მამუკა გიორგაძე: „კინკლაობა მიდის ნიკა მელიაზე. ჯერ იმაზე დაობდნენ, უნდა დაეკავებინათ თუ არა. მისი დაკავება ზოგისთვის კანონის აღსრულებაა, ზოგისთვის-პოლიტიკური დევნა.“
მარიამ მჭედლიშვილი
ქვეყნის პოლიტიკაში შექმნილ ქაოსურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა სახალხო პარტიის თავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატს, მამუკა გიორგაძეს
_ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზებზე. ამაში მედიატორობა იკისრა ევროკავშირმა. ახლა ევროკავშირის მედიატორობა გრძელდება, ქვეყანაში შექმნილი სიტუცია( განსაკუთრებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ) გასცდა პოლიტიკური კრიზისის ფარგლებს და უფრო პოლარიზებული გახდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ მდგომარეობას?
_ რასაც ჩვენ ტრადიციულად ვეძახით პოლიტიკურ კრიზისს, სინამდვილეში სხვა რამეა. პოლიტიკური კრიზისი იქნებოდა, ჩვენ, პოლიტიკურ სპექტრს რომ გვეკამათა საქვეყნო საკითხებზე. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო დაბრუნებაზე, დავითგარეჯის საკითხის გადაწყვეტაზე, ეკონომიკის გადარჩენაზე, პანდემიისგან თავის დაღწევაზე. საქართველოში არაფერი ამდაგვარი არ ხდება. წინა წლებშიც ასე იყო. ჩვენთან დროდადრო თამაშდება გარკვეული სცენები, რომლებსაც უწოდებენ პოლიტიკურ კრიზისს. ეს იცვლის ფორმებს და ყოველთვის არის პერსონიფიცირებული.
_ დააზუსტეთ?
_ მაგალითად, კინკლაობა მიდის ნიკა მელიაზე. ჯერ იმაზე დაობდნენ, უნდა დაეკავებინათ თუ არა. მისი დაკავება ზოგისთვის კანონის აღსრულებაა, ზოგისთვის-პოლიტიკური დევნა. ასევეა მელაშვილისა და ილიჩოვას შემთხვევაში. ეს ხალხი, ე. წ. კარტოგრაფები“ ერთი ჯგუფისთვის გმირები არიან, მეორე ჯგუფისთვის-მოღალატეები. „კრიზისი“ იცვლის ფორმებს.
_ ახლანდელი კრიზისი ჩვეულ ფორმას ხომ არ გასცდა? დღეს უკვე ვიხილავთ იმას, თუ ვინ დატოვებს კიდევ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“.
_ ესეც მიმდინარე სპექტაკლის დრამატიზებისთვისაა საჭირო. ამაში არაფერია ახალი და განსაკუთრებული. როცა მთავარი როლის შემსრულებელი მიდის, ჩნდებიან დუბლიორები, შემცვლელები, იბადება ახალი დრამატული შტრიხები. მათ შორის კონკურენციაცაა.
_ მთავარი როლის შემსრულებელი-ივანიშვილი წავიდა და ხდება მოვლენების მეტი დრამატიზება?
_ რასაკვირველია. გამსახურდიას დაუპირისპირდა ხალხი მისივე „მრგვალი მაგიდიდან“. შევარდნაძეს დაეჯახა ჯგუფი მისივე „მოქალაქეთა კავშირიდან“. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო „მოქალქეთა კავშირის“ ფრაქციის თავმჯდომარე. მოგვიანებით, სააკაშვილის ოპოზიციაში ვიხილეთ მისი ყოფილი პარტნიორები და დამფინანსებლები. სააკაშვილს გვერდით ედგა და აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი. ეს საბჭოთა სისტემაა, რომელიც საქართველოში წლითიწლობით მეორდება. ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდის, იყენებს მიმზიდველ ფრაზეოლოგიას დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროატლანტიზმის თემებზე.
_ შედეგად რას ვიღებთ?
_ შედეგად ვიღებთ ძველ პარტიულ ნომენკლატურას. შევარდნაძეს დაუპირისპირდნენ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე. ორ უკნასკნელს სააკაშვილმა აჯობა, თუმცა იმათაც თავისი მფარველები ჰყავდათ რუსეთში. პოლიტიკაში ახლაც აქტიურობს ნომენკლატურა. ძირითადად, ჩემი ასაკის პოლიტიკოსები ან ცოტა უმცროსები. მთავარი ისაა, რომ ყველა სპექტაკლის და ნომენკლატურის უკან დგას რუსეთი.
_ საქართველოში ხელისუფლებები იცვლებიან რუსეთის სქემებით?
_ დიახ. შევარდნაძე მოიყვანა რუსეთმა. ის ასრულებდა თავის ფუნქციას. მოვიდა დრო, როცა შევარდნაძემ რაღაც ვერ შეასრულა, თავი ამოწურა. კრემლმა ის შეცვალა სააკაშვილით. სააკაშვილი ხელისუფლებაში პირნათლად ასრულებდა რუსეთის დავალებებს, მაგრამ რაღაც ვეღარ შეძლო, იმანაც თავი ამოწურა,ხალხის ნდობა დაკარგა. სააკაშვილის ხელისუფლება, ფაქტობრივად შიგნიდან ამოაყირავეს. მას დაუპირისპირეს ივანიშვილი, რომელიც მას აფინანსებდა და ისეთი პარტიები, რომლებიც წინათ სააკაშვილთან იყვნენ, შემდეგ კი ივანიშვილთან დადგნენ. ყველა ხელისუფლება ყველაზე საშინელ გადაწყვეტილებებს იღებდა მაშინ, როცა მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
_ „ქართული ოცნების“ საშინელი გადაწყვეტილები რომელია?
_ პირველ რიგში, კოაბიტაცია. კოაბიტაცია ნიშნავდა რუსული პროექტის გადარჩენას. კოაბიტაცია შემოიღეს რუსული პროექტის შენარჩუნებისთვის, რუსული გეგმით, მაგრამ ამას აბრალებდნენ დასავლეთს. სახალხო პარტია ყოველთვის მოვითხოვდით სამართლიანობის დამყარებას. ეს ხალხის დაკვეთაც იყო, მაგრამ კოაბიტაციის პირობებში რომელ სამართლიანობას დაამკვიდრებდნენ! ივანიშვილმა გააცოცხლა მკვდარი პარტიები, შეიყვანა ისინი პარლამენტში, მისცა მათ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, ასევე პორტფელები მთავრობაში. ივანიშვილმა კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა ეს ხალხი, მაგრამ ეს ადამიანები დააწინაურა. სხვანაირად, ვერ მოქცეოდა-ასეთი იყო რუსეთის დავალება. საშინელი გადაწყვეტილება იყო საყდრისის აფეთქება. ეს სააკაშვილმა ვერ მოახერხა. მან ძეგლის სტატუსი მოუსხნა საყდრისს, ივანიშვილმა კი ააფეთქა. ხალხმა ეს ჩაყლაპა.
_ რატომ?
_ ხალხი არ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ დანაშაულებს იმის გამო, რომ ქუჩაში გამოსულს არ უნდა აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის გვერდით. ნაციონალური მოძრაობა ბევრისთვის მიუღებელია. საერთოდ, ბევრი რამ გახდა საზოგადოებისთვის მიუღებელი. ამიტომ გარბის მოსახლეობა საზღვარგარეთ. მარტო გერმანიაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის რამდენი მიდის! ამდენ ხალხს რომ ხელისუფლებისგან მოეთხოვა დასაქმება, რაღაცას მიაღწევდა.
_ თქვენი ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი ამზადებს ახალ ცვლილებას საქართველოს ხელისუფლებაში? ირაკლი ღარიბაშვილს, ალბათ, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ,ამაში როლი არ ექნება?
_ ამას ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ. როგორ დასრულდება ეს რუსული პოლიტიკური სპექტკლი, ნანამდვილებით ვერ ვიტყვით, თეატრის სცენაზეც კი გამოცდილი მსახიობები ზოგჯერ იმპროვიზაციას მიმართავენ.
_ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ რუსეთის ფავორიტები „ქართული ოცნების“ წიაღიდან არიან?
_ გამოცდილება გვკარნახობს, რომ ახალი ხელისუფლები გამოდიან წინა ხელისუფლების წიაღიდან. ეს ხალხი ან არის ხელისუფლებაში, ან იყო „ქართულ ოცნებასთან“.
_ ამჟამად ქართული პოლიტიკური სპექტრი, მეტ-ნაკლებად, ევროკავშირის კონტროლს ექვემდებარება. ეს ორგანიზაცია უკვე მედიატორია კრიზისის დაძლევის პროცესში.
_ დიახ. რუსულ სპექტაკლებში ჩართული პოლიტიკური სპექტრის შემაკავებელია ორი რამ-საერთაშორისო თანამეგობრობა და ქართველი ხალხი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირდაპირ უთხრა ამ პოლიტიკოსებს, დაანებეთ კინკლაობას თავი, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას თქვენი ქვეყანა და ამას მიხედეთო. ჩვენ რომ დასავლური ქვეყანა ვიყოთ, ამას ისედაც მივხვდებოდით. ეს ტონი მიანიშნებს, რომ პროდასავლურ გზას არ ვადგავართ, ნამდვილი დემოკრატია არ გვაქვს. საუბედუროდ, ერთმანეთზე გადაკიდებული მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც რუსულ თამაშში მონაწილეობენ. ახლა რომ უკვირთ, ერთპარტიულია პარლამენტიო. რა, სააკაშვილის დროს არ იყო ერთპარტიული პარლამენტი?! ფაქტობრივად, ნაციონალური მოძრაობაც და „ქართული ოცნებაც“ ერთია. მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის აქტიურობით შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
პროდასავლურ გზას არ ვადგავართ. მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც რუსულ თამაშში მონაწილეობენ
რუსეთი საქართველოში ხელისუფლებას ცვლის?
„ხალხი არ აპროტესტებს „ქართული ოცნების“ დანაშაულებს იმის გამო, რომ ქუჩაში გამოსულს არ უნდა აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის გვერდით“