„ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე“

mamuk

ავტორი: მამუკა გიორგაძე, პოლიტიკოსი.


საქართველოს უწყვეტი  სახელმწიფოებრიობის  მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ჰქონია დიდებისა და დაცემის, „ოქროს ხანისა“ და დაქუცმაცების, სხვაზე სუვერენობისა და სხვისი ვასალობის პერიოდები. თუმცა ისტორიის ყველა ეტაპზე ის, ერთიანად თუ მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე, ყოველთვის საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად და ქართულ სახელმწიფოდ რჩებოდა. მისი შიდა მოწყობა, თვითმმართველობა და ყოფა-ცხოვრების ქართული წესი, მცირედი გამონაკლისების გარდა, ხელშეუხებელი და ტრადიციული იყო.

1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაიწყო ქართული სამეფო-სამთავროების ანექსია  და მათი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ქართველმა ხალხმა დაკარგა არა მხოლოდ ეროვნული თავისუფლება, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო  და ეროვნული ინსტიტუტები. საკუთარი აღარც ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავდა, ხოლო ეროვნული უფლებები შელახული და ფეხქვეშ გათელილი აღმოჩნდა. ავტოკეფალია დაკარგა საქართველოს   სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

დამოუკიდებლობისთვის ქართველ მამულიშვილთა დიდი ნაწილის თავდადებულმა ბრძოლამ  მარცხი განიცადა. 1802, 1804, 1812 წლების აჯანყებების  და 1832 წლის შეთქმულების შემდეგ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არსებული მდგომარეობისადმი შეგუების პოზიციაზე დადგა და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობდა. მხოლოდ ერთეული ინდივიდები განაგრძობდნენ ბრძოლას. საზოგადოებრივი  ელიტის წარმომადგენლები,  რომლებიც საკუთარ თავში ქართველი ერის თავიანთი თაობების საუკეთესო მისწრაფებებს აერთიანებდნენ, ცდილობდნენ, დაშვებულის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დაეცვათ ეროვნული ინტერესები.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობა დახვდა სამოქმედო ასპარეზზე გამოსულ  ახალგაზრდა „თერგდალეულთა“ თაობას და მის გამორჩეულ ლიდერს, ილია ჭავჭავაძეს:


„თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა; ეს ვაჭარი, რომ სამივეს ერთნაირის სიხარბითა სწოვს,ნუთუ ესენი თვითეულად ცალკე და ყოველნივე ერთად ქართველი ჰგონია ვისმე!“  

„აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნებაკახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქოს ამათ არ ეძახიო, თითქოს ისინი კი ქართველები არ არიანო“ („ზოგიერთი რამ“).


ეპოქა საქმიანობის შესაბამის თანამედროვე ფორმებს მოითხოვდა, რომლებიც მიმდინარე  გამოწვევების ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ილიამ  შეაფასა ვითარება და მთავარი პრობლემის აღნიშვნის შემდეგ – „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია და “ჩვენ” – იშვიათი!“ („ზოგიერთი რამ“) – პასუხი გასცა მისსავე დასმულ მთავარ კითხვებს: „არ ვიცით – რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ – რანი ვართ, ვერ გამოგვისახია – რანი ვიქნებით!“ (რა გითხრათ? რით გაგახაროთ?). გამოყო ერთიანი ეროვნული ამოცანა:საერთო ქართულ  ღირებულებათა  სისტემის „მკვიდრ“ საფუძველზე ახალი ეროვნული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება.  შეიმუშავა ბრძოლის  სტრატეგიული მიზნები,  სამოქმედო  ტაქტიკა და მისი განხორციელების გზაზე გადასადგმელი კონკრეტული  ნაბიჯები.

ილიას ერთიანი დოქტრინალური დოკუმენტი არ შეუქმნია, მან ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო თავისი ხედვების „პროგრამული“ დებულებების გამოხატვა. მის ყველა ნაწარმოებში ერთიანი დიდი პროგრამის რომელიმე ელემენტია გაშლილი, რომელიც სრულ წარმოდგენას გვაძლევს ილიას მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების ეროვნულ თუ საკაცობრიო მნიშვნელობაზე. ასევე, უდიდესი სიზუსტით არის პროგნოზირებული მომავლის სავარაუდო მოვლენები.


მუდმივად მომავალზე ორიენტირებული ხმამაღლა აცხადებდა: „ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერებისა ამაშია და სხვა არაფერში“ (1882 წ. სექტემბერი, შინაური მიმოხილვა).


შეგვიძლია ვიამაყოთ – თავისი პერიოდის მსოფლიო მოღვაწეთა შორის ბევრი არ მოიძებნება მსგავსი აზროვნების სიღრმისა და დიაპაზონის, ანალიზის ლოგიკურობისა და წინასწარმეტყველების უნარის მქონე მოაზროვნე და საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორი. მან ზუსტი და მკაფიო ფორმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს, რაც დღეს ცივილიზებული სამყაროს წარმმართველია. მრავალ თემაზე, განსაკუთრებით ადამიანის საზოგადოებრივი ფუნქციის, ერის უფლებებისა და სახელმწიფოს მოწყობის შესახებ, დღესაც აქტუალურია მისი პოზიცია  და ხედვა.

შევეხებით ამ ხედვის ზოგიერთ  უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ასპექტს:

ილიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა კაცობრიობის განვითარების მიმართულებები. ის, რომ ცალკე აღებული ადამიანისა თუ მთელი ერის თავისუფლებისკენ სწრაფვა მე-20 საუკუნის მთავარი მამოძრავებელი, მაგისტრალური ხაზი იქნება (“თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი“),  მსოფლიო დემოკრატიზაციის  მიმართულებით  განვითარდება და დეკოლონიზაცია გარდუვალი პროცესი გახდება.  საქართველო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, რისთვისაც ქართველებმა მზადება უნდა დაიწყონ.

წარმოადგინა გეგმა – საწყის ეტაპზე მოძრაობას ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და  ეროვნული  და კულტურული  თვითიდენტიფიკაციის ამოცანა დაუსახა. მას თვითმართვადი და თვითკმარი პოლიტიკური, საგანმანათლებო და კულტურული დაწესებულებების ჩამოყალიბების პროცესი უნდა მოჰყვეს და იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ დადგება  ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების  მოპოვებისთვის ბრძოლის ეტაპი. შესაბამისად, შეუდგა ამ გეგმის რეალიზებას.

ღრმა გეო-პოლიტიკური ანალიზით განსაზღვრა საქართველოს სტრატეგიული განვითარების მიმართულება: რუსულ პოვოსკას არ გაალაყებინოთ ტვინი და გაადღვებინოთ გულ-მუცელი“ (“მგზავრის წერილები“). რუსეთთან საქართველოს განვითარების  პერსპექტივა არ აქვს. „საქართველოს რუსეთის იმპერიასთან დაკავშირება იყო თვით ქართველი ერის სიკვდილი“ (ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერი). საქართველოს გზა ცივილიზებული დასავლეთისკენაა, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული ადამიანისა თუ მთელი ერის უფლებები,  უსაფრთხოება და კეთილდღეობა. დასავლეთში მიმდინარე პროცესების შესწავლის შემდეგ ილია საუკუნენახევრის წინსწრებით სწორად განჭვრეტს – დასავლეთის ლიდერობის ყველაზე მეტი რესურსი ამერიკას გააჩნია.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ილია ჭავჭავაძემ, როგორც პოლიტიკურმა  მოაზროვნემ, ფაქტობრივად ჩამოაყალიბა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მხარდაჭერილი იდეოლოგიური მიმართულების –  ქრისტიანული-დემოკრატიის საფუძვლები. მთელი მისი შემოქმედება გაჟღენთილია ქრისტიანულ მორალურ-ზნეობრივ ნორმებზე დაყრდნობით განხორციელებული პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთობების უპირატესობაზე. ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში განიხილა სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც გარანტი ადამიანის თავისუფალი განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის.

იგი იმ საფუძველს წარმოაჩენდა, „საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს“ („ოსმალოს საქართველო“), რომელზედაც  ქართული მსოფლმხედველობითი სისტემა „უნდა აღმოვშობოთ მკვიდრად“ („ერი და ისტორია“).  ეროვნული ცნობიერება და “ზოგად კაცობრიულ გაგებაც” ჰარმონიულად იქნება ერთ კონკრეტულ ადამიანსა თუ მთელ ერში შერწყმული და განვითარებული. ამ ჰარმონიის საფუძველთა საფუძველი კი ადამიანის თავისუფალი ნებაა:


„საცა ეგ [თავისუფლება] არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმა-ნეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“. (რა არის თავისუფლება?)


დღეს ქართულ საზოგადოებაში საკამათო არ არის „დასავლური ღირებულებების“ ზოგადად და კონკრეტულად, ქრისტიანული-დემოკრატიის  პარამეტრები – ადამიანის უფლებები და თავისუფლება,  თანასწორობა, სოციალურ ფენებს შორის თამამშრომლობა, სოლიდარობა, სუბსიდიარობა, კანონის წინაშე თანასწორობა და ა.შ.  ილიას მემკვიდრეობასთან შეხებისას ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს ცნებები საქართველოში იმპორტირებული არ არის, ის ქართული და ორგანულია.


ამ ღირებულებების ილიასეული ფორმულირებები –  „წოდებათა შერიგება“, „თაობათა თანხმობა“, „კლასობრივი თანამშრომლობა“, „დაპირისპირებულ ძალთა ბედნიერი მორიგების“, „ურთიერთ შემწეობის გზით“ „ეროვნული ერთობა“,  „მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“ და სხვა – მუდმივად „დროების შესაფერად განვითარებული“ საქართველოს ფასეულობათა სისტემის შემადგენელი ელემენტებია.

მთელისა და მისი ნაწილის ურთიერთმიმართებისა და სახელმწიფოს ფუნქციის ილიასეული მოსაზრებები : „რასაც თვითოეული ცალკე ვერ  შევსძლებთო, ამას  საზოგადოებრივად, ერთად ადვილად შევიძლებთო” (“საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”) და “მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისი ხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღე მუდამ ჰგრძნობდეს, და მეორეს გზით – მზად იყოს ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შეძლება ვერ გაწვდება” (“კავკასიის სასოფლო მეურნეობის საზოგადოების” შესახებ. თანამედროვე ქრისტიანული-დემოკრატიის მთავარი დებულებებია.

დღეს ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ილიას ხედვების იდენტურია, რომელიც 150 წლის წინ შეიქმნა. ილია ბრძანებს: „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“. ის ყველა ვითარებაში ხელშეუხებელი და საპატივცემულოა. ამასთანავე, ილია ადამიანის ფუნდამენტურ  უფლებათა და ღირსებათა ხელშეუხებლობას განასხვავებს ადამიანის სოციალური დაწინაურებისთვის საჭირო თვისებებისგან, რომელიც ჯანსაღი კონკურენციის პირობების შესაბამისად ყალიბდება.  ილიასთვის მთავარია: ”ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს” (1882 წ. ივნისის “შინაურ მიმოხილვა”).  იქვე აღნიშნავს: „თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა?“

ილიასთვის საზოგადოება უსახური მასა კი არ არის, არამედ პიროვნებათა კრებულია – „საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია”.  (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი). მათი სამართლიანი და ჰარმონიული განვითარების საფუძველია: „კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება“.

ილია საუკუნე ნახევრის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ დისკუსიაშიც თავის მკაფიო სიტყვას ამბობს,  განასხვავებს რა  „ჭეშმარიტ“ და „ტყუილ“ ლიბერალს:


„ჭეშმარიტი  ლიბერალობა  უარყოფს   მარტო  იმისთანა  ძველს,  რომელსაც  თავისი  დრო  და  ჟამი  მოუჭამია,  რომელიც  დღეს  ხარიხად  გასდებია  ცხოვრებას  და  წინსვლას  უშლის.  იგი  ნდომობს  იმ  ძველის  მაგირერ  იმისთანა  ახალს,  რომელიც  ძველზედ  უკეთ  ხელს  მოუმართავს  ცხოვრების  განკარგებასა  და  წარმატებას“ – დღესაც დასაფიქრებელია ეს სიტყვები.


აქტუალური და თანამედროვეა მისი ხედვა განათლების სისტემაზე:

“დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს, ჭკვა-გონების გარდა, გულიც აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა; „ამ მხრით ეხლანდელი სკოლა ბევრში ჩამოუვარდება “განახლების” დროების სკოლებს, რომელთაც საგნადა ჰქონდათ თანასწორი წარმატება ადამიანის სულისა და ხორცისა”;  „საგანი აღზრდისა ის არის, რომ თავის რიგსა და წესზედ წარმატებულ იქმნას ყოველნი ძალნი და ნიჭნი ადამიანისა, როგორც გონებითნი, ისე ზნეობითნი, როგორც სულიერნი, ისე ხორციელნი.“ (პედაგოგიის საფუძვლები. 1888 წ.).


ილიას ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება – ყველა სფეროში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება – საქართველოში დღესაც მიუწვდომელი „ფუფუნებაა“: „თვითმოქმედება ყოვლად  მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას თავის–თავის შველა უნდა” (“ქალი მასწავლებელი”).  „საითაც უნდა მიიხედოთ, რომელი ქვეყანაც გინდათ გასინჯოთ, ყველგან ერთს უცილობელს ჭეშმარიტებას დაინახავთ: იგი ქვეყანაა უფრო ბედნიერი, უფრო ღონიერი სულითა და ხორცით, რომელსაც თვითმოქმედება გაძლიერებული აქვს და ყოველის მოძრაობის სათავედ შეჰქმნია” და  „პირიქით, საცა ეგ თვითმოქმედება გაღვიძებული არ არის, იქ კერძო კაციც ცალკე და საზოგადოებაც საერთოდ ფერმკრთალია, უღონო და ცოცხალ-მკვდარი” („ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის მორიგი კრების გამო”).

პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არის თემა, რემელზეც ილიას საკუთარი პოზიცია არ გამოეხატოს და დღესაც აქტუალური არ იყოს. მისი ესა თუ ის კონკრეტული ინიციატივა დღევანდელი საქართველოსთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის,  საქართველოს დაუსახლებელ და განსაკუთრებით, სასაზღვრო რეგიონებში, რუსეთის იმპერიის მესვეურებისგან  უცხოტომელთა შემოსახლების საფრთხეს  ილიამ ქართული დასახლებების – „ხოდაბუნების“ შექმნის იდეა დაუპირისპირა, რითაც ეს ტერიტორიები ერთიან ქართულ სივრცეში მოაქცია. ზუსტად იმავე პერიოდში ებრაელთა ეროვნულმა მოძრაობამ ერთიანი ძალით დაიწყო ისრაელის მიწების ათვისება და შექმნა „ხოდაბუნის“  მსგავსი დასახლებები – „კიბუცი“, რომელთა მოსახლეობამ ათწლეულების შემდეგ უდიდესი როლი ითამაშა ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. ჩვენთან, სამწუხაროდ, მსგავს საქმეებში ილიას ხელს უშლიდნენ, შედეგიც სახეზეა.

მრავალ სხვა საკითხში, მათ შორის მისი სოციალ-ეკონომიკური პრინციპები,  ილიას მიერ ჩამოყალიბებული ხედვები, რომელთაც ამ წერილში ადგილის სიმცირის გამო ვერ განვიხილავთ, დღევანდელი მსოფლიო ქრისტიან-დემოკრატიული და სახალხო პარტიების პროგრამის მთავარი დებულებებია. ცალკე აღსანიშნავია  ილიას მხრიდან სახელმწიფოებრივად გააზრებული და არგუმენტირებული პოლემიკა მარქსისტული თუ არამარქსისტული მიმართულების სოციალისტურ და ბოლშევიკურ  ძალებთან.

ილიამ „დროების შესაფერად“  1905 წლის მეორე ნახევარში  მიიღო გადაწყვეტილება,  ჩამოეყალიბებინა  ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული  ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პარტია და დაიწყო მუშაობა მის პროგრამაზე.  ილიას ჩანაფიქრით, პარტიას უნდა შეეკრიბა და ეხელმძღვანელა ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი ძალებისთვის, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიემართა ავტონომიის მოპოვებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

დაიწყო  ეროვნულ-პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის სერიოზული პროცესი. ყველამ იცოდა მისი, როგორც იდეოლოგის, ასევე ორგანიზატორის, შესაძლებლობები.  ასეთი ავტორიტეტული ადამიანის, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრის მიერ  პარტიის შექმნის  გაჟღერებამ მთელ  იმპერიაში გამოიწვია რეზონანსი.  აქამდეც ილია ჭავჭავაძე საქართველოს ყველა ავისმოსურნის სამიზნე იყო, მაგრამ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის  შემდეგ ის მათი ყველაზე საშიში მტერი გახდა. ერთმანეთთან თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული იმპერიის მთავარი პოლიტიკური ძალები -„დერჟავნიკები“ და სოციალ-დემოკრატები,- რომელთაც ილიას კალმის სუსხი  ისედაც არ აძლევდა მათი საქართველოსთვის დამღუპველი გეგმების სრულად რეალიზების საშუალებას, ილიას მიერ პარტიის შექმნამ და თავიანთი პოლიტიკური პოზიციების დაკარგვის შიშმა ილია ჭავჭავაძის ფიზიკური ლიკვიდაციის გზაზე დააყენა.

 


ვაჟა-ფშაველამ მათი მოტივი ასე განსაზღვრა: „ვერ მოუნელებიათ ის გარემოება, რომ ილიამ ეროვნული საკითხი მკვიდრ ნიადაგზე დააყენა, იგია წარმოდგენილი მთელი საქართველოს ერისა, მისი იდეოლოგი“  („ყვავ ყორნები ილიას აჩრდილის გარშემო“).


მისი სიკვდილით კი საქართველო ასცდა თავისი ბუნებრივი განვითარების გზას და დღემდე ვერ უპოვნია „საკუთარი ვინაობა“ და „დროების შესაფერად განვითარებული“  სახელმწიფო.

თავის დიდ დანატოვარში, უმეტეს თავის პუბლიცისტურ წერილებსა თუ მხატვრულ ნაწარმოებებში ყველაზე ხშირად სხვადასხვა ვარიაციებში გამოყენებული აქვს ფრაზა:  „ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოველის ჩვენის შეძლებითა და ღონითა” (შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. მაისი-ივნისი), ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია ერისა და ამიტომ თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალკე” და ა.შ. ამით ნათლად მიგვანიშნებს, რომ ყველგან და ყველაფერში, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე ჩვენი დროის ერთიანი ეროვნული ამოცანა უნდა განვსაზღვროთ და გადავწყვიტოთ. თუ ილიას გზით ვივლით წარმატება გარდუვალია. ილია აქაც მოგვიწოდებს: „ახალ ოქროვან ხანას“  ჩვენი ბრძოლა სჭირდება: რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისაგან ბევრ ნურას ველოდებითო“ (საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის”).


ყველაზე ზუსტად იაკობ გოგებაშვილმა შეაფასა ილიას  მნიშვნელობა შთამომავლობისთვის: „იქნებ მომავალში მსოფლიოს არცერთ ერს არ დასჭირდეს თავისი გენიოსი წინაპარი ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე ქართველ ერს“. ხოლო  ივანე ჯავახიშვილმა „მომავლის გზისგამკვლავი“  უწოდა მას.

დიახ, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, გავააქტიუროთ ილიას მემკვიდრეობა – „საქართველოს თანამდევი უკვდავი სული“ და დავიწყოთ ილიასეული გაკვალული გზით ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე“.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress