მამუკა გიორგაძე: „რუსეთის მიზანია საქართველოს ნგრევა, თანაც, დასავლეთის დროშის ქვეშ”
„ე. წ. ექსპერტები ცდილობენ რუსეთის კვალის წაშლას“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის ლიდერს, ყოფილ დისდენტსა და დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გამართა პარტიის პრეზენტაცია და უპასუხა თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
_ კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. გამიმყარდა პოზიცია, რომ გახარია დაქოქილი თოჯინაა. ასეთივე იყო ის მაშინ, როცა ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სხვა თანამდებობები. ჩემი გამოცდილების კაცს ბევრი მაქვს ნანახი. დემაგოგები ბევრი მინახავს. მათი უმრავლესობა გახარიაზე ნიჭიერი, კრეატიული და გონებაგახსნილი იყო. ამდენი ხანი ილაპარაკა ბევრ რამეზე და ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს. ეს არ მახარებს. სინანულით ვლაპარაკობ.
_ რატომ სინანულით?
_ ის, რაც საქართველოში ხდება და რაშიც ჩაება გახარია, არ არის პოლიტიკა. ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიტიკის გამრუდება მაწუხებს. პოლიტიკას უწოდებენ იმას, რაც ახლოსაც არ არის პოლიტიკასთან. გახარიამ სამი საათი ისაუბრა და გაკვრითაც არ შეხებია ტერიტორიულ პრობლემებს, აფხაზეთს, ცხინვალს, მსოფლიო გამოწვევებს და სხვა. ჩვენში პოლიტიკად ითვლება პარტიებს და პიროვნებებს შორის დაპირისპირება და ამის განახილვა. გახარიას პიროვნულად არ ვეხები. საშინელებაა, როცა წლებია ვერ ვისმენთ მსჯელობას სერიოზულ პრობლემებზე და პოლიტიკოსების ხედვებს მემარჯევეობა-მემარცხენეობაზე, იდეოლოგიაზე, აფხაზეთზე, თვითმმართველობაზე და სხვა. ამ ყველაფერს, ისევე, როგორც გახარიას პარტიის პრეზენტაციას და მის პასუხებს შეკითხვებზე, საბჭოური ჟღერადობა და ელფერი დაჰკრავდა. ასეთი იყო მოქალაქეთა კავშირი, ასეთივეა „ქართული ოცნება“. ნაცმოძრაობის მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ვიტყვი, რომ ნაცმოძრაობას ჰქონდა იდეოლოგიის რაღაც ელემენტები.
_ „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი დაცემულია. თქვენივე შეფასებით, გახარიამ ეფექტი ვერ მოახდინა. ამით ხომ გზა ეხსნებათ სხვა ძალებს? მათ შორის, რუსეთისგან დამოუკიდებელ ჯანსაღ დასავლურ ორგანიზაციებს?
_ გადარჩენის გზა და შანსი ყოველთვის არსებობს. ხელისუფლებაში ღირსეულები უნდა იყვნენ. ასეთები ქვეყანაში არიან. რომ არ იყვნენ, პოლიტიკურ კლასს ამდენი პოლიტიკური სპექტაკლის გათამაშება არ დასჭირდებოდა. ამ ხალხმა იცის, რომ ნამდვილი მეტოქეები ჰყავს და თავს არ ზოგავს, რომ ყოველთვის თვითონ იყოს წინა პლანზე, ღირსეულები კი გააუფერულოს. კომუნისტებშიც იყვნენ პატიოსანი და პატრიორტი პიროვნებები. მათ გაორების პრობლემა ჰქონდათ. ეგონათ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ და არ აქტიურობდნენ. დღესაც იგივე ხდება.
_ დღეს ტექნოლოგიები განვითარდა. თანაც, ერთპარტიულობა აღარ არის. მართალია, ბევრ პარტიას უჭირს სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
_ რა თქმა უნდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებას ჩვენ, სახალხო პარტია, გარკვეული დროის წინ სხვებს ვუგებდით. მდგომარეობა დამძიმდა იმის გამო, რომ სხვები უზარმაზარ ფინანსებს ხარჯავენ. ტელევიზიებში სრული მონოპოლიაა და არ არის სიტყვის თავისუფლება. სოციალურ ქსელებში მოდის ცილისწამების, ბოტებისა და ტროლების ნიაღვარი.
_ თქვენც გამხდარხართ ტროლების სამიზნე?
_ ყოველთვის ვაწყდებით ბოტებისა და ტროლების თავდასხმებს, როცა ვაქტიურდებით. როცა აქტიურები ვართ გარეთ და სოციალურ ქსელშიც ვდებთ მასალებს, კომენტარებს და სხვა, იერიშის ობიექტი ვხდებით. ხშირად გვისვამენ კითხვას-სად იყავით აქამდე? ამას ისე ამბობენ, თითქოს აქამდე არ ვარსებობდით, ახლა დავიბადეთ და ენა ამოვიდგით. პოლიტიკა გადაქცეულია კინკლაობის არენად არაარსებით საკითხებზე. მაგალითად, უნდა შევიდეს თუ არა ნიკა მელია პარლამენტში, ვინ მონაწილეობს თბილისის მერიის კორუფციულ სქემებში?
_ კორუფციაზე საუბარი, ალბათ, საჭიროა?
_ როგორ არა, მაგრამ ჯერ სასიცოცხლოზე, გლობალურზე ილაპარაკე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ხალხის ფიზიკურად გადარჩენაზე, სასამრთლოს რეფორმაზე იფიქრე. საქართველოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე. საუცხოო ფაქტია, მაგრამ როგორ აღნიშნეს ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა?! ხელისუფლებამ ეს აღნიშნა მარტომ, ხალხის გარეშე.
_ პანდემია მოიმიზეზეს?
_ ამას ვერ მოიმიზეზებენ. პანდემია მარტო ხალხისთვისაა და ხელისუფლებას არ ეხება?! ვიზუალურად კარგი ღონისძიება იყო, მაგრამ საზოგადოების გარეშე. ის დაემსგავსა საბჭოთა სანახაობას. თუ საბჭიურ სტილში ატარებ რამეს, რა მნიშვნმელობა აქვს, ლენინის 70-ე წლისთავს აღნიშნავ თუ სახელოვანი გიორგი კვინიტაძის 100 წლისთავს. რიტორიკა შეიცვალა, ფორმა კი იგივე დარჩა. საქართველოში პოლიტიკური ელიტა ხალხისგან ძალიანაა დაშორებული. ამ ელიტას ჰქონია, რომ ხალხი მისი ბედნიერებისთავის არის გაჩენილი. ამ ზედაფენისთვის ადამიანები საარჩევნო ბიულეტენია და მეტი არაფერი.
_ რამდენიმე თვეში ადგილობრივი არჩევნებია. რა მოლოდინი გაქვთ?
_ სამწუხაროდ, მოველი ძველის გამეორებას. როგორც წესი, არჩევნების წინ, ასე, ორი-სამი თვით ადრე, მწვავდება ბრძოლა ერთ- ან ორ საარჩევნო საკითხზე. ეს მთავარი მოთამაშეებისთვის აუცილებელია. აბა, იდეოლოგია მაგათ არა აქვთ, ტერიტორიული მთლიანობა არ აინტერესებთ და რამეზე ხომ უნდა იდავონ?! ჩაივლის არჩევნები და ნაწილი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა.
_ მოელით, რომ წინა არჩევნების შემდგომი ამბები კიდევ იქნება?
_ იმიტომ მოველი, რომ ვიღაც-ვიღაცების მიზანია, საქართველოში იყოს მუდმივი ქაოსი. 2 020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რაშია ჩაფლული ქვეყანა? მერვე თვეა არჩევნებიდან გასული და აქამდე ფაქტობრივად პარალიზებული იყო პარლამენტის მუშაობა. ქაოსი საქართველოში სჭირდება რუსეთს. ხომ უთხრეს პირდაპირ ევროპარლამენტარებმა ნაციონალურ მოძრაობას, რუსულ თამაშს თამაშობო. ახლა ოცნება იტყვის, რომ ნაციონალები არ აძლევენ მუშაობის უფლებას, ნაცები კი ოცნებას დააბრალებს, რომ კარგი საქმის კეთების საშუალებას არ აძლევს.
_ თუ ისევ ორპარტიული კინკლაობა იქნება, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს გახარიამ?
_ განსაკუთრებული არაფერი. პოლიტიკასი წვრილფეხობაც საჭიროა.
_ რუსეთი ახსენეთ. ქართველი ექსპერტების ნაწილი რატომღაც კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ რუსეთი ერევა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში და რომ პოლიტიკოსების ნაწილი ფარულად ატარებს რუსეთის იტერესებს. არადა, დადგენილია რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებშიც კი.
_ ვინც ამას ამბობს, დაინტერესებული მხარეა. ე. წ. ექსპერტები, რომლებიც შეთქმულების თეორიად სახავენ რუსეთის ჩარევას ქართულ პოლიტიკაში, სინამდვილეში ცდილობენ რუსეთის კვალის წაშლას. საბჭოთა დროს საქართველოში კგბ-ს უამრავი აგენტი იყო. აგენტები მუშაობდნენ მძღოლებად, მუშებად, წარმოადგენდნენ ე. წ. ინტელიგენციის ელიტას. ეს ხალხი არსად არ გამქრალა. ისინი გავლენას ახდენდნენ და ახდენენ პოლიტიკაზე. ეს პირები პარტიებშიც არიან გადანაწილებული. თუნდაც ერთი მათგანი მაინც გინახავთ მხილებული? რომელიმეს მაინც თუ მოუნანიებია? არა. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ თანამდებობები გვინდა. „პერესტროიკამდელ“ დისიდენტებს ასეთი პრეტენზია არ გვაქვს.
_ ლუსტრაციის კანონი არ არსებობს და ვინ ამხელდა ამ ხალხს?
_ საქმეც ეგაა. პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს შეზღუდვა ოკუპანტთან სათანამშრომლოდ. რუსეთის მიზანია საქართველოს ნგრევა, თანაც, დასავლეთის დროშის ქვეშ. ამას ემსახურებიან ვითომ პროდასავლური პარტიები. ცრუ დასავლური პარტიები ეხმარებიან რუსეთს იმაში, რომ საქართველოში არ აშენდეს ნამდვილი სახელმწიფო და იყოს პერმანენტული ქაოსი. ამასვე ემსახურებიან ვითომ პროდასავლელი ე. . წ. ექსპერტები, რომლებზეც მკითხეთ. ისინი რუსეთის კვალსაც შლიან. რუსეთს არაფრით არ უნდა ჩვენი ერთიანობა. მუდმივად უნდა ვიყოთ დაქსაქსულები, ერთმანეთს გადამტერებულები და ვიძახოთ, რომ ცუდები ვართ, ერთობა არ შეგვიძლია. არადა, შეგვიძლია. ამის დასტურია 1 988 წლის მოვლენები, 1 989 წლის 9 აპრილი. რუსეთს უნდა ქაოსი და საუბედუროდ, ამ მიზანს საქართველოში აღწევს. აბა, მთელი საქართველოს ოკუპაცია და თბილისის აღება თანამედროვე პირობებში არ გამოუვა. რუსეთს ჰიბრიდული ომი ურჩევნია და ამ ომში გვამყოფებს. ამაში მას ეხმარებიან ცრუ პროდასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. 30 წელიწადია ვერც ერთი დემოკრატიული დასავლური რეფორმა ვერ გავატარეთ-ვერც სასამართლო სისტემაში, ვერც საარჩევნო სფეროში, ვერც თვითმმართველობა დავამყარეთ. ერთდაერთი, რაშიც დავწინაურდით, -ლგბტ საკითხებია. ფარისეველი პროდასავლელები აქ ახერხებენ შედეგის დადებას. ამასთან დაკავშირებული ერთი ინციდენტი გამახსენდა-ადრე ბოკერიამ თავი გაალახვინა ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს. სხვა თემებზე ცრუდასავლელები ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით შემოიფარგლებიან და ხალხს ანტიდასავლურ გრძნობებს უღვივებენ.
23თქვენ და 22 სხვა
1 კომენტარი
18 გაზიარება
მომწონს
კომენტარის დატოვება
გაზიარ