ახალი თაობა 21.10.2021
მამუკა გიორგაძე: „საზოგადოება იმაზე კი არ უნდა იმტვრევდეს თავს, უფსკრულში მასცხნიდან გადავარდეს თუ მარჯვნიდან, მან უკეთეს მომავალზე უნდა იფიქროს“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირება იმიტირებულია. რა ხდება ახლა, როცა დაპირისპირება გაღარმავდა და გაძლიერდა?
_ ეს არის იმიტირებული და სიმულირებული დაპირისპირების გაგრძელება. რუსეთს საქართველოში უნდა მუდმივი ქაოსი. კრემლი ამ გეგმას მიჰყვება და ამისათვის იყენებს ადგილობრივ ქართველებს, მათ შორის, პოლიტიკოსებს. ქაოსისა და არეულობის დროს ვერ აშენდება სახელმწიფო. ნორმალურ სახელმწიფოს ესაჭიროება პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამართლიანი, დემოკრატიული გარემო. ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ვეღირსეთ. რუსეთის გეგმით, ქაოსი უნდა გაგრძელდეს. თუ მუდმივი ქაოსი იქნა, რუსეთის აგენტურა ყოველთვის შეასრულებს კრემლის დავალებებს, სახელმწიფო კი არ გვექნება. გვესმის შეფასებები იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ყველაფერს აშშ-ის ელჩი მართავს. ეს აბსურდია. თუ აშშ-ის ელჩი მართავს ქვეყანას, მაშინ საქართველოს მთელი ეკონომიკა რუსეთის ხელში როგორ აღმოჩნდა?!
_ თქვენ მიერ მოყვანილი შეფასება რუსული პროპაგანდის ნაწილია?
_ რა თქმა უნდა. საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არიან ერთმანეთზე ვითომ გადაკიდებული პროდასავლური და პრორუსული ძალები. ორივე ფლანგი რუსეთის ინტერესს ატარებს. რუსეთი განკარგავს საქართველოს ეკონომიკის უდიდეს წილს, დაწინაურებულ პოლიტიკურ სპექტრს და სპეცსამსახურებს. საზოგადოებას, ალბათ, მობეზრდა ჩვენი სახალხო პარტიის შეგონებები ლუსტრაციაზე. ამაზე როგორ გავჩუმდეთ, როცა ლუსტრაციის კანონი აქამდე არ მიუღიათ?! რუსეთს ჰყავდა 100 000-მდე აგენტი. გარდა ამისა, ბლომად იყვნენ „კგბ“-ს ოფიციალური თანამშრომლები, ნომენკლატურა. კარგი ადამიანები იყვნენ თუ ცუდი, მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ოჯახებით იყვნენ და არიან მიბმული რუსეთზე. როცა მათი შვილები რუსეთის საწინააღმდეგო დროშებს აფრიალებენ, ნაკლებად დამაჯერებელია. დასავლეთი მიმდინარე სპექტაკლებზე, რუსულ გავლენებზე ინფორმირებულია. აშშ ამ იმიტაციებს და თამაშებს იტანს იმის გამო, რომ არ გააჩნია საქართველოში შიდა ბერკეტები სიტუაციის შესაცვლელად. დაპირისპირების გაღრმავებაზე მკითხეთ. როცა ორგანიზატორებს დასჭირდებათ, პოლიტიკური სპექტაკლები უფრო მძაფრ სახეს მიიღებს. დრამატიზმი იწევს, როცა თამაშში ხალხს რთავენ.
_ ეს მარტო კინკლაობა ხომ არ არის? მესამე პრეზიდენტი (დიდი ალბათობით, ჯანმრთელობაშერყეული) ციხეშია და ამის გარშემო გორდება მოვლენები.
_ ჩვენ არაფერს გვეუბნებიან იმაზე, თუ როგორ შემოაღწია სააკაშვილმა ქვეყანაში. ამაზე ჭორები გაგვიგია. ოფიციალური გამოძიება რომ მართლა დაწყებულიყო, სამ დღეში სასამართლო უნდა გამართულიყო. დარწმუნებული ვარ-ვინც სააკაშვილის შემოსვლას შეუწყო ხელი, ის მის ჯანმრთელობასაც მიხედავს. დისიდენტობაში ციხე გამომოვლია. ჩემს თავზე გამოვცადე, როგორ ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე. სააკაშვილი მკაცრ პირობებში არ იმყოფება. შეიძლება ითქვას, სასათბურე პირობებშია. უფლებების დამცველებიც უხვად ჰყავს. საზოგადოებამ ამ ყველაფრიდან დასკვნა უნდა გამოიტანოს. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და არ ჩაერიოს პოლიტიკურ სპექტაკლებში. პოლიტიკურ ველზე ვარსებობთ ისეთი ძალებიც, ვინც ამათთან არ ვართ, ვისაც სახელმწიფოს შექმნა და ქაოსიდან თავის დაღწევა გვინდა. თუ დააკვირდებით, როგორი ზომიერი და გაწონასწორებულია დასავლეთის რეაქცია. დასავლეთის რეაქციაში არის მხოლოდდ ხაზგასმა პატიმრის უფლებების დაცვაზე. ესეც ადასტურებს, რომ „ოცნებასა“ და ნაცმოძრაობას შორის დაპირისპირება რუსული თამაშია. აშშ თავისას ცდილობს, მაგრამ თუ დაინახა, რომ საქართველოში არაფრის შეცვა არ უნდათ, ვენებს ისიც არ გადაიჭრის.
_ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმის მაჩვენებელია, რომ აშშ-ის ინტერესები საქართველოს (მთლიანად შავი ზღვის რეგიონის) მიმართ მზარდია. ეს პოლიტიკურ პროცესებზეც ხომ აისახება?
_ აშშ-ისა და ნატოს ღიად გაცხადებული პოლიტიკა მდგომარეობს რუსეთის აგრესიის შეკავებაში. რუსეთი ახორცილებებს აგრესიას საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ამის გამო აშშ გაატიურდა შავი ზღვის რეგიონში. ოსტინმა გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მზადყოფნა უსაფრთხოების დაცვაში მონაწილეობაზე. მისი განცხადებებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაღაც საკითხებზე ვაშინგტონი თვალს დახუჭავს. თუ საქართველომ თავი აიწყვიტა და თანამშრომლობაც არ ისურვა, მაშინ საქართველოს პასუხს მოსთხოვენ. მოსწონს აშშ ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ ეს სახელმწიფო რომ არა, კატასტროფულ მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნისა და ადამიანთა პირად უსაფრთხოებას ამერიკა იცავს. წარმოიდგინეთ, სისხლის როგორ გუბეებს დააყენებდა სააკაშვილი, რომ არა აშშ. უსაფრთხოება და თანამშრომლობა ამ სფეროში ვაქცინა არ არის, ძალით გაგიკეთონ. ჯერ ვაქცინაციაც არ არის სავალდებულო. საქართველოსაც უნდა უნდოდეს პარტნიორობა.
_ მსოფლიოში აშშ-ის პოზიციას უმთავრესად ითვალისწინებენ.
_ საბჭოთა კავშირშიც კი უწევდნენ ანგარიშს ამერიკის აზრს. ბრეჟნევის დროს ალექსი ინაური იყო აქ უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი. დისიდენტმა მარიამ ბაღდავაძემ 32 დღე იშიმშილა. რეიგანის ჩარევის შემდეგ სპეცსამსახურები იძულებულ გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ. ვაშინგტონის გამო საბჭოთა ხელისუფლებაც და მათი მემკვიდრეებიც უფრო ლოიალურები ხდებოდნენ. ბელარუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ რამდენიმე წლის წინ შეარბილა პოლიტიკა და მინსკში, ამის შედეგად, დასავლური ინვესტიციები წამოვიდა. რუსეთს ეს არ მოეწონა და აგრძელებს ზეწოლას ბელარუსზე. რისი შედეგიც არის იქ მიმდინარე მოვლენები. პუტინს მინსკთან მთლად ერთიანი სახელმწიფო უნდა. ბელარუსში ოპოზიციის უმრავლესობა რუსეთიდან დასმული ხალხია. დაახლოებით იმავეს აკეთებს კრემლი საქართველოსა და უკრაინაში. ორივეგან იქმნება ქაოსი, ნადგურდება ეკონომიკა, ვერ ყალიბდება სახელმწიფო ინსტიტუტები.
_ ითვლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების უმრავლესობა სააკაშვილმა ჩამოაყალიბა.
_ სახელმწიფო ინსტიტუტი თანამედროვე ლამაზ შენობას არ ნიშნავს. სახელმწიფო ინსტიტუტებია სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, თვითმმართველობა, დამოუკიდებელი ბიზნესი… სააკაშვილმა აქედან რომელი შექმნა? არც მას და არც „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნიათ ინსტიტუციები, ასევე პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ენჰურჰესზე დიდი ობიექტი საქართველოში 40 წელიწადია, არ აშენებულა. საბჭოთა კავშირის დროს აიგო ენგურჰესი, სპორტის სასახლე და სხვა. მარტო ნაგებობებში რომ ყოფილიყო საქმე, საბჭოთა წყობას არ დავუპირისპირდებოდით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომ იგივე მართვის სისტემა დარჩა, ესაა უბედურება. ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა (დამოუკიდებელი პარტიები) იმისთვის გვჭირდება, რომ ახალი და უკეთესი ენგურჰესები და სპორტის სასახლეები ავაშენოთ.
_ უახლოეს მომავალში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს.
_ დაგვაყენეს უფსკრულთან და გვაკეთებინებენ არჩევანს. ხალხმა წინ უნდა გაიხედოს. საზოგადოება იმაზე კი არ უნდა იმტვრევდეს თავს, უფსკრულში მარცხნიდან გადავარდეს თუ მარჯვნიდან, მან უკეთეს მომავალზე უნდა იფიქროს. იმ პარტიებმა კი, რომლებიც რუსულ თამაშებში არ ვყოფილვართ ჩაბმული, ადამიანებს პერსპექტივა და იმედი უნდა გავუჩინოთ. მდგომარეობა უიმედო არ არის. საქართველოს ექნება მომავალი, თუ ჩვენ მოვიდნომებთ. სახელმწიფო ჩვენი ასაშენებელია. ამას სხვები ვერ გააკეთებენ.