თავისი შედეგი. დარღვევებზე ბევრი ითქვა. მათ შორის, ოდირის (ეუთო), სხვადასხვა პარტნიორი სახელმწიფოს საელჩოების წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიხილეთ ძალაუფლების უზურპაცია. ამჯერად ეს გაკეთდა უფრო თავხედურად.
_ კერძოდ?
_ გაიხსენეთ, რა განცხადებები კეთდებოდა! თითქოს ისინი მიმართული იყო ოპონენტისადმი, სინამდვილეში, ჩვენ, საზოგადოებას გვეუბნებოდნენ, რომ „გვაჩმორებენ“.
_ ციფრები (თუნდაც, გაყალბებული) რას გეუბნებათ? ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა გაზრდილია.
_ ესეც არ არის გასაკვირი იმ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ „ოცნების“ და დემოკრატიის მთავარ ამოცანად სახელდებოდა ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა. „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა იქცნენ ერთმანეთის მუდმივ სპარინგ-პარტნიორებად. ნაციონალურ მოძრაობას მიეცა სასათბურე პირობები. ნაციონალური მოძრაობა გახდა ერთადერთი, განუმეორებელი, მთავარი, ყველაზე ძლიერი ოპოზიცია. თანაც, ის ოპოზიცია, რომელსაც დევნიან და ჩაგრავენ. ბუნებრივია, ეს მოიტანდა თავის ნაყოფს და ციფრებზეც აისახებოდა. მეორე ტურში 20 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან „ოცნების“ წარმომადგენლების კონკურენტი იყვნენ ნაცმოძრაობის კანდიდატები. იზრდებოდა პოლარიზაცია. ამ პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის ფონზე ისევ ზარალდებოდნენ ჯანსაღი პარტიები და წესიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები. ახლა „ქართული ოცნებაც“ და ნაცმოძრაობაც კმაყოფილი არიან შედეგით.
_ სხვა პარტიების დაჩგვრა, ალბათ, პირველ ტურს და ზოგადად პროცესებს ეხება?
_ რასაკვირველია. თუ ადამიანს, ვთქვათ, მოსწონს სახალხო პარტია ან სხვა რომელიმე ძალა, მას არჩევანს არ უტოვებენ.
_ თუ ადამიანისთვის მისაღები და მოსაწონია სხვა პარტია, ამ ორიდან ერთს რატომ უნდა მისცეს ხმა?
_ იმიტომ რომ ადამიანებს ამყოფებენ ფსიქოზში. ეუბნებიან, რომ მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. „ოცნების“ ამომრჩეველს ჩააგონებენ, რომ „ოცნებაა“ ბოროტების შემაკავებელი. ნაცმოძრაობის ამომრჩეველს უმეორებენ, რომ ქვეყნის დანგრევისგან ხალხს ნაცმოძრაობა იხსნის. ამ ორ ძალას ყველზე ძლიერებად გვასაღებენ. ეს ახლა არ დაწყებულა. საზოგადოებაში პოლიტიკურ ფსიქოზს 30 წელიწადია, აღვივებენ. მოქალაქეთა კავშირის პირისპირ დააყენეს „აღორძინება“. შემდეგ მოქალქეთა კავშირის მტერი გახდა ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერები მოქკავშირიდან გამოვიდნენ. დღეს რა ხდება? „ოცნება“ და ნაცმო ერთმანეთშია აღრეული.
_ გულისხმობთ იმას, რომ ყოფილი ნაციონალები არიან „ოცნებაში“?
_ დააკვირდით პოლიტიკურ შოუებს. ერთ მხარეს (ოპოზიციის მხარეს) სხედან ნაცმოძრაობის წევრები, ასევე პირები, რომლებიც ახლახან გამოვიდნენ „ოცნებიდან“. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ხშირად წარმოადგენენ ყოფილი ნაციონალები. ყველაზე აგრესიული ქოცები სწორედ ყოფილი ნაცები არიან. სპარინგ-პარტნიორებს შორის საქმეები ირჩევა. რადიკალიზაცია არ წყდება. ეს რადიკალიზაცია, ფსიქოზი გადადის სხვა სფეროებზე, მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, ზრდის კონფლიქტების რაოდენობას, დანაშაულს, თვითმკვლელობებს, ოჯახურ დრამებს. რადიკალიზმი, შეურიგებლობა იგრძნობა ყველაფერში. ამიტომაა, რომ 12-13 წლის გოგონები ჩხუბობენ, მოზარდები იარაღს ატრიალებენ. მოქკავშირს ჰქონდა სიმღერა, სადაც იყო ასეთი სიტყვები-„ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე“. ის, რაც დღეს პოლიტიკაში ხდება და შემდეგ ყველაფერზე აისახება, ამ აგრესიული აზრის გაგრძელებაა. ვინც პოლიტიკის სამზარეულო ვიცით, ვაცხადებთ, რომ ეს ორპოლუსიანობაც სპექტაკლია. ორივე ძალა ერთი ცენტრიდან იმართება და ფინანსდება. ახლანდელ პოლიტიკურ „ელიტას“ არ ექმნება დისკომფორტი იმით, რომ ხან ერთ პარტიაშია და ხან-მეორეში, ხან სააკაშვილს აღმეთებს და ხან-ივანიშვილს. მთავარია, ამ წრეში იტრიალოს. დღევანდელი „პოლიტელიტა“ ერთი წრეა.
_ გრძელდება და ანონსდება ნაცმოძრაობის მიტინგები და სხვა სახის საპროტესტო აქციები. ამას რა მიზანი აქვს?
_ საპროტესტო მოძრაობა საჭიროა იმისათვის, კმაყოფილება დაიმალოს და ხელი შეეშალოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშეებს. ქაოსი უნდა გაგრძელდეს, საზოგადოება მუდმივად დაძაბული უნდა იყოს და იფიქროს „ოცნებასა“ და ნაცებზე. თუ ვინმეა წესიერი და დამოუკიდებელი, თუ ვინმეს კარგი იდეები აქვს, ის უნდა ჩააჩოჩონ. ამ ფსიქოზში ადამიანი არც სხვისკენ გაიხედავს და არც სერიოზულ პრობლემებზე დაფიქრდება. ქაოსში მყოფი ადამიანი არ ჩაფიქრდება, რა პროცესები და სპექტაკლები გრძელდება ქვეყნის შიგნით, რა ხდება შავ ზღვაზე, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთსა და თურქეთს შორის და ა. შ. საზოგადოებას სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვის მაგივრად სთავაზობენ მუდმივ პოლარიზაციას და აგრესიას, იმას, უნდა შევიდნენ თუ გამოვიდნენ პარლამენტიდან.
_ ამ მომენტისთვის ისევ პარლამენტიდან ოპოზიციის გამოსვლა გახდა აქტუალური. სააკაშვილიც მოუწოდებს ოპოზიციას, მიბაძოს მამუკა ხაზარაძეს.
_ იმის მაგივრად, რომ პარლამენტს თავისი ნამდვილი ფუნქცია დაუბრუნონ, მანდატებს ტოვებენ. პარლამენტი ისედაც მარტო ლანძღვა-გინების არენად ჰქონდათ გადაქცეული. ადრე, სხვა ეპოქაში, ყველა ლაპარაკობდა ლენინის თეზისებზე. თანამედროვე საქართველოში სალაპარაკო გახდა ის, თუ რა თეზისებს აგზავნის მიშა რუსთავიდან. ყველაზე ამაზრზენი მმართველი პარტიის ცინიკური განცხადებები და მუქარებია. ამ მუქარებს და ცინიკურ განცხადებებს ყველას, მთელ საზოგადოებას გვაგონებენ. ისინი ნათქვამია ყველა იმ ადამიანის გასაგონად, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს. სამწუხაროა, რომ ამ არეულობაში უკანა პლანზე გადადის ისეთი მაღალი კატეგორია, როგორიცაა ერი. ერი აერთიანებს წარსულს, თანამედროვეობას და მომავალს. მხოლოდ ერმა შეიძლება მიიღოს წარსულზე დაფუძნებული მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. დღეს ჩვენ ერად ვერ ჩავითვლებით. ერი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს. უბედურებაა, რომ ნაც-ქოცური სპექტაკლების შემხედვარე ადამიანები ვერ ხედავენ თავის ადგილს ამ ქვეყანაში, ვარდებიან ნიჰილიზმში. გაქცევაზე თვალი ძალიან ბევრს უჭირავს. საგანგაშოა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა არაფარად აგდებს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოს ცნებებს.
You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress