გარდაიცვალა საბჭოთა სისტემისგან ერისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის მრავალგზის დევნილი, გამორჩეული ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი ქ-ნი მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე.
მარიკა ბაღდავაძემ განვლო ძლიერი, უკომპრომისო და სამართლიანი ქალის უჩვეულო ცხოვრება. იგი 1978 წლის 14 აპრილიდან იყო ჩართული ქართულ დისიდენტურ მოძრაობაში და მის თანამებრძოლებთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.
იგი იყო არაერთი გახმაურებული აქციის ორგანიზატორი და თანამონაწილე, მათ შორის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ყველაზე გარდამტეხის – 1981 წლის მცხეთის აქცია, 1983 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საწინააღმდეგო მანიფესტაცია, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობა, 1989 წლის 9 აპრილი და სხვ. რის გამოც ორჯერ იყო გასამართლებული რეჟიმის მიერ. საპატიმროებშიც განსაკუთრებული შევიწროვების პირობებში უწევდა ყოფნა.
მარიკა ბაღდავაძე გამოირჩეოდა უდიდესი პრინციპულობით და შეუვალობით, რაც მის მოწინააღმდეგებშიც კი პატივისცემას იწვევდა და მის სიტყვას საზოგადოების და ხელისუფლების ყველა ფენაში ანგარიშს უწევდნენ.
მან უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის განვითარების საქმეშიც, ის გახდა პატიმრების და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების ქომაგი და იმედი. დიდი როლი შეასრულა საქართველოში ომბუცმენის ინსტიტუტის დამკვიდრებაში – იყო მისი ერთერთი პირველი ხელმძღვანელთაგანი.
სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება დამოუკიდებელ საქართველოში სრულად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. რეპრესიებმაც თავისი დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას, მაგრამ წლების განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილს ერთხელაც არ დასცდენია საყვედური, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი და საქართველოს ეკლესიის ერთგული შვილი, სიყვარულს, სითბოს და იმედს აძლევდა მის გვერდით მყოფთ.
ერთგული თანამებრძოლი, მოსიყვარულე მეუღლე და ოთხი ვაჟკაცის დედა, საქართველოს სიყვარულს შეწირული ქალბატონი, პრინციპულობის და შეუვალობის სიმბოლო – ასეთი იყო ჩვენი თანამედროვების ერთ-ერთი თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე მარიამ (მარიკა) ბაღდავაძე.
ღმერთმა დაამკვიდროს მისი კეთილი სული სადაც მართალნი განისვენებენ.
დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ლეგენდა
March 2nd, 2020 shalva chkhaidze