,,ოქროს თაობა“ ანუ, ,,ჩარეცხილ“-„გარიყულები“

ბათუ

90-იანი წლებისთვის ჩამოყალიბებული თაობა (ასაკობრივად 30 წ. და მეტი) მოსახლეობის ის ფენა იყო, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, განათლება მიიღო კოსმოსის ათვისების, სამხედრო-სამრეწველო მანქანის განვითარების თუ ამერიკასთან შეჯიბრში მყოფ განათლების სისტემაში. საბჭოთა განათლების სისტემა მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო და უპირისპირდებოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თუმცა, ამ კონკურენციაში, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ფუნდამენტალური მეცნიერებების განვითარებას.
ამ თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი სწავლასა და პროფესიით მუშაობაში ჩამოყალიბდა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ფენებად. ვიწროსპეციალური ნიშნით კი შეიქმნა განთქმული ქართული პროფესიული სკოლები. საბჭოთა სისტემის დასუსტების პარალერულად კი იზარდებოდა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობაც.
დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ თაობის წარმომადგენლებს.
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაშიც მრავალმა შესწირა თავი სამშობლოს.
სწორედ ამ თაობას უნდა დაეწყო სახელმწიფოს მშენებლობა და მისი საიმედო საყრდენიც უნდა გამხდარიყო.
სამწუხაროდ, ეს მას არ დასცალდა – ზოგი პირდაპირი ტერორით, ზოგი სხვა მეთოდით გარიყეს პროცესებიდა.
არცერთ ხელისუფლებას არ ეყო გონიერება და და ქვეყნისადმი ერთგულების ხარისხი, რომ ქვეყნის ეს ,,სიმდიდრე“ გამოეყენებინა. მხოლოდ მათდამი ლოიალობა განსაზღვრავდა ცალკეული პირების პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
პირიქით, თაობა, რომელსაც ყველა მონაცემი ჰქონდა ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად გვერდზე გაწიეს და უფრო ადვილად შეძლეს შენების ნაცვლად ნგრევა, სხვადასხვა მექანიზმებით ეროვნული სიმდიდრისა და ქვეყნის პოლიტიკური მართვის ხელში ჩაგდება.
ეს არარეალიზებული „ოქროს თაობა“ კი შიმშილისათვის გაწირეს. ესეც არ აკმარეს და ოფიციალურად გამოაცხადეს მათი ,,ჩარეცხვისა“ თუ „გაკრეფვის“ პოლიტიკა.
მათ ნაცვლად სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში მწვანე გაუხსნეს ,,სადარბაზოს უნივერსიტეტების’ დიპლომიანებსა და საზღვარგარეთ რამდენიმე თვიანი სწავლის სერთიფიცირებულ ახალგაზრდებს. ისიც პირადი მორჩილების გარანტიით (ამ უნარ-ჩვევების მქონე ყველა თაობის პირებზე მოთხოვნა ყოველთვის არის).
არადა, სწორედ „ოქროს თაობის“ წიაღში უნდა გაზრდილიყო ის ახალი თაობა, დღემდე 2030 წლისთვის რომ ,,ველოდებით“ მოსეს ორმოცი წლის ანალოგით.
ხელისუფლებების ამ კურსის სიმცდარე ნათლად გამოჩნდა ყველა კრიზისის დროს. ბოლო მაგალითი – კორონა პანდემიის შეკავების პროცესიც კმარა. სადაც ვნახეთ დაბნეული მინისტრი და დამაჯერებელი საქმის პროფესიონალები. ვნახეთ საზღვარგარეთ მიმოფანტული ჩვენი ექიმები.
ასეთივე მდგომარეობაა სხვა დარგებშიც.
არადა, ჯერ კიდევ შეიძლება ამ თაობის სახელმწიფოს მშენებლობაში აქტიურად ჩართვა. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელზე აუცილებელია. თუმცა ეს, არც ამ ხელისუფლების პირობებში, როგორც სჩანს, ვერ მოხერხდება.
სახელმწიფო კი ️მაღალკვალიფიცირებული უმუშევრებითა და საზღვარგარეთ სამთვიანი სწავლის კურსგავლილი მინისტრებით ვერ აშენდება.

ბათუ ჭუმბურიძე 11 მაისი 2020

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress